| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 16 თებერვალი, 2024 |
ცეცხლი მეტად ძვირფასი საჩუქარი იყო, ზეცით ბოძებული, ყოველთვის მოსწონდათ ადამიანებს იგი , იმ უძველესი დროით დაწყებული, როცა ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ და ტანთ ნადირის ტყავები ემოსათ. ჯერ მისი დანახვა რად ღირდა, ეჩვენებოდათ, თითქოს ცეცხლი თავისკენ უხმობდა მათ, ზეციურ ბილიკს უშლიდა ფეხქვეშ, მომყევითო - ანიშნებდა. ისინიც მიჰყვებოდნენ ამ ძახილს, გამოცვივდებოდნენ თავიანთი ცივი ბუნაგებიდან, უკანმოუხედავად გარბოდნენ ცისკიდურზე გამოსახული ცეცხლოვანი ნიშნისკენ. მეტად სანატრელი იყო მათთვის მოგუზგუზე ცეცხლის პირას ა გათბობა, ნანადირევის შებრაწვა და მისი მირთმევა; ცეცხლზე შემწვარ ნანადირევის მწვადებს უკვე გაუსინჯეს გემო. მაგრამ ვაი რომ მეტად იშვიათი ხილი იყო ეს ზეციური საჩუქარი. თვითონ ცეცხლის დანთება არ შეეძლოთ, იმით უნდა ესარგებლათ, შემთხვევით თუ გადაეყრებოდნენ სადმე. ანუ, როცა მეხი დაეცემოდა ხეს და ცეცხლს წაუკიდებდა, მეტეორიტი თუ ჩამოვარდებოდა ციდან, ან გაჭიანურებული გვალვა გააჩაღებდა ცეცხლს. ო, რა უსაშველოდ იწელებოდა დრო ცეცხლიდან ცეცხლამდე, მისი აღნუსხვა მაშინ არავის შეეძლო. ჩაივლიდნენ დღეები, თვეები, წლები, იქნებ მთელი საუკუნეც, სანამ კვლავ ეღირსებოდნენ ცეცხლის დანახვას. იმ შორეულ წარსულში მეტისმეტად ზანტად მიედინებოდნენ დროის ტალღები, გუზგუზა ცეცხლიც სადღაც მათ მიღმა მიმალულიყო, ძალზე იშვიათად თუ გაამჟღავნებდა თავს. ამიტომ თვალები ფხიზლად ჰქონდათ გამოჭყეტილი, სადმე კვამლის სვეტი ხომ არ მოჩანსო. ო, როგორ უხაროდათ, თუ რაიმე ამის მსგავსს შენიშნავდნენ, თვალებიც ცეცხლივით უბრწყინავდათ, მგონი სიმღერასაც კი ლამობდნენ ზედმეტი სიხარულისგან, რაღაც დაუნაწევრებელ ბგერებს გამოსცემდნენ... ეს იყო უდიდესი, ზეაღმტაცი განცდა, რომელიც ნადირის ტყავებით შემოსილ, ბავშვივით გულუბრყვილო ადამიანებს ეუფლებოდათ ზეციური საჩუქრის დანახვისას. თვითონ ისინი ალბათ რაღაცით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ვთქვათ და ერთი უფრო უკეთესად ნადირობდა, ვიდრე მეორე, მაგრამ ცეცხლს ყველა ერთნაირად აღმერთებდა, მის სიყვარულს ყველ ერთნაირად გამოხატავდა, ამ მხრივ ყველა ერთმანეთს ჰგავდა.. თუმცა ბოლოს, დადგა ჟამი და მათ შორის გამოერია ერთი, რომელიც ცეცხლის სიყვარულს მეტად თავისებურად გამოხატავდა. რაიმე განსაკუთრებული კი არ ყოფილა, აბა იმ დროს ისეთი რა შეიძლებოდა მომხდარიყო... უბრალოდ, აიტაცებდა გაჩაღებული ცეცხლიდან ანთებულ მუგუზალს და მასთან მასთან ერთად დარბოდა. რაღაც დაუნაწევრებელ ბგერებსაც გამოსცემდა ამ დროს, რაც იმის უდავო ნიშანი იყო, გულით რომ ხარობდა რაღაცით... და რა იყო ეს რაღაცა? ჰაერში დაფრქვეული ნაპერწკლები, - აი რა... ძალიან მოსწონდა, ანთებული მუგუზალი ნაპერწკლებს რომ ყრიდა აქეთიქით. დანარჩენებს, ანუ მის თანატომელებს, ასეთი რამ თავში ნამდვილად არ მოსდიოდათ. ამგვარი უაზრობისთვის აბა როგორ მოცდებიან... მაშინვე საქმეს მიჰყოფნენ ხელს, თუ გაუმართლათ და სადმე ცეცხლს გადაეყარნენ. არაერთხელ ნახეს საკუთარი თვალით და უკვე კარგად იციან, ცეცხლი ცოცხალ არსებასავით რომ კვდება, ამიტომაც ჩქარობენ, რათა დროზე გამოიყენონ ეს ზეციური საჩუქარი. გათბობით ხომ თბებიან, თან რაიმე საკბილოსაც მიუმარჯვებენ მოღადღადე ნაკვერცხლებს. ცეცხლი აქაც ეხმარება მათ, დამფრთხალი ნადირი ხანდახან თვითონვე უვარდება ხელში მონადირეებს.
ერთი სიტყვით, ისინი ბევრად უფრო ჭკვიანები იყვნენ, ვიდრე ჩვენი ნაცნობი ნაპერწკლების მოყვარული დაბდური. არ უკვირდათ მისი უცნაური საქციელი, ანთებული მუგუზლით სირბილი და ნაპერწკლების ყრა, უბრალოდ არაფრად აგდებდებდნენ. ასეა, იმ უხსოვარ დროშიაც იყვნენ დაბდურები და ჭკვიანები, და რაღაც განსხვავება უკვე იყო მათ შორის; ჭკვიანები მწვადის მსუყე ნაჭრებს მიირთმევდნენ, ხანდახან რაიმე ნარჩენებს დაბდურსაც მიუგდებდნენ, ანუ ისეთ რამეებს, რაც მათ აღარ სჭირდებოდათ. ერთხელ კი ისეთი რამ შეემთხვა დაბდურს, რამაც ძალიან დააფიქრა ჭკვიანები. მონადირეებს აუხდათ დიდი ხნის ნატვრა, გადაეყარნენ ცეხლს, გუზგუზას, მხურვალეს. მაშინვე ყველა მიეფიცხა გასათბობად, ჩქარობდნენ დამტკბარიყვნენ სანატრელი ზეციური საჩუქრით. საქმესაც არ ივიწყებდნენ, ნაკვერცხლებს ნანადირევი მიუმარჯვეს, რაც იმ დროისთვის ხელში მოყვათ. წინასწარ კბილებს ილესავდნენ მონადირეები, კარგა ხანია გაუგეს გემო შემწვარ ნანადირევს. დაბდურიც მიეტანა ცეცხლს, თუმცა არა მისაფიცხებლად, დაავლო მუგუზალს ხელი, იწყო წინ და უკან სირბილი. მაღლა აწეული ხელით ეჭირა მუგუზალი და ისე გარბოდა. შემხვედრი ჰაერისგან მუგუზალი კიდევ უფრო ღვივდებოდა, ნაპერწკლებს სულ უფრო ბარაქიანად ყრიდა, დაბდური ხმამაღლა ყვიროდა, ბუტბუტებდა, რაღაც გაურკვეველ ხმებს გამოცემდა. ჩანდა, თუ რა ბედნიერი იყო, როგორ ხარობდა; ჰაერში დაფრქვეული ნაპერწკლები ანიჭებდა ამ დიდ სიხარულს. ჩაუქრა მუგუზალი დაბდურს, ნაპერწკლებს აღარ ყრიდა აქეთიქით. დაბდურმაც მაშინვე მოისროლა იგი, ცეცხლთან დაბრუნდა, აიტაცა ანთებული მუგუზალი, ისევ მოჰყვა წინ და უკან სირბილს ნაპერწკლების ფრქვევით. ასე რამდენჯერმე განმორდა, დაბდურმა რამდენიმე მუგუზალს დააყრევინა აპერწკლები, მერე კი მოისროლა... ერთხელაც ძალიან შეაგვიანდა დაბდურს, არა და არ გამოჩნდა, რათა ცეცხლიდან კვლავ მოეტაცნა მუგუზალი. ჭკვიანებმა ეს ამბავი დიდად არ მოისაკლისეს, შეიძლება ვერც კი შეამჩნიეს მისი გაუჩინარება. დაბდურის უცნაურ საქციელს კარგა ხანის შეაჩვიეს თვალი და ყური, მისგან არაფერი უკვირდათ. მით უმეტეს, თავიანთი საფიქრალი ჰქონდათ, ცეცხლი თანდათან მიინავლა, საცაა ჩაქრებოდა კიდეც. ო, რა სევდიანი სახეებით შეყურებდნენ მინავლულ ცეცხლს მონადირეები, ცეცხლი მათ თვალწინ კვდებოდა და მათ არაფრით შეეძლოთ მისთვის ეშველათ, უბრალოდ ელოდნენ, როდის ჩაიფერფლებოდა ბოლო ნაკვერცხალი.. უცბად დაბდურის ხმა შემოესმათ. მაშინ კი ცქვიტეს ყურები. მათი უცნაური თანატომელი აშკარად რაღაცით იყო გახარებული, ამას მისი ხმებით მიხვდნენ. ნეტავი რა უხარიაო, გაკვირდა მთელი თავყრილობა. ზურგი აქციეს მინავლებულ ცეცხლს, დიდი ხეირი მისგან უკვე აღარც იყო... ისიც გაახსენდათ, რომ კარგა ხანია დაბდური აღარ დაუნახავთ, აღარ აუტაცნია ანთებული მუგუზალი კოცონიდან. მიჰყვნენ დაბდურის გახარებულ ხმებს, მოიძიეს იგი და... მოგუზგუზე ცეცხლს გადააწყდნენ. გაკვირდნენ ჭკვიანები, ეს ცეცხლი აქ საიდან გაჩნდაო, არც მეხის ხმა გაგვიგია, არც ცეცხლმოიდებული ქვა ჩამოვარდნილა ციდანო. რაღაც ფარსაგი ამბავი ნამდვილად დაყნოსეს, და ეს ამბავი დაბდურთან იყო დაკავშირებული. აი დაბდურმა იწყო ანთებული მუგუზლით სირბილი, მისდევენ ჭკვიანები, თვალს არ აშორებენ. ჩაქრა მუგუზალი, გადააგდო დაბდურმა. დაბრუნდა კოცონთან, აიტაცა ახალი მუგუზალი, ისევ იწყო სირბილი. ჭკვიანები ფეხდაფეხ დასდევენ. ისევ ჩაქრა მუგუზალი, გადააგდო დაბდურმა... და აღსრულდა, იმ ადგილას, სადაც მუგუზალი დაეცა, ცეცხლის ალი აინთო. მიცვივდნენ ჭკვიანები, ცეცხლია ნამდვილად, წყალი არ გაუვა, მათი სანატრელი ცეცხლი, ცოტა ხანს ენთო და ჩაქრა. იეჭვეს ჭკვიანებმა, რაღაც მეტად დიდი რამე, რაღაც მიუწვდომელი და საინტერესო ხდებაო. ერთხანს იფიქრეს, მაგრამ ვერაფრით მოისაზრეს, რა უნდა ეღონათ, ისევ დაბდურს მიბაძეს, იწყეს ანთებული მუგუზლებით სირბილი. თვითონაც ყრიდნენ ჩამქრალ მუგუზლებს აქეთიქით, და აჰა, გაუმართლათ, ერთმა მუგუზალმა არ დააღალატა ისინი, მანაც გააჩინა ცეცხლი. უყურებენ ჭკვიანები, ძალიან უხარიათ. ცხადია, თან გაკვირვებულები არიან, ეს რა ხდებაო.... და აღმოჩნდა მათ შორის კიდევ უფრო ჭკვიანი, რომელიც მიხვდა, რომ ჯობდა სულაც ანთებული მუგუზალი გადაეგდო და არა ჩამქრალი... მას თვალში ეცა, რომ ის მუგუზალი არ იყო ბოლომდე ჩამქრალი, რომელმაც ცეცხლი გააჩინა. თანაც, ხმელი ფოთლების გროვაზე დაეცა და არა მწვანე ბალახზე. მონადირეების განცვიფრებას, თან სიხარულსაც საზღვარი აღარ ქონდა. ირგვლივ შემოეხვივნენ მათ მიერ ახლად დანთებულ კოცონს და ცეკვა თამაში გააჩაღეს. იმას ვერ გეტყვით, მანამდე ოდესმე თუ უცეკვიათ, ეს საიდუმლო დროის უსასრულო ოკეანეშია დანთქმული, ის კი ნამდვილად ვიცი, საკუთარი ხელით დანთებულმა, და არა ზეცისგან ნაწყალობევმა კოცონმა ნამდვილად წააქეზა საცეკვაოდ ისინი. მათი საცეკვაო ილეთებიც ვერ იყო ალბათ ძალიან დახვეწილი , მაგრამ მთელ სულს და გულს რომ აქსოვდნენ მათში, ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. ჭეშმარიტად, უნაპირო იყო მონადირეების ბედნიერება, ახლა მათ უკვე შეეძლოთ, სადაც მოესურვებოდათ, იქ დაენთოთ ცეცხლი, ოღონდ ანთებულ მუგუზალს მიწვდენოდნენ როგორმე... აღარ დასჭირდებოდათ წლიდან წლამდე ლოდინი, სანამ ზეცა მათთვის ცეცხლის ახალ ულუფას გამოიმეტებდა. ბარემ სიტყვას მოყვა და აქვე ვიტყვი, გამოერია ჭკვიანებს შორის კიდევ უფრო ჭკვიანი, რომელმაც ცეცხლის დარაჯობა დააწესა, რათა არასოდეს ჩამქრალიყო და ანთებული მუგუზალი მუდამ ხელთ ქონოდათ. აი, ასე მოიტაცა ცეცხლი ადამიანმა; ნაპერწკლების მფრქვეველი ანთებული მუგუზლის გატაცებას ნამდვილად შეიძლება ასე უწოდო, აქ სადავო არაფერია. საკითხავი ის არის, რომელს უფრო მეტად ეკუთვნის ამ უდიდესი აღმოჩენის პატივი, ჭკვიანზე ჭკვიანს. თუ დაბდურს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|