ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2023


"რკალი ზოდიაქო" ლომი

          მე ლომი ვარ, აბა ამის საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, მეტად სანდომიანი არსებაა, უძველესი ზღაპრების გმირი, ნადირთა მეფე...  მართალია, მკერდზე ისეთი  გაურკვეველი ნიშანი მახატია, ლომს ვერც კი მიამსგავსებ. თერთმეტი ყოჩაღი მოგზაურიც (მეთორმეტე მე ვარ) დღემდე გაურკვევლობაში არიან,  შეხვედრისას (გინდა ზეცაზე , გინდა მიწიერ ბირთვზე)  აშტერდებიან ჩემს მკერდზე მიხატულ ნიშანს, რა არის მასში  ლომის მინაგვარი არსება ამოიცნონ.
        ეგ არაფერი, მე ხომ ვიცი, რომ ლომი ვარ, რაც გინდა თქვი და  ძალიან მომწონს  ჩემი ნიშანი, მე მას არცერთ სხვა ნიშანში არ გავცვლი.  ლომი, თუნდაც ცუდად გამოსახული და გამოუცნობი, მაინც ლომია. ეგ დიდად არ მაწუხებს, საწუხარი და საფიქრალი სულ სხვაგანაა ჩასაფრებული. საქმე იმაშია, რომ „დიდი წვეთი’’ლომის თანავარსკვლავედში იმყოფება, ანუ,  ასეა სახელდებული  რკალი „ზოდიაქოს’’ ის მონაკვეთი, რომელსაც ახლა გავდივართ.  წესით და რიგით მე უნდა ვიჯდე საჭესთან, მაგრამ ვინ მოგართვა;  საჭესთან ღრიანკალი ზის, აი ესაა მეტად საწყენი.  არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ:  ვინმე ერთერთი  მოგზაურთაგან    მაშინ მართავდა  „დიდ წვეთს’’, როცა  როცა ჩვენს გზას მისი სახელი ერქვა,    ანუ მისი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამის რკალს გავდიოდით.  აქამდე ამ წესს განუხრელად იცავდნენ, მე და ღრიანკალი გამონაკლისები ვართ ამ თვალსაზრისით.  ღრიანკალი ახლა მართავს  ხომალდს, მე კი ჩემი მხრით, ღრიანკალის თანავარსკვლავედში მომიწევს ამ მეტად საპატიო საქმის შესრულება. ამ შემთხვევაში  ასეთია დიდი წვეთის შინაგანაწესი, რომელსაც ვერავინ შეეწინააღმდეგება. არ კი ვიცი, რატომ.  ალბათ ასეა საჭირო, გამონაკლისებიც  უნდა არსებობდნენ,  სხვანაირად არ შეიძლება, ასეთია ბუნების კანონი. არადა, რა კარგი იქნებოდა,  სწორედ ახლა მომეხადა ეს აუცდენელი ვალი,  ლომი „დიდი  წვეთის’’ საჭესთან ლომის თანავარსკვლავედში... მართლაც დიდებულად ჟღერს.  ყველა გარემოში სასიამოვნოა მეწინავეობა (ვაღიარებ),  იგი როგორღაც აჯადოებს ყველას, დიადი საქმეებისკენ მოუხმობს, და რაღა ითქმის ისეთ სასწაულებრივ გარემოზე,  როგორიც  დიდი წვეთია,  ვინ იცის, რა დაფარულ თვისებებს აღმოაჩენ საკუთარ  თავში,  როცა ასეთი საოცრების  საჭესთან აღმოჩნდები, ასეთ დროს ხომ  ნამდვილად ლომად იგრძნობ  თავს, რაც გინდა გამოუცნობი იყოს შენს მკერდზე მიხატული ნიშანი. 
        ესეც კდევ არაფერი, ამასაც გადავიტან, ღრიანკალის ნიშნის ქვეშ მივუჯდები დიდი წვეთის საჭეს, როცა ამის დრო  მოაწევს,  საქმე იმაშია, რომ სწორედ ახლა მხვდა წილად ვარდისფერი ღრუბლის დალაშქვრა, აი ესაა ყველაზე უცნაური , და საკმაოდ არასასიამოვნოც.  რატომ? იმიტომ რომ ეს სულაც არ გახლავთ უბრალო  გასეირნება, ეს მეტად სახიფათო ლაშქრობაა.  ვარდისფერი ღრუბელი  ყველაზე იდუმალი არსებაა  „დიდი წვეთის’’ იდუმალ სამყაროში,  ნისლეულივით აქვს კიდურები გაფოფრილი, მართლაც ნისლივით  დალივლივებს  „დიდი წვეთის’’  ცაზე.  მეტი რომ აღარ შეიძლება,  ისეთი  უწყნარი შესახედაობა აქვს,  იფიქრებ,ერთს შევუბერავ სულს დ მაშინვე განიმქვრევაო. არ მოტყუვდეთ,    ძალზე  არასტუმართმოყვარეა მისი წიაღი,  რაღა ცოფიანი ქარიშხალი და რაღა იქაურობა, გრავიტაციული ტალღები იქ  ნამდვილ ქარბორბალსავით  ტრიალებენ, თან წამისწამს იცვლიან ბრუნვის მიმართულებას, ხან სპირალს ქმნიან, ხანაც თითქოს ადგილზე ქვავდებიან, თანაც მოძრაობის პიკზე.  მიწიერ გართობას, სერფინგს წააგავს რაღაცით, როგორც ზღვის ტალღებზე,  ისე უნდა ისრიალო  მათზე, და ეს სულაც არ გახლავთ  საამური გართობათამაში.  თუ ვინმე ასე იტყვის, დამერწმუნეთ, მხოლოდ ტრაბახობს და მეტი არაფერი.
      მერე კიდევ,  რაც ყველაზე უცნაურია,  ვარდისფერი ღრუბელს შესწევს უნარი,  შეცვალოს  დიდი წვეთის  ზემტკიცე გამჭვირვალე გარსი, ანუ, ნაპრალებს წარმოშობს  იმ ადგილას, სადაც გარსს შეეხება. ნისლეული გადაინაცვლებს, ნაპრალიც მაშინვე ქრება, გარსის მთლიანობაც უზადოდ აღდგება, და ვაი მას, ვინც ნაბიჯს ვერ აუწყობს ამ ცვლილებებს და იმ ნაპრალში ფეხი ჩაუცდება,  მის ადგლას ყოფნას ნამდვილად არ ვინატრებ.  ერთი სიტყვით,  ეს დიდი გამოცდაა ყველა ჩვენგანისთვის,  ყველაზე ნაკლებად სწორედ ახლა ვარ განწყობილი საამისოდ,  მაგრამ სხვა რა გზაა, ლომი ურიგდება ამ ხვედრს.  ვაღიარებ, მიმძიმს მაშინდელი ჩემი განცდების გაცოცხლება.  მირჩევნია ლომის ნიშნიან მოგზაურს,  ანუ  ჩემ თავს გვერდიდან ვუყურო, როცა ყოველივე ამას ვიხსენებ.
          მოართვეს ლომს (გამოუცნობ  ნიშნიანს, მაგრამ მაინც ლომს) დამცავი სამოსი,  საგანგებო სიფრიფანა სკაფანდრი,  რითაც ყველა იმოსება, სანამ ვარდისფერი ღრუბლის წიაღში დაყვინთავდეს. ვარდისფერი ღრუბელიც იმწამსვე გაიხსნა  მის წინაშე.  სხვა  დროს ლომი მას ახლოსაც ვერ გაეკარებოდა, ამის დიდი სურვილიც რომ გასჩენოდა.როგორც ბატუტი, ისე ირეკლავდა ნებისმიერ მოგზაურს, თუ შემთხვევით გაეკარებოდნენ, სრულიად შეუვალი იყო ყველასთვის, მხოლოდ სიფრიფანა საგანგებო სკაფანდრმა შეარღვია ეს გადაულახავი წინააღმდეგობა. ვერც კი გაიგო ლომმა,  ისე აღმოჩნდა ვარდისფერი ნისლის წიაღში.
        უწინარეს ყოვლისა, მიიხედმოიხედა ლომმა.  ხომ ყველა ასე იქცევა უცხო ადგილას მოხვედრისას. თითქოს უჩვეულო არაფერია, ირგვლივ ვარდისფერი ნისლები იგრაგნებიან, ანუ ახლოდან ხედავს იმ სურათს, რასაც უწინ შორიდან შეჰყურებდა. მის ფეხქვეშაც  მისთვის კარგად ნაცნობი გამჭვირვალე გარსია. თავს ზემოთ? ო, იქ ნამდვილად შეცვლილა რაღაც, აღარსად ჩანს  მისთვის კარგად ნაცნობი მიწიერი ბირთვი, თავს  ზემოთაც ვარდისფერი ნისლის საცეცები  გაფოფრილან, ვარდისფერი ნისლის ბოლქვები ადიჩადიან.  სანახავად აქაც  უწყინარნი არიან, ლომს ეჩვენება, თითქოს არაფერი უშლის ხელს,  მიეახლოს ამ ფუმფულა  ვარდიფერ ბოლქვებს,  ჩვეული გარემოდან რომ აცალკევებენ, გადააბიჯოს მათ მიღმა და კვლავ დაბრუნდეს  იქ, საიდანაც მოვიდა, მაგრამ იცის, რომ ეს შეუძლებელია. ლომი აქედან ვერ გააღწევს.  ანუ, ვარდისფერი ნილის ბოლქვები შეუვალნი ინებიან მისთვის, სანამ  რაღაც  გარკვეულ გზას არ გაივლის  ამ წყული ნისლის წიაღში. 
        და როგორია ეს გზა? იგი ზეცაშია, ანუ მიწიერ მყარ ბირთვს არასოდეს გადაკვეთს, მხოლოდ  ციურ ბილიკს, ანუ გამჭვირვალე გარსს  მიუყვება,  ნაპრალებიც სწორედ იქ არიან ჩასაფებულნი.  სწორედ რომ ჩასაფრებულნი,  ისინი სრულიად უხილავნი არიან, მათი ნაპირები არაფრით განირჩევიან გამჭვირვალე გარსისგან. ჰოდა, როგორია ისეთი უფსკრულების პირს სიარული, (ლომი მათ  უფსკრულებს უწოდებს, ასეთია მისი მიწიერი ჩვევა), რომლებსაც სრულებით ვერ ხედავ? ეს სახიფათოა, ძალიან სახიფათო,  საკმარისია ფეხი  აგიცდეს რომელიმე უხილავი უფსკრულის პირას,  მაშინვე  „დიდი წვეთის’’  მიღმა აღმოჩნდება,  „დიდი წვეთი’’ კი , როგორც ცნობილია, ერთიანად გრავიტაციულ ტალღებშია შეფუთული.  ამ ტალღებს შეუძლიათ ნებისმიერი შემხვედრი  სხეული, თუნდაც მთელი ცთომილი,  კენჭივით მოისროლონ და ასე მოიცილონ თავიდან,  ჰოდა, რაღა დაემართება ისეთ პაწაწინა სხეულს, როგორიც ლომია. ცთომილთან შედარებით, რასაკვირველია, თორმ წარმოსადეგობა ნამდვილად არ აკლია.  ლომს იმის წარმოდგენც კი უჭირს, თუ რა დღე დაადგება ასეთი ფათერაკის  დროს.
        უნდა ითქვას,  გადარჩენის შანსიც ნამდვილად აქვს, ნისლსებური სკაფანდრი  მიუხედავად ასეთი სათუთი შეახედაობისა, კარგახანს მშვენივრად დაიცავს ღია კოსმოსური სივრცისგან. ამასობაში ლომს შეუძლია, ხმა მიაწვდინოს  „დიდ წვეთს“, დახმარება ითხოვოს,  სათუთი სკაფანდრი საამისოდაც  შესაფერისად არის აღჭურვილი, ამის შესაძლებლობას აძლევს. საფრთხე მაინც ძალიან დიდია, და ეს ლომმა ძალიან კარგად იცის. მასაც და დანარჩენ ყოჩაღ მოგზაურებს ყური მოუკრავთ  იმ დაკარგული მოგზაურების შესახებ, გამჭვირვალე გარსს რომ აცდნენ რაღაც  მიზეზით,  უმეტესწილად სწორედ მათი შეცდომის გამო. შემდეგში კი  ძალიან გაჭირდა მათი მოძებნა, მგონი ვეღარც იპოვეს.  თუმცა არც ისაა გამორიცხული,  ზოგიერთს  გაუუმართლოს, ისევ დაუბრუნდეს  მშობლიურ ხომალდს... ყოველ შემთხვევაში,  შეცდომილთაგან ცოტას თუ ერგება ეს ბედნიერება.
        ეს ყველაფერი კარგად იცის ლომმა, ისიც კარგად იცის, რომ სჯობია ამაზე არ იფიქროს.  თავის გაქნევით იშორებს  უსიამოვნო სურათებს,  თვალებით ბურღავს ნისლოვან ბოლქვებს, ხედავს,  თუ როგორ    პაწია მწვანე ციცნათელამ გაბრწყინა,  ეს მისი გზის  გამკვლევია.  მის უნდა  მისდიოს,  ნება არ აქვს, სხვა მიმართულებით გადადგას ნაბიჯი, ლომი ამის შესახებ საგანგებოდ გააფრთხილეს.
          ... და აჰა, ლომი  დაიძრა ადგილიდან,  დინჯად, აუჩქარებლად მიაბიჯებს, მწვანე ციცინათელას კვალდაკვალ,  წამითაც არ უშვებს მხედველობიდან.  ტერფებით  ფრთხილად ეხება მტკიცე გარსს,  ყურადღებით სინჯავს, ხომ არ ეცლება საყრდენი ფეხქვეშ.  ხომ არ დასრულდა გარსი და უკვე უფსკრულში მიფრინავს. არა, ყველაფერი რიგზეა.  საეჭვო არაფერი  იგრძნობა,  და ლომი შეუჩერებლივ  მიიწევს წინ,  მწვანე ციცინათელისკენ, ერთიანად დაძაბული და სუნთქვაშეკრული.
        ცალკე ათასგვარი საფიქრალი  უწეწავს ტვინს,  ნეტავი რასთვისაა ეს ყოველივე საჭირო. განუწყვეტელი დაძაბულობა,  შიში,  ყოველ ნაბიჯზე მომაკვდინებელი საფრთხის მოლოდინი.  ეს კითხვები თავზე დასტრიალებენ ლომს რაღაც გამოუცნობი ავბედითი ფრინველების გუნდივით.  პასუხიც აქვეა:  საფრთხე უნდა არსებობდეს,    მას პირისპირ უნდა შეხვდეთ, უნდა ისწავლოთ მისთვის თვალის გასწორება,  თქენთვის ასე სჯობია, უამისოდ მცონარა ცხოველებად იქცევით.  ეს სიტყვები უშუალოდ არავის უთქვამს ლომისთვის, და არც  დანარჩენი მოგზაურებისთვის,  მაგრამ  „დიდი წვეთის“  წიაღში ისინიც ჰაერში კიდია , თვითონ შეკითხვების მსგავსად.
        თანაც მერამდენედ  უნდა გადაეყაროს ამ ხიფათს,  რამდენჯერ უნდა გადარჩეს, თუ გადარჩა, ლომს ამის დათვლა  არ შეუძლია, ამის შესახებ შეიტყობს  მაშინ, როცა აქაურობას დააღწევს თავს(იმედია),  დაწვრილებით საკუთარი თვალით დაინახავს საკუთარ ოდისეას.
        ამ საფიქრალსაც უმკლავდება ლომი, ანუ თავის გაქნევით ცდილობს მათ გაფანტვას, მთელ ენერგიას  ლამის მთლიანად თვალებში უყრის თავს, რათა არაფერი გამოეპაროს მხედველობიდან. მიაბიჯებს  დინჯად, აუჩქარებლად, ზუსტად ისეთნაირად, როგორც სულ პირველად  დაადგა ფეხი ვარდისფერი ნისლის წიაღში. არცერთ ნაბიჯს არ დგამს ისე მანამდე, სანამ  ფეხქვეშ საყრდენს არ მოსინჯავს, მწვანე ციცინათელას ხომ, რა სათქმელია, თვალს წამითაც არ აშორებს.  მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ამ ვარდისფერ  მახეს უვნებლად დააღწიოს თავი. 
        უცბად  მწვანე ციცინათელა ქრება, ასედაც ხდება.  ასეთია ამ ვარდისფერი წიაღის შინაგანაწესი. უნდა იმოძრაოს არც ძალიან ნელა, არც ძალიან ჩქარა, ანუ ზუსტად იმ ტემპით, როგორც ამას ვარდისფერი  მახე მოითხოვს. როგორც ჩანს, ლომმა მეტისმეტად შეანელა ნაბი ჯი,  ეს იმას ნიშნავს, რომ  მეტისმეტად ფრთხილობს, ციცინათელამაც უფრო მეტი მანძილი დაფარა და მხედველობიდან გაქრა, მასაც თავისი დრო აქვს მიცემული, თუ როგორი ტემპით უნდა იფარფატოს ამ ნისლიან ბილიკებზე. და რა უნდა იღონოს ლომმა ასეთ შემთხვევაში?  მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რამ,    უნდა გააგრძელოს გზა საკუთარ ალღოს  მინდობილმა. ერთ ადგილას ვერ გაჩერდება,  ციცინათელას გამობრწყინებას ვერ დაელოდება, უნდა იაროს  სანამ ისევ არ დაინახავს მწვანე ციცინათელას, სხვა არჩევანი მას არ აქვს.  ჰოდა ასე, მიდიმოდის ლომი უხილავი უფსკრულების თავზე, არც ძალიან ნელა, არც ძალიან ჩქარა, დაეძებს დაკარგულ მწვანე ციცინათელას.  და აჰა, ისიც აციმციმდა.  ლომმა შვებით ამოისუნთქა, ამ ჯერზე გადარჩა.
        „ნელა იჩქარე,’’ ეს ძველისძველი , მეტად ბრძნული ფრაზა თითქოს გაცოცხლდა.  ყოველ შემთხვევაში ლომს ცხადად ჩაესმის ეს სიტყვები.  და ისიც ცდილობს,  ლამის შესაძლებლის მიღმა, რაც შეიძლება ზუსტად შეარჩიოს სიარულის რიტმი, არც ძალიან ნელა, არც ძალიან ჩქარა. უნდა მიაღწიოს იმ ერთადერთ ყველაზე შესაფერის დროს და ადგილს,  საიდანაც მწვანედ მოციმციმე ციცინათელას ხედავს. რომ გამუდმებით იციმციმოს მწვანე  წერტილმა, უიმისოდ ლომი ახალშობილივით უმწეოა,  დაიკარგება ამ ვარდისფერი ქაოსში.  იქიდანაც სწორედ მან,  მწვანედ მოციმციმე  წერტილმა უნდა გამოიყვანოს,  სწორედ ის გაუძღვება წინ ჩვეულ გარემოში დასაბრუნებლად.  ლომი ოცნებობს ამ სანუკვარ წამზე, თან მიაბიჯებს, მიაბიჯებს შეუჩერებლივ.  მგონი აუღო ალღო აქაურობას,  მიაგნო ყველაზე შესაფერის რიტმს საკუთარი ნაბიჯებისთვის,  ზუსტად შეურჩია სიჩქარე,  ციცინათელა გამუდმებით ციმციმებს, რა ბედნიერებაა.
      ისევ გაქრა მწვანე  ციცინათელა, ლომი პანიკაში, სად  შევცდი? ხომ არ შევანელე ისევ ნაბიჯი ზედმეტად, ან იქნებ მტისმეტად ავჩქარდი? აქეთ ეცა, იქეთ ეცა, ერთხანს ლამის წყალწაღებულივით იფართხალა .  თან გუნებაში ამ ფიქრმა გაურბინა:  რა სასაცილო სანახავი ვიქნები, ახლა ვინმე რომ მიყურებდესო.  აჰა, კიდევ კარგი, ისევ აციმციმდა მწვანე წერტილი, თანაც სულ სხვა მხარეს,  არა იქითკენ, სადაც  ელოდა... ესკიდევ ცალკე უბნევს თავგზას ლომს. ძნელია, მეტად ძნელი ამ ვარდისფერ ქაოსში გზის გაკვლევა,  უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან წარმოედგინა.  ხანდახან თითქოს შეუძლებელიც, მაგრამ არ უნდა დანებდეს, ამ სიტყვებს შეახსენებს საკუთარ თავს,  ალღო და სიჩქარე,  ეს ორი რამ როგორმე  უნდა შეათავსოს ერთმანეთთან.  ნაბიჯი, კიდევ ნაბიჯი, არც ძალიან ჩქარა, არც ძალიან ნელა,  დრო, დრო ჯალათივით ადგას თავზე, სივრცე მახეებს უგებს ფეხქვეშ.  ცდილობს, წვალობს  ლომი, ერთიანად დაძაბული და სუნთქვაშეკრული. და ამაოდ არ ჩაუარა,  მგონი რაღაცას ახერხრბს,  შეათავსა შეუთავსებელნი,  თვალი და სხეული  შეაჩვია ამ ვარდისფერ ქაოსს, მწვანე ციცინათელა გამუდმებით ციმციმებს.
        თუმცა ფათერაკს მაინც ვერ აცდა.  რატომთაც ასე მოხდა, ცოტა გაუგებარი კი  იყო, ყოველ შემთხვევაში,  ლომს ასე მოეჩვენა,  აკი ძალიან ფრთხილობდა.  რაღაც წამით იგრძნო, თითქოს საყრდენი ეცლებოდა  ფეხქვეშ.  მთელი სხეულით ერთიანად დაიძაბა, ხელების ვარდისფერ ნისლებს მოუფათურა უნებურად.  უფსკრულმა პირი დააღო მის ფეხქვეშ და ჩანთქმას უქადდა. ლომმა ეს აშკარად შეიგრძნო, თვალით ვერ ხედავდა, მაგრამ სხეულით ცხადად შეიგრძნო მისი არსებობა.  თან გუნებაში იმ ფიქრმა გაურბინა ამ დროს, ალბათ რა სასაცილო სანახავი ვიქნები, ვინმე რომ მიყურებდესო,  კიდურებით უთავბოლოდ მოფართხალე,  შეშლილი, თავზარდაცემული სახით.  ხელებით ვერაფერს ეჭიდები, ფეხები საყრდენს ვერ პოულობენ.  კიდევ კარგი, მოიმაგრა ნაბიჯი, როგორც იტყვიან, ზედ უფსკრულის პირას.  ცოტაც და გასხლტებოდა  დიდი წვეთის გარსის მიღმა. ვინ იცის, რა დროსა და სივრცეში ამოყოფდა თავს. იმარჯვა, მოახერხა ლომმა, მართლაც დიდ საშიშროებას გადარჩა.  დიდი წვალების ფასად ძლივს გამართა ნაბიჯი.
        ამით არ დასრულებულა ფათერაკები,  როგორც იქნა ისევ გამართა ნაბიჯი და  ფეხქვეშ ერთხელ კიდევ მოერღვა საყრდენი და კიდევ კარგი, ამჯერადაც მოასწრო დროზე გარიდებოდა მას. როგორც ჩანს, მოათვინიერა სკუთარი ალღო, დროის რიტმთან  შეათავსა,  ნაკადსაც მისწვდა, ალღო მხარში უდგას, ნამდვილად ახერხებს რაღაცას, ისიც კი შეძლო, გამოეცნო, ხელახლა რომელ მხარეს აციმციმდებოდა მწვანე ციცინათელა.  ლომი ამით კმაყოფილია, თუმცა ეს დიდად არ ახარებს,  მისი  დაძაბულობაც სულ უფრო მატულობს, ლამის გაუსაძლის ზღვარს აღწევს. მერამდენედ უნდა გადაეყაროს ასეთ ხიფათს, მერამდენედ უნდა გადარჩეს, (თუ გადარჩა). ლომს ამის დათვლა არ შეუძლია, ამის შესახებ მაშინ შეიტყობს, როცა აქაურობას თავს დააღწევს. (იმედია). დაწვრილებით საკუთარი თვალით ნახავს საკუთარ ოდისეას ვარდიფერ  ნისლის წიაღში.
        და აჰა, დასრულდა ეს უცნაური  „ნელა იჩქარე’’ ბილიკი, მწვანე ციცინათელამ ერთხელ კიდევ გაიბრწყინა და გაქრა, ლომმა ვარდისფერი ნისლის მიღმა ამოჰყო თავი.  როგორც იქნა, დაუბრუნდა თავის ჩვეულ გარემოს, მთელი და უვნებელი.

       
            გაუძლო ლომმა მართლაცდა მძიმე გამოცდას,  მშვიდობიანად დააღწია თავი ვარდისფერ ღრუბელს. თითქოს კმაყოფილი უნდა იყოს, თუმცა მაინცდამაინც არ ეტყობა. მაინც გულნაკლულია.  და რითია გულნაკლული?  სწორედ იმით, რაც  იმთავითვე უბურღავდა თავს ჯერ კიდევ მანამდე,  სანამ ვარდისფერი ღრუბლის წიაღში დაყვინთავდა. ლომს წილად არ ხვდა  „დიდი წვეთის’’ მესაჭეობა ლომის თანავარსკვლავედში,  და  ამას ვერაფრით ვერ ურიგდება.  და ეხლა, როცა ნისლოვან სკაფანდრს იშორებს თავიდან, ისევ  ამ უსიამოვნო აცდენაზე ფიქრობს.  ვერ მიუჯდა  „დიდი წვეთის’’  საჭეს  თავისი სახელობის  სივრცეში,    ჰოდა ამით რაღაც დაიკარგა,  ალბათ არც ისე უმნიშვნელო.
      ყოველგვარ გარემოში სასიამოვნოა მეწინავეობა, ყველა შენ შემოგყურებს, შენს მიღმა ნაბიჯს  არ დგამენ,  ამის შედეგად ავტომატურად ჩნდება განცდა, თითქოს რაღაცით განსაკუთრებული ხარ, სხვებზე ბევრად აღმატებული და შეუცვლელი, ეს კი  ერთგვარად აჯადოებს ყველას, დიადი საქმეებისკენ მოუხმობს.  რაღა ითქმის ისეთ უმშვენიერეს და სასწაულებრივ გარემოზე  როგორიც  „დიდი  წვეთია.“  ვინ იცის, რა დაფარულ  იშვიათ თვისებებს აღმოაჩენ საკუთარ თავში, როცა ამ საოცრების საჭეს მიუჯდები.
      არ გაუმართლა ლომს,  გვერდი აუარა წარმმართველ ძალად ყოფნის  დამათრობელმა განცდამ, როცა  თავისი სახელობის სივრცეში იმყოფებოდა,  ანუ როცა თვით გარემოც  მხარში ედგა.    საკუთარი ტყავის გადასარჩენად ცოდვილობდა,  სულ ეს იყო, მეტი ვერაფერი შეძლო,  ანუ თავი ვერ იგრძნო ლომად.  იგი ბოლომდე დარჩა იმ გაურკვეველ, უცნაურ ნიშნად, რომლის ამოცნობაშიც  თვალებს დიდზე დიდი ჯაფა უნდა დაადგეს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები