| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 15 აგვისტო, 2023 |
რაღაც უცხო ციური სხეული, თუ ხომალდი გაჩნდა საიდანღაც... ეს თავიდანვე გაუგებარი იყო და ასედაც დარჩა ბოლომდე, ვერა და ვერ დავადგინეთ, რასთან გვქონდა საქმე, გონიერი არსების ხელიდან გამოსულ ქმნილებასთან თუ რაღაც ჯერ კიდევ ჩვენი თვალისთვის უხილავ ციურ წარმონაქმნთან. სწორედ რომ გაჩნდა ის უცხო სხეული, თუ ხომალდი, არავითარი წინასწარი ნიშნები არ მიგვიღია მისი არსებობის შესახებ. „დიდი წვეთის“ ზემგრძნობიარე ხელსაწყოებს მისი არსებობა არსებობა არ დაუფიქსირებია, იგი სრულიად მოულოდნელად გამოეკიდა სივრცეში. ყველანი იმ მხარეს შევგროვდით (მარჩბივის გამოკლებით, პულტთან მორიგეობა მოუწია), სადაც უცხო ხომალდი თუ ციური სხეული ჩანდა. ისიც მრგვალი იყო „დიდი წვეთივით“, ოღონდ მათი მსგავსება ამით ამოიწურებოდა. ანუ, მარგალიტისფერი ათინათი არ გდასდიოდა, არამედ გაპრიალებული სპილენძის დისკოსავით გაუდიოდა ბზინვა. მერე კიდევ, ჯერ არცერთი ციური სხეული არ მენახა ამზომამდე ზუსტი და დახვეწილი წრეწირით შემოსაზღვრული. ისე ჩანდა, თითქოს ვიღაცამ პირდაპირ სივრცეში ამოჭრა საოცრად ზუსტი ბადრო რაღაც წარმოუდგენლად უზუსტესი ფარგლით. ბოლოს და ბოლოს, „დიდმა წვეთმაც“ აღმოაჩინა და დააფიქსირა უცხო სხეულის არსებობა, მაგრამ რა უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ხელსაწყოების ჩვენებანი რაღაც საოცრად ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს. მათთვის რომ ყური გვეგდო, ისეთი გიგანტური ზომის ხომალდთან გვქონდა საქმე, რომლიდანაც ‘’დიდი წვეთი’’ სამგზის გამოიჭრებოდა. ცოტა ხნის შემდეგ კი (მაქსიმუმ სამი წამი) მათი მიხდვით უცხო სხეული იმ მზვერავ კაფსულას არ აღემატებოდა ზომით, რითაც ღია კოსმოსში გავდიოდით, კაფსულა კი დიდად არ აღემატებოდა თვით კოსმონავტის სხეულის ზომებს. ცხელი დღე გვანახა ამ წინააღმდეგობრივმა მაჩვენებლებმა, გამომთვლელი მანქანების ეკრანებზე ნამდვილი ქარიშხლები დატრიალდნენ, ციფრებით ყელამდე ავივსეთ, მაგრამ ერთ გარკვეულ დასკვნას, უცხო სხეულის ზომის აღმნიშვნელ ზუსტ ჩვენებას, ვერა და ვერ მივაღწიეთ. ვერც დავეკონტაქტეთ, ამ მხრივ ყველანაირი მცდელობა სრულიად უშედეგო იყო. ვერა და ვერ შევძელით, უფრო ახლოს გავცნობოდით, უცხო სხეული არანაირ სიგნალზე არ იძლეოდა პასუხს, არც ინაცვლებდა ადგილს, უძრავად ეკიდა სივრცეში, არაფერზე რეაგირებდა, უბრალოდ თავგზას გვიბნევდა. ცოტა მოგვანებით ახალი უცნაურობა შევამჩნიეთ უცხო სხეულს, მან გაორება იწყო. გაკრიალებული სპილენძივით ბზინვარე სფეროს მეორე სფერო გამოეყო, ზომით ზუსტად პირველის ტოლი. იგი მის შორიახლოს გამოეკიდა სივრცეში. გავიდა ცოტა ხანი და თავის მხრივ მასაც გამოეყო ზომით ზუსტად მისი ტოლი ბზინვარე ბურთი, ისიც მის მახლობლად დაფიქსირდა...დროის რაღაც ინტერვალის შემდეგ ისიც გაორდა, და ასე გაგრძელდა მანამდე, სანამ თორმეტამდე არ შესრულდა მათი რიცხვი. თორმეტი ბზინვარე სფერო ეკიდა ჩვენს თვალწინ სივრცეში და ჩვენ ყველანი პირდაღებულები შევყურებდით. თან რაღაც უცნაური რკალი აღწერეს, ისე განლაგდნენ სფეროები... კარგა ხანს ვუკირკიტეთ, ვუყურეთ და ბოლოს ასე ვთქვით ყველამ, უკუღმა შებრუნებულ კითხვის ნიშანს ჰგავსო. ერთი ითქვა ეს სიტყვა და აღარავის გაუხდია სადავოდ, ნამდვილად ასე იყო, უკუღმა შებრუნებული კითხვის ნიშანი ამოჭრა სივრცეში ბზინვარე სფეროთა თანმიმდევრობამ. ახლა უკვე შებრუნებულ კითხვის ნიშანთანთანაც მოვინდომეთ რაიმე კავშირის დამყარება, დიდი იმედი არ გვქონდა, მაგრამ მაინც ვცადეთ.... რა საშუალებას აღარ მივმართეთ, ხელსაწყოების ჩვენებებზე აღარაფერს ვამბობ, ხელების ქნევაც კი დავიწყეთ ბოლოს, სულ დაგვავიწყდა, „დიდი წვეთი“ გაუმჭვირვალე იყო გარეშე დამკირვებლისთვის და სულ ერთია, არ გამოვჩნდებოდით, რამდენიც არ უნდა გვექნია ხელები. ყოველივე ამაო იყო, უცხო სხეული, ახლა უკვე მრავალჯერადი, ან ვერ გვამჩნევდა, ან საჭიროდ არ თვლიდა ჩვენთან კონტაქტს. კარგა ხანს გაგრძელდა ჩვენი უშედეგო მცდელობები, ვერა და ვერ ვწყვეტდით თვალს წუნდაუდებელ მბზინავ სფეროებს, თითქოს მაინც რაღაცას ველოდით მათგან...ბოლოს და ბოლოს რაღაც ხომ უნდა შეცვლილიყო, უსასრულოდ ხომ არ იქნებოდნენ უკუღმა შებრუნებულ კითხვის ნიშანში გამოკეტილები... და მართლაც შეიცვალა რაღაც, თუმცა ეს ცვლილება დიდად მნიშვნელოვანი არ ყოფილა. უზადო სფეროებმა გაფერმკრთალება იწყეს, ეს იყო სულ. უწინარეს ყოვლისა, ერთერთ განაპირა სფეროს დაეტყო რაღაც ამისმაგვარი, რაც ჩვენ მწამსვე შევამჩნიეთ. ჯერ ოდნავ გაბაცდა, ისე ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა. თანდათან მოეძალა სიფერმკრთალე, დაკარგა სპილენძისებური ბზინვა, სანამ სულ მთლად არ გათეთრდა. იმ განაპირა სფეროს დანარჩენებმაც მიბაძეს, ერთმანეთის მიმდევრობით იწყეს გაფერმკრთალება. თვალდათვალ კარგავდნენ სპილენძისებურ ბზინვარებას, საბოლოოდ ყველანი გათეთრდნენ. ახლა უკვე თორმეტი თეთრი სფერო ეკიდა სივრცეში ჩვენს თვალსაწიერზე. უნდა ითქვას, მათი ურთიერთგანლაგება ოდნავადაც არ შეცვლილა, თეთრი სფეროებიც უკუღმა შებრუნებულ კითხვის ნიშანს აღწერდნენ სივრცეში. არც მათი უნკლო გარშემოწერილობა დარღვეულა, უზადო თეთრი სფეროები კვეთდნენ სივცის წიაღს სპილენისფერების მსგავსად. თუმცა ეს უკვე დიდხანს აღარ გაგრძელებულა, თეთრი სფეროების უზადო ფორმებს ვგულისხმობ... მათ გაბუნდოვანება იწყეს, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მიმდევრობით. ჯერ განაპირა სფერომ დაკარგა უნაკლო გარშემოწერილობა, თანდათან გაიდღაბნა, ნისლის ბულულს დაემსგავსა. იმას მეორეც მიყვა, მერე მესამეც...გავდა არც ისე დიდი ხანი და ჩვენს თვალწინ ნისლის თორმეტი ბულული გამოეკიდა. თანაც ისე, რომ ოდნავადაც არ დარღვეულა მათი ურთირთგანლაგება, ისინიც უკუღმა შებრუნებულ კითხვის ნიშანს აღწერდნენ. ვდგევართ, შევყურებთ, ცვლილებები გრძელდება. ვერაფრით იტყვი,მდგომარეობა ერთ წერტილში გაიყინაო. ეს ნისლოვანი გუნდები ისევ აგრძელებენ გადღაბნას, გაიშალნენ, გაიფოფრნენ... თანაც იმ ზომამდე გაიფოფრნენ, რომ ერთმანეთს მიწვდნენ, ეს ყველაფერი კი ბოლოს იმით დამთავრდა, რომ ერთმანეთს შეუერთდნენ, აითქვიფნენ ერთიანად. და რა უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ურთიეთგანლაგება ოდნავადაც არ შუცვლიათ, ნისლოვანი კითხვის ნიშანი ისევ და ისევ ეკიდა ჩვენს ცხვირწინ, ცხადია, უკუღმა შებრუნებული. კარგა ხანს ჩანდა ამ სახით, თანდათან მქრქალდებოდა, თხელდებოდა, თითქოს სივრცეში იფანტებოდა. ბოლოს სულაც გაქრა. - ნეტავი რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი, - გაისმა ვიღაცის გაოცებული ხმა. მოვიხედე, თურმე მარჩბივი შეგვეხმიანა სათვალთვალო ეკრანუდან.
- მართლაც გაუგებარია, - წამოვიწყე და სიტყვა შუაზე გამიწყდა, მარჩბივის მკერდზე მიხატული ნიშნისკენ გამექცა თვალი. ცხადია, მკერდზე ტყუპები ეხატა, ანუ ზოდიაქოს ნიშანი, როგორც წესი და რიგია. ტყუპები ერთმანეთისკენ სახით იყვნენ მიბრუნებულები, და ეს არცაა გასაკვირი, მათ უმეტესწილად ასენაირად წარმოაჩენენ ხოლმე. მაგრამ... რატომღაც თავბოლოშექცევით იყვნენ გამოსახულნი, ანუ ერთერთი მათგანი თავდაყირა იდგა. ასე რომ, ერთმანეთის ფეხებს შეყურებდნენ და არა სახეს. ერთხანს ჩუმად ვიყავი, თვალს არ ვაშორებდი ამ საოცარ ნიშანს. ჯერ ის გამიკვირდა, ამდენ ხანს რატომ ვერ შევამჩნიე ეს ცხადზე უცხადესი რამ... რამდენჯერ შევხვედრივარ მარჩბივს, მისი ნიშანი შემითვალიერებია...რატომ ვერ დავინახე, ორი ტყუპისცალიდან ერთერთი რომ თავდაყირა იდგა, უცნაურია, ასე მაინც რამ ამიბა თვალები. ალბათ ღირს ამაზე დაფიქრება. შეიძლება იმიტომ, რომ ასეთ რამეს არ ველოდი, უფრო მეტიც, ვერსც კი წარმოვიდგენდი. უწინაც არაერთხელ მინახავს მარჩბივის ნიშანი, ტყუპები ყოველთვს სწორად იდგნენ, ანუ სახეში შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ო, ნამდვილად ასეა, არ ვიყავი მზად, დამენახა ტყუპების ასეთი ურთიერთგანლაგება, როგორ ვიფიქრებდი, თუ ტყუპები ერთმანეთის მიმართ თავბოლოშექცევით იქნებოდნენ მარჩბივის მკერდზე დახატულნი და სახის ნაცვლად ერთმანეთის ფეხებს დაუწყებდნენ ყურებას. . ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, ჩემი თვალების აბმაც ამის შედეგია. ვუყურე, ვუყურე და მერე სიცილი ამიტყდა. მგონი ჩვენ ყველანი ზუსტად ამ დღეში ვართ ახლა. უცხო სხეული დავინახეთ ყველამ ერთად, ვუყურეთ, ვუყურეთ და და ვერაფერი გავუგეთ ერთმანეთს. იქნებ ჩვენც, „დიდი წვეთის“ ეკიპაჟი და ის უცხო სხეული, სწორედ რომ თავბოლოშექცევით ვართ სივრცეში განლაგებულები, ერთმანეთის ფეხებს ვხედავთ და არა სახეს. ჰოდა, როგორღა უნდა დაგვენახა, უფრო მეტიც, როგორღა უნდა შეგვეფასებინა ერთმანეთი? რა გაცინებსო, მკითხეს გაოცებულმა მოგზაურებმა, რახან სიცილს ვერა და ვერ მოვრჩი. მეც, უწინარეს ყოვლისა, ტყუპების ნიშანზე მივუთითე. - აბა, ერთი კარგდ შეხედეთ, - ძლივს ამოვთქვი ეს სიტყვები სიცილისგან სულშეხუთულმა. შეხედეს, მერე მე შემომხედეს. უხმოდ მომაჩერდნენ, გაკვირვება ასეთნარად გამოხატეს. - ვერაფერს ხედავთ?- ვკითხე, თან სული მიგუბდებოდა სიცილისგან. განსაკუთრებულს ვერაფერსო, მანიშნეს თავების გაქნევით. მეც მეტად აღარ გავაწვალე ისინი, გავაგებინე მათ, რაც მქონდა მხედველობაში. ჩემს სიტყვებზე ყველანი ტყუპების ნიშანს მიაცივდნენ თვალებით, დარწმუნდნენ, რომ სიმართლეს ვეუბნებოდი. ერთი წამით დამუნჯდნენ გაოცებისგან, ასეთი ცხადი რამ ამდენ ხანს რატომ ვერ დავინახეთო, როგორ ვერ შევამჩნიეთ, ტყუპები თავბოლოშექცევით რომ იყვნენ დახატულნიო. ჩემზე მეტად თუ არა, ნაკლებად როდი გაიკვირვეს ეს უცნაური აღმოჩენა. საკუთარი თვალების ასეთი უცნაური აბმა. მეც აღარ დავახანე, იდეა მივაწოდე, ალბათ ჩვენს რაღაც ამდაგვარი დაგვემართა იმ უცხო სხეულთან შეხვედრისას, რაღაც უკუღმართად ვიყავით განლაგებულნი ერთმანეთის მიმართ სივრცეში, ამიტომ მხოლოდ ერთმანეთის ფეხებს ვხედავდით, სახეებს კი ვეღარ მივწვდით, ანუ თვალი თვალში ვეღარ გავუყარეთ ერთმანეთს. ჰოდა, დავრჩით კიდეც უცნობებად. ყურადღებით მისმინეს მზის მადევრებმა, უნდა ითქვას, მეტად სერიოზული სახეებით, მერე კი ეს ყველაფერი მათაც სასაცილოდ ეჩვენათ. იცოცხლე, იქ მხიარულება ატყდა იცინოდნენ, მართლაც ძალიან გულიანად ყველანი, თან შიგადაშიგ გაკვირვებასაც დაუსრულებლად გამოთქვამდნენ, ასე მაინც რამ აგვიბა თცვალებიო, ასეთი ცხადზე უცხადესი რამ რატომ ვერ დავინახეთო. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გადაირბინეს ყველა ჩვენგანის თვალებმა მარჩბივის მკერდზე. გამოდის, ბოლომდე ვერ აღიქვეს იგი. ტყუპები თავბოლოშექცევით რომ იყვნენ დახატულნი, ყიველთვის გმოგვეპარა მხედველობიდან. რატომ? არ მოველოდით ასეთ რამეს, სწორედ ამოტომ ვერ დავინახეთო, ბოლოს ასეთი დასკვნა გააკეთეს და ამოთქვეს, რამდენადაც სიცილმა მისცა ამის საშუალება. ძალიან უკვირდათ ამ უცნაური სიბეცის ამბავი, გაოგნებიდან ვეღარ გამოდიოდნენ. მერე კი, როდესაც ცოტათი სული მოითქვეს, ყველამ ერთად გაიზიარა ჩემი მიწოდებული იდეა. როგორც ჩანს, რაღაც ამდაგვარი გვჭირს ახლაც ჩვენ და იმ უცხო სხეულს, ამიტომაც ვერ ვეკონტაქტებით ერთმანეთსო. მე განზე ვიდექი, თავმომწონეობდი ჩემი აღმოჩენით. უწინარეს ყოვლისა, ეს მე დავინახე ამჯერად, რაც მარჩბივის ნიშანს სჭირდა. არ ვიცი, როგორ და რანაირად, რამ ამიხილა თვალები, ასე კი მოხდა. ხანდახან ხდება ხოლმე , ვერ ამჩნევდი სულ რაღაც ერთი წამის წინ, დაინახავ უცბად, სრულიად მოულოდნელად, ეს ძველთაგანვე ცნობილ ამბავია. თუმცა ღა, ერთი რამ უნდა აღინიშნოს, საკმაოდ ჩახვეულჩახლართული ნახატი იყო ტყუპების ნიშანი. ჩემს ნიშანთან, ანუ ლომთან ვერ მოვიდოდა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ბევრიც არ უკლდა. თუ საგანგებოდ არ დაუკვირდებოდი, ვერ შეამჩნევდი, ტყუპთაგან რომელი იდგა ფეხზე და რომელი თავზე. იქნებ ჩვენც სწორედ ეს მდგომარობა აღვწერეთ უცხო სხეულთან შეხვედრისას ჩვენდა უნებურად. ანუ თვალი თვალში ვერ გავუყარეთ ერთმანეთს. ყველა გაუგებრობის მიზეზიც ეს იყო ალბათ. ერთი სიტყვით, იდუმალი და გამოუცნობი გამოდგა ეს შეხვედრა, მაგრამ ამით ბევრი არაფერი დაგვკლებია, გულიანი გაცინება ხომ შეგვრჩა. და საერთოდ, დიდმა იდუმალებამ დიდი მხიარულება წარმოშვა, მოგვიანებით ასე შევაფასე ყველამ ჩვენი მაშინდელი მდგომარეობა. ...და კიდევ ის იყო გასაკვირი, რომ მარჩბივს ეს ამბავი სულაც არ ეჩვენა სასაცილოდ, პირიქით, ძალიანაც არ ესიამოვნა, როცა გაიგო, რომ თურმე საკუთარი ნიშანი თავბოლოშექცევით ქონდა მკერდზე გამოსახული. მანაც სწორედ ახლა გაიგო, მანამდე ამის შესახებ წარმოდგენაც არ ქონდა თურმე, აი ეს იყო მართლაც ყველაზე საოცარი. მერე კიდევ ჩვემა სიცილმაც ძალიან გააბრაზა. ნეტავი სასაცილოს რას ხედავთო, უკმაყოფილოდ იკითხა. ამან უფრო უარესი დაგვმართა ყველას, ვიცინოდით, ვიცინოდით, სულ ვეღარ ვითქვამდით, მხოლოდ მარჩბივი იბღვირებოდა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|