ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
31 ოქტომბერი, 2023


რკალი ზოდიაქო "სასწორი"

                                                           


              ხდება ხოლმე,  (სხვათა შორის, არც ისე იშვიათად,)  მოსამართ თოჯინად გეჩვენება საკუთარი  თავი,  თოჯინასავით აზროვნებ, თოჯინასავით დადიხარ, თოჯინასავით ასრულებ ერთსადაიმავე, მოცვეთილ მოძრაობებს. იმდენად მოცვეთილს, რომ მათთვის თვალის მიდევნებაც კი გულს გირევს. ხელები და ფეხები თითქოს აღარაფერს გეკითხებიან, შენგან დამოუკიდებლად ასრულებენ მათთვის ჩვეულ  გაზეპირებულ მოძრაობებს. აზრები კიდევ  ერთხელ და სამუდამოდ გაკვალულ კალაპოტში მიედინებიან და არც აპირებენ შეჩერებას. ეს ყოველივე  ცხადია, არ მოგწონს, გრძნობ, რაღაც ისე ვერაა საქმე, როგორც ინატრებდი. სურვილი გიჩნდება,  რაიმე შეცვალო,  სხვა ელფერი შესძინო საკუთარ მოძრაობას, თავი დააღწიო მექანიზმის მსგავს მიმოხვრას, მოარღვიო ის კალაპოტი, რომელშიაც შენი აზრებია მომწყვდეული,  მაგრამ უბედურება ისაა, ამის ძალა არ შეგწევს, ვერ ახერხებ,  წინ აღუდგე თოჯინად გარდასახვას,  იგი ნელნელა გითრევს თავის წიაღში, სანამ მთლიანად თავისი მბრძანებლობის ქვეშ არ მოგაქცევს.
      ვერაა მაინცდამაინც საამური განცდა, და  რა სამწუხაროა,  რომ მისგან თავის არიდებას ვერ ახერხებ, ამის შესახებ  ცხადია, ხმაღლა არაფერს იტყვი, არ ამჟღავნებ თოჯინად გარდასახვას, პირიქით,  ცდილობ, არაფერი შეიმჩნიო,  განა რაიმე განსაკუთრებული ხდება? ვითომც აქ არაფერიო,  არაფრისმთქმელი განურჩეველი იერით  ისევ აგრძელებ თოჯინურ არსებობას.  ასე შეიძლება კარგა ხანს გაგრძელდეს,  ერთგვარად შეიძლება შეეჩვიო კიდეც ასეთ თოჯინურ არსებობას, მით უმეტეს, როცა  შენს ირგვლივაც  ამჩნევ შენნაირ თოჯინებს, როგორც ჩანს,  სხვებსაც შეეყრებათ ხოლმე  ეს სენი, თორმეტ ყოჩაღ მოგზაურთაგან ამისგან არავინაა  დაზღვეული. როგორც ჩანს,  „დიდი წვეთი’’  არაერთი  თოჯინური გარდასახვების უტყვი მოწმეა,  კიდევ კარგი, სხვადასხვა დროს,  ყველანი ერთად ხომ არ  ვიქცევით თოჯინებად. 
        მაგრამ ბოლოს დგება დრო, როცა ძალიან გბეზრდება ეს თოჯინური ყოფა.  ვეღარ უძლებ საკუთარი ხელფეხის ზედმეტად გათვლილ  გამოზომილ მოძრაობებს,  ამ მოძრაობათა  უცვლელ ხასიათს და აღარაფრის გაკეთება აღარ გინდა.  თავიც თიქოს წყვეტს რაიმეს მოსაზრების უნარს.  ერთი სიტყვით, იმ მოსამართ თოჯინას ემსგავსები, რომელსაც გასაღები დაეკარგა და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მისი  მომართვა. აი ეს უკვე ძალიან ცუდია, ჯერ თოჯინა თქვი, რა არის,  ახლა კიდევ გასაღებდაკარგული, რისი მაქნისია მოუმართავი  თოჯინა, რა სარგებელია მისგან...  როგორმე უნდა უშველოს საკუთარ თავს, ანუ გასაღები უნდა იპოვოს, სხვა გამოსავალი არ აქვს.
      მერედა, სადაა ეს გასაღები,  რითაც საკუთარი თავის ხელახლა მომართვა იქნება  შესაძლებელი.  დავაზუსტებ, გასაღების შემცვლელი,  კიდევ კარგი, ნამდვილ თოჯინებად  ჯერ არ ვქცეულვართ.  ყველა თავისებურად ეძებს მას თორმეტ ყოჩაღ მოგზაურთაგან. ლომიც მათ რიცხვშია, ისიც ეძებს, და ამ ძებნაში მწვანედ მოშრიალე ბაღს მიადგება.
        ერთი სიტყვით,  თოჯინა აღარ ახანებს, მიაშურებს მიწიერ ბირთვზე განფენილ მწვანიანს.  რა დიდებულია აქაურობა, სანახავად ხომ ლამაზია და მშვენიერი, ახლა ისა თქვი, სულსა და გულს როგორ ესალბუნება.  რა მხნე, რა უღალატო შესახედაობა აქვთ.  შენს გვერდით ვდგავართ, ზურგს არასდროს შეგაქცევთო,  ლამის გაიგონო მათი ხმა, ისე აშკარად განიშნებენ  ამას.  ამავე დროს უმაღლესი წესრიგის  სრული განსახიერებაცაა ყოველი მათგანი,  ყველაფერი  ზუსტად მისთვის მიჩენილ  ადგილზეა, ფესვები მიწას ებღაუჭებიან, მის  წიაღში მიიკვლევენ გზას.  მწვანით შემოსილი ტოტები ზეცისკენ მიილტვიან,  სინათლის  სხივებზე ნადირობენ. მათ ორივეს  ხის შტამბი სერთიანებთ,  ის თითქოს ხიდია ორ სხვადასხვა სამყაროს, მიწიერსა და ზეციერს  შორის. ანუ, თუ სადმე არსებობს უმაღლესი წესრიგი, ის სწორედ აქ, მწვანე სამყაროს წიაღში უნდა იყოს, ვერანაირი ციფრული ნიაღვრები მათ ვერ ჩაანაცვლებენ.
      ეს ყოველივე ჯერ კიდევ მაშინ დაინახა და შეაფასა თოჯინამ (ანუ ლომმა,) როცა სულ პირველად დაადგა ფეხი  აქ. ახლა კი რა ხდება?  თურმე მაშინ რამდენი რამ გამოეპარა მხედველობიდან,  სულ სხვანაირად წარმოუდგა მის თვალს ეს თითქოსდა ნაცნობი სურათი.  ყოველივემ კიდევ რაღაც დამატებითი წონა და ღირბულება შეიძინა, აქ რაღაც იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ის, რასაც აქამდე შეჰყურებდა და თითქოს დიდად აფასებდა,  ამას ცხადად ხედავს გასაღებდაკარგული თოჯინა,  და ეს დიდად საამოა მისთვის,  თოჯინა ტკბება მწვანე  შემოსილი ტოტების ჭვრეტით.    ფილტვებს ავსებს მათი სურნელით და გრძნობს, რომ დაკარგული გასაღების ძებნა სულაც არაა უიმედო საქმე. 
        თუმცა ეს როდია ყველაფერი, მოსამართი თოჯინა აქ მხოლოდ სასეირნოდ და სურნელოვანი ჰაერის  ჩასასუნთქად არ მოსულა,  საქმითაა დაკავებული.  და რა საქმეა ეს?  ალბათ ყველაზე უმარტივესი, რასაც კი ოდესმე ადამიანის ხელი გაკარებია... ანუ, ხისგან ფიგურების გამოთლა...
      ეს სიტყვები (ხისგან ფიგურების გამოთლა)  ალბათ  ცოტა უცნაურად ჟღერს იმ სრულყოფილების ფონზე, რასაც  „დიდი წვეთის“  წიაღი ჰქვია, აქ ხომ ყოველივეს ციფრების ნიაღვრები ძერწავენ და აყალიბებენ.  ჭეშმარიტად, დიდია მათგან მიღებული სარგებელი, მაგრამ  აქ ერთი პატარა წინააღმდეგობა იჩენს თავს:  ციფრები ერთგვარ ბარიერს ქმნიან თავსა და ხელს შორის,  ჩნდება საშიშროება, ხელებმა დაკარგონ ის უმარტივესი მოძრობათა უნარი, რითაც ოდესღაც დაიწყო ყოველივე. ანუ როცა შედგა მეტად თავისებური კავშირი ხელებსა და თავს შორის. ამას როგორმე თავი უნდა დააღწიოს თოჯინამ,  ამისთვის კი ერთი უებარი საშუალება არსებობს,  რაც უკვე ვახსენეთ,  ხისგან უმარტივესი ფიგურები უნდა გამოთალოს. ამიტომაც  თოჯინა, გულს იჯერებს რა სურნელოვანი  ჰაერის  ჩასუნთქვა ამოსუნთქვით,  სწორედ ამ საქმის აღსასრულებლად მიეშურება.  მიარღვევს მწვანიანს, მიდიმოდის,  ისე ჩანს, თითქოს რაღაცას ეძებსო...
        მივყვეთ კვალში, ივლის, ივლის, ერთერთ  ღონიერ,  ტოტებგაბარჯღულ ხესთან შეჩერდება.  ტოტებს  მისწიმოსწევს, გაფაციცებით ათვალიერებს მწვანე ტოტების წიაღს,  აჰა, იპოვა, მომცრო დანას ეძებდა თურმე, ხისტარიანს.  რომელიც ერთერთი ტოტიზე  ჰკიდია მოქნილი თასმით.  თოჯინა იღებს დანას, ხელისგულზე იდებს, ცოტა ხნით ღიმილით დასცქერის,  ტკბება ამ ნაკეთობის გულუბრყვილობთ.  მერე კი მოიმარჯვებს და საქმეს შეუდგება.  ანუ იწყებს ხისგან ფიგურის გამოთლას,  ძალზე ბეჯითად შრომობს თოჯინა და სულაც არ ადარდებს,  თუ ცოტა უცნაურად გამოიყურება  ისეთი სრულყოფილების ფონზე, როგორიც  „დიდი წვეთია.’’  მან იცის ერთი უცვლელი ჭრშმარიტება, თავი და ხელი არ უნდა გაუცხოვდნენ ერთმანეთისგან,  არ უნდა გაწყდეს ის ძაფი, რომელიც ოდესღაც გაიბა მათ შორის, საამისოდ კი სწორედ ასეთი მარტივი საქმიანობაა  საჭირო.  ასე რომ,  აღასრულებს რა ამ დიდად სასარგებლო, და თანაც საამო საქმეს, ანახლებს ცოცხალ კავშირს თავსა და ხელს შორის.  ამასთან ერთად კი, რაც მთავარია, თავს აღწევს მისთვის მეტად არასასიამოვნო თოჯინურ ყოფას.  რა კარგად შეუთავსა ერთმანეთს ეს ორი რამ, თოჯინა კმაყოფილია, პირზე ღიმილი არ შორდება,  როცა ამ საქმეს ეწევა, მიუხედავად იმისა, რომ მას იოლს ვერ დაარქმევ. ჭეშმარიტად, ხისგან რაიმე ფიგურის გამოთლა სულაც არაა ადვილი, თოჯინა ამას კარგა ხანია მიხვდა.  ხის ძირას პატარა ფიგურები მოყუჟულან, რომლებიც სხვა დროს გამოთალა, ზოგი რას გამოსახავს და ზოგი რას.  ახლაც რაღაცის გამოთლას ცდილობს, თუმცა რის, ჯერ გაურკვეველია, ხის მერქანი ჯიუტობს, ჭირვეულია და უკარება, ადვილად  არ ემორჩილება ოსტატის  ხელებს, რომელიც მისთვის რაიმე მოყვანილობის მიცემას ცდილობს.  ჭეშმარიტად,  არაა ადვილი საქმე, მაგრამ თოჯინას აზრადაც არ მოსდის,  უკან დაიხიოს.  მან უნდა შეძლოს, მისთვის სასურველი ფორმა მიანიჭოს ამ ხის ნაპობს. 
        მოულოდნელად ვიღაცის ნაბიჯების ხმა გაისმა.  ხმა მოახლოვდა, მერე მწვანე ტოტებიც გადაიწია და მშვილდოსანი გამოჩნდა.  თოჯინამ  მიაბრუნა თავი,  შეხედა  მშვილდოსანს? არა, მის მკერდზე მიხატულ ნიშანს, დაჭიმულ მშვილდის ლამბზე დადებულ ისარს... შეხედა და ვეღარც მოაშორა თვალი, დანაც ხელში შეაცივდა.  სხვა დროსაც ხშირად შეხვედრია მშვილდოსანს,  ყველაზე დაუდგრომელს და ენერგიულს ყოჩაღ მოგზაურთა შორის, მაგრამ ახლა რაღაცამ განსაკუთრებით მიიქცია მისი ყურადღება.
      მშვილდოსანმა ერთი გეზად შეათვალიერა მუშაობაში გართული ლომი,  ვნადირობდი და აგერ ლომიც შემხვდაო,  ხუმრობით ჩაილაპარაკა  და თავის გზას ეწია,  კვლავ მწვანე ხეების მიღმა მიიმალა.
      -აბა შენ იცი, არ ააცდინო, -  თოჯინამ საპასუხო სიტყვა დაადევნა, უნდა ითქვას, ცოტა მოგვიანებით. მშვილდოსანს შეიძლება აღარც კი გაეგონა იგი,  ძალიან ღრმად ჩაფიქრდა რაღაცაზე.
      თოჯინა ერთხანს კიდევ იდგა გაშეშებულივით, როგორც იქნა, მოეგო გონს, ნახევრად გამოთლილი ფიგურა მოისროლა, ხის ახალი ნაპობი დაითრია, სულ სხვა ფიგურის გამოთლას შეუდგა...  და რომლის?  არც მეტი, არც ნაკლები, მშვილდისრის.  დიახ, სწორედ  ამ უმარტივესი, ძველთაძველი იარაღის  გამოთლა მოუვიდა აზრად თოჯინას  მშვილდოსნის და მის მკერდზე მიხატული  ნიშნის დანახვისას, მართლაც დაბარებულივით გამოეცხადა. სწორედ მშვილდოსანი დახატა მაში, როცა გზის დასაწყისის გამოსახვას ცდილობდა, ახლაც მშვილდოსანმა ჩააგონა ეს  აზრი, მაგნიტივით მიიზიდა მის მკერდზე გამოსახულმა ნიშანმა.
      აქ უკვე ძალიან გაწვალდა თოჯინა,  ხისგან მშვილდის გამოთლა ბევრად უფრო ძნელი გამოდგა,    თოჯინა ამას  მაშინვე  მიხვდა, ბევრად უფრო ადვილი იყო იმ ფიგურების გამოთლა, რომლებითაც აქამდე იქცევდა თავს... ისინ ახლა სწორედ ამ ხის ძირას არიან მყუჟულები... ზოგი რას გამოსახავს და ზოგი რას...ჩიტუნია, ყვავილი და ა. შ.  რატომ შეება ბევრად უფრო ძნელ საქმეს? მიზეზი მარტივია,  თოჯინამ რაღაც გამორჩეულის, რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება მოინდომა,  ანუ ისეთი რამის რაც სხვას არავის მოუვა თავში. უნდა ვაღიაროთ, ვერ არის თავისი თავის დიდად კმაყოფილი, რაიმე მიღწევით ვერ დაიკვეხნის, იმის შემდეგ, რაც „დიდი წვეთის’’ წიაღში ჩაყვინთა. ვერ გაიმარჯვა იმ კონკურსში, გზის დასაწყისში რომ ჩაება... გაიმარჯვა თხის რქამ.  ვერ გაეჯიბრა ვერძს ნახტომში,  კიდევ კარგი, იღბლიანად გადარჩა  იმ ფათერაკს.  ვერც ლომად იგრძნო თავი, წილად არ ხვდა მესაჭეობა ლომის თანავარსკვლავედში...  და ახლა  იმდენი მაინც შეძლოს, ხელშესახები სახე მისცეს იმ ძველ ჩანაფიქრს:  ნახატის  ნამდვილ მშვილდისრად  გარდაქმნას. 
        ...და მოსამართი თიოჯინაც ებრძვის, მართლაც რომ ებრძვის ამ უკარება საქმეს, სხვანაირად ვერ იტყვი. პირზე  ღიმილი კარგა ხანია გაუქრა, გაღიმების თავი ნამდვილად არ აქვს. ხელები მთლად დაისისხლიანა, დანა იმდენჯერ დაირტყა შემთხვევით. ფრჩხილებიც დაიმტვრია,  სიმწრისგან  ლამის ცრემლები სდის,  ცალკე თავისი უგერგილობა აბრაზებს, მაგრამ  შეჩერება აზრადაც არ მოსდის. უნდა შეძლოს შეუძლებელი,  ხისგან  მშვილდი უნდა გამოთალოს,  მერე  ცხადია, ისარიც,  უამისოდ როგორ იქნება.
        წამით შეჩერდება,  შუბლიდან ოფლს იწმენდს,  მართლაც მეტისმეტად მომქანცველი საქმეა,  სხეულიც სულ მთლად დაუბუჟდა,  დაღლილობისგან ფეხზე ძლივსღა იდგა.  მის ადგილას ალბათ სხვა  უკვე კარგა ხანია შორს მოისვრიდა ყველაფერს, თავს გაანებებდა ამ უმადურ და ერთი შეხედვით, უშედეგო შრომას,    თოჯინა კი ამის უფლებას თავის თავს არ აძლევს. სრულ არარაობად  ჩათვლის საკუთარ თავს, თუ ამ საქმესაც თავი ვერ გაართვა, ანუ ნივთიერი სახე ვეღარ მისცა მის თავდაპირველ ჩანაფიქრს, ამიტომ საკუთარ ხელებს არ ზოგავს,  თლის ხეს, მისი ნაფოტები ახლომალო ცვივა..
          მხოლოდ მაშინ მოეშვა ამ საქმეს, როცა თვალებშიაც  ფერადი რგოლები დუტრიალდნენ.  მეტი ნამდვილად აღარ შემიძლიაო,  თქვა,  ნახევრად გამოთლილი მშვილდი ხის შტამბს მიანდო, დანაც იქვე ჩამოკიდა ხ ხის ტოტზე მოქნილი თასმით.  ერთი კარგად უნდა დავისვენო და მერე გესტუმრებითო , მათ ასე შეჰპირდა. 
      ასედაც მოხდა, მართლაც არაერთხელ მიაკითხა თავის  ნამუშაკარს, კვლავ გააგრძელა ეს უმადური საქმე  (გუნებაში ასე უწოდებდა ყოველთვის)  მანამდე,  სანამ ბოლოს არ მიაღწია საწადელს, მშვენიერი ნამდვილი მშვილდი გამოთალა ხისგან,  ლამბიც გააბა.. .ის თოკის ნაწყვეტი გამოიყენა, რითაც დანა ეკიდა ხის ტოტზე.  ისარიც გვერდით დაუდო,  ამის მერე კი შვებით ამოისუნთქა, თოჯინამ იპოვა დაკარგული გასაღები საკუთარი თავისთვის, ანუ აღსდგა დაკარგული კავშირი თავსა და ხელს შორის, და სწორედ ამ ძველთუძველესი საომარი იარაღის(?)  გამოთლის წყალობით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები