„დიდი წვეთი“ სულაც არ ჩანდა დიდი, როცა სულ პირველად დავინახე. ცვარის ერთი წვეთის ტოლა თუ იქნებოდა, მეტი არა... მართლაც ცვარივით ციმციმებდა ვარსკვლავებით მოკენჭილ ღამისფერ ცაზე. მერე ცვარის წვეთი თანდათან გაიზარდა, გაივსო, მისი გარშემოწერილობა სულ უფრო და უფრო გაფართოვდა, სანამ ბოლოს ოკეანესავით არ ჩამომემხო თავზე... გიგანტურმა ხომალდმა სამყაროსეული სივრცე ლამის სანახევროდ მიჩქმალა ჩემი თვალსაწიერიდან. სანამ ‘’დიდ წვეთთან’ ასე ახლოს აღმოვჩნდებოდი, საშუალება მქონდა შორიდან მეცქირა ჩემზე ადრე მოსული ასტრონავტისთვის, ანუ ჩემი წინამორბედისთვის. მისი სკაფანდრი მზის სხივებზე ციმციმებდა, ამიტომ თვითონაც ცვარის წვეთს წააგავდა. ვხედავდი, პატარა წვეთი როგორ მიიწევდა დიდი წვეთისკენ. მიუახლოვდა, შეეხო მის მოციმციმე გარშემოწერილობას და გაუჩინარდა. ფრიად შთამბეჭდავი სანახობა გახლდათ, თან როგორღაც უცნაური. მისი შემყურე ვერ იტყოდი, რომ დიდმა ხომალდმა თავის წიაღში მიიღო თავისი ერთერთი მოგზაური. ეს სიტყვები როგორღაც უფერული და არასაკმარისი მოგეჩვენებოდათ. ‘’დიდმა წვეთმა’’ შთანთქა პატარა წვეთი, ალბათ ასეთი რამ უნდა გეთქვა, ან რაიმე ამდაგვარი. რაღა თქმა უნდა, მეც იმავე ხატოვან სურათს აღვწერდი, როდესაც ‘’დიდი წვეთისკენ’’ ვიკვლევდი გზას. ამჯერად უკვე სხვები ტკბებოდნენ იმის ცქერით, თუ როგორ შთანთქა „დიდმა წვეთმა“ პატარა წვეთი. შვიდი მოგზაური უკვე იქ დამხვდა, მერვე მე გახლდით. დანარჩენებიც თანდათან შემოგვემატნენ, სანამ თორმეტნი არ გავხდით რიცხვით. როგორც დავრწმუნდი, ‘’დიდ წვეთში’’ ჩვენი შემოსვლა უზუსტეს განრიგს ემორჩილებოდა, არც არავის დაუგვიანია, არც არავის დაუსწრია ვინმე სხვისთვის. ჩვენ, თორმეტმა მზის მადევარმა, ძალიან კარგად ვიცოდით, თუ რა იშვიათი ქმნილებაა ეს სფეროსებური ფორმის, მარგალიტივით მოციმციმე ხომალდი. წინასწარ ვიყავით განწყობილნი, რაღაც მეტად უჩვეულოს რომ უნდა შევხვედროდით მისი სახით, თუმცა ნანახმა მოლოდინს დიდად გადააჭარბა. ‘’დიდი წვეთი’’ საოცრებათა ნამდვილი ოკეანეა, თან საოცარი მიმზიდველობა გააჩნია. შეიძლება მთელი სიცოცხლე ეწაფებოდე მას და წყურვილი მაინც ვერ მოიკლა. ვერც იმას შეძლებ, ბოლომდე გაითავისო მისი საოცრებათა კასკადი. ვერანაირად ვერ ამოხაპავ. . ყოველი შემთხვევისთვის ერთი ადამიანისთვის სრულიად შეუძლებელია, რაც არ უნდა ტევადი იყოს მისი გონების ჭურჭელი. და რაც მთავარია, ერთი რამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით: ჩვენ, მზის მადევრებს, ყველგან თან დაგვაქვს მზის ნაპერწკალი, ისე როგორც ჩვენმა საერთო წინაპარმა იახლა იგი მზის ეზოს მოხილვისას. სწორედ მზის ნაპერწკლის ენერგია ნათობს ამ საოცარი ხომალდის წიაღში, სინათლის სახით გვეღვრება თავზე, მწვანე მცენარეებს ძერწავს, აცოცხლებს და ალამაზებს აქაურობას. მზის ნაპერწკალი ცოცხლობს ჩვენს სისხლში, ორივენი ერთად მიმოიქცევიან ჩვენს ძარღვებში. ის ყოველთვის ჩვენს გვერდითაა განუშორებლად. ერთი სიტყვით, საოცრებათა ოკეანეში დავყვინთეთ, როგორც კი ‘’დიდი წვეთის’’ წიაღში აღმოვჩნდით, და ჩვენც მწყურვალებივით ვეწაფებით ამ ოკეანეს. საზრუნავიც ნამდვილად არ გვაკლია, ლამის სამყაროსავით ვრცელია ჩვენი დიდებული ხომალდი, მისი მსახურება არ გახლავთ ადვილი საქმე. რა დასამალია და ხანდახან ჭირის ოფლიც გვასხამს, თუმცა ამ ოფლს ჭარბად გვინაზღაურებს მართლაცდა მეტად საამური, ყოველმხრივ მოხერხებული გარემო; აქ ყველაფერია, რაც კი შეიძლება ინატრო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. ჯერ მარტო იმ მწვანე ბაღნარებში გასეირნება რად ღირს, მიწიერ ბირთვზე რომ ღაღანებენ. ახლა კი უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ, რა მაქვს მხედველობაში. „დიდი წვეთი“ როგორც უკვე ვთქვი, სფეროიდი გახლავთ, მის წიაღში კი უფრო მომცრო სფეროიდია მოთავსებული. მთლიანობაში ის შეიძლება კვერცხს შევადაროთ... იგულისხმება, რომ კვერცხი ბურთივით მრგვალია. კვერცხის გულის ადგილას შიგნითა ბირთვია, შედარებით მომცრო ზომის. ის დედამიწის ასლია, მას განასახიერებს. ამის შესახებ ბევრჯერ მოგვიწევს ლაპარაკი. კვერცხის ქერქის ადგილას გამჭვირვალე გარსია, სწორედ ის გარსი, ცვარის წვეთი რომ გამახსენა. სივრცე, სადაც კვერცხში ცილაა, „დიდ წვეთში“ ჰაერითაა შევსებული. ჩვენ სწორედ ამ ჰაერით ვსუნთქავთ და ვსულდგმულობთ. და ეს გიგანტური კვერცხი წუნდაუდებელი ხომალდია, იგი,ასე ვთქვათ, თვით სრულყოფილებაა. არ ვიცი, რამდენი ვარსკვლავის ენერგია დასჭირდა მის შექმნას. თუ ვინმე დაინტერესდება, სახომალდო ჟურნალში იპოვის ცნობებს ამის შესახებ, ის კი ნამდვილად ვიცი, უარყოფით სივრცეში რომ შეიქმნა. სწორედ ამან შვა მისი საოცარი სრულყოფილება, რითაც იგი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვაოცებს. უფრო მეტიც, „დიდი წვეთი’’ თვით სიცოცხლეა, ზემგრძნობარე სენსორებით დაქსელილი, თვითგანახლებადი მშვენიერი სამყარო. ჩვენ კი, მისი მგზავრები, სიცოცხლის პაწია წვეთები ვართ, საოცრებათა სამყაროს წიაღში ჩაქსოვილები. ხან მკვიდრად დავაბიჯებთ ამ ორი სფეროიდიდან ერთერთზე, ხან კი ვტივტივებთ, ღრუბლის კალთას გარიდებული წვიმის წვეთების მსგავსად. ორივე სფეროიდი, დიდი და მომცრო, მდოვრედ ბრუნავენ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით, რომელსაც ჩვენ სრულებთ ვერ აღვიქვამთ, ისე როგორც ვერ აღვიქვამთ ცთომილის ბრუნვას. ყოველივე ამას გრავიტაციული ტალღები აწესრიგებენ. მათ მრავალგვარი დანიშნულება აკისრიათ „დიდი წვეთის“ წიაღში, გამჭვირვალე გარსის მიღმა თუ მის შიგნით... და საერთოდ, ძალიან მიკვირს, როგორ ახერხებდნენ კოსმოსში მოგზაურობას ჩვენი შორეული წინაპრები მანამდე, სანამ გრავიტაციულ ტალღას არ მოათვინიერებდნენ. ახლა ეს სრულიად წარმოუდგენელი მეჩვენება. დღეისდღეობით მას ვერაფერი ჩაანაცვლებს. იგი მოქნილია და დამყოლი, ელექტროენერგიის მსგავსად, შეიძლება უსასრულოდ დაანაწევრო მის სრულ ნიველირებამდე. ასევე ზემძლავრი გრავიტაციული ტალღები აირეკლავენ შემხვედრ ობიექტებს, თუ სახიფათო მანძილზე მოგვიახლოვდნენ, მათი წყალობით ჩვენი ხომალდით მოგზაურობა სრულიად უსაფრთხოა. რაც შეეხება ხომალდის შიდა სამყაროს, აქ მეტად ჭრელი სურათი იხატება. გრავიტაციული ტალღები სრულიად განსაკუთრებული წესრიგით არიან მორკალულნი გაუმჭვირვალე ბირთვის გარშემო. მაგნიტურ ძალხაზებს წააგვანან რაღაცით. გარკვეულ წერტილებში იშლებიან ეს ძალახაზები,მერე ისევ იკვრებიან... ამის შედეგად ადგილმონაცვლეობა „დიდი წვეთის“ წიაღში მეტად თავისებურ ხასიათს იძენს, თითქოს ზღაპარში მოგზაურობდე... აჯობებს, სტუმრად მიგიპატიჟოთ „დიდი წვეთის“ წიაღში, ყოველივეს საკუთარი თვალით ნახავთ. აი, უკვე დაადგით ფეხი მომცრო გაუმჭვირვალე ბირთვზე. შეგახსენებთ, იგი დედამიწის ასლია. რაზე დაფიქრდებით, უწინარეს ყოვლისა? რაღა კითხვა უნდა, ყველაზე მეტად ის გაინტერესებთ, შემსუბუქდა თუ დამძიმდა თქვენი სხეული, ანუ რა მდგომარეობაა გრავიტაციის თვალსაზრისით. სულ მალე შვებით ამოისუნთქავთ, აღმოაჩენთ, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, თქვენი სხეული არც დამძიმებულა, არც შემსუბუქებულა, ანუ იმავეს იწონით, რამდენსაც დედამიწაზე იწონიდით. ამ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომცრო დედამიწის (ანუ „დიდი წვეთის’’ მომცრო ბირთვის) ეკვატორზე დაგიდგამთ ფეხი. პოლუსებზე სულ სხვა მდგომარეობაა, ამასაც თავის დროზე შეიტყობთ. ერთი სიტყვით, მოსინჯავთ ფეხქვეშ ნიადაგს, მერე კი ირგვლივ თვალს მოავლებთ, სადა ვარ, რა ამბავია... და რას ხედავთ? ფრიად მიწიერ სანახებს, ერთმანეთს ენაცვლებიან მწვანე მცენარეთა კორომები და სხვადასხვა ნაგებობათა წყება. ყოველივე მზის სინათლითაა განათებული, თუმცა თვითონ მზე არ ჩანს. თითქოს ისევ დედამიწაზე ხარ, ერთი წამით ასედაც კი იფიქრებ, თუმცა განსხვავებასაც უმალ აღმოაჩენთ. ჰორიზონტი არც ისე ფართოა, ნამდვილად ვერ შეედრება მიწიერს. თანაც თავს ზემოთ ვარსკვლავებით მოკენჭილი ცა გადაჭიმულა. მიზეზიც ცხადია: ჰაერის შედარებით თხელი ფენა ვერ ჩქმალავს ვარსკვლავთა სხივებს, ამიტომ დიდ წვეთში განუყრელად მეზობლობენ დღის სინათლე და ღამის ცა, წინარეს ყოვლისა ეს გაფიქრებინებს, მგონი დედამიწაზე არ უნდა ვიმყოფებოდეო. ახლა კი, რახან კარგად მოათვალიერეთ ყოველივე, დარწმუნდით რომ არაფერია საშიში. ადგილიდან დაძვრასაც გაბედავთ. ფრთხილად გადაადგამთ ერთ ნაბიჯს, ყოველივე რიგზეა. მერე მეორესაც მიადევნებთ, და აჰა უკვე გაბედულად მიაბიჯებთ „დიდი წვეთის’’ შიდა ბირთვზე, ანუ რაც იგივეა, მომცრო დედამიწის ზედაპირზე. ერთი დეტალის დაზუსტებაა საჭირო, თქვენ ფეხი დაადგით „დიდი წვეთის’’ შიგნითა ბირთვის, ანუ დედამიწის მომცრო ასლის ეკვატორიალურ ნაწილზე. მიაბიჯებთ ეკვატორის გასწვრივ, თქვენი სხეულს წონა განუყრელად თან გახლავთ, ის არ იცვლება, თუმცა წინ მიიწევთ. არც თქვენს ირგვლივ გადაშლილ სანახაობა იცვლება, უფრო ზუსტად, არ იცვლება ის ძირითადი ცნებები, რომლებიც მიწიერ სანახაობებს ქმნიან. იცვლება მხოლოდ მისი გარეგნული მონახაზები, ნაგებობათა ფორმა, მცენარეთა კორომების მწვანე ფონი... თანავარსკვლავედებიც ნელნელა ცვლიან ერთმანეთს, სანამ ერთ სრულ რკალს არ შემოწერენ. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მოასწარით ბირთვის ირგვლივ შემოვლა. წრე შეიკრა. თქვენი სხეულის წონაც ზუსტად იგივეა, რაც ამ წრის დასაწყისში იყო. ანუ როცა ფეხი დაადგით დედამიწის მომცრო ასლის ზედაპირზე. თუ პირიქით მოხდა, ანუ თუ პოლუსისკენ იწყებთ გდაადგილებას ბირთვზე ფეხის დადგმისას, მაშინ სურათი ძირფესვიანად იცვლება, ძირითადი ცნებებით თუ მისი გარეგნული მონახაზებით. თუმცა ეს ერთბაშად როდი აღიქმება. აუჩქარებლად მიაბიჯებ მყარ, საიმედო ბილიკზე, ზუსტად ისე, როგორც ბავშვობიდან გივლია, ბილიკი შეიძლება მწვანე იყოს, ანუ მცენარეული საფარი შემოსლი, ანდა პლასტიკური პანელი ფარავდეს. ამას არა აქვს გადამწყვეტი დიდი მნიშვნელობა. რაც მთავარია, იგი საიმედოა, არ გიმტყუნებს, ამაში სრულიად დარწმუნებული ხარ. ამდენად თავსაც სრულიად მშვიდად გრძნობ. გარემოსაც ყურადღებით ათვალიერებ ამ პატარა გასეირნების დროს, ყოველ ნაბიჯზე ჩვეულ სურათს ხედავ, მწვანე ბაღნარს ან რაიმე ნაგებობათა წყებას, ჯერჯერობით ისეთს ვერაფრს ამჩნევ, ყურადღების მომეტებულ გამახვილებას რომ მოითხოვდეს. ივლი ასე ერთხანს, უზრუნველად და არხეინად, დედამიწის ასლი საკმაოდ მოზრდილია, ერთი მეგაპოლისის ტოლა მაინც იქნება, თუ მეტი არა, ამდენად საკმაო მანძილის გავლა მოგიწევთ, რაც არავითარ ემთხვევაში არ უნდა დაიზაროთ, აქ ბევრი რამ იმალება ისეთი, რაც აჯობებს აუჩქარებლად იხილო და განიცადოთ. რაღაც უჩვეულოს აუცილებლად გადაეყრებით ამ ბილიკზე. დადგება ამის დროც, უცბად გრძნობთ, რაღაც შეიცვალა... უფრო ზუსტად, საკუთარ თავს ატყობ ამ ცვლილებას, თორემ გარემო იგივეა,... ძველებურად ვეღარ დადიხარ, უფრო მსუბუქად მიაბიჯებ, ვიდრე გზის დასაწყისში დადიოდი. წამით შედგები, მიმხედმოიხედავ, იგივე სურათია, რასაც გზის დასაწყისსი ხედავდი, ირგვლივ არაფერი შეცლილა, მხოლოდ შენი ნაბიჯი შეიცვალა, იგი როგორღაც ა გამსუბუქდა. დიდი დაფიქრება არ გჭირდება, ყოველივე ნათელია, ‘’ დიდი წვეთის’’ შიდა გრავიტაცა შეიცვალა, ამის შედეგად თვითონ სხეული გამსუბუქდა, ნაბიჯის შემსუბუქებაც ამან გამოიწვია, ესაა სულ. ისევ აგრძელებ გზას წამიერი შეყოვნების მერე, უფრო ყურადღებით აკვირდები საკუთარ ნაბიჯებს. ნამდვილად გამსუბუქდნენ, ამას სულ უფრო აშკარად გრძნობ, თან იმასაც ამჩნევ, რომ ეს პროცესი გრძელდება, , ანუ ყოველი მომდევნო ნაბიჯი წინანდელზე მსუბუქია. ირგვლივ მომოიხედავ, აქაც შეცვლილა რაღაც, მცენარეები აღარ გვანან საკუთარ თავს, ყველა როგორღაც ან აწოწილია, ან სულაც მიწაზე გართხმული. ასე ეხმიანებიან ისინი მიზიდულობის ველის ცვლილებას. ოდნვადაც არ გაღელვებს ეს ამბავი, პირიქით, სახალისოც კი გეჩვენება. მიდიხარ, მიაბიჯებ მსუბუქი ნაბიჯებით, სულ უფრო ნაკლებად გამძიმებს საკუთარი სხეული, სულ უფრო ფართო და ლაღ ნაბიჯებს დგამ. ბოლოს დადგება ჟამი, როცა მთვარეულივით იწყებ სიარულს, ლამის ცაში აფრინდე, ისე ფართო, ჰაეროვან ნაბიჯებს დგამ, ეს უკვე ნახტომებია და არა ნაბიჯები. ამ ფართო ნახტომებით მიიწევ პოლუსისკენ, მიმართულებას, ცხადია არ ცვლი... და ბოლოს დგება ჟამი, როცა შენი სხეული სრულიად კარგავს წონას, უწონადო ხარ, ისე როგორც ღია კოსმოსში ყოფნისას ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე პოლუსისთვის მიგიღწევია. მომცრო დედამიწის პოლუსებზე წონა აღარ აქვს შენს სხეულს, და არც სხვას რაიმეს, აქ უწონადობის ზონაა. „დიდ წვეთს“ ორი პოლუსი აქვს, უწონდობის ზონაც შესაბამისად ორია. გრავიტაციული ველის ძალხაზები აქ ერთმანეთს ერწყმიან და აბათილებენ. აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, მართლაც მთვარეულივთ უნდა იმოძრაო, მსუბუქად, ძალადაუტანებლად. საკმარისია ოდნავ, მეტნაკლებად მკვეთრი ბიძგი, მაშინვე გატყორცნილი ისარივით გასხლტები. ასეთ დროს კი, შეიძლება ითქვას, დედამიწა ( უფრო ზუსტად მისი მომცრო ასლი) გეცლება ფეხქვეშ, მასთან თითქოს აღარაფერი გაკავშირებს, უბრალოდ სივრცეში ჰკიდიხართ ერთად, თუმცა ისევ მას ებღაუჭები, ყოველნაირად ცდილობ, ფეხი ისევ მოიმაგრო... უკან ხომ უნდა დაბრუნდე, ჰოდა, შენს გვერდით ჰაერში გამოკიდებულ მიწიერ ბირთვს გზას ვერ აუქცევ, სასიცოცხლოდ გჭირდება მისი მკვრივი ზედაპირი. ისიც შეიძლება რაიმე ფათერაკი შეგემთხვეს, ამისგან არავინა დაზღვეული, თუნდაც ისეთ სულქმნილ ხომალდზე, როგორიც ‘’დიდი წვეთია.’’ჩვენ, მზის მადევრებმა, კარგად ვიცოდით ამ საფრთხის შესახებ, ამიტომ ყველანი ძალიან ვფრთხილობდით ამ ცვალებად ნიადაგზე სარულისას, ერთმანეთს ყურადრებით შევყურებდით. ვაკვირდებოდით, ვინ როგორ ეჩვეოდა ამ რთულ საქმიანობას.ცხადია, სტუმარსაც იგივეს ვურჩევ.
ახლა კი უკან დასაბრუნებელ გზას დავადგეთ, პოლუსს ვაქციოთ ზურგი, ისევ ეკვატორს მივაშუროთ. და რა ხდება? ნაბიჯები თანდათან გვიმძიმდება, ყოველი შემდგომი ნაბიჯი წინანდელზე მძიმეა, ანუ სხეულს ნელნელა ისევ უბრუნდება წონა. ეს უკვე ნაკლებად სასიამოვნო განცდაა ჩვენთვის, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და შევეჩვიოთ კიდეც. და აი ასე, ნელნელა დაბრუნდები იქ, საიდანაც დაიწყე მოგზაურობა, სხეულიც თავის პირვანდელ წონას სრულად აღიდგენს. ასეთი გზის გავლა მოუწევს ყველას, ვინც არ დაიზარებს და „დიდი წვეთის“ შიდა ბირთვზე სასეირნოდ გმომყვება. ვფიქრობ, კმაყოფილიც დარჩება, ცვალებადი გრავიტაცია მეტად თავისებური რამაა, წონის გამუდმებულიცვალბადობა დიდი დატვირთვაა სხეულისთვს, დიდი ხნის საგანგებო წვრთნა სჭირდება, არადა უამისობაც არ შეიძლება, რამდენადაც ასტრონავტი იწყება იქ, სადაც საკუთარი სხეულის წონის ცვალებადობას ეჩვევა. ასეთია კოსმოსში მოგზაურობის ანაბანა. ‘’დიდი წვეთის შიდა გრავიტაციული ველი, ბევრ სხვა საქმესთან ერთად, ამ მიზანსაც ემსახურება. ჩვენც, ნელნელა ვეჩვევით ამ მეტად თავისებურ გარემოს, თითქსდა მიწიერს, მაგრამ ამავე დროს მეტად განსხვავებულს მისგან, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ცვალებადი გრავიტაციის წყალობით. მასთან შეჩვევა არც ისე ადვილი ყოფილა ჩვენთვის. ყურადღება მუდამ გამახვილებული უნდა გვქონოდა, როგორც კი მიწიერი ბირთვის ეკვატორულ არეალს გავცდებოდით, გვეჩვენებოდა, თითქოს სადღაც ვვარდებოდით, როდესაც ჩვენი სხეული შეცვლილ გრავიტაციას შეიგრძნობდა. ამ დროს უთავბოლოდ ვიწყებდით ხელფეხის ქნევას, ძალზე სასეირო სანახავები ვიყავით. ძალიანაც ვხალისობდით, თუ ასეთ დროს ერთმანეთს თვალს შევასწრებდით. ვიღაცამ ისიც თქვა, ახლადფეხადგმულ ბავშვებს ვგავართო. მე ეს გადაჭარბებული მეჩვენება, თუმცა რაღაც შემხებლობა ნამდვილად აქვს ჭეშმარიტებასთან. ‘’დიდი წვეთი’’ უცნობი იყო ჩვენთვის, სანამ უშუალოდ არ მივეახლეთ, და არ ჩავექსოვეთ მის სრულქმნილ გარემოში...უცხო გარემო კი, თუნდაც სრულქმნილებასთან წილნაყარი, მაინც ამბობს თავის სათქმელს. მისთვი ნიშანდობლივი წინააღმდეგობები ახლავს თან. ანუ ვერ ვირჯებით მაინცდამაინც მოქნილად და თავდაჯერებულად, როგორც კი ცვალებადი გრავიტაციის არეალში ამოვყოფთ თავს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კოსმოსში მოგზაურობაზე ვოცნებობ, გაგარინის შემდეგ. კოსმოსში მოგზაურობაზე ვოცნებობ, გაგარინის შემდეგ.
1. საოცარი ფანტაზია გაქვთ საოცარი ფანტაზია გაქვთ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|