| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 15 ნოემბერი, 2023 |
„დიდი წვეთის“ მესაჭე ვარ, ღრიანკალის თანავარსკვლავედში მოაწია ჩემმა რიგმა. მახსოვს, რა გულნაკლული ვიყავი, ჩემს სასურველ სივრცეს რომ ავცდი, ღრიანკალმა შემცვალა. საოცარია, რაღა მაინცდამაინც ღრიანკალს გადავეჯაჭვე? ეს შეკითხვა როგორღაც მოულოდნელად ამოტივტივდა და ისევ გაქრა. მაშინ რა ვიცოდი, თურმე რა ხშირად შემახსენებდა თავს. თითქოს ბროლის კრისტალში ამოვყავი თავი, ასე მომეჩვენა, და ეს კრისტალი რაღაც უჩვეულოდ ტივტივებს სივრცეში. . . არაფერს ვაჭარბებ, ზუსტად ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. პულტი ბირთვის წიაღშია, ანუ ბირთვის ბირთვია, მისი გულისგული, იქ კი სივრცული განზომილებები სრულიად განსაკუთრებულ ქსოვილს ქმნიან, და შენც იმ ქსოვილის ორგანული ნაწილი ხდები, როგორც კი ამ დიდებული ხომალდის საჭეს მიუჯდები. მართლაც ენით აუწერელი განცდაა... მესაჭეს ხედვის ფართო არეალი სჭირდება? ინებეთ, მთელი სამყარო ხელისგულზე გაქვს, რაღაც განსაკუთრებული ბუნების სხივები გემსახურებიან, ყველგან აღწევენ, მათთვის არ არსებობს რაიმე შეუვალი ბარიერი. ციფრები და ციფერბლატები მრავალჯერად წრეებს კრავენ შენს ირგვლივ, სამყაროს კარიბჭეებიც ფართოდ ისხნება. გნებავს, უსასრულო კოსმოსურ სურათს დაათვალიერებ, ოქროსფერი ვარსკვლავებით დაწინწკლულს. . . იგი მორჩილად შემოტრიალდება სხვადასხვა სიბრტყეში, ჟამიდანჟამს რომელიმე ყოვლად უცნაური ფორმის შორეული ობიექტი ამოტივტივდება, ფართოდ გაშლის მანათობელ საცეცებს.. . და რაა საჭირო ამ საოცარი სურათების სახილველად? სულ უბრალო რამ, საკუთარი ხელის თითებით მანიპულირება. არ შეიძლება ამან კიდევ ერთხელ არ დაგაფიქროს ამ ციფრზე, ხელის თითებზე ვამბობ. ისინი ათნი არიან, მათ ადამიანს თვლა ასწავლეს(!) ციფრები, ციფრები, მათ ვერსად გაექცევი.... სამყაროს რა სურათიც არ უნდა დახატოს პულტის ყოვლისმხილველმა სხივებმა, ბოლოს ყოველივე ციფრების ენაზე ითარგმნება, ისინი შეუცვლელი შუამავლები არიან ჩვენსა და სამყაროს საიდუმლოებათა შორის. ამ დროს კი ვინ იცის, რამდენ ხანს ეჩვენებოდათ ციფრი ათიანი (საკუთარი თითების რაოდენობა) სრულიად გადაულახავ, ხელშეუხებ ჯებირად. მართლაც უცნაურია, ყოველ შემთხვევაში, ამ გადასახედიდან, სადაც ახლა იმყოფები, ეს სრულიად წარმოუდგენელი ჩანს. რაზე ფიქრობდნენ, როგორ არსებობდნენ ამ უსაზღვროდ დახშულ, ათციფრიან საზღვრებში ჩაკეტილები, ის ვიღაცეები, თითქოსდა ჩვენი შორეული წინაპრები. შეიძლებოდა კი ისინი ჩვენი, მზის მადევრების წინაპრები ყოფილიყვნენ? ახლა უკვე ესეც საეჭვოდ გეჩვენება. ბროლის კრისტალი „დიდი წვეთის“ შიდა სამყაროსაც აირეკლავს, შეგიძლია ადგილიდან დაუძვრელად ამოჰყო თავი ყველგან, სადაც კი მოისურვებ, მწვანე მცენარეებს შორის თუ რომელიმე ნაგებობის შიგნით, რომელიც ბირთვის ზედაპირზეა აღმართული. ესტუმრო ისეთ ადგილებს, სადაც ჯერ კიდევ არ შეგიდგამს ფეხი. სულაც არაა გამორიცხული, შენთვის უცნობი კუთხეკუნჭულებიც არსებობდნენ, „დიდი წვეთი’’ ხომ, არაერთხელ მითქვამს, ამოუწურავი ოკეანეა. ერთი სიტყვით, სრული მეუფება გაქვს „დიდი წვეთის“ გამჭვირვალე გარსის მიღმა თუ მის შიგნით. ყველაფერი შენს ირგვლივ განფენილა, მხოლოდ შენა ხარ ერთადერთი მყარი, უძრავი წერტილი, ყოველივე დანარჩენი კი, შორეული მანათობელი სამყაროები თუ თერთმეტი ყოჩაღი მოგზაური, მხოლოდ და მხოლოს დანამატებია, რომლებიც სხვადასხვა ორბიტებზე ბრუნავენ შენს ირგვლივ. მთლიანად შენს ნებაზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებენ თავიანთ თავდაპირველ მდგომარეობას ხსენებულ ორბიტებზე, დაგშორდებიან თუ რამდენადმე დაგიახლოვდებიან. მართლაც მეტად მომხიბლავი რამაა, თავი ლამის საყაროს ცენტრად გესახება. აკი შევახსენე კიდეც ჩემს თავს, თანაც არაერთხელ; „მგონი ეღირსა, გაეხვია ლომი თავის ტყავში.’’ თერთმეტი ყოჩაღი მოგზაურის ყურებაც ძალიან მართობს, მიმოდიან, იცვლიან მდგომარეობას, ხან მშორდებიან, ხან მიახლოვდებიან ჩემი ნებისამებრ; ვხედავ მათ დაბნეულ სიფათებს, ახლოს, სულ ახლოს, თვალებში მიყურებენ და ვერ მხედავენ, ვერაფრით ვერ დამინახავენ, როგორც არ უნდა მომიახლოვდნენ. ეს ჯერ ცოტათი მეხამუშებოდა , მოგვიანებით კი ძალიან სახალისო მომეჩვენა. ამ სახალისო განცდას ბევრი რამ მოჰყვა, მხედველობაში ის გარემოება მაქვს, მე თვითონ უხილავი რომ ვიყავი მათთვის, ისინი კი ხელისგულზე მყავდნენ. რატომღაც ძალიან იზიდავდნენ ჩემს თვალს და ყურადღებას. იმაზე ფიქრით თავი არ გამიცხელებია, ასეთი განცდა რამ წარმოშვა ჩემში, რა მიზიდავდა ასე ძალიან,უბრალოდ ვტკბებოდი ჩემი უპირატესი მდგომარეობით, ბროლის კრისტალის წიაღით, მისი სასწაულებრივი ხილვებით, მზის მადევრების დაბნეული სახეებით... თუმცა, მოგვიანებით შევეშვი ამ გართობას, მან ყოველგვარი მიმზიდველობა დაკარგა ჩემს თვალში. საქმე იმაშია, რომ მეტისმეტად მკაფიოდ, ვიტყოდი, გადაჭარბებული სიცხადით ვხედავდი ჩემს თანამგზავრებს, ბროლის კრისტალის ყველგანშემღწევმა სხივებმა ისინი რაღაც განსაკუთრებულად ფართო კუთხით აღწერა და წარმოაჩინა. ანუ მე ვხედავდი მათ არამარტო გარედან, შიგნიდანაც. თანაც ისე, რომ მათი იერსახე და მოყვანილობა ოდნავადაც არ იცვლებოდა, არ ირღვეოდა მათი დამახასიათებელი კონტურები. წარმოიდგინეთ, რომ ხედავთ ადამიანის რენტგენულ სურათს და თვითონ მასაც თავისი უცვლელი და მთლიანი გარეგნობით. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ტანზე რა აცვია, ამ საოცარი სხივებისთვის არანაირი ოპტიკური დაბრკოლება არ არსებობს. ჰოდა, იცით რა გამახსენა ამ მეტისმეტად დაწვრილმანებულმა, რაღაცით თვით რეალობაზე აღმატებულმა გამოსახულებებმა? მწერები გამახსენდნენ. . . უფრო სწორად რომელიღაცა გამჭვირვალე მწერი. ხედავ მთლიანობაში, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, ცხადად ჩანს მისი შინაგანი ორგანოები. დიახ, ასეა! შინაგანი და გარეგანი ორგანოების ერთობლივად გამომზეურებამ ისინი (მზის მადევრები) მწერებს დაამსგავსა. ვერ გეტყვით რომ დიდად საამური განცდა იყო ეს ჩემთვის. აბა ვის სიამოვნებს მწერების თვალთვალი და ცქერა? მეც აღარ ვუყურებდი ჩემს თერთმეტ თანამგზავრს. პირიქით, ყოველნაირად ვარიდებდი მათ თვალს, როცა შემთხვევით შემოჭრებოდნენ ყოვლისმხილველი სხივებით აღჭურვილი ბროლის კრისტალის არეალში. არადა, ძალაუნებურად უნდა მეცქირა მათთვის, მე ხომ პულტთან ვიჯექი, ამდენად, ყოველივე ჩემს თვალსაწიერზე იყო დალაგებული, მიწიერი ბირთვი, ციური ბილიკები და მწერები, ყველგან მოფუთფუთე მწერები... ყოველთვის ვერ ვასწრებდი მათთვის თვალის არიდებას, მაინც მეჩხირებოდნენ თვალში, მინდოდა თუ არ მინდოდა. ყოველივე ამან იმ დროში გადამიყვანა, როცა თხის რქას ვულოცავდით კონკურსში გამარჯვებას. თანაც რა მხურვალედ... და როგორ მიიღო მან ჩვენი მილოცვა? თითქოს არც არაფერი გაუგონიაო, მადლობის თქმაც კი ვერ მოახერხა. რა შეცბუნებული იყო, რა უცხო თვალით გვიყურებდა, თითქოს პირველად გვხედავსო. ახლა უკვე ვიცი ამის ნამდვილი მიზეზი, ის ხომ ჩვენ ყველას იმ სახით გვხედავდა, როგორც მე ვხედავ ახლა დანარჩენებს, თვითონ თხის რქის ჩათვლით. არა, ნამდვილად სჯობია, აღარ ვუყურო ამ საძაგელ არსებებს, როგორმე უნდა შევძლო, უნდა ავარიდო მათ თვალი. თუმცა ერთერთმა „მწერმა“ მაინც მიიქცია ჩემი ყურადღება; იმდენად დაძაბული იერი ჰქონდა, დამაინტერესა, ნეტავი რა სჭირს - მეთქი. „ღრიანკალი“ აღმოჩნდა. მკერდზეც „ღრიანკალის“ ნიშანი ეხატა. აჰა, თურმე მართლა მწერი დამინახავს, თანაც შხამიანი. ღრიანკალი, მოგეხსენებათ, შხამიანი მწერია. მეტისმეტად ფრთხილად მიაბიჯებდა ღრიანკალი, ანუ მწერივით მიღოღავდა. . . ბროლის კრისტალიდან იგი ზუსტად ასე აღიქმებოდა. სახე ერთიანად დამანჭოდა მეტისმეტი დაძაბულობისაგან. და იცით რატომ? თურმე მოხეტიალე ნისლეულის წიაღში იმყოფებოდა, იმ უფსკრულებს შორის დაღოღავდა, რომელთაც ნისლეული ქმნის გამჭვირვალე გარსთან შეხებისას. როგორც წესი, იმ უფსკრულთა ნაპირებს ვერ ხედავს ის მოგზაური, ვინც ვარდისფერი ნისლეულის წიაღში იმყოფება მართლაც შავ დღეში იყო, მე კი ერთი გულიანად გადავიხარხარე, ისე სასაცილო მომეჩვენა მისი გასაჭირი. მე თვითონ ხელისგულივით ვხედავდი იმ უხილავი უფსკრულების ნაპირებს, რომელიც სრულიად უხილავი იყო მისთვის. „შხამიანი მწერი“ უფსკრულებს შორის დაღოღავს - ვამბობ ჩემთვის გულში. (ბროლის კრისტალიდან ნამდვილად ასე მოჩანს). დიახ, ეს ყოველივე ახლა სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ მე თვითონ რა დღეში ვიყავი მაშინ, როცა ვარდისფერ ნისლში მომიწია ჩაყვინთვა, ჩვენ ხომ, მე და ღრიანკალმა, ადგილები გავცვალეთ. ის საჭესთან იჯდა სწორედ მაშინ, როცა მე, ლომი, უხილავ უფსკრულებს შორის ვიკვლევდი დზას. უცნაურია, რაღა მაინცდამაინც ღრიანკალს გადავეჯაჭვე? სწორედ მას უნდა ეყურებინა, თუ როგორ დავბორძიკობდი ვარდისფერი ნისლის წიაღში, ახლა კი მე თვითონ დავყურებ მას იმ მზაკვარი უფსკრულების პირისპირ. გეგონება ბრმა იყოს შხამიანი მწერი. ნელა, უგერგილოდ ინაცვლებს ადგილს, არც კი იცის, სად მიღოღავს. აი, ამიტომაც ჰქონდა ღრიანკალს ისეთი დაძაბული სახე. მე კი სასაცილოდ მომეჩვენა მისი სიფრთხილე, რადგან ხსენებულ უფსკრულებს ძალიან მკაფიოდ ვხედავდი. „ღრიანკალი“ ნამდვილ ბრმა მწერს ჰგავდა, შეშინებული რომ მიაბიჯებს მისთვის უცნობ ადგილებში. ხანდახან შეჩერდება, თვალებს უფრო ფართოდ დააჭყეტს, მერე ძლივს გაბედავს ორიოდე მოუხერხებელი ნაბიჯის გადადგმას. მისი შიში გასაგებია: საკმარისია უფსკრულში ჩავარდნა, რომ გრავიტაციული ველის მხები ძალა ტყვიასავით გასტყორცნის სიცარიელეში. მერე კი არავინ იცის, რომელ დროსა და სივრცეში ამოჰყოფს თავს. ამის შესახებ ძალიან კარგად იცის ღრიანკალმა, ისე როგორც მეც ვიცოდი მის ადგილას მყოფობისას. მაგრამ მე მაინც ემცინება, რადგან აქედან ძალიან სასაცილო ჩანს მისი უგერგილო ბორძიკი. ამას მიუმატეთ ბუშტის მსგავსი გაბერილი სამოსი, სკაფანდრი, რომელშიც ღრიანკალი თავიდან ფეხებამდე გახვეულა; რამდენადაც მოხეტიალე ნისლი გაუხშოებულ სივრცეს ქმნის თავის წიაღში, მასში საგანგებო სამოსით შედიან. ერთი სიტყვით, ღრიანკალი მართლაც ძალიან სასაცილოა, და მეც, მისმა შემყურემ, ბევრი ვიცინე. თან გუნებაში ვფიქრობდი, ალბათ ღრიანკალის ასევე იცინოდა, როცა ჩემს უგერგილო ბორძიკს ხედავდა, ბროლის კრისტალის წიაღიდან. მე უკვე ავიარე ეს გზა, მეც ხომ ბრმას ვგავდი მაშინ. ისეთივე ნისლივით გაბერილი სკაფანდრი მეცვა და ღრიანკალიც ზუსტად ასე ერთობოდა ჩემი ყურებით. მახსოვს, თავი ძლივს შევიკავე ერთხელ, კინაღამ გავხსლტი იმ უფსკრულში, მის გამჭვირვალე, უხილავ ნაპირებს ისეთივე გამწარებით მოვეჭიდე, როგორც ახლა ღრიანკალი ეჭიდება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, თუ რისთვის იყო საჭირო აღნიშნული უფსკრულები, ეს გახლავთ რეალური, ნამდვილად მომაკვდინებელი საშიშროება, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. იგი აუცილებელია ჩვენი ყურადღების ასალესად, ეს ყველამ კარგად ვიცით, ღრიანკალის ჩათვლით. ცხადია ღრიანკალმა ისიც შესანიშნავად იცის (ისე როგორც ჩვენ ყველა დანარჩენმა მოგზაურთაგან), თუ ყურადღებით იქნები, თვალებს ძალას დაატან, ნაბიჯსაც რაც შეიძლება ფრთხილად გადადგამ, და რაც მთავარია, მოუხმობ ყველა ჩვენგანში მთვლემარე ალღოს, შეძლებ საფრთხეს თავს დააღწიო. მაგრამ თუ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ვთქვათ „დიდი წვეთი“ ოდნავ, სულ ოდნავ თუ დამუხრუჭდა, მაშინ ვეღარაფერი იხსნის იმ ადამიანს, რომელიც იმ წუთებში უფსკრულის ნაპირებთან ბორძიკობს. თუმცა ვინ იცის, თუ სიმარჯვე გამოიჩინა, შეიძლება გადარჩეს. . . თვალი წითელი სახელურისკენ გამექცა... მის შესახებ ჯერ ერთი სიტყვაც არ მითქვამს, არაფერში დამჭირვებია და ვფიქრობდი, არც დადგებოდა ამისი დრო. წითელი სახელური „დიდი წვეთის“ პულტის სამკაულია, ანუ ხელიხელსაგოგმანებელი სათამაშო. ამას ხუმრობით სულაც არ ვამბობ, იგი „დიდი წვეთის“ საიმედოობის ერთერთი შემადგენელი, სრულიად განსაკუთრებული ნაწილია, მისი, ასე ვთქვათ, საყოველშემთხვეო დამატებაა. ვთქვათ მოხდა რაიმე გაუთვალსწინებელი... ისეთი შემთხვევა იგულისხმება, როცა მესაჭეს მოუწევს მყისიერად ჩაერიოს ხომალდის სვლაში, ეს ძველისძველი საშუალება ასეთ დროს შეუცვლელია, მიუხედავად ამ დიდებული ხომალდის სასწაულებრივი ტექნიკისა. თუ როგორ და რა პირობებში უნდა ჩაერიოს ხომალდის სვლაში, ამას უკვე მესაჭე წყვეტს, ანუ ის, ვინც პულტთან ზის. საკმარისია ამ სამკაულის სულ ოდნავ გადანაცვლება, რომ მყისიერად შეიცვალოს „დიდი წვეთის“ სიჩქარე, რის შედეგადაც იგი საფუძვლიანად შეინჯღრევა. მაშინ კი შეიძლება რამე მოხდეს, ანუ ღრიანკალი გასხლტეს იმ ნაპრალში, რომლის ნაპირთანაც ასე უგერგილოდ ბორძიკობს...რა კარგად მესმის მისი, მე ხომ ეს ყოველივე საკუთარ თავზე გასხლტება და დროსივრცის ნამდვილ რებუსში აღმოჩნდება. უშველის თავს? თუ დაიკარგება, არავინ იცის, ამისთქმა წინასწარ შეუძლებელია, სივრცეები ელვის სისწრაფით ცვლიან ერთმანეთს, შეუძლებელია თვალი მიადევნო ისეთ მღილს, როგორიც ღრიანკალია... მართლაც მღილია, ყოველ შემთხვევაში , ძალიან გავს ახლა, ამ წუთას, მთელი სხეულით მობღუნძულა და ფეხის გადადგმას ვინ ჩივის, საერთოდ ვერ იძვრის ადგილიდან. მაღიზიანებს მისი დანხვა... უგერგილო მოთამაშეს ჰგავს, რომელსაც ვერა და ვერ გადაუწყვეტია სვლის გაკეთება. ჰეი, გადადგი ფეხი, გესმის? ფეხი გადაგი - მეთქი, დაიძარი ადგილიდან.. არც კი გამიგია, ეს როგორ მოხდა, ხელი სწორედ იმ სახელურისკენ გამექცა, რომლითაც „დიდი წვეთის“ სვლაში შევძლებდი ჩარევას, დავძარი კიდეც ადგილიდან... და თვალები დავხუჭე, არ მინდოდა იმის დანახვა, ეს უგერგილო მოთამაშე როგორ გავიდოდა თამაშიდან, ანუ როგორ გასხლტებოდა იმ უფსკრულიდან, რომლის ნაპირებთანაც ბორძიკობდა. თავის თავს დააბრალოს, თამაში თამაშია. ასე ათიოდე წამი ვიყავი თვალდახუჭული, მიუხედავად ამისა, საოცარი სიცხადით ვხედავდი ღრიანკალს, თან გულში ვემუსაიფებოდი; გავახილე თვალები და და რას ვხედავ: მღილი ისევ დაბორძიკობს ეკრანზე, იმ ნაპრალს მშვიდობით გადარჩენილა. ძალიან გაკვირვებული დავრჩი. კი მაგრამ, როგორ, რანაირად, ვკითხე აკუთარ თავს, უნდა გამსხლტარიყო იმ ნაპრალში წესით, ამისთვის სულ ოდნავი ბიძგი იქნებოდა საკმარისი. შევყურებ ღრიანკალს, ვგრძნობ, რომ ეს თამაში მითრევს, მართლაც რა იქნება რომ. ერთხელ კიდევ გავეთამაშო მას. . . რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველივეს თამაშის სახე აქვს „დიდი წვეთის“ წიაღში, ასეთია მისი ბუნება. ჩვენ ამის გამო ის ძალიან მოგვწონს, თამაში თამაშია, ხანდახან რისკზე წასვლაც საჭიროა. მე დაგეხმარები, თუ ამის თვის გამბედაიობა არ გყოფნის... ...კვლავ ვუბიძგე იმ სახელურს, რომელიც მყისიერად დაამუხრუჭებდა “დიდი წვეთის“ სვლას, თან თვალებით ვჭამდი ღრიანკალს, რომელიც იმ წამს მართლაც ძალზე სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა უხილავი უფსკრულის პირას. ახლა რაღა მოხდება? , გაფრინდება სამყაროს შავ უფსკრულში, თუ შეძლებს თავის შემაგრებას? მას ხომ მართლაც მეტად სარისკო ნაბიჯის გადაგმა უწევს ამ წუთას... მგონი ჯერ ასე ძალიან არც კი მიახლოებია უფსკრულს, არაფერიც არ მომხდარა. „ღრიანკალმა“ ამჯერადაც მშვიდობიანად აუარა გვერდი ამ უფსკრულსაც, ოდნავადაც არ შეფერხებულა. და ეს იმიტომ, რომ „დიდი წვეთი“ ოდნავადაც არ შენჯღრეულა. უწინარეს ყოვლის, მე თვითონ ვიგრძნობდი, რაიმე მსგავსი რომ მომხდარიყო. აჯობებს, თვალი მოვარიდო ამ უგერგილო მოთამაშეს, მისგან საინტერესოს ვერაფერს ეღირსები. ვერასოდეს გაბედავს გადადგას რაიმე შესამჩნევი, მეტყველი ნაბიჯი, დავმოძღვრე საკუთარი თავი და მოვწყდი ღრიანკალს, სხვა მხარეს მივმართე მზერა, მიმოვიხილე გამჭვირვალე გარსის მიღმიერი თუ ახლობელი სამყაროები... და თავი მაშინვე უკეთესად ვიგრძენი. მე ხომ „დიდ წვეთს“ ვმართავ, ამ საოცარ ხომალდს, მისი წარმმართველი ძალა ვარ, მოწინავე ვარ თორმეტ ყოჩაღ მოგზაურთაგან. რა შეიძლება იყოს ამაზე აღმატებული. მოწინავეობა ხომ საერთოდ ყველგან და ყოველთვის ერთნაირად მიმზიდველია, ყველა შენ შემოგყურებს, ფეხდაფეხ მგყვებიან, შენს მიღმა ნაბიჯსაც ვერ გადადგამენ. ეს მეტად მომნუსხველი განცდაა, და ის აუცილებლად მოგაკითხავს, თუ სადმე მოწინავეობა გერგო. რაღა იქნება მაშინ, როცა „დიდი წვეთის“ პულტთან ზიხარ... ცოტაა იმის თქმა, რომ აქ ლომი საკუთარ ტყავში გრძნობს თავს, არა, აქ რაღაც ბევრად უფრო მეტია.... უფრო სწორად, განუზომლად მეტია. ეს უკვე ზეაღმატებული მდგომარეობაა, და როცა იგი საკმაოდ დიდხანს გრძელდება (თითო მიწიერი თვე არც ისე ცოტა დროა), უკვე ბევრ რამეს ცვლის შენში და შენს მიღმა. ეს როგორღაც თავისთავად, შენთვისვე შეუმჩნევლად ხდება. ასე რომ, ერთგვარად გაჯადოებს ბროლის კრისტალი , რომლის წიაღშიც ტივტივებ, მე, თვით სრულყოფილება, გემსახურები შენ. ლამის გაიგონო, ისე მეტყველად განიშნებს ამის შესახებ, ამის გააზრებას ვერც კი ასწრებ, შემდეგი ფრაზაც მოყვება. „და რატომ გემსახურები? იმიტომ რომ შენ თვითონაც სრულყოფილება ხარ.’’ ძალზე საამოა ასეთი სიტყვების მოსმენა ნამდვილად, თუნდაც ძალზე მკაფიოდ არ გესმოდეს ისინი, სასურველ ეფექტს ყოველთვის ახდენენ, ყველაფრის მიუხედავად. აქედან კი ერთი ნაბიჯია იქამდე, რომ თავი მართლაც სამყარს საკრალურ ნაწილად, მის გულისგულად აღიქვა. დიდმა წვეთმა დამაჯილდოვა ამ მეტად საამური განუმეორებელი განცდით. და ბოლოს კი დგება ჟამი, როცა უკვე მთელი სამყაროს გათავისებას იწყებ საკუთარ თავში, როცა წაიშლება ზღვარი შენსა და რეალობას შორის, სადა ვარ მე? სად არის „დიდი წვეთი,“ ვარსკვლავთა ჩირაღდნები სადღა არიან? - ეკითხები საკუთარ თავს და პასუხსაც შენვე გასცემ, არსად არაფერია, არც „დიდი წვეთი“, არც ვარსკვლავთა ჩირაღდნები, არც ის ლომის ტყავი, რომელშიაც გახვევას ამაოდ ცდილობდი მთელი ამდენი ხნის მანძილზე. ეს ყოველივე შენშია, თვით შენ ხარ „დიდი წვეთიც“ და სამყაროც, ერთად აღებული. შენს მიღმა არსად არაფერია და არც შეიძლება არსებობდს. ეს კი მართლაც ძალზე დამათრობელი განცდაა, თანაც, რაც დრო გადის, ეს განცდაც მით უფრო ძლიერდება, იმ ზომამდე, რომ ლამის წაგლეკოს... სწორედ ამ დროს კი გაურკვეველი, მეტად უსიამო განცდა გიჩნდება ხიწვის ჩხვლეტასავით. რაღაც გაწუხებს, ნეტავი ახლა სად დაბორძიკობს? საკუთარ თავს ეკითხები, და უცბად ხვდები, ღრიანკალი გყავს მხედველობაში. ჯანდაბას, კიდევ ერთხელ ვცდი, მერე კი აღარ... შევარჩიე კიდევ ერთი სახიფათო წამი, როცა ღრიანკალი მორიგ უფსკრულს უტრიალებდა. ფიქრებით თავი აღარ გამიცხელებია, უფრო მომეტებული ძალით ვუბიძგე სახელურს. არც ახლა მომხდარა რაიმე თვალშისაცემი, საძაგელი მწერი, ანუ „ღრიანკალი“ იმ უფსკრულსაც უხიფათოდ გაეცალა, რადგან „დიდი წვეთი“ არც ამჯერად შეტოკებულა, ოდნავადაც კი კიდევ რამდენჯერმე ვცადე. სრულიად უშედეგოდ. თამაში არ შედგა. მერეღა დავაკვირდი სახლურს და გაოცებით აღმოვაჩინე, რომ იგი ბოლომდე იყო გადაწეული. უკვე გადასცდენოდა იმ კრიტიკულ ზღვარს, რომელიც წითელი ზოლით იყო აღნიშნული. თუ იმ მაჩვენებელებს დავუჯერებდით, რასაც ციფრები ღაღადებდნენ, „დიდ წვეთს“ ციბრუტივით უნდა ეტრიალა საკუთარი ღერძის ირგვლივ. თანაც ისეთი სისწრაფით, რომ მისგან ერთი ნაკვეთურიც არ დარჩებოდა მთელი. დიდი ხანია, სამყაროს უფსკრულებში უნდა დანქმულიყო, ათას ნამსხვრევად ქცეული. აქედან კი ერთდერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, არ დარჩენილა თეთრმეტ მოგზაურთაგან ვინმე ისეთი (მეთორმეტე, ანუ მშვილდოსანი ჯერ არ დამჯდარა ამ პულტთან), ვისაც ხელი არ უხლია ამ სახლურისთვის. ჩანს, მათაც აინტერესებდათ რაღაც.. და რა არის ის რაღაც? აქ უკვე შიშისგან გამაჟრჟოლა, თვალწინ წარმომიდგა, მე თვითონ როგორ დავფორთხავ ჩემთვის თვალით უხილავი ნაპრალის პირას, რომელიც ასე ცხადად ჩანს ამ ეკრანზე, და ამდროს ვიღაცის ხელი, ჩემს შემთხვევაში ღრიანკალის, სახელურისკენ მიიწევს. ახლა უკვე ის მეთამაშება... მიიწევს და აჰა, ეხება კიდეც, უკვე ვხედავ ლომის დაგლეჯილ ტყავს, სამყაროს უსასრულობაში რომ მიქრის. მაგრამ არა, გადავრჩი, არ გავსხლტი იმ წყეულ ნაპრალში. მიზეზი ნათელია, იმიტომ გადავრჩი, რომ „დიდი წვეთი“ არ დამუხრუჭებულა, არანაირი, სულ უმცირესი გამოძახილიც კი არ მოჰყოლოა სახელურზე ხელის შეხებას. მიზეზთა მიზეზიც ნათელია, თუ მოვლენათა მსვლელობას უკუსვლით მივყვებით... “დიდი წვეთი’’ მართვას არ ემორჩილება. ყოველ შემთხვევაში, ამ წითელი, მეტისმეტად თვალში საცემი სახელურით მისი მართვა შეუძლებელია. აქ კი, როგორღაც ფიქრები ხელიდან გამისხლტნენ, შორს გასცდნენ სივრცეთა ქსოვილში მოტივტივე ბროლის კრისტალს, ერთი წამითაც აღარ შორდებან უფსკრულის პირას მობარბაცე არსებას, რომელშიც ალბათ საკუთარ თავს ამოვიცნობ, თუ კარგად დავუკვირდები... ეს ხომ მხოლოდ ერთხელ არ მომხდარა, თვალაბმულივით მიმოვდიოდი უფსკრულიდან უფსკრულამდე, მწვანე ციცინათელას ადევნებული. რამდენჯერ აღმოვჩნდი თითქოსდა გამოუვალ მდგომარეობაში ჩემთვის სრულიად უხილავი უფსკრულის პირას. საოცარი სიცხადით ვხედავ, რა გამწარებით ვებღაუჭები ნაპრალის კიდეს ვარდისფერი ნისლის წიაღში, არც იქეთ ვარ, არც იქეთ. საკმარისია ოდნავი ბიძგი, გავსხლტები ნაპრალში. მაგრამ ბიძგი იგვიანებს და მევახერხებ თავს ვუშველო. ასე რამდენჯერმე მეორდება... ...და რა მეორდება ? ზუსტად ის, რაც ახლა საკუთარ თავზე გამოცვადე, ანუ ღრიანკალიც გამეთამაშა უწყინრად, ოდნავ უბიძგა სახელურს, რომელიც (კიდევ კარგი) არ დაემორჩილა. ახლა რა ხდება, განა რაიმე განსაკუთრებული? ცხადია, არა. სწორედ ის ბიძგი დაუბრუნდა უკან ღრიანკალს, რითაც მე გამეთამაშა. ეს მართლაც ჰგავს თვითონ მას , ამ შხამიან მწერს ხომ საკუთარი თავის დაგესლვაც შეუძლია... ყოველ შემთხვევაში, მირჩევნია ასე აღვწერო ჩემი ახლანდელი მდგომარეობა... რაღა მაინცდამაინც ღრიანკალს გადავეჯაჭვე? კვლავ შემახსენა თავი ამ წყეულმა კითხვამ. ჩვენ ხომ ერთერთმანეთს გავუცვალეთ ადგილები როგორც „დიდი წვეთის’’ პულტთან, ისე იმ მზაკვარი ვარდისფერი ნისლის წიაღში. კიდევ კარგი, ყოველივე მშვიდობიანად დასრულდა, როგორც მაშინ, ისე ახლა. ლომის და ღრიანკალის სივრცეები მაქვს მხედველობაში. განსაკუთრებული არაფერი მომხარა, ცოტა ვითამაშეთ და მორჩა, ირგვლივ ყოველივე სრულიად უწყინრად გამოიყურება. ბროლის კრისტალი სივრცეთა ქსოვილში ისევ ისე ტივტივებს, ეკრანებზე ერთმანეთს ენაცვლებიან „დიდი წვეთის“ მიღმიერი თუ შიდა ნაკვეთურების გამოსახულებები, ყოველივე ძველებურადაა, არავინ გამსხლტარა იმ მზაკვარი ვარდისფერი ნისლის ნაპრალში, და საერთოდ არაფერი შეცვლილა, ოდნავადაც კი, მაგრამ... რაღაც მაინც ვერაა რიგზე, ლომი (ჩემზეა ლაპარაკი) თავს ვერ გრძნობს საკუთარ ტყავში, ანუ თავს ვეღარ აღიქვამს სამყაროს გულისგულად, როგორც აქამდე ეჩვენებოდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|