Veleyle მუსიკალური არტისტია. სიმართლე გითხრათ Youtubზე შემთხვევით ჩაირთო და რატომღაც წაიღო. მანამდე იყო სხვები, ბევრად კარგები და აღმატებულნიც. თუმცა არა, ამან წაიღო .. ამიტომაც დავიწყე სპონტანურად წერა. ასეა თუ ისე მე როგორც ჩემი ტექტსტების ღმერთს, ყველაფერი შემიძლია ვაკეთო ჩემს სამყაროში. ასეც ვიქცევი. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, პასუხი არ აგო შენს თავის უფლებაზე. პირიქით კარმა იზე ბიჩ. ასე იყო, არის და იქნება დასაბამიდან დასასრულამდე. თუკი ასეთი იქნება ცხადია. წრე რომელშიც ჩვენ ვართ, მიზეზშედეგობრივი კავშირებით ტრიალებს თავისსავე თავის გარშემო. აი ისე როგორც სიყვარული და თავისუფლება და საერთოდაც არ აინტერესებს აქედან შენ რა როლი გაქვს. თუ თავადვე არ გადაწყვეტ ამას. ეგეც არ იყოს, ზუსტად ვიცი, კაცი რომელმაც პირველად თქვა სიტყვები იყო და არა იყო რა, წარმოდგენა არ ჰქონდა XXI საუკუნეში კვანტური ფიზიკის კვლევის საგანი თუ გახდებოდა ეს ამბავი. სწორედ ამიტომაც არის საინტერესო ფიქრები. თან არის და თან არც.. შენი ფიქრი შენთვის რეალურია, სრულიად რეალური. ჩემთვის კი იგი საერთოდ არ არსებობს.. მოკლედ როგორც არის. მთავარია, რა ვიზუალიზაციას გაძლევს მუსიკა რომელსაც უსმენ. მე კი შუა აზიის დაუსახლებელ უდაბნოში ვზივარ, Desert hippies-ს ვუსმენ და ვფიქრობ, ფეხებზე დაკიდების ნატიფ ხელოვნებაზე, რომელიც ერთი კვირის წინ ამოვიღე ჩანთიდან. წინ დავიდე და ჯერაც ვერ დავამთავრე. ან როგორ დავამთავრებდი როცა არც დამიწყია. თუმცა, ვაჟა ზაზაევიჩის არ იყოს, ალაგ - ალაგ წავიკითხე ძირითადი მომენტები და ვფიქრობ კარგი იქნება თუ ბოლომდე წავიკითხავ. მაგრამ აბა რანაირად? ცოტა არ იყოს რთულია, დიდი აბრეშუმის გზის აღდგენა მშენებლობაში როცა მონაწილეობ, ფეხებზე დაკიდების ნატიფ ხელოვნებას გული დაუდო. სიმართლე კი ის არის რომ ალბათ უფრო ზარმაცი ვარ და მეტი არაფერი და ბაბუა უზნაძეს თუ დავუჯერებთ განწყობის არქიტექტურაც სწორედ აქედან იქმნება. Jasliq _ ამ ადგილს თუ Google-ის საძიებო ველში ჩაწერთ, აღმოაჩენთ რომ დედამიწის ერთ ერთ უკაცრიელ ადგილას მოხვდით ვირტუალურად. მე კი, აქ ვარ ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად და აბრეშუმის გზის 120 კილომეტრიან მონაკვეთს ვაშენებთ. ჩვენ ძმობილ აზერბაიჯანელებთან ერთად. მაგრამ ახლა მაგაზე კი არა, იმაზე მოგიყვებით აქ რომ მე და პაატა ჯახაიამ ველური შავი ვაზი აღმოვაჩინეთ ვიღაც ყარაყალპაკისტანელის ეზოში. ჰო ყარაყალპაკისტანი უზბეკეთის უკიდურესი დასავლეთ რეგიონია ხრიოკი და უდაბური. ეს ხალხი თავს უზბეკებად არ თვლის და ამბობენ, რომ ყარაყალპაკები არიან. არც ყაზახები არც უზბეკები და მათი გაზით მდიდარი მიწა უზბეკებმა დაიპყრეს და ამაში სტალინს ადანაშაულებენ. ჩვენს აქ ყოფნაში ორი დიდი აქცია მოაწყვეს უდაბნოს დედაქალაქად წოდებულ ნუქუზში, დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რაც სისხლში ჩაახშო უზბეკურმა მთავრობამ. ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ თემაზე. თუმცა იყოს შემდეგისთვის. ჰოდა იმას ვამბობდი რომ ვაზი, რომ დავინახეთ ეგრევე ჩვენი პატრიოტი გადმოსახლებული ქართველები გაგვახსენდა საცოდავად თვეები რომ მოყავდათ აქამდე და წლობით რკინიგზას აშენებინენდნენ ამ უდაბურ ხრიოკ მიწაზე. ვიფიქრეთ ალბათ იმათ ჩამოიტანეს გულის ჯიბითთქო, მაგრამ არაა.. თურმე აქაც შეუძლია ამ დალოცვილ მცენარეს გახარება. წარმოვიდგინეთ რა შეგრძნება ექნებოდათ აქ რომ ვაზს დაინახავდნენ, სამშობლოს მოწყობის განსხვავებული ხედვის გამო გადმოსახლებული ქართველები. ახია ჩვენზეო იტყოდნენ ალბათ.. აფსუს, ისტორიას რა ვუთხარი, თავისივე ფსკერზე რომ ჩაითრია ყველა მათგანი. თითქოს არც ყოფილანო, არც არაფერი გაუკეთებიათო. და მაინც.. მათი მსხვერპლი და ქვაზე დადებული მადლი, ჩვენ დაგვხვდა მომავალში.! ალბათ მათაც ზუსტად ისე სჯეროდათ მომავლის როგორც შემოდგომაზე დარჩენილ მწვანე მანდარინს, ბასიო მაცუოს ჰაიკუში. "" გვიან შემოდგომაზე მომავლის სჯერა მწვანე მანდარინს. ""