ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
21 ოქტომბერი, 2023


რკალი ზოდიაქო "ქალწული"

                                                         

       
          „დიდი  წვეთი’’  ერთიანად ცეცხლის ალშია გახვეული...  ნურავის შეეშინდება ამ სიტყვების,  ცეცხლი სულ სხვაგან ანთია,  ჩვენ მის ანარეკლებში მოვექეცით, სულ ესაა. ცეცხლზე არ შევიბრაწებით,  ვერანაირად  ვერ მოგვწვდება, ძალზე შორსაა აქედან.    სამყარო ხომ დიდი სარკე.    ამ სიბრძნეს ჯერ კიდევ მაშინ ვეზიარეთ ყველანი,  სანამ მშობლიურ ცთომილს გავცდებოდით, ახლა კი საკუთარი თვალით ვხედავთ ამ დიდი სარკის საოცრებებს.    ცალცალკე დაეხეტებიან მანათობელი სამყაროები და მათი ანარეკლები, კარგი მოცეკვავეებივით უცვლიან ერთმანეთს ადგილებს.  გინდა თუ არა, უნდა ჩაერთო ამ თავისებურ ცეკვაში, უნდა ამოიცნო  მათი ანაბანა, გვერდი აუქციო თვით მას, რაც იწვის და  ანათებს,  მისი ანარეკლი კი თუ გინდა, შუაზე გაკვეთე.  ზუსტად ასე მოვიქეცით ჩვენ, ...ცეცხლების ზღვა სწორედ მაშინ დაგვატყდა თავზე,  ანარეკლების ნამდვილ კასკადში ამოვყავით თავი. 
        გაოცებულები დავრჩით, მეტი რომ არ ვთქვთ.  ასეთი რამ ჯერ არ გვენახა. თითქოს რომელიღაც გიგანტურ სარკეში ჩავიხედეთ და მანაც ცეცხლოვანი მორევი  შემოგვთავაზა ჩვენი საკუთარი გამოსახულების ნაცვლად.
        ცოტა არ იყოს შეგვეშინდა კიდეც  (ვაღიარებ ),  ვიცოდით, რომ ეს მხოლოდ თვალის საცთური იყო,  სახელად ლინზირება რომ ჰქვია.  გნებავთ მოჩვენება უწოდეთ, მირაჟი, ანარეკლი... ამით არაფერი იცვლება, მთავარი ისაა, რომ სხეული არ ახლავს თან, ამდენად ვერავითარ  ვნებას ვერ მოგვაყენებს,    მაინც გვეხაუშებოდა მისი დანახვა.  ისიც კარგად ვიცოდით, ’ რომ  „დიდი წვეთი’’ არ დაგვაღალატებდა, ანუ, იქაც კი უვნებელი დარჩებოდა,  თუნდაც  ვარსკვლავის შუაგულში მოხვედრილიყო ბუნების ძალთა რაღაც გამოუცნობი თამაშის შედეგად.  დიახ,  ეს ყველაფერი ჩვენი მხედველობის ცდომილებაა,  თვალი მუდამ ტყუვდება, თვალმა არ  იცის, სადაა რეალობა და სად მისი ანარეკლი, ცეცხლოვანი ქარბორბალა სადღაც სულ სხვაგან ბობოქრობს, ჩვენ სრულ სიცარიელეში მივქრივართ, მაგრამ ვინ რა იცის,  რა ხდება, სამყარო ხომ მოულოდნელობებითაა სავსე...  ასეთი ფიქრები დაუპატიჟებელი სტუმრებივით გვეწვეოდნენ ხოლმე,  მოსვენებას არ გვაძლევდნენ.  დიახ, ძალიან დაძაბულები ვიყავით იმ პირველ ხანებში,  „დიდი წვეთის’’ წიაღიც  ერთიანად გადასხვაფერდა, ყველაფერს ცეცხლის ანაბზენი დაეფინა, შენობებს, აუზებს, მწვანე ბაღებს. რაქც შეეხება გამჭვირვალე გარსს, იგი  ცეცხლოვან ცად იქცა, გვიჭირდა მისთვის თვალის გასწორება. ახლა კიდევ მასზე ფეხის დაბიჯება როგორია.  არადა მოგვიწია, ამას გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლიდით.
          არაერთხელ გავმხდარვარ მოწმე, თუ როგორ საუბრობდნენ ცეცხლოვან ცაზე მოსეირნეები ერთმანეთთან შეხვედრისას.
          - ეს ხომ ანარეკლია? - ამბობს ერთი.
          - ცხადია, ანარეკლია, სხვა რა უნდა იყოს,  - პასუხობს მეორე.
          - ანარეკლი ყოველთვის ანარეკლია,  როგორც არ უნდა გაძლიერდეს.
          - მაგას რაღა თქმა უნდა...
          - რაც იწვის და ასხივებს, ის შორსაა ჩვენგან.
          - ძალიან შორს, სადღაც სულ სხვა სივრცეში დაეხეტება...
          აქვე აღვნიშნავ,  ამ ორ მოლაპარაკეთაგან ერთერთი მეც ვყოფილვარ,  თანაც არაერთხელ.  ერთმანეთს ვამშვიდებდით  და  ამით  საკუთარ  თავსაც  ვიმშვიდებდით.
          გავიდა დრო და თანდათან შევეჩვიეთ ცეცხლოვან გრიგალებს,  „დიდი წვეთი’’ დიდებულად უმკლავდებოდა ამ პატარა გამოწვევასაც... ეს მოგვიანებით ვუწოდეთ ასე, თორემ  მაშინ  ცოტა სხვანაირად  ვფიქრობდით.  გამომთვლელმა  მანქანებმა  ციფრების ნამდვილი ნიაღვრები ამოაფრქვიეს,  ყოველივეს თავისი დრო და ადგილი მიუჩინეს. ჭეშმარიტად, საშიში არაფერია, ყოველივე ცხადზე უცხადესი გახდა. ერთმანეთი გადაკვეთეს მანათბელი სამყაროების ანარეკლებმა - ეს უძლიერესი მოჩვენებითი ნაპერწკალიც (მანქანურ ენაზე  ასე ჟღერდა) იმიტომ წარმოიშვა.  თვითონ ისინი (მანათობელი სამყაროები) აქედან ძალზე შორს,  სულ სხვაგან დაეხეტებიან.  ერთმანეთს  თუ გადაეყრებიან,  განადგურდებიან, მათი ანარეკლები კი პირიქით,  ერთმანეთს აძლიერებენ.  ეს რაღაც ახალია,  ასეთ შემთხვევას  ჯერ არავინ გადაყრია,  ცალკე ესეც გვახალისებდა;  ასე რომ,  ყველანი დავმშვიდდით, ცეცხლოვან მორევს თავისუფლად გავუსწორეთ მზერა.
            ასე რომ, მირაჟი... გამომთვლელი მანქანების სტომაქებმა ეს სიტყვაც  ამოაგდეს, მათ ვარიაციებს ხომ დასასრული არ აქვს. მე ეს სიტყვა მირჩევნია, ალბათ ჩემი მიწიერი წარმომავლობიდან გამომდინარე),  და ჩვენც,  მათ ზღვა ცოდნას მინდობილები,  „დიდი წვეთის“ გამჭვირვალე გარსსაც ვუცხადებთ ნდობას  . თავისუფლად დავაბიჯებთ ცეცხლოვან ცაზე,  ანუ  ცეცხლის ოკეანეზე, რომელიც ჩვენს ფერხთა ქვეშ ბობოქრობს.  თან როგორ წამისწამს იცვლის იერსახეს  ეს უცნაური მირაჟი, ხან ცეცხლოვანი მორევია, ხან ქარბორბალა, ხანაც კიდევ ცეცხლის ენები გადაენასკვებიან ერთმანეთს, თითქოს ტყისპირას კოცონი ანთიაო.
        მიწიერი ცაც ხომ მირაჟია, აბა, ახალს რას ვამბობ?  მშვენიერი ცისფერი ხილვა, ჩვენი  განუყრელი თანამგზავრი,  ბავშვობიდანვე  რომ თან მოგვყვება.  შევყურებთ,  თვალს ვარწყულებთ,  გულს სიამე ეფინება,  ჰაერთან ერთად ცისფერ ფერსაც ჩავისუნთქავთ...  მიწიერი ჰაერიც უფრო გემრიელი და საამოა,  სწორედ ამ ცისფერი ფერის გამო.  მიმოდიან ადამიანები მიწის ზედაპირზე , და როგორც გალიაში გამომწყვდეული ჩიტები, ისე შეჰხარიან  ცის სილურჯეს.  უფრო მეტიც, მისკენ გაფრენას ლამობენ.  ხელებსაც კი იწვდიან მაღლა,  ლურჯი ცისკენ,  განცდების მოზღვავებას ვეღარ უმკლავდებიან.  ამ დროს ხომ ყველამ ვიცით, ცა იგივე უფსკრულია,  ნამდვილი კოსმოსური უფსკრული,  შავად ჩაღამებული  და განუჭვრეტელი.
        უთვალავია ცთომილთა ნაირსახეობა, როგორც უკვე ვთქვით.  ასევე უთვალავია მათი თანმდევი  ბროლის თაღთა მრავალგვარობაც,  ყველა ცთომილს  მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ცა ახურავს თავზე.  თუმცა ამ ბოლო შემთხვევაში საქმე გვაქვს ერთ  ისეთ თვისებასთან, რომელიც არასოდეს იცვლება;  მიუწვდომლობის განცდა მაქვს მხედვლობაში.  როგორც წესი, ყველა ცა ერთნაირად მიუწვდომელი გეჩვენება,  როდესაც მათ ცთომილის ზედაპირიდან შეყურებთ, ამ მხრივ მის ფერს არავითარი მნიშვნელობა  არ აქვს.  ცა  ხელშეუხებელი ბროლის თაღია და  ყოველთვის მიუწვდომლობის განცდას იწვევს ,  როგორც არ უნდა იყოს შეფერილი.  ანუ სიტყვები, ცა და მიუწვდომლობა ყველა ცთომილზე ერთი და იგივე მნიშვნელობისაა  რაღაც გაგებით....
          „დიდი წვეთის“  წიაღშიც რაღაც ამდაგვარი ხდება,  თუმცა ცოტა განსხვავებულად.  როდესაც მიწიერი ბირთვის ზედაპირიდან შევყურებთ,  დიდი წვეთის  ცაც მიუწვდომელი გვეჩვენება ნამდვილი მიწიერი ცის  მსგავსად,  გინდა ვარსკვლავებით იყოს მოკენჭილი და გინდა ცისფრად შეფერილი.  ამას მნიშვნელობა არ აქვს, ზუსტად ისე, როგორც დედამიწაზე.    ანუ,  ამ საოცარმა ხომალდმა  დაგვაჯილდოვა უნარით, მივწვდეთ მიუწვდომელს, შევეეხოთ ხელშეუხებელს.  მთელი გზა ვტკბებოდით ამით.  მიუხედავად ამისა , „დიდი წვეთის“ ცა მააინც ინარჩუნებს  მიუწვდომლობის მეტად თავისებურ განცდას.  არ ვიცით როგორ და რანაირად, მაგრამ ნამდვილად ასეა. ეს უკვე ითქვა, მაგრამ მე არ მომბეზრდება მისი განმეორება. 
        რამდენჯერ შეიცვალა ცა ჩვენს ფეხქვეშ...  ერთხელ კიდევ მოვიხედოთ უკან, თვალი შევავლოთ ჩვენს ნაბიჯებს  „დიდი წვეთის“  წიაღში.  საქმეს არ აწყენს, როგორც იტყვიან.
        უწინარეს ყოვლისა, ჩვენ, თორმეტმა ყოჩაღმა მოგზაურმა,  ვარსკვლავებით მოკენჭილ ცაზე დავადგით ფეხი მისი წყალობით.  „დიდი წვეთის“  გამჭვირვალე გარსი მაქვს მხედველობაში. ეს დიდებული  წამი იყო, კოსმოსის სრულფასოვან ბინადრებად ვიგრძენით თავი,  მთელი კოსმოსური სივრცე როგორღაც ძალიან ახლოს მოვიდა ჩვენთან,  მშობლიურ ცთომილებსაც  კი მივწვდით,  მათ ზედაპირებზე დავაბიჯებდით, როცა კიდურებით გამჭვირვალე გარსს ვეხებოდით.   
     
        მოაწია ჟამმა, ბნელეთის წიაღზეც დავადგით ფეხი...  ვარსკვლავები თვალს მიეფარნენ, წყვდიადი გაიფოფრა ჩვენს ფეხქვეშ.  მასზე სეირნობა მაინცდამაინც არ მოგვეწონა.  თვალი ავარიდეთ, ვარსკვლავებს დავეძებდით იმ  წყვდიადში, როგორც ერთ დროს მეზღვაურები დაეძებდნენ შუქურას. ო, რა კარგად დავაფასეთ იმ ერთადერთი, ცეცხლისფერი თვალის ციმციმი,  კუნაპეტ სიბნელეში გზას რომ უკვლევდა მეზღვაურებს.
        ახლა კი შუქურა ცეცხლის მორევად იქცა და ჩვენს ფეხქვეშ განეფინა,  ჰოდა, ძალიან კარგი, იბობოქროს ცეცხლის მორევმა ჩვენს ფეხქვეშ,  ცეცხლის ენებმა ათასგვარი სახეები მოქარგონ. 
        და ჩვენც დავდივართ ცეცხლის მკერდზე,  დავდივართ და არ გვბეზრდება.  ამდენი არცერთ ჩვენგანს არ უსეირნია  დიდი წვეთის გამჭვირვალე გარსზე.  ის დრო მაქვს მხედველობაში, როცა ჩვენს ფეხქვეშ ვარსკვლავთა მირიადები გვეფინა.  რამდენი გასართობია  „დიდი წვეთის“ წიაღში,  მოწყენილობამ რომ არ დაგვჯაბნოს ხანგრძლივი მოგზაურობის დროს... ყველაფერი განზე გადავდეთ, გვირჩევნია ცეცხლოვან ცაზე ვისეირნოთ,  ყველაზე თავშესაქცევად გვეჩვენება. ისიც ძალიან მოგვწონს, ცეცხლოვანი ანაბზენი რომ გვეფინება სხეულზე, როგორღაც სულ სხვა სანახავები გავხდით,  სანდომიანობა ნამდვილად მოგვემატა. ზღაპრის გმირებს დავემსგავსეთ ყველანი.  ყოველ შემთხვევაში, ასე გვეჩვენება.
        ამან შემაფიქრიანა, რატომ გვიზიდავს ცეცხლი ასეთი ძალით,  რატომ გვხიბლავს ცეცხლის ენების თამაში?  ისე, სანახავად მართლაც ძალზე სახალისოა, თითქოს ცეკვავენო, ისე იკლაკნებიან ცეცხლის ენები, ერთმანეთს ერწყმიან, მერე ისევ შორდებიან, და ასე დაუსრულებლად... არა და არ ბეზრდებათ ეს მართლაცდა ცეცხლოვანი ცეკვა. მერე მათ ცეცხლოვანი მორევები ენაცვლებიან, რაც ასევე მეტად არანაკლებ მიმზიდველი გვეჩვენება ვიფიქრე,  ვიფიქრე  და  ბოლოს ასე  გადავწყვიტე:  ჩვენშიაც ანთია ცეცხლი, და ეს ცეცხლი თავის მეწყვილეს ეძებს.  ალბათ ასეა უეჭველად.
        და რა გასაკვირია, რომ ჩვენი ნაბიჯების ხასიათი შეიცვალა.    კარგად მახსოვს, თავდპირველად თუ რა  გაუბედავად ვადგამდით  ნაბიჯებს,  ახლადფეხადგმული ბავშვები გვაგონდებოდა, როცა ერთმანეთს შევყურებდით. მერე თანდათან გავმართეთ ნაბიჯი, გავუშინაურდით დიდი წვეთის ცვალებად გრავიტაციას, მერე კი იმდენიც გავბედეთ, ციდან მიწამდე  გავჭიმეთ  ნახტომები...  ეს ყოველივე კარგი, უკან მოვიტოვეთ,  და ახლა რა ხდება? რამ შეცვალა ჩვენი ნაბიჯების ხასიათი? რაღაც სხვაა, ჩვენ ცეცხლს ვეთამაშებით, უნებურად ასე გამოგვდის, მივდივართ და მერე უეცრად ნახტომებს ვაკეთებთ . ეს როგორღაც თავსთავად  მოხდა.  ყველას ერთნაირად მოგვეძალა ცეცხლთან გათამაშების სურვილი. მერე კი, რაღაც დროის გასვლის კვალობაზე, ნახტომები მალაყებში გადაიზარდა, ესეც თავისთავად მოხდა.
        შემდეგ კი რა მოხდა?  ცოტა არ იყოს, უცნაური რამ, ცეცხლოვანი მორევის ყველაზე ბობოქარ წერტილებს დავუწყეთ ძებნა, სწორედ მათ თავზე ვგორაობდით, მოგვწონდა , როცა გვეჩვენებოდა, თითქოსმთელ სხეულზე ცეცხლის ენები გვეხვეოდნენ და თავის მხურვალე წიაღში გვითრევდნენ.   
          ასე კარგა ხანს გაგრძელდა,  სულით  და გულით  ვერთობოდით ცეცხლთან თამაშით, ნახტომებით, მალაყებით.    მერე კი კვლავ ცვლილება... რაღაც დროის გასვლის მერე ჩვენი სიარული თუ ნახტომების ხასიათი კვლავ შეიცვალა,  ისინი რაღაცით ცეკვას დაემსგავსნენ,    ანუ თამაში ცეკვად იქცა, ვცეკვავდით ბობოქარი ცეცხლის მკერდზე, უნებურად ასე გამოგვივიდა.  და ეს სულაც არ გვეუცხოვა,  რატომაც არა? ცეცხლის ენები ხომ ცეკვავენ,ისე იკლაკნებიან, თითქოს საცეკვაოდ გიწვევჩვენც  მივყვეთ მათ ცეცხლოვან ნიშნებს,  ვიცეკვოთ, სანამ დაღლილობისგან ცაზე  მთელი სხეულით არ გავერთხმებით.
        ერთი სიტყვით, ერთ რამეში არ მეპარება ეჭვი, ცეკვა  ცეცხლის ენებმა გვასწავლეს.  ნამდვილად ასე იყო, მოინადირებდა ჩვენი წინაპარი რაიმეს, დაანთებდა ცეცხლს, შეწვავდა მწვადებს, მერე კი ცეკვავდა კოცონის ირგვლის, სწორედ ცეცხლის ენების წაბაძვით. თითქოს საკუთარი თვალით გვენახოს, ისე ცხადად დავინახეთ ეს ყოველივე თორმეტმა ყოჩაღმა მოგზაურმა.
        შევადაროთ ერთმანეთს ცეცხლი და ყვავილი. ორივენი მზემ წარმოშვა, ერთი  უმთავრესი განსხვავებით:  ცეცხლი ჟანგბადით სუნთქავს,  ყვავილი  ნახშირმჟავას ჩაისუნთქავს.  მზის ორი ნაშიერი, ერთი ცეცხლის ენებით,  მეორე  ყვავილის ფურცლებით აღჭურვილი.  ერთიცა და მეორეც მიწიერ ჰაერს, ნუ ქარის ქროლვას ეცეკვება.  ჩვენც რაღა დაგვრჩენია,  კვალში უნდა მივყვეთ მათ,  სიცოცხლით მათგან ვართ დავალებული.
          ერთადერთი, ვინც ჩვენს ცეცხლოვან ცეკვაში ვერ მიიღო მონაწილეობა,  ქალწული გახლდათ.  „დიდი წვეთის“  საჭესთან იჯდა,  ვეღარ შემოგვიერთდა  ამ ს მიზეზის გამო,  თუმცა განზე მაინც არ დარჩენილა, ლექსი მიუძღვნა ამ საკრალურ მოვლენას, ცეცხლოვანი მორევის შუაგულში გავლას.  და როგორი ლექსი? ისეთი ლექსი, რომელიც  თავისი შინაგანი ჟღერადობით სულაც არ ეხმიანებოდა  დანარჩენების განწყობას, სწორედ ამიტომაც დიდი ყურადღება არავის მიუქცევია მისთვის, ჩემი ჩათვლით.  თუმცა რამდენიმე სიტყვას  მაინც მოვკარი ყური,  უფრო ზუსტად, ბოლო ფრაზებს. აი ისიც:  „გიახლოვდები, სანატრელო, სულ უფრო და  უფრო გიახლოვდები, თავს ზემოთ უკვე  ბროლის თაღს ვხედავ.  თვალს ვარწყულებ შენი მშვენებით,  შენს დაბორცვილ მკერდზე  ხელებს ვაფათურებ,    სახეს შენი კამკამა წყაროებით ვიგრილებ, და ვლოცავ იმ წამს, როცა სამყაროს უსაზღვროებამ შენს წიაღში გადმომისროლა...  „  -  დაახლოებით  ასეთი გახლდათ  ხოტბა, ქალწულის მიერ მისი მშობლიური ცთომილის მიმართ წარმოთქმული.  მეტად მახლობელი მეჩვენა  ეს სიტყვები, ვფიქრობ,  ის  ცთომილი ძალიან უნდა ჰგავდეს  დედამიწას....   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები