"სხვადასხვანაირია სამყარო ყულფიდან გააჩნია საიდან შეხედავ . . . ბაბუს გამაგრებული ჯორკო ჯერ სხვენზე ავიტანე და დიდი პაპის მიერ შედგმულ კოჭზე გადავკიდე ბერქშირული ღორის ჯაგრისგან, მჭიდროდ დაწნული თოკი. ჩემს წინ დამიდგა გზა მეგობრის სახლამდე და მისი სახლიდან ჩემამდე. თვალწინ დამიდგა მეგობარი, გადასავათებული მამის საყვედურებით, ლანძღვით და უმადურობით... გვერდზე რომ მივუჯექი, „ცოტა დღე მიწერია... ჩემს ცოლს გავატანე ჩემი ჯანმრთელობა.... ჩემი შვილი დაისვენებს ჩემგან და აღარ იდარდებს“-ო ბოდვას ჰგავდა, დემენციას დავაბრალე... ახლა, ამ ყულფიდან ვხედავ მის ჩანაფიქრს. გადავიფიქრე... ** ჯორკო ზღურბლთან ჩამოკიდებულ მამის მიერ ჩამაგრებულ ტურნიკს დავუმიზნე, ერთი ნაბიჯი და კიბის გადასავარდნია. ნაშუადღევია, მაგრამ გვერდით სახლიდან შურდულივით გამოსროლილმა ნებითმა თუ უნებლიე სიტყვებმა თვალთდამიბნელა. მარჯვნივ მარტოხელა ქალია, დედაა და ოდესღაც ცოლიც. კადრებად დამიდგა ხელიხელ ჩაკიდებული როგორ ჩამივლიდნენ ჩემი სახლის მარცხნივ, ერთი უბნის გამოტოვებით მდებარე სკოლისკენ და შემდეგ იქიდან შინისაკენ მიმავლები. ხელს არ უშვებდა... დიდი თეთრი ბაფთები, თავზე უფრო დიდები, ჰაერზე უფრო ჰაეროვნები, ბამბის ნაყინზე უფრო გემრიელ სურნელიანები... აფერუმ შენს ქალობასო - რამდენჯერ უთქვამს მამას. გოგონები თითქოს არაფრით გამორჩეულები. დედაც თითქოს არაფრით გამორჩეული, თუ მის სახლში და ცხოვრებაში ცხვირს ღრმად და დიდი ხნით არ შეჰყოფდი. პატარები თოჯინებზე, ტკბილეულზე და თამაშზე ჩხუბობდნენ - დაუნდობლად აწიწკნიდნენ დედის მიერ გულდასმით გაუთოვებულ ბაფთებს, მიწაზე ფეხების ბაკუნით გასრესდნენ... დარჩენილი ფრჩხილებით ჩამოგლეჯდნენ ერთმანეთს სახეს ან კაბის არშიებს. სანამ დედა მოირბენდა, სანამ დედა ორთავეს გულში ჩაიხუტებდა და დაუყვავებდა: რა გაქვთ გასაყოფი ჩემო ლამაზებო, ჩემო ჭკვიანებო, ჩემო თაფლაკვერებო?! მეზობლების დარიგებაზე რომ ორივე კარგად დაესაჯა, მორცხვად იმართლებდა ქალი თავს:უმამოდ იზრდებიან, ეგეც ეყოფათო. ცოტა რომ წამოიზარდნენ კაბებსა და ფეხსაცმელებს ვერ იყოფდნენ. ახლა კი, ახლა... ახლა თითქოს რაც გასაყოფი იყო ყველაფერიც გაიყვეს, ყველაფერი გაინაწილეს: ბროლის ვაზა შენ, საკანფეტე - მე, ლალის თვლიანი ბეჭედი შენ, აგატის კი - მე.... გაინაწილეს ყველაფერი, გარდა დედაზე მზრუნველობისა. ... გადავავადე. ** უკუნი ღამეა და ტალავერთან, ძველი თუთის ხის მძიმე მკლავს მივაშურე. რა კარგი დარია, რა ნაზად დაჰკრავს სიო და ჩემს ახურებულ სახეს აგრილებს. ჩემი თეთრი თუთა, წამალი ყოველი შავი ლაქისა - ახალ კაბას თუ დავილაქავდი, თეთრი თუთა იყო ჩემი მშველელი. ახლა აღარ დამჭირდები. ახლა აღარც არავინ მიბრაზდება შავი თუთით მოთხუპნულ პირი -სახესა თუ დალაქულ ტანისამოსზე. ახლა აღარც ვითხუპნები. გამახსენდა, წინა დღით გზისპირა მეზობელ მოხუცს შავი თუთა რომ უყვარდა და ერთი მომცრო სათლით მოვუკრიფე, შევაწოდე... ძლივს მოვიდა კარამდე. გულზე შემომეყარა. მთელი ახალგაზრდობა კი ავყია და ბუზღუნა იყო, მის ეზოში არავის გვაჭაჭანებდა. სადღაც ცოლიც ჰყავსო და შვილიც - ამბობდნენ. იმასაც ამბობდნენ, შვილს ზედ არ უყურებსო, მაგრამ რაღაცნაირად, რაღაცატომ, მაინც შემეცოდა და მისი სახლისკენ გავაპარე თვალი. ღამის გარინდებაში, ღამისათვის ჩვეულ დაბალისიხშირის ხმაურში გარკვევით მომესმა ქალის ხმა, ღია ფანჯრიდან გულიდან ამოსული ბგერები მალამოდ მომედო. გადამავიწყდა... გავიხედე ქუჩისკენ და ვერ დავინახე. გადავედი და ვერ დავინახე. ღობეზე ავიჭიმე რომ ღობის იქით მომეკრა თვალი. ქალის სილუეტი დავლანდე და „მამი, ახლავე გეთაყვა“. ** მზემ დააჭირა, სიცხის და სიმწრის ოფლი ერთმანეთს ისე შეერია, მიდი გაარჩიე. ჩემს საწოლზე წამოვწექი და ჭაღს ვუყურებ. ნეტა თუ გაუძლებს. აღარც ჯორკო დამჭირვებია, საწოლიდან ადვილად შევწვდი ტუმბოს უჯრაში საგულდაგულოდ შენახული თოკი-ბაწარი გადმოვიღე და კაუჭს ჩამოვაცვი. ის ის იყო და სამგლოვიარო პროცესია ქუჩაში. შავ სასახლეს სამი სიფრიფანა მამაკაცი მოატარებს, წინ ორად ორი ქალი მოდის, ერთი შავებში. აღარ მომინდა ამ ყულფიდან ყურება და ფანჯარას ვეცი. სასწრაფოდ ამოვიცვი ქოშები და გავეკიდე პროცესიას. მინდოდა უჩინარი ვყოფილიყავი ორ კაცსა და სამ მესაფლავეს შორის დამალვა არაა იოლი. მეც ვერ დავიმალე. ვუყურებდი ცრემლიან ქალს და მინდოდა მეკითხა ძალიან ბევრი რამის კითხვა მინდოდა. საფლავიდან სახლში შეგვიპატიჟა.რატომღაც შევყევი. ხელები დაგვაბანინა და გაფითქინებული პირსახოცები ჩამოგვირიგა სათითაოდ. სამი კაციდან ერთი არ დარჩა - დასაფლავებაზე გავრბივარ, მესაფლავეებს უნდა მივეხმაროვო. დარჩენილი ორიდან არავინ იცნობდა გარდაცვლილს ჭრელა-ჭრულა კაბაში გამოწყობილი ქალის გარდა. აბა, არც ჩემს ცნობას ერქვა ცნობა და არც შავებიანი ქალისას. - უფალმა გაანათლოს მამაჩემის სული - ისე იოლად წარმოთქვა, ისე მსუბუქად და დაუზარელად - გავირინდე. წამოსვლისას, სკამის ზურგზე გადაკიდებული თავშალი აიღო, ხელ-კავი გამიყარა და ჭრელკაბიანს დაემშვიდობა. გამიკვირდა, კვლავაც მომინდა რაღაც მეკითხა და ვერ გავბედე. კარის სახელურს ხელი რომ მოვკიდე, მიტრიალდა და ჭრელკაბიანს დაუძახა: - ეთერო, ხვალ მოვალ და მამაჩემის ნივთებს წავიღებ, შენ თუ წინააღმდეგი არ იქნები. ქალმა თავი ოდნავ შესამჩნევად დაუქნია. - ეს ქალი ვინაა ? - დიდი ხნის ნაცნობივით ვკითხე; - ბოლო თვეები ყურადღებას აქცევდა სახლის სანაცვლოდ; ჟრუანტელმა დამიარა, არადა ცხელოდა. გარეთ გამოსულმა ჩემი სახლის მოპირდაპირე ფანჯარასთან მიმიყვანა. - აღარასდროს გაიხედო ყულფიდან! - შევცბი და ხმა ვერ ამოვიღე. - რაც არ უნდა დიდი ყულფი იყოს, მასში ყველაფერი ვიწროდ და შეზღუდულად ჩანს. მამას გარდაცვალებამდე, პირველად ვუთენებდი ღამეს, შენ რომ დაგინახე სხვენში. ასე არასდროს მინერვიულია. ლოცვა დავიწყე და ყულფიდან გაქრი. არ მიწყინო, მაგრამ შენს გამო მოვუხშირე მამასთან სიარულს, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. თვალი შენი სახლისკენ მეჭირა და ვლოცულობდი. ყოველჯერზე როცა თოკს დავინახავდი, ერთ სიცოცხლეს ვათავებდი და ვიწყებდი ლოცვას. მამა რომ გარდაიცვალა, მივხვდი რომ ამ სახლში მეტი ვეღარ მოვიდოდი და სულ არსაიდან ამეტირა. ლოცვაზე ფიქრიც კი ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად მოხვედი. ხვალ საღამოს მატარებლით ისევ ჩემს ქალაქს ვუბრუნდები. მოტრიალდა და ჩამეხუტა. - დამპირდი რომ აღარასდროს გაიხედავ ყულფიდან. მე თავი დავუქნიე და თან, ძალიან , ძალიან შემრცხვა. სირცხვილისგან დავიწვიო რომ ამბობდნენ, მანამდე არასდროს მესმოდა რას ნიშნავდა ეს გრძნობა.შემრცხვა ჩემი თავის, შემრცხვა ამ უცხო მაგრამ თითქოს ძალიან ახლობელი ადამიანის, რომლის სახელიც დღემდე არ ვიცი, შემრცხვა მოხუცი მამის, მეგობრების, იმ ხალხის, ვისაც დღემდე ვეიმედები... მისი მატარებელი ალბათ წავიდა. ისიც არ მიკითხავს იმ ღამეს სად ან ვისთან ათევდა. მჯერა, არ მიწყენდა. სახლში მიბრუნებულს ისევ შემრცხვა, თვალს ვერ ვუსწორებდი მამის დამაგრებულ ტურნიკს, თუთის ხეს, ღობეს, სხვენში ახედვისაც მრცხვენოდა. ავირბინიე კიბეებზე და სახლს ბოდიშები ვუხადე. ყულფი გავხსენი და კვლავ პატიოსან თოკ-ბაწარად ვაქციე. სხვანაირად ჩანს სამყარო ყულფში. არ აქვს მნიშვნელობა საით გაიხედავ."
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ვინც წაიკითხეთ და გამიზიარეთ. უღრმესი მადლობა. ტკივილზე არ მინდოდა დამეწერა.თავს ვარწმუნებ რომ საკმარისად ვერ გადავაყვარე ხალხს თავი, ვერც საკმარისად ვერ შევაყვარე , ვერც საკმარისად ვიზრუნე... ჯერ ვერაფერი ვთქვი. ვიწროდ ყურებისას ვიწროა ჩვენი ხედვაც და შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც. თავთან დიალოგია და მძაფრად არ მინდა აღიქვათ♥️♥️♥️ მადლობა ვინც წაიკითხეთ და გამიზიარეთ. უღრმესი მადლობა. ტკივილზე არ მინდოდა დამეწერა.თავს ვარწმუნებ რომ საკმარისად ვერ გადავაყვარე ხალხს თავი, ვერც საკმარისად ვერ შევაყვარე , ვერც საკმარისად ვიზრუნე... ჯერ ვერაფერი ვთქვი. ვიწროდ ყურებისას ვიწროა ჩვენი ხედვაც და შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც. თავთან დიალოგია და მძაფრად არ მინდა აღიქვათ♥️♥️♥️
3. რა ვთქვა... უსაშველო ტკივილია... და ისე შესახები, რომ შენ კი შეიხსენი, მაგრამ ახლა იმ ყულფის ოვალში ჩემი თვალებია რა ვთქვა... უსაშველო ტკივილია... და ისე შესახები, რომ შენ კი შეიხსენი, მაგრამ ახლა იმ ყულფის ოვალში ჩემი თვალებია
2. ძალიან კარგია. ❤️ ძალიან კარგია. ❤️
1. ძალიან მძიმეა , ემოციურია, სასწაულად კარგად შესრულებული , ცხოვრება ბრძოლაა და მოძრაობას მოითხოვს.
"ყულფი გავხსენი და კვლავ პატიოსან თოკ-ბაწარად ვაქციე" დიდებულია!
ძალიან მძიმეა , ემოციურია, სასწაულად კარგად შესრულებული , ცხოვრება ბრძოლაა და მოძრაობას მოითხოვს.
"ყულფი გავხსენი და კვლავ პატიოსან თოკ-ბაწარად ვაქციე" დიდებულია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|