ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2023


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი VIII )

   

      როგორც ჩანს „ცოცხალ მიცვალებულს“ მისი ნახვა სურდა. ერთმა ცილინდრიანმა მოხუცს ზურგზე იარაღი მიაბჯინა და ხელის მანევრათ ანიშნა, რომ  გარიდებოდა. დანარჩენები დამიანეს ირგვლივ შემოიკრიბნენ, თუმცა მაინც გაუგებარი იყო თუ რაში დასჭირდათ ამდენი ადამიანი, ერთი ახალგაზრდის შესაპყრობად. წინააღმდეგობა არც კი გაუწევია, დესპანების ალყაში შემორტყმულმა ნათანაელს თვალებით გამოემშვიდობა და ხმაამოუღებლივ უკან გაჰყვა მათ. მოხუცმა ერთი მცდელობა კი ცადა რომ დესპანების ჯაჭვი გაერღვია და დამიანე დაეხსნა, თუმცა ერთმა მათგან მაშინვე იარაღი იმარჯვა და რომ არა მეორეს სისხარტე აუცილებლად მოკლავდა მას. ამასობაში ნათანაელმა გარკვევით გაიგო თუ როგორ ეუბნებოდა მეორე, რომ მისი ცოცხლად დატოვება მკაცრად ჰქონდათ ნაბრძანები. უცნაურია თუ საიდან უნდა სცოდნოდა „ცოცხალ მიცვალებულს“ მის შესახებ, როდესაც თავის სასახლიდან საუკუნეებია ფეხი არ გამოუდგავს. ერთხანს ისიც კი იფიქრა ვაი თუ „ლიტონის საბჭოს“ ამბავიც გაიგოო, მაგრამ ყველაფერი იმაზე უფრო მეტყველებდა, რომ მეფე თადეოზს უსათუოდ აცნობეს დესპანების მკვლელობის შესახებ და მაშინ მილდადიც დიდ საფრთხეში ჩავარდნილა. სასწრაფოდ უნდა გაეფრთხილებინა მილდადიც და მეუფის შეწუხებით ეგებ, დამიანეც გამოეხსნათ უკან.


                                                                                                            ***

      სასახლისკენ მიმავალი გზა გაცილებით დამქანცველი აღმოჩნდა, ვიდრე დამიანეს წარმოედგინა. ქალაქისგან მოშორებით მდგარი სასახლე მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როდესაც გაუვალ ტყეში ახალი მსხვერპლის გამოჩენისას, ჩირაღდნები ყველგან დაენთოთ. მალე ცხენების ფლოქვის ხმამაც გვერდით სწრაფად ჩაუარა და ერთბაშად ათამდე ქერუბიმი, წამოწეულ დესპანებს წინ გაუძღვა. კარიბჭის შესასვლელთან დესპანებმა, დამიანე ქერუბიმებს გადასცეს მათ კი ხელები კიდევ უფრო გადაუკოჭეს და თავზე შავი ტომარაც ჩამოაფარეს. ქერუბიმები აბჯრებით იყვნენ ასხმულები, სახეებს მთლიანად რკინის ნიღბები უფარავდათ, ხოლო დესპანებთან შეხვედრისას საერთოდ არ გაუღიათ ხმა არც ერთს. ეზოს 15 მეტრიანი გალავანი ეკვროდა, რომელიც მთლიანად ქვით აუშენებიათ, მის თავზე კი სათოფრები იდგა, სადაც ქერუბიმების ნაწილი დღე-ღამ იცავდნენ ტერიტორიას. სივრცე დიდი იყო, შუაგულში უზარმაზარ სასახლეს დაეკავებინა ადგილი, რომელიც დიდი დარაბებითა და ფართო აივნებით გამოირჩეოდა, თუმცა სავსე მთვარისა და მწირი სინათლის ფონზე იქაურობა მაინც შემაძრწუნებლად გამოიყურებოდა. სიცივისა და აუტანელი ლეშის სუნს, რომელიც ჭარბად გამჯდარიყო ირგვლივ, დამიანე ტომრის შიგნითაც კი გრძნობდა, ხოლო სიარულისგან დაღლილი ძლივსღა მიათრევდა ფეხებს, თუმცა  ორიოდე წუთში როდესაც შენობას მიუახლოვდნენ, დამიანემ იგრძნო თუ როგორ დაუყვა სადღაც ქვევით ქვის კიბეებს ას მეტრიან მიწისქვეშეთში, რომელსაც სასახლის სიღრმეში ჩაჰყავდა და საფეხურების დასრულებისას ისევ წინ აგრძელებდნენ გზას. ფეხის ნაბიჯებისას ჰაერში, ტაშის შემორტყმასავით ისმოდა ექო, უკნიდან ხის კარებიც დაიხურა, წინ კი მხოლოდ საკნები იყო განლაგებული, რომელშიც საშინელ ტანჯვა-წამებაში ღმერთმა უწყის თუ რამდენ ადამიანს ამოხდენია სული. კედლებიდან წვეთებად ჩამოსული წყალი გუბეებად დგებოდა ძირს. აქ უკვე არც სიმყრალის და აღარც ლეშის სუნი აღარ იდგა, მაგრამ იმდენად აუტანელი სიჩუმე გამეფებულიყო, რომ კაცი სრულ მარტოობაში გარანტირებულად შეიშლებოდა ჭკუიდან. საბოლოოდ, როგორც იქნა ერთ-ერთ კართან შეჩერდნენ, მძიმე ბოქლომი მოხსნეს, კარი შეაღეს და დამიანე შიგნით შეუშვეს. დაბნეული მაინც მათკენ მოტრიალდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ტომარა და ბორკილები მოხსნა, კედელთან მიაბჯინა და იატაკზე წინასწარ გამზადებულ ულუფაზე ხელით ანიშნა. გარეთ გასულებმა დერეფანს თვალი მოავლეს და კარის საიმედოდ დაკეტვისას სასწარაფოდ გაეცალნენ იქაურობას, თუმცა დამიანეს რაც არ უნდა მოენდომებინა იქიდან თავს მაინც ვერსად დააღწევდა, ამიტომ მშვიდად ჩამოჯდა და ხმელი პური ორად გატეხა. იფიქრა ნახევარს ხვალისთვის გადავინახავო, რა იცი რა ხდებაო, მაგრამ მთელი დღის ნამგზავრი და დაქანცული ძალიან მოშიებული იყო. პური იმაზე ხმელი აღმოჩნდა ვიდრე მოელოდა, ამიტომ მთლად მშიერი, რომ არ დარჩენილიყო, გემოს ჩასატანად წყალში ჩაალბო და უსიამოვნოდ შეუდგა ჭამას. რამდენადაც უგემურად გამოიყურებოდა, იმდენად გემრიელი გამოდგა პირველი ორი ლუკმა მისთვის. ცოტა ხანში თითქოს შვებით ამოისუნთქაო და ახლად დანაყრებული იქვე მიწაზე წამოწვა. საპყრობილე საკმაოდ პატარა და ცარიელი იყო, სადაც ვერც საწოლს ნახავდით, ვერც მაგიდას და საერთოდ ვერაფერს. ალბათ მეფის მიერ გასამართლებულ ტყვეებს პირდაპირ ცივ მიწაზე ეძინათ და ასე ელოდნენ თუ როდის გაიყვანდნენ სახრჩობელაზე, ან სახალხოდ როდის გაშოლტავდნენ. რაც „ცოცხალ მიცვალებულზე“ სმენია ალბათ, არც ის აკლებდა სასტიკ სამსჯავროებს და გაცილებით უმაწყალოც იქნებოდა ვიდრე წინამორბედები. როგორც ნათანაელისგან ახსოვს არც მეფე აბელს და არც ენეოსს თავის სამეფოში კაცი არ დაუსჯია და რაღა დამიანეზე ამოანთხევდა მთელ ბოღმას თადეოზი?! იქნებდა საერთოდ არც აპირებს მის მოკვლას და სხვა რამეშია საქმე, მაგრამ სამ საუკუნოვან  მეფეს განა რა საქმე უნდა ჰქონოდა ერთი თვის ჩამოსულ გვედერთან, რომელიც მის პირდაპირ მტრად მოიაზრებოდა. უსათუოდ ჩემი მოკვლა უნდა - ნაღვლობდა დამიანე და ცივ მიწაზე მოკუნტულს მაინც ანას ლამაზ სილუეტზე ეფიქრებოდა. გულის სიღრმეში ალბათ ნანობდა კიდეც რომ მისი გაცნობა ვერ მოესწრო და ასე უდროოდ დაემთხვა ყველაფერი. იქნებ ერთხელ მაინც რომ დალაპარაკებოდა, სიკვდილი აღარ ყოფილიყო ამდენად აუტანელი, მაგრამ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო, სწორედ მასზეა ნათქვამი. მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად აშორებდა ერთი ნაბიჯი საოცნებო ქალამდე და ისიც უაზრო შიშებს გადააყოლა და საბოლოოდ დესპანების ხელშიც ჩავარდა. მოულოდნელად, დამიანეს გაახსენდა რომ ფოსტალიონის დაბრუნებული წერილები ისევ ჯიბეში ედო და გახარებულმა, ხელით სასწრაფოდ მოიძია. კონვერტი გახსნა და კითხვას შეუდგა.
   

          „ ძვირფასო, დამიანე. უკვე ერთი თვეა რაც აქ ვარ, თუმცა აშკარად რაღაც უცნაურობები ხდება ამ ქალაქში. როდესაც ქუჩაში ვსეირნობ ისეთი განცდა მეუფლება, რომ აქაურობა რამდენიმე საუკუნის წინ გაიყინა და აღარ განვითარებულა. თანამედროვეობასთან თითქმის არანაირი კავშირი არ აქვთ. აქ ვერ ნახავ ახალ შენობებს, ბრჭყვიალა კაფეებს, ინტერნეტსა და სხვა დანარჩენს. თითოეული ნაგებობა ხელოვნების ნიმუშია, თავის მოჩუქურთმებული კედლებითა და უზარმაზარი თაღიანი შესასვლელებით, თუმცა არანაირ კვალს არ ტოვებს თანამედროვეობის. ხალხს ძველი პროფესორ-აკადემიკოსებივით აცვიათ და ურთიერთობებსაც დიდათ არ წყალობენ. ვერსად ვერ იყიდი ჟურნალ-გაზეთებსა და რაიმე საკითხავს, რომ იცოდე მაგალითად რა ხდება დანარჩენ სამყაროში. მე კი ვიპოვე ჩემი საქმე, რითაც ყურადღება გადამაქვს მაგრამ წარმომიდგენია ახალგაზრდებს, როგორ გაუჭირდებოდათ აქ ცხოვრება. მათთვის ძალიან მოსაწყენი იქნებოდა იქ ყოფნა, სადაც ფაქტობრივად არაფერი ხდება. ნათანაელი ღამით სიარულს მიკრძალავს და ეგეც რომ არ იყო, ვიღაც სტუმარი მოუკლავთ ამას წინათ. როგორვ გავიგე ქალაქის მახლობლად სასახლეა, სადაც დამთვალიერებელი შიგნით შესვლას ცდილობდა, მაგრამ ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე თურმე სასტიკად გაუსწორდნენ კიდეც. რა უცნაურია არა? ერთმა ქალბატონმა ისიც კი მითხრა, რომ ლიტონი დაწყევლილი ადგილიაო, თუმცა მე მსგავსი სისულელეების არ მჯერა, ხომ იცი?! ახლა ვზივარ და ამ სიგიჟეებს გწერ, მაგრამ ფაქტია რომ აქ რაღაც ხდება.
სიყვარულით ანა.“
   

        დამიანემ წერილი შეინახა, მაგრამ მისმა ნაამბობმა კიდევ უფრო ჩააფიქრა. ხან იქით გადაბრუნდებოდა და ხან აქეთ მაგრამ ვერაფრით ვერ ენახა მოსვენება. მიწა ყინულივით ცივი იყო. ბოლოს კედელს მიეყრდნო, იქნებ ასე მაინც დავიძინოო, მაგრამ არ იქნა და არა. ჭერის კიდეებთან მხოლოდ საჰაეროები დაეტოვებინათ სასუნთქად. საკნის სქელ კედლებს ხის კარები ედგა, რომლის ძირშიც ღიად დატოვებული ოთხკუთხედი მოჩანდა და ისიც საჭმლის შემოსაწოდებლად. დერეფანში კი ჩირაღდნების ჩაქრობისას უკუნითი სიბნელე დგებოდა. მხოლოდ ერთი-ორგან დაეტოვებინათ სინათლე და სწორედ კარის ძირიდან შემოპარული ციმციმა წერტილიღა რჩებოდა, მის ერთადერთ გატაცებად. ჯერ მხოლოდ ორი საათი იქნებოდა გასული რაც იქ ამოეყო თავი, მაგრამ გაშმაგებულმა ქერუბიმებმა არც ეს აკმარეს და საკანთან ერთიანად შეჯგუფდნენ. დამიანე შეშინებული წამოიჭრა. ბოქლომი მათ ფეხებთან დაეცა, ხოლო კარის გაღებისას ხელებსა და ფეხებზე ისევ ბორკილები მოარგეს. რკინის ჯაჭვი, რომელიც თავსა და ბოლოს ერთმანეთთან აკავშირებდა,  წინ უხეშად ექაჩებოდა და ისევ სადღაც მიათრევდნენ მას. საკნიდან რამდენიმე მეტრში, დამიანე სულ სხვა დილეგში შეაგდეს. რას ნიშნავდა ეს გადაადგილებები ვერაფრით გაეგო, მაგრამ, როგორც ჩანს „ცოცხალ მიცვალებულს“ სულ სხვა ზრახვები ამოძრავებდა. კარი ისევ მძიმედ მიიხურა. დამიანემ მტკივანი მაჯები მოისრისა და იქვე კარებთან უემოციოდ ჩამოჯდა. აქ სინათლე გაცილებით უკეთ აღწევდა, რომლის ანარეკლშიც მტვრის ნაწილაკები არხეინად დალივლივებდნენ. ხელის გული ანარეკლს ორად ყოფდა და ისიც მოძრაობასთან ერთად სინქრონულად გადადიოდა მეორე ხელზე. მოსწონდა თუ როგორ არღვევდა სინათლის უწყვეტობას. მტვრის ნაწილაკები კავშირის გაწყევტისას წრიულ ფორმას ქმნიდნენ, ხოლო როგორც კი დამიანე ხელს მოაშორებდა ისევ მწკრივში დგებოდნენ და სადღაც ზევით, სიბნელეში უჩინარდებოდნენ. უაზრო თავშესაქცევით გართულმა, გვიანღა შენიშნა სქელლანჩიანი ფეხსაცმლის ნაწილი, რომელიც უსიამოვნოდ გამოძრავდა რა დროსაც მისმა პატრონმა ამოიხვნეშა და აშკარად გვერდი იცვალა. დამიანე მაშინვე მიხვდა, რომ დილეგში მარტო აღარ იყო.



                                                                                                                    (გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები