ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
17 ივლისი, 2023


თევზები

          არსებობს სხვა გზაც, რომლის გავლაც გვიწევს  „დიდი წვეთის“  წიაღში. ეს გზა  ცაზე  გადის.  არ ვხუმრობ, ნამდვილად ასეა,  რამდენადაც  „დიდი წვეთი“  გარსი ერთიანად გამჭვირვალეა.
        ისევ ვბრუნდებით  მომცრო დედამიწის, ანუ მიწიერი ბირთვის  პოლუსზე,  სრული უწონადობის პირობებში (ამ სივრცეშიც ჩვენი სტუმარი ხართ, მკითხველის გასაგონად ვამბობ).  აღარ ვაპირებ უკან იმავე გზით დაბრუნებას, ცაზე მინდა გადავინაცვლო, ეს კი სულაც არაა შეუძლებელი. საკმარისია ფეხი მაგრად დაჰკრა მიწას, მეტი არაფერია საჭირო, უკვე ჰაერში ხარ  და მიჰქრიხარ ზეცისკენ. ოღონდ  (ეს არ უნდა დაგვავიწყდეს) აუცილებლად სპირალზე უნდა ვიმოძრაოთ. ეს გახლავთ ყველაზ უმოკლესი თუ არა, უხიფათო მანძილი ციდან მიწამდე და პირიქით. აღწევ კიდეც მიზანს, არც ისე დიდი ხანი გჭირდება საამისოდ,    და აჰა, უკვე ზეცაზე გვიდგას ფეხი.  ჭეშმარიტად ასეა, ფეხქვეშ ვარსკვლავთა  მირიადები გართხმულან,  ხილვადობა ასპროცენტიანია, თითქოს ღია კოსმოსში იმყოფებოდე, ისე ცხადად ჩანან, ამ დროს კი მეტად მტკიცე გარსი გაშორებს მათგან.  თავს ზევით  დედამიწის ბირთვი გამოკიდებულა,  ქანქარასავით ოდნავ ირხევა, თითქოს ერთი გარკვეული ადგილი ვეღარ დაუკავებია სივრცეში, ასე გეჩვენება... და ეს იმიტომ, რომ შენ თვითონ ვერ დაიკავე ადგილი მის მიმართ, საათის ქანქარასავით ირხევი,  ფეხი ჯერ კიდევ ვერ მოიმაგრე გამჭვირვალე გარსზე.
        ბოლოს და ბოლოს, აღწევ წონასწორობას, ფეხქვეშ  მყარი  საყრდენი  მოიძიე. დედამიწის ბირთვიც  შენს თავს ზემოთ როგორც იქნა, მშვიდად გაირინდა.  ჯერჯერობით მის შეთვალიერებისთვის არ გცხელა, უკან დასაბრუნებელი გზა გიხმობს, რომელიც ცასავით გამჭვირვალეა.    ასეა, ადგილები გაცვალეს ცამ და მიწამ.  ამას  ჯერჯერობით მხოლოდ თვალი ადასტურებს და აღიქვამს, სხეული ჯერ განზე დგას ამ განცდისგან, ის ხომ უწონადოა, ანუ  მისთვის ისედაც აღრეულია ცა და მიწა. 
        ერთხანს  უძრავად დგახარ, თავს ზემოთ გამოკიდებულ მიწიერ ბირთვს ათვალიერებ, ასე ვთქვათ, თვალს არწყულებ,  მერე კი უკან დასაბრუნებლად  იწყებ მზადებას.    დაიძარი ადგილიდან,  და ასე გეჩვენება,  თითქოს სიცარიელეში გადააბიჯე.  გამჭვირვალე გარსი არაფრით  ამჟღავნებს საკუთარ თავს,  თუმცა  ფეხქვეშ მყარ საყრდენს ცხადად გრძნობ.  ვიტყოდი, მომეტებულად ცხადად, რადგანაც ყურადღება ამ მიმართულებით  განსაკუთრებით  გაქვს გამახვილებული. ერთ ნაბიჯს მეორეც მოყვება, მერე დანარჩენებიც. თანდათან ეჩვევი  ამ თვალით უხილავ ბილიკს, მის მიმართ ნდობა მატულობს,  და აჰა, ჰაეროვანი ნაბიჯებით მიიწევ  წინ, ფეხვეშ გამუდმებით გრძნობ მკვრის, საიმედო საყრდენს,  რომელიც არა და არ ჩანს. მხოლოდ  და მხოლოდ  უკიდეგანო სივრცე, ვარსკვლავებით ავსებული,  მეტი  არაფერი.
      ერთი სიტყვით,  ვარსკვლავებზე  მიაბიჯებ,  ერთობი მათი ცქერით,  ამასთან  ერთად გრძნობ, ნელნელა როგორ გიბრუნდება წონა. დიდად საამური განცდა არ არის,  ეს უკვე გადავიტანეთ მიწიერ ბირთვზე მოგზაურობისას. მაგრამ აქ,  ვარსკვლავთა წიაღში, მაინც რაღაც  სხვაა. აქ  როგორღაც შენარჩუნებულია უწონადობის რაღაც ნაწილი. თითქოს კი არ დადიხარ, დაფრინავ, და ეს განცდა გაქვს მაშინაც, როცა უკვე მიაღწევ გარსის შუალედურ, ანუ ეკვატორიალურ ზონას, როცა სხეული მთლიანად აღიდგენს  თავის წონას.    ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს;  ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე დააბიჯებ, და ეს სულ სხვა რამეა. ... ჩვენი წინაპარი  ხომ ამაზე ოცნებობდა ოდითგანვე, როგორმე მოწყვეტოდა მიწას, მიწვდენოდა ზეცას, რამენაირად შეხებოდა რაიმე ზეციურს. ჰოდა, აღსრულდა კიდეც, სწორედ რომ ახდენილი ოცნებაა, რასაც ამ წუთში ხედავ და განიცდი,  ოღონდ რამდენადმე განსხვავებული სახით... ძველ დროში ვერავინ წარმოიდგენდა ვარსკვლავების  გროვებზე სიარულს, ეს ჩვენი წილხვედრია,  სწორედ ვარსკვლავებზე დავაბიჯებთ ‘’დიდი წვეთის’’ გამჭვირვალე გარსის წყალობით.
        ვაღიარებ, მზის მადევრებს ეს ჯერჯერობით მაინცდამაინც კარგად არ გამოგვდის... ციური ბილიკები მაქვს მხედველობაში, თორემ მიწიერ ბირთვზე  შედარებით უფრო მყარად ვგრძნობთ თავს.    როგორღაც გვეუცხოვება, რომ ფეხქვეშ არაფერია, სრულიად არაფერი,  თუმცა ფეხქვეშ  მყარ საყრდენს გამუდმებით გრძნობ.  არასდროს გიმტყუნებს ეს საყრდენი, ყოველ შენს ნაბიჯს შეეშველება. მშვენივრად იცი ეს, მაგრამ მაინც იძაბები. ამას მიუმატეთ ცვალებადი გრავიტაცია. ეს  ყველაფერი ერთად საკმაო მძიმე ტვირთი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამიტომ,  დაძაბულობის  განცდა არა და არ  გვტოვებდა,  კარგა დიდი  ხნის ბრძოლა მოგვიწია მასთან, სანამ ნელნელა შევასუსტებით, ბოლოს კი საბოლოოდ დავამარცხებდით.
      ბოლოს კი დადგა ჟამი ( ეს სწორედ  „თევზებად“  სახელდებული სივრცის დასასრულს  დაემთხვა),  როდესაც  საბოლოოდ გავუშინაურდით ცვალებად გრავიტაციას,  არხეინად ვსეირნობდით  როგორც მომცრო დედამიწის ზედაპირზე, ისე  მის ცაზე, ანუ ზეგამჭვირვალე გარსზე.  თავი ერთნაირად ვიგრძენით, როგორც ცაში, ისე მიწაზე.
      მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდით, თურმე რარიგად გვჭირდებოდა, როგორმე ამ განცდისთვის მგვეღწია.  „დიდი წვეთი“  ხომალდია და არა ცთომილი, რა სრულქმნილიც არ უნდა იყოს.  მასაც თავისი ჩაკეტილი სივრცე გააჩნია, როგორც ნებისმიერ ხომალდს, ცთომილივით არ არის ღია კოსმოსისთვის. სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო ასტრონავტებისთვის,  ჩაკეტილი სივრცე მათ პირდაპირ ჭკუაზე შლის,  ჰოდა,  ამაშია  „დიდი წვეთის’’ შეუცვლელი ძალა, გამჭვირვალე გარსი ნამდვილი გადარჩენაა ჩვენთვის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჯერ ერთი, თვით ზეცას  შევყურებთ ისეთივე ფართო კუთხით, როგორც  ჩვენს მშობლიურ ცთომილებზე,  მეორეც,  ჩვენ ცაზე დავაბიჯებთ, როგორც არაერთხელ ვთქვი... მე არ მომბეზრდება ამ სიტყვების განმეორება, თუნდაც უთვალავჯერ... ცაზე დავაბიჯებთ  და მიწიერი ოცნებების ახდენა ვართ, მისი ხორცშესხმა.  ვარსკვლავები ჩვენს ფეხქვეშ კინძავენ თავიანთ გირლიანდებს, ძველი დროის პოეტებს რომ აჯადოებდნენ თავიანთი იდუმალი ფორმებით... დავაბიჯებთ უცხო ვარსკვლავების  თანმდევ ცთომილებზეც,  ნაირნაირ კოსმიურ სხეულებზე... და რაც მთავარია, ჩვენს მშობლიურ მზის ეზოსაც ვწვდებით. მართალია, მზეს ვერ ვხედავთ,  მაგრამ მზის ეზოსთან შეხების, მასთან ახლობლობის  ცხადი განცდა გვაქვს. უფრო მეტიც, თვით ცთომილებზე (მე ჩემს დედამიწაზე) დავაბიჯებთ მაშინ, როდესაც ამ ზეგამჭვირვალე გარზე მიმოვდივართ. ისინიც ხომ,  ჩვენი მშობლიური ცთომილებიც,  ჩვენს ფეხქვეშაა, სადღაც ძალიან შორს, მაგრამ ამავე დროს მაინც ახლოსაა, გამჭვირვალე გარსის წყალობით. მან როგორღაც ერთმანეთს შეგვახვედრა ჩვენ და ჩვენი მშობლიური ცთომილები. ანუ, ეს ორი სიტყვა, „შორს’’ და „ახლოს.’’ როგორღაც გააერთიანა  „დიდმა წვეთმა’’, ტოლობის ნიშანი დასვა მათ შორის.
        ... და ჩვენც, თორმეტი ყოჩაღი მოგზაური, დიდად ვემადლიერებით ამ საოცარ ხომალდს, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ხსენებული ტოლობის ნიშნის გამო. მომენატრება დედამიწა?  მივაშურებ  „დიდი წვეთის’’  ზეცას, ფეხს დავადგამ მის ზედაპირზე, გავისეირნებ მწვანე ბალახზე თუ ქვიშიან ნაპირზე,  ჩავისუნთქავ მის ჰაერს, ჩემს ნაცნობ საგნებს შევეხები...  და ეს ყოველივე  სწორედ გამჭვირვალე გარსის წყალობით.  მე ის ძალიან, ძალიან მომწონს, ვეღარაფერი მაიძულებს ისეთი ხომალდით მოგზაურობას, რომელიც გამჭვირვალე გარსით არ იქნება დასაზღვრული. ზუსტად ასე  ფიქრობენ  მზის ეზოს სხვა მობინადრეები. და ამით წახალისებულებს, სულაც არ გვამძიმებს და არც გვეხამუშება, რა დიდი ჯაფაც არ უნდა დაგვადგეს ამ დიდებული ხომალდის მსახურებისას, იმ  განუმეორებელი წამით დაწყებული, როცა  „დიდმა წვეთმა“  ერთმანეთის მიყოლებით ჩაყლაპა პატარა წვეთები.  ვერც კი შევამჩნიეთ საკუთარ თავს, ისე გაგვიჯდა სხეულში აქაური შინაგანაწესი, ანუ,  ერთმანეთის გვერდით დავასახლეთ ცა და მიწა, გამუდმებით  ვინაცვლებთ ადგილს  მათ შორის,  სრულიად თავისუფალი და ლაღია ყველა ჩვენი მოძრაობა.  ვინმეს რომ შეეძლოს გარსის მიღმიდან ჩვენი დანახვა, ალბათ ასე იტყოდა, თევზებივთ დასრიალებენო.  მართალიც იქნებოდა,  „დიდი წვეთის’’  წიაღში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები