ეს მოხდა მაშინ, როდესაც ცამ და მიწამ ადგილები გაუცვალეს ერთმანეთს. . . ჯერ რაღაც გაურკვეველი, ბრჭყვიალა ლაქა დავინახე, უსწორმასწოროდ გადადღაბნილი და ბურუსში დანთქმული. ბურუსი თანდათან დაიწმინდა, ლაქა უფრო გამოიკვეთა, გარკვეული ფორმა მიიღო, ჩვენთვის კარგად ნაცნობ მშვილდოსანს დაემსგავსა. მზრუნველად დახრილა ჩემსკენ და რაღაცას მეკითხება, მე კი გულაღმა ვწევარ ცაზე და ალბათ ძალზე არაამქვეყნიური იერი მაქვს, ისეთი შიში იხატება ჩემი თანამოსაუბრის თვალებში. შეკითხვა უპასუხო დავტოვე და წამოწევა ვცადე. უცნაურმა თავბრუსხვევამ ისევ ცას მიმაჯაჭვა. ორიოდე წამით ისევ დავკარგე გონება. როცა გამოვფხიზლდი, დრეკადი სალბუნი აღმოვაჩინე ჩემს შუბლზე. მყუდროდ ვიწექი, ვისვენებდი და იმ ფათერაკის დაწვრილებით აღდგენას ვცდილობდი, რომელმაც ამ დღეში ჩამაგდო. ყველაფერი ხელახლა წარმომიდგა თვალწინ, თანაც ისეთი სიცხადით, ლამის ხელახლა განვიცადე ყოველი წვრილმანი. მახსოვს, უწონადობის ზონისკენ მივიწევდი, სწორედ იქითკენ, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ცა და მიწა... ჩვენს შინაურობაში ასე ვეძახით პოლუსების არეალს, აქ ხომ ერთნაირად სუფევს უწონადობა, როგორც მიწიერ ბირთვზე, ისე დიდი წვეთის ცაზე. მინდოდა მსუბუქი ნახტომით შემექცია თავი. ანუ მიწიერი პოლუსიდან ზეციურ პოლუსზე გადავხტარიყავი... ჩვენ, მზის რკალის თორმეტი მადევარი, ასეთნაირად ხშირად ვიქცევთ თავს, შორს დარჩა ის დრო, როცა ახლადფეხადგმულ ბავშვებს ვგავდით, ან თუნდაც თევზებივით დავსრიალებდით, ეს უკვე ცოტაა ჩვენთვის, ნახტომებს შევეჩვიეთ. ნახტომიც არის და ნახტომიც, მათ შორის დიდი სხვაობაა. ყველაზე მსუბუქი სწორედ ის ნახტომია, როცა მიწიერი ბირთვის პოლუსიდან ზეციურზე, ანუ გამჭვირვალე გარსის პოლუსზე გადახტები. დაკრავ ფეხს მიწაზე, არც ისე ძლიერად. სხვათა შორის, ეს ყველამ შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა განსაზღვროს თავისთვის, წონა ხომ ყველას სხვადასხვა აქვს. ჩიტივით გაიქროლებ ჰაერში და ასევე ჩიტივით მსუბუქად დაეშვები ცაზე. ერთი რამ არ უნდა შეგეშალოს, დროზე უნდა შეტრიალდე ჰაერში, რომ ცაზე გაგორება არ მოგიწიოს, ანდა ხელებით არ შეეჯახო მას. შედარებით უფრო რთულია ის ნახტომი, რომელიც წონის ცვალებადობასთან არის წილნაყარი. დაკრავ ფეხს მიწიერი ბირთვის პოლუსზე, ნახტომსაც მიწიერი ბირთვის ეკვატორული არეალისკენ მიმართავ. დასაწყისს არა უშავს, აქაც ჩიტივით მსუბუქად მიქრიხარ ჰაერში, მაგრამ სულ მალე რაღაც იცვლება, გრძნობ, უწონადო უკვე აღარ ხარ, თან სულ უფრო და უფრო მძიმდები. აქ უკვე სიმარჯვის გამოჩენა გჭირდება, ერთმანეთს უნდა შეუხამო საკუთარი სხეულს მზარდი წონა და ჰაერში ფრენის სიჩქარე, ისე რომ წონასწორობა წამითაც არ დაკარგო. თუ ეს ყველაფერი გამოგივიდა, ჩიტივი მსუბუქად დაეშვები მიწაზე. თუ არადა, არც ესაა დიდი უბედურება, ყვავილების კვლებში გაგორდები, ანდა რომელიმე ნაგებობის დრეკად სახურავს შეეჯახები. ასეა თუ ისე, რაღაც პატარა ფათერაკთან მაინც გაქვს შეხება, ამიტომ სასურველია, ვერძის ტყავში გაეხვიო... საგანგებო დამცავი კოსტუმია, ხაოიანი დაბორცვილი ზედაპირით, ვერძის ტყავსაც სწორედ ამიტომ ვეძახით. წონით მსუბუქია, მოძრაობას ოდნავადაც არ ზღუდავს, თან ძალიან დრეკადია. თუ რაიმეს შეეჯახე, ბურთივით აისხლიტები მისგან. თუ ცაზე მოინდომე ზუსტად ასეთივე ნახტომის გაკეთება, ეს უკვე აღარაა სახუმარო საქმე, აუცილებლად დაგჭირდება ვერძის ტყავი. მზარდი წონის პირობებში ნახტომის გაკეთებას ზეცა ასე ადვილად არ გაპატიებს. ხიფათი გარდაუვალია, თუ ალმასივით მკვრივ გამჭვირვალე გარსთან მოგიწია შეჯახება. უფრო რთული ნახტომიც არსებობს, მას დატალღულ მრუდზე სრიალი ვუწოდეთ. ეს ის რკალი გახლავთ, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მიწიერი ბირთვის და გამჭვირვალე გარსის მიზიდულობათა ველები. ეს თანხვედრა არ არის სწორხაზოვანი, იგი დატალღულია, და როგორც იტყვიან, ნამდვილი მახეა. ასტრონავტი, რომელიც პოლუსიდან ისკუპებს და ეკატორიალური არეალისკენ აიღებს აიღებს დეზს, აუცილებლად გადაეყრება ამ მრუდს. როგორც ზღვის ტალღებზე, ისე უნდა იცურო ხსენებულ ტალღებზე, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, ბევრად უფრო სწრაფად. ჰაერში მიქრიხარ და სხეულის წონაც წამისწამს იცვლება, მოვლენებიც ელვისებურად ვითარდება . სულ პატარა შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზეცისკენ აიღე გეზი, პოდა, მოგიწევს ვერძის ტყაცში გახვევა. ასეთია წესი, ყველა ვემორჩილებით ამ წესს, ერთის გარდა, და ის ერთი სწორედ მშვილდოსანია, რომელსაც მე გზად გადავეყარე, უწონადობის ზონისკენ მიმავალი. მშვილდივით მომართული იდგა მშვილდოსანი, ჩანდა, ნახტომისთვის ემზადებოდა. რაღა თქმა უნდა, რთული ნახტომი ამოეღო მიზანში. ყოველ შემთხვევაში მისგან სწორედ ამას ველოდი. მეტად დაუდეგარი ვინმეა, ენერგია პირდაპირ დუღს და გადმოდუღს მასში. ყველაზე ხშირად მას ვხვდები „დიდი წვეთის’’ ბილიკებზე. რისკიანიც გახლავთ, უყვარს ხიფათისთვის თვალის გასწორება. ახლაც, ნახტომისთვის გამზადებულს, არ ემოსა ვერძის ტყავი, არად აგდებდა იმ ხიფათს, რომელსაც შეიძლება გადაყროდა. სწორედ ჩემს თვალწინ ისკუპა მშვილდოსანმა, ცისკენ მიმართა ნახტომი, თავიდანვე აშკარად ჩანდა, ეკვატორული არეალისკენ აიღო გეზი. მშვენიერი ნახტომი იყო, წუნს ვერ დასდებდი. „ვერძმა“ მთლიანად დახარჯა წონა და ძალ - ღონე. მე ხომ საკუთარი თვალით ვიხილე, თუ რა გამეტებით დაჰკრა ფეხი მიწაზე, რათა რაც შეიძლება ძლიერად არეკლილიყო მისგან. შემდეგ კი, როცა მისი სხეული გასცდა უწონადობის არეალს და თანდათან მზარდი წონა შეიძინა, სრულიად თავისუფლად შეძლო ჰაერში გაწონასწორება. მიხაროდა მისი ყურება და თვალს ვეღარ ვაშორებდი. წამით მის ადგილას წარმოვიდგინე თავი, „დიდი წვეთის“ სხვადასხვა ნაწილში სხეულს წონაც სხვადასხვა აქვს. სიარულის დროსაც არაა იოლი ამ ცვალებადი წონის გათვალისწინება და შეგუება. რაღა ითქმის მაშინ, როცა ტყვიასავით მიჰქრიხარ ჰაერში. ამ დროს ხომ გაცილებით სწრაფად ხდება წონის ცვალებადობა. წამის წინ სრულიად უწონადო იყავი, ახლა კი ისე დამძიმდი, ლამის ჩვეულებრივ წონას გაცდი. დიახ, ადვილი სულაც არ გახლავთ. ახლა კიდევ დატალღული მრუდი, ნეტავი იმას როგორღა გაუსწორდება მშვილდოსანი, ხომ არ დაკარგავს წონასწორობას. ამის წარმოდგენისას გამაჟრჟოლა კიდეც, გრავტაციული ტალღები ჩაგითრევენ, ვერც წარმოიდგენ, საით და როგორ მოგისვრიან, დიდი სიმარჯვის გამოჩენაა საჭირო... სულ ტყუილად ვღელავდი, მშვილდოსანმა დიახაც გამოიჩინა საკმაო კი არა, რაღაც განსაკუთრებული სიმარჯვე, მშვიდობიანად გაცდა ძალიან ფართო რკალს, სრულიად ძალადაუტანებლად გადაინაცვლა დატალღულ მრუდზე, თვალი ძლივს მივადევნე , ისე სწრაფადგასრიალდა ამ მზაკვარ, ტალღათა მწკრივზე და ბუმბულივით მსუბუქად დაეშვა ცაზე, და მეც მაშინვე გადავწყვიტე, მშვილდოსანს მივყოლოდი კვალში, პირდაპირ მაგნიტივით მიმიზიდა მისი ნახტომის სიმსუბუქემ, თავდაჯერებულობამ, სილაღემ, უარი ვთქვი უწყინარ პატარა ნახტომზე, რომელიც ჩაფიქრებული მქონდა. მეც მოვინდომე ზეცისკენ გაფრენა. რითი ვარ შენზე ნაკლები? მეც გადავხტები შენსავით, ვუთხარი გუნებაში მას, თანაც ჩემი ნახტომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო „ვერძის“ ნახტომზე ნაკლები, არც სიმაღლით, არც სივრცეში განფენილობით. არც სისწრაფეში უნდა ჩამოვრჩენილიყავი. ამ მიზნით ფეხი მაგრად დავკარი მიწიერ ბირთვს, წელში რაც შეიძლება ძლიერად მოვიხარე, რათა ახტომისას ისარასხლეტილი მშვილდივით გავშლილიყავი. დასაწყისი მშვენიერი იყო. ჯერ ისარივით ავხსლტი მიწიდან, კარგა დიდი სიმაღლეც ავკრიფე... გუნებაშიც ხომ სწორედ ეს მქონდა, ცისკენ უნდა გავფრენილიყავი, ამისთვის კი დიდი სიმაღლე მჭირდებოდა. ფართო რკალის გავლა მოვაწარი, ისე რომ წონასწორობა წამითაც არ დამიკარგავს. ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, შემდეგ კი რაღაც უცნაური რამ მოხდა. ჯერ მომეჩვენა, თითქოს მიწიერი ბირთვისკენ მივქროდი, მერე უცბად ცხვირწინ ოქროსფერწერტილოვანი ღამისფერი ცა აღმოჩნდა, ცამ და მიწამ რატომღაც ადგილები გაუცვალეს ერთმანეთს. ხელების მოშველიებაც ვერ მოვასწარი, ისე შევეჯახე გამჭვირვალე, ალმასივით მაგარ გუმბათს.კიდევ კარგი, ვერძის ტყავში ვიყავი გახვეული, თორემ არ ვიცი, როგორ დასრულდებოდა ჩემი ზეციური ვოიაჟი. ავჩქარდი, ასეთი იყო ჩემი დასკვნა, როდესაც ეს მარცხი ავწონ დავწონე გონებაში. მინდოდა, „მშვილდოსანს“ დაენახა, რომ მეც შემეძლო მასზე არანაკლები ფართო რკალების მოხაზვა,( ყოჩაღი ვინმეა მართლაც,) სიჩქარე კი ყოველთვის ხიფათთანაა წილნაყარი, მით უმეტეს, როცა ასეთ ფართო, ისედაც სახიფათო ნახტომებს აკეთებ. წესი დავარღვიე და დავისაჯე კიდეც... ხიფათი, ცხადია, ყველას შეიძლბა შეემთხვეს, მაშინაც კი როცა მიწიერ ბურთზე მისეირნობ და სიმაგრეს ებღაუჭები. მაგრამ სად ის ხიფათი და სად ეს, კიდევ კარგი, ადვილად გადავრჩი, კოპით შუბლზე ვიარე ერთხანს. სულ ეს იყო, მაგრამ ჭკუა ნამდვილად ვისწავლე, იმ ფათერაკის შემდეგ აზრადაც აღარ მომსვლია იმ სახიფათო ნახტომის გაკეთება, ჯერჯერობით თავს ამის ნებას აღარ ვაძლევდი, ვარჯიშით კი ხშირად ვვარჯიშობდი, როგორც კი თავისუფალ დროს მოვიხელთებდი. ბოლოს კი, ნამდვილდ ვიცი, ისე დაიხვეწა ჩემი ნატომები, უკვე ფართო ნახტომებსაც შევბედე. რაღაცა ნამდვილად გამომივიდა, ცა და მიწა ადგილებს აღარ უცვლიდნენ ერთმანეთს, ყოველივე თავის რიგზე იყო. ცოტა დამაკლდა, მშვილდოსანს თითქმის დავეწიე... მე თვითონ ასე მეჩვენება. არც დანარჩენებს დაუკლიათ ხელი ამგვარი გართობისთვის, საკმაოდ ხშირად ვხედავდი მოხტუნავე ვერძებს (ასე ვეძახით ერთმანეს ხოლმე როცა ხსენებულ ტყავში ვეხვევით). ძალზე თავშესაქცევი რამაა ჩვენთვის ეს ნახტომები, წონის ყოფნა-არყოფნა, ერთმანეთთან ასე ახლოს და ასე მჭიდროდ აღქმული, მეტად უჩვეულო და განუმეორებელ განცდებს იწვევს ჩვენში, სწორედ ამით გვიზიდავს ყველას, თან იმდენად ძლევამოსილად, რომ ერთი ხანი ლამის დავივიწყეთ სხვა გართობა- თამაშობანი, რაც ესოდენ აუცილებელია კოსმიურ სივრცეში ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. მრავალფეროვნებასაც თავის ხარკს ვუხდით, ერთმანეთს ჩავჭიდებთ ხელებს და წეროების გუნდივით ვინაცვლბთ ადგილს ციდან მიწაზე, ან პირიქით. მერე კომბინაციებს ვცვლით, ორორნი, სამსამნი მიმოვქრივართ, და ეს ყველაფერი ძალიან მოგვწონს. შედეგიც სახეზეა, სულ ადვილად ვინაცვლებთ ადგილს მიწიდან ცაზე, ანდა პირიქით. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ბოლომდე გავუშინაურდით „დიდი წვეთი“ წიაღს. ანუ, ცა და მიწა სრულიად თავისუფლად, ძალადაუტანებლად უცვლიან ერთმანეთს დგილს. სიფრთხილეც არ გვავიწყდება, გაშინაურების მიუხედავად, ნახტომის წინ ყველანი ვერძის ტყავში ვეხვევით, მშვილდოსნის გარდა.. . სულ თავიდანვე ამაყად თქვა მასზე უარი და ბოლომდე დარჩა თავისი სიტყვის ერთგული, არასოდეს მიუმართავს ამ დამცავი კოსტუმისთვის, ყოველ შემთხვევაში მე არ დამინახავს. აკი არც მაშინ ეცვა ვერძის ტყავი, როცა წინ გადამისწრო და მაგნიტივით მიმიზიდა თავისი სხარტი, ლამაზი ნახტომით. რამხელა ფათერაკს გადამკიდა, კიდევ კარგი, გადავრჩი მშვიდობიანად. დავიწყებით კი არაფერი დამვიწყებია, ვერაფერი მაიძულებს გრავიტაციული ველის დატალღული მრუდისკენ ავიღო გეზი, თუ „ვერძში’’ არ ვარ შეფუთული - შემოკლებით ასე ვამბობთ ხოლმე. ვაღიარებ, დიდად ვერ ვემადლიერები საკუთარ თავს ამ წინდახედულებისთვის გამო, რაღაც გაურკვეველი უსიამოვნო განცდა მიჩნდება, როგორც კი ვერძში გახვევას ვიწყებ. არაერთხელ გამიარა გულში, ხომ არ შევბედო ზეციურ რკალს ამ გაბურძგვნილი უცნაურობის გარეშე? იქნებ ვცადო, რითი ვარ მშვილდოსანზე ნაკლები... ვერძის ტყავში დაეტიე, ვუბრძანე ჩემს თავს მაშინვე, ანუ საკუთარ ტყავში... ამ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა. ერთხელ კი თვითონ მშვილდოსანი გამეხუმრა , როცა ნახტომისთვის ვემზადებოდი; - რას ეხვევი ვერძის ტყავში. შენ ხომ ლომი ხარ, ლომის ტყავში უნდა გაეხვიო. - მაგის დროც მოვა, - ასეთი იყო ჩემი პასუხი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვერძის ტყავში დაეტიე, ვუბრძანე ჩემს თავს მაშინვე, ანუ საკუთარ ტყავში... ამ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა.
დაასახელეთ ტყავი, გახვევა რომ არ შეეძლოს ადამიანს?! ვერძის ტყავში დაეტიე, ვუბრძანე ჩემს თავს მაშინვე, ანუ საკუთარ ტყავში... ამ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა.
დაასახელეთ ტყავი, გახვევა რომ არ შეეძლოს ადამიანს?!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|