ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
30 აგვისტო, 2024


ლაყუჩებია აბა რა

                                                   
             
                შეხედავდი თუ არა,  ეს სიტყვა  “ლაყუჩები’’  თავისთავად ამოყვინთავდა რომელიღაც იდუმალი მორევიდან,    ჩამოგისკუპდებოდა ცხვირწინ და აღარც დაყვინთავდა, . მისი ლოყები ნამდვილად იმსახურებდნენ ასეთ სახელწოდებას.  ხომ ყველაფერი დამსახურების მიხედვითაა ამქვეყნად...  სწორედ რომ ლაყუჩებივით ჰქონდა ლოყები გადაწყობილი მხრებზე.  ეს ბოლო შედარება მე არ მეკუთვნის,  შეთხვევით მოვკარი ყური, ვიღაცებმა  წაიჭორავეს  ლაყუჩებიანის კაბინეტის წინკარში.  ძალიან ხმადაბლა ლაპარაკობდნენ,  რათა ვერავის ვერაფერი გაეგონა,  ამ მხატვრულმა შედარებამ მაინც მოაღწია ჩემამდე.  იქვე ვიჯექი, მათ გვერდით, ჩემს რიგს ველოდებოდი  კაბინეტის დასალაშქრად.
        მოაწია ჩემმა რიგმა, შევედი კაბინეტში.  ლაყუჩებიანი მაგიდას უჯდა, როგორც წესი და რიგია. სკამები იყო ჩამომწკრივებული, როგორც წესი და რიგია... დავჯექი ერთერთ სკამზე, ჩანთიდან მომცრო ბუკლეტი დავაძრე და ლაყუჩებიანს (თავისთვის რაღაცას წერდა, ჩემსკენ ერთხელაც არ გამოუხდავს)  გავუწოდე.
      - ძალიან გთხოვთ, გაეცნოთ ამ ბუკლეტს, - ვთქვი.
        თავი ასწია, შემომხედა კიდეც, ბუკლეტიც გამომართვა.
        - ეს რა არის? - იკითხა.
      - ბერლინში დაბეჭდეს,-  ვიჩქარე ამ ფაქტის აღნიშვნა, მერე კი მივაყოლე და მივაყოლე, ვთქვი, რომ ეს ბუკლეტი ცნობილი გერმანელი ფილოლოგის, ქალბატონ შტეფი იუნგერის რედაქციით იყო გამოცემული. რომ  ქალბატონი შტეფი თბილისში იყო ჩამოსული, ქართული საბავშვო ლიტერატურა აინტერესებდა.  საგანგებო საზოგადო კავშირების გვერდის ავლითაც უნდოდა გაცნობოდა ქართული კულტურის ამ სფეროს. ავტორები, როგორც იტყვიან, ქუჩაქუჩა დასდევდნენ. უამრავი მასალა მოუგროვდა.  რამდენიმე ამოარჩია მათგან.  ჩემი “ქონდრისკაცი წიმწკალაც”  მოხვდა იმ რჩეულებში, საბედნიეროდ, ხელთ მქონდა მათი გერმანული თარგმანი, დამეხმარა ერთი ადამიანი ამ საქმეში, ძალიან მოსწონდა ჩემი ნაცოდვილარი...  ქალბატონი შტეფი გაეცნო ჩემს ნაწარმოებებს, ძალიან დაინტერესდა.    კარგი იქნებოდა, თუ თქვენც გაეცნობით ამ ნაწარმოებს, თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. ....და ა, შ.  ერთი სიტყვით, ენად გავიკრიფე, შთაბეჭდილება მინდოდა მომეხდინა მასზე, ძალზე ავტორიტეტულ  პიროვნება გახლდათ.
        მისმინა, მისმინა ლაყუჩებიანმა ერთ  ხანს, ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით.  უცბად ხელი გაიქნია,  სწორედ ის ხელი, რომელშიც ჩემი ბუკლეტი ეჭირა და პირდაპირ  სახეში მესროლა.
      - ეს ხომ არაფერია, ჟურნალიც კი არ არის, - მითხრა დამცინავად, აბუჩად ამგდები ტონით.
      ცხადია არ მომეწონა ეს შეურაცხმყოფელი ჟესტი, მაინც არ დავიხიე უკან, კვლავ ვცადე რაღაცის თქმა. ვაცნობე, რომ  შტეფიმ  კომპლიმენტიც კი მითხრა , თანაც როგორი...  თქვა, რომ  “ქონდრისკაცი წინწკალა”  მეტად მიმზიდველი, მეტად  საინტერესო  ნაწარმოებია,  ნამდვილი საჩუქარია ბავშვის სამყაროსთვის. აქ ყველაფერი ბავშვის ენითაა გადმოცემული.  ბავშვურობა არსად, არცერთი წამით  არ იკარგება, ამავე დროს კი ფილოსოფიური აზროვნებაც არის მასში ჩაქსოვილი, ოღონდ ბავშვისთვის მისაღები სახით.  ფილოსოფია ოდნავადაც  არ ამძიმებს თქვენს სტრიქონს, ის ყოველთვის მსუბუქია და  სხარტი...და ა. შ.
        საერთოდ აღარ მომისმინა, საკმაოდ სხარტად (თავის წონის კვალობაზე) წამოკრიფა    ლაყუჩები რბილი სავარძლიდან, დურთა თავი კარებში და კაბინეტიდან გავარდა.
        სხვა რაღა დამრჩენოდა, დავტოვე იქაურობა, ვისთვის რა უნდა მეთქვა ცარიელ  კაბინეტში.
        აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ როგორ გადავიტანე ეს მართლაცდა უსაძაგლესი რამ....  გადავიტანე და მორჩა. ერთ რამეს აღვნიშნავ; არაფერი გამკვირვებია. რა არ მიკვირდა? რა და ის, რომ თუკი  ჩვენს დემოკრატიულ  სამყაროში  საკმაოდ მაღალი პოსტი გიჭირავს,  თუ შენი სიტყვაც გეთქმის და ამ სიტყვას საკმაოდ მაღალი წონა აქვს,  აღარც  უნდა  გაინტერესებდეს,  თუ რა ხდება  ამ კაბინეტის სქელ კედლებს მიღმა.  ჩვენში ეს საყოველთაო წესია. ეს კანონზომიერება, ცხადია,  ლიტერატურულ სამყაროსაც ეხება,  გამონაკლისები არ არსებობენ, ყველა ერთნაირად ჭრის და კერავს.  რაში გჭირდება იმის ცოდნა, რა ცოდვა-მადლი თუხთუხებს ქუჩაში დარჩენილ,  დაკარგულ არსებებში, რომელთაც  ბედის უკუღმართობით თუ რაიმე სხვა მიზეზით  ლიტერატურის სამსახური ერგოთ  წილად.  ნამდვილად ვიცი, ეს არ არის სქელკედლებიან კაბინეტებში მოკალათებულ  ბედის ნებიერთა  ინტერესის სფერო.  ისე კარგად გიცნობთ, მეტი რომ აღარ შეიძლება,  მაგრამ შტეფი იუნგერი...  ეს ხომ ნამდვილად რაღაცას ნიშნავდა. უცხოელი, კერძოდ გერმანელი, ჰუმბოლდტის სახელობის ფილოლოგიური უნივერსიტეტოის  პროფესორი...  ეს ფაქტი ხომ მაინც რამედ ღირს  კაბინეტის ღმერთებში, დავაზუსტებ, ქართველ ღმერთებში. მათ ხომ ლამის აბოდებთ უცხოენოვან გამოცემებზე.  რას არ იღონებენ, ოღონდ თავიანთი ნაშრომები გამოსცენ რომელიმე უცხო ენაზე, ეს არის მათთვის ყველაზე აღმატებული ოცნება.  სწორედ ამას ადევს განსაკუთრებული ფასი მათ  თვალში.  ალბათ გინახავთ,  რა თავმომწონედ  გადმოგიფენენ უცხოენოვანი წარწერებით  აჭრელებულ წიგნს...  მათ წიგნს, უცხო ქვეყანაში რედაქტირებულს და გამოცემულს. ლამის ღრუბლებს მიუწვდინონ თავი,  ისე იჭიმებიან და  იბღინძებიან  ამ დროს.  სახეებიც რაღაც ზეაღმატებული, არამიწიერი სიხარულით უბრწყინავთ.   
            ჩემთან მიმართებაში კი რა ხდება, რატომ არაფერი ღირს ეს თუნდაც  ბუკლეტი...  ავტორი იძულებულია ამას დასჯერდეს, წიგნის გამოცემაზე არ მიუწვდება ხელი.  მაგრამ ის ხომ უცხოენოვანია, უცხო ქვეყანაში,  კერძოდ გერმანიაში გამოიცა, უცხოელმა გაუკეთა რედაქცია, მისცა ვიზა მიწიერი სამყაროსკენ.    პარტიზანის როლში მყოფმა  ადამიანმა (მე ხომ არანაირ საზოგადოებრივ წარმონაქმნს არ ვეკუთვნოდი, ანუ პარტიზანი ვიყავი ამ გაგებით)  მაინც მოვახერხე, რომ უცხოეთში, თუნდაც ბუკლეტის სახით,  დაბეჭდილიყო ჩემი “წინწკალა. ’’ ეს იმას ნიშნავს, რომ  კედელი შუბლით გაანგრიო.
        ასე ვიქრობდი და ცოტათი მიკვირდა,  ხელში ვატრიალებდი იმ გერმანულენოვან ბუკლეტს,  რომლის ერთერთ  ფურცელს ჩემი ზღაპრის გმირის გამოსახულება    ამშვენებდა.  ერთი გადაეფურცლა, ცალი თვალით მაინც ჩაეხედა, ენახა, რა ხდებოდა ამ ნახატის მიღმა. ბოლოს და ბოლოს,  წინწკალა აქ გერმანულ ენაზე ამეტყველდა, მე არასოდეს გავცდენილვარ  საქართველოს საზღვრებს, წინწკალამ ეს შეძლო...  ჰო, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ლაყუჩებიანისთვის კი  ძალზე მცირე რამაა, იმდენად მცირე, სალაპარაკოდაც რომ არ ღირს. მას ხომ დაბეჭდვას არავინ უგვიანებს, პირიქით, დასწრებაზე არიან, მუჭამუჭა ხვეტავენ ყველაფერს, რასაც კი თავისი განთქმული ლაყუჩებიდან  ამოანთხევს.  ამას მოჰყვება ახლადგამოცემული წიგნის (ბუკლეტზე როგრ მოცდება) საზეიმო წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის, ანუ  პრეზენტაცია.  მერე იწყება  ალაფურშეტები, ქეიფები, საზეიმო აღნიშვნები,  და რა ვიცი, კიდევ რა. არც რეგიონებში საზეიმო გასვლებს დააკლებენ, რომელებიც  მამაპაპური  “ჯიგრიანი”  ქეიფებით სრულდება, ეს კი ლაყუჩებიანისთვის სწორედ რომ ბუნებრივი გარემოა,  ჭამაყლაპვა მაგის მოგონილია, ასეთ დროს თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში...  ჩვეულებრივ თევზზე არაა ლაპარაკი,  იმ თევზსაც განსაკუთრებით ფართო ლაყუჩები უნდა ჰქონოდა, რომელსაც მოქეიფე  “ლაყუჩებიანს’’  შეადარებდი.
      ერთი რამ კი მტკიცედ გადავწყვიტე ამ უსიამოვნო ფიქრებთან ჭიდილში, მეორე დღესვე ისევ ვწვეოდი ლაყუჩებიანს, კვლავ შემეღო მისი კაბინეტის კარები, ანუ კვლავ მეცადა ბედი, უკან დახევას არ ვაპირებდი.
          გათენდა მეორე დღეც, მეც მოვემზადე ლაყუჩებიანის კაბინეტის დასალაშქრად, როგორც წინა დღეს ჩავიფიქრე. ის ავადსახსენებელი ბუკლეტიც კი ჩავდე ჩანთაში და ისე გამოვედი სახლიდან. სულ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ქუჩაში გამოსულმა და მოულოდნელად გამახსენდა, რომ სწორედ იმ დღეს რაღაც სხვა გადაუდებელი საქმეც მქონდა.  რომ ჯობდა ჯერხნობით იმ საქმისთვის მიმეხედა, ლაუჩებიან კი ხვალ  მივაკითხავ, აუცილებლად მივაკითხავ...  აგერ აი ამ ბუკლეტსაც ხელს არ ვახლებ, სულ აღარ ამოვიღებ ჩანთიდან...
      გათენდა მომდევნო  დღეც, და მოხდა ის, რაც ალბათ უკვე იეჭვა ამ სტრიქონების მკითხველმა, სულ სხვა მხარეს გავუხვიე  ბუკლეტთან ერთად.
      ასე გაგრძელდა შემდგომ დღეებშიც, ვერა და ვერ გავიკვლიე გზა ჩემი ჩანაფიქრის აღსრულებისკენ, თითქოს რაღაც  მოჯადოებულ წრეში მოვექეციო. ყოველ დილით გამოვდიოდი სახლიდან, ავიღებდი გეზს  ნაცნობი მიმართულებით, ოციოდე  ნაბიჯის მერე შევჩერდებოდი, ცოტა ხანს ვიყოყმანებდი და მერე უკვე სულ სხვა მხარეს გავრბოდი....მართლა გავრბოდი, უკანმოუხედავად. ეს ყველაფერი კი ბოლოს იმით დასრულდა, რომ ერთ მშდღეს  ამოვიღე ჩანიდან ის ბედუკუღმართი ბუკლეტი, სადღაც მივმალე, თვალში რომ აღარ მომხვედროდა. ლაყუჩებიანის კაბინეტსაც ქვა და გუნდა მივაყარე...  გადატანითი მნიშვნელობით, რასაკვირველია.
      ....და იმის შემდეგ ერთ კითხვას ვუსვამ ხოლმე ჩემს თავს, როცა ეს ამბავი გამახსენდება; რატომ  ვეღარ  მივედი ლაყუჩებიანის კაბინეტთან, რა მიშლიდა ხელს.
    ერთადერთი რამ მახსენდება,  როცა ამაზე დავფიქრდები; რაღაც საშინელ ხასიათზე ვდგებოდი, როგორც კი იმ წყეულ გზას დავადგებოდი.  მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი, ყველაზე მეტად კი საკუთარი თავი.
      მაგრამ ყოველივე წამში შეიცვლებოდა, როგორც კი გეზს შევიცვლიდი, ანუ როცა აღმოვაჩენდი, რომ სწორედ იმ დღეს  რაღაც სხვა, ბავრად უფრო გადაუდებელი საქმე მქონდა და იქითკენ გავეშურებოდი.
      ასე მიჰყვნენ დღეები ერთმანეთს, ვერა და ვერ  მივაკითხე ლაყუჩებიანს,  ბუკლეტით თუ  უბუკლეტოდ.
      ამასობაში კი მიქელგაბრიელმა მიაკითხა ლაყუჩებიანს, ნამეტანი მოსვლოდა რომელიღაც დიდი ქეიფის დროს, ძალიან  ცუდად შექმნილიყო. დატრიალდნენ, რა არ სცადეს, არაფერი დააკლეს...აბა იმას რას დააკლებდნენ, სქელკედლებიანი  კაბინეტების ღმერთებს არასდროს არაფერი აკლიათ.  მერე ყვებოდნენ, ბევრი აწვალესო, ლაყუჩებითაც კი ათრიესო.  ვერც ამან გაჭრა, ვეღარ მოაბრუნეს უკან.
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები