ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2023


დიდი საგანი

#ლექსები

ეს ლექსი ძირითადად  ნატა ვარადას  გუშინდელი პოსტის საფუძველზეა დაწერილი,  ლექსად თარგმნილი” მისი ფიქრებია და მას ეძღვნება.
  ცხადია, ამ ამოცანამ რაღაცეების ჩამატებაც მოითხოვა ჩემი მხრით.

ნინო დარბაისელი

დიდი საგანი
      (ნატა ვარადას)

სისხლის, ოფლის და ცრემლის
თავსხმაში,
გადაღებას რომ  არ უჩანს პირი,
როცა მამები მიდიან და  იგვიანებენ,
ან აღარასდროს  ბრუნდებიან,
გზაზე მიმავალ დედაბერს როცა ვიღაცეები დაუხვდებიან და გასართობად ნამუსს ახდიან
და ზედ არც-კი წააფარებენ;
როცა დედები  ექიმბაშებთან მიდიან და წამობზეკილ მუცელს იშლიან,
გაჩენილებს კი  შიშის  ზაფრვით უცქერენ და დაძინებულს  ფეხაკრეფით შუბლზე კოცნიან,
გაღვიძებულზე მოფერებამ  არ გაგვირყვნას და გაგვიჩვილოსო,
დრო არის მაშინ!

ზუსტი დრო არის  ქვეყნისთვის თავგანწირულთა,
ქვეყნისთვის მკვდართა ანუ
ქვეყნისთვის მარადცოცხალთა
გამოსაჩენად.
გმირების დროა!

იქნებ გგონიათ, ამქვეყნად ვინმე,
ვინც გმირად ვიცით,
მართლა  ცდილობდა, 
ემზადებოდა გმირობისათვის?
ასეთი  - ერთი გეხსომებათ -
სახემწუხარე ის რაინდი,
სანჩოთი და დულცინეათი,
ცრემლიანს რომ გიცინიათ, მუცლის პრესის ატკიებამე.

სხვაფრივ კი აბა,
რახანი არის
თავქვე ჰკიდია მოწყენილი -
გმირის დამბადი დიდი საგანი
და ვინც ძალიან ემზადება,
ამ მზადებაში ყოფასაც გალევს,
წავა იმქვეყნად
აქ  - გმირობაჩაუდენელი.

გმირულად მკვდარი - განა ყველა გმირად  იქცევა?
ეს - სხვა რამეა,
ეს - დაკვეთაა ერის,
ხალხის,
ხელისუფლების…
უნდა დასჭირდეს  შენი ნათელი მაგალითი,
უნდა მოუნდეს ვინმე ძლიერს,
ვინმე ღონიერს და შორსმჭვრეტელს…
გახსოვთ კრეონტი?
ანტიგონე არ გაგახსენდათ?
და განა ბევრი განასხვავებს გმირულად მკვდარს და გმირულად ცოცხალს!
იქნებ ცოცხალი მეტობს კიდეც,
რადგან სიკვდილი - მაინც აქტია ერთჯერადი,
ხოლო სიცოცხლე პროცესია,
ანუ აქტთა უსასრულო ერთობლობა,
რომლის ბოლოშიც სიკვდილია გარდაუვალი.

გმირების დროა!

და არა მხოლოდ განსაცდელი დაუგეგმავი,
მშვიდი დროებიც  ბადებენ გმირებს,
ოღონდ ესაა,
ჭანგმოდებულად
უსუქდებათ კაცი გმირად დაბადებული, 
წყლის ბიდონივით მოჯაყჯაყე ღიპს  რომ  ძლივს-ღა მიეზიდება,
ღაბაბი ნიკაპს  რომ უჭედავს,
კისერი გვერდზე თუ მიიბრუნა.
უქმად ჩამოჰლევს სიცოცხლეს და
უქმადაც კვდება და არავისაც არ უკვდება,
გარდა იმისა,
ვინც პირადად ეხუტებოდა.
ყოველი  გმირი - არშემდგარი -
თავსა უკვდება,  თავისიანს;
მხოლოდ მცირედი  მცირეთა შორის - ერს მოუკვდება,
რომ ნედლი სისხლით დაარწყულოს,
მარადიულად მწყურვალე იგი!
დაბერებული პატარა კახი -  ნახანჯლარი, წყალმანკიანი,
ვისღა  მოუკვდა?!

რაა სიკვდილი, ცხელი გული თუ გაცივდება,
მირონის მადლი სვეტად თუკი არ ადის ცაში,
ანდა გოდება  თუ მიწიდან ცამდე არ ადის?!
მხცოვანი კახი ერსა თვისა მოუკვდა მაშინ,
მოუკვდა, ანუ  საქართველოსთვის ცოცხლობს მარადის!

გმირების დროა!
დროა გმირების,
მტერთა გულის გასაგმირების!

მაგრამ გამოჩნდა,  აბა, სადმე იმ გმირთაგანი? -
თავჩაქინდრულა  გმირის დამბადი დიდი საგანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები