ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 ივნისი, 2023


მანანა სიმონიშვილის შესახებ

10 ივნისი ჩემი ძვირფასი პედაგოგის - მანანა სიმონიშვილის გარდაცვალების დღეა, 7 წელი გავიდა... მაგრამ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არასოდეს მომიშუშდება იარა... დრო ყველაფრის მკურნალი არ არის!

მე რომ მინდა ისე ვერ ვკითხულობ ლექსებს, არადა კარგი მეტყველება მაქვს. მე რომ დღეს კარგი მეტყველება მაქვს, ეს პირველ რიგში ჩემი აწ გარდაცვლილი ძვირფასი პედაგოგის - მანანა სიმონიშვილის დამსახურებაა, ენის გასატეხებში გვავარჯიშებდა დასის წევრებს, გვაკითხებდა ლექსებსა და იგავ-არაკებს. 13 წლის განმავლობაში, 2005 წლიდან - 2018 წლამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“-ს, იგივე გეპეის თეატრის მსახიობი ვიყავი..

შესანიშნავი 13 წელი გავატარე ,,მოდი ნახე“-ში. ჩვენს თეატრს შესანიშნავი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს ნუგზარ ბუცხრიკიძის სახით. ბატონი ნუგზარი თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც თეატრს ხელმძღვანელობს. მან ამ თანამდებობაზე ბორის წიფურია შეცვალა.

ჩემი პირველი პედაგოგი ცუცა კაპანაძე იყო, მაგრამ შემდეგ რეჟისორის თანაშემწე მანანა სიმონიშვილმა თავის ჯგუფში ამიყვანა და შვიდ თვეში პირველ სპექტაკლში მათამაშა. პირველი სპექტაკლი 11 ნოემბერს ვითამაშე (11 ნოემბერი დედაჩემის დაბადების დღეა და მაგიტომ დამამახსოვრდა), ეს იყო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები ,,მე ვხედავ მზეს“.

ყოველი სპექტაკლის წინ ცნობილ ლოცვას ,,მამაო ჩვენო“ - ს გვაკითხებდა. ჩვენი ყოველი სპექტაკლი წარმატებული იყო. მანანა სიმონიშვილი ხშირად სუფლიორის როლსაც ითავსებდა და ტექსტის დავიწყების შემთხვევაში, კულისებიდან გვკარნახობდა.

არასოდეს მომბეზრდება მანანაზე სტატუსების წერა. ვამაყობ რომ მანანა სიმონიშვილს პირადად ვიცნობდი, რომ მისი მოწაფე ვიყავი წლების განმავლობაში. მე - როგორც სტუდენტი, მანანას გაზრდილი ვარ. დედას ვერავინ შემიცვლის, მაგრამ მანანა დედასავით იყო ჩემთვის. საჭიროების შემთხვევაში მკაცრიც იყო, მკაცრი და სამართლიანი. ყოველთვის უნდოდა რომ მისი ესა თუ ის მოწაფე წარმატებული ყოფილიყო.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მანანა დააფასა, ვინც არ ივიწყებს. დიდი მადლობა ჩემს კოლეგა მსახიობებს, მხარში რომ ამომიდგნენ და მანანას ხსოვნის საღამოს გაკეთებაში დამეხმარნენ. დიდი მადლობა ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს, ჩემი წინადადება რომ მიიღო და ეს საღამო გააკეთა. მე მადლიერი ვარ თქვენი, სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მადლიერი ვიქნები. ჩვენი ურთიერთობა თეატრის გარეთაც გაგრძელდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

მომავალში ჩვენზე, ჩვენს თეატრზე წიგნის გამოცემა მაქვს განზრახული, მანანას ხსოვნას მივუძღვნი. წიგნში თავს მოვუყრი მოგონებებს, 2005 წლიდან რომ მაკავშირებს დღემდე. ვიდრე ჩვენ - მანანას გაზრდილი მოწაფეები ამ ქვეყანაზე დავიარებით, მანანას ხსოვნას, მანანას სახელს დავიწყება არ უწერია!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები