ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2024


კიდევ ერთხელ ლაყუჩებიანთან

      არ ვიყავი მთლად მართალი, როცა ვამბობდი,  თითქოსდა  ვეღარ  მივაკითხე ლაყუჩებიანს. მე ისევ შევაღე მისი კაბინეტის კარი, ოღონდ უბუკლეტოდ, ანუ სულ სხვა მიზნით. ნამდვილად აღარ ვაპირებდო ჩემი მაღალნიჭიერებით თავის მოწონებას, ვიცოდი, სრულად  უაზრო მცდელობა იქნებოდა, ვერაფერს ვეწეოდი და თავსაც გავიმასხარავებდი.
    იმხანად ძალიან გაჭირდა ცხოვრება, ნაომარ თბილისში ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა, სრულიად მოიშალა ყველანაირი საზოგადოებრივ დაწესებულებათა ქსელი, არ ფუნქციონერებდა არც სოციალური სამსახური, არც სამედიცინო დაზღვევა, სრულიად არაფერი. დაფეთებული ადამიანები აქეთიქით აწყდებოდნენ, შველოდნენ თავის თავს, ვისაც როგორ შეეძლო. ზოგი სხვა ქვეყანაში გაიქცა  სამუშაოს და თავშესაფრის საძებნელად,  ზოგიც ალაგობრივ ჩალიჩობდა რაღაცას.
        მე რა შემეძლო?  რა უნდა მეკეთებინა, რით უნდა დავკავებულიყავი ამ ჯოჯოხეთში? ეჰ, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.  დიდ გასაჭირთან ბრძოლა  დიდ გამძლეობას  და ჯანს მოითხოვს,  მე კი ამით ნამდვილად ვრ დავიტრაბახებდი, წუნდაუდებელი  ჯანის პატრონი ნამდვილად არ ვყოფილვარ, სტენოკარდია განუშორებელი ჭირივით მდევდა თან.  მისი გადამკიდე საზღვარგარეთ ვერ წავიდოდი სამუშაოს საძებნელად.  ვერც ალაგობრივ შევებმებოდი რაიმე ფიზიკურ  სამუშაოს, ვინმეს მსახური ვერ გავხდებოდი, ჯანმრთელობა არ მომცემდა ამის უფლებას.    ერთადერთი ჯღაბნა შემეძლო, რაღაცრაღაცეებს ვაქვეყნებდი. მიბეჭდავდნენჟურნალები, რამდენიმე წიგნსაც მოვუყარე თავი. კიდევ ხატვა მიყვარდა. ეჰ, ეს უკვე სულ სხვა თემაა, ხატვაზე გეუბნებით...
        ბოლოს ბუტკაზე დავფიქრდი,    ბუტკაში დაჯდომას  მგონი შევძლებდი,  ჩემი სტენოკარდია ალბათ  მომცემდა ამის საშუალებას. მთელი თბილისი მოფენილი იყო ბუტკებით. დავჯდებოდი და ვივაჭრებდი, რთული მეცნიერება არაა,  უმარტივესი ანგარიში უნდა შეგეძლოს, სულ ესაა.
      გამოჩნდა ბუტკის მფლობელიც, შუამავალიც...ხანდახან გიმართლებს, დიდ ს კი ვიღაცა აღმოჩნდება შენს გვერდით. ცხადია, არც ის იქნება დიდად დალხინებული, მსგავსი მსგავსთან განისვენებსო, ნათქვამია. შუამავალმა დიდის  ამბით  გამიწია  მასთან რეკომენდაცია, ჩემი წიგნებიც კი აჩვენა.აბა, რა საჭირო იყო აქ წიგნები, მაინც ჩართო საქმეში.  ბუტკის მფლობელიც დაეთანხმა, წაგვიყვანა, გვაჩვენა  სარდაფის კედელში გამოჭრილი მომცრო  ფანჯარა. მის მიღმა რაღაცრაღაცეები ელაგა. ეს იყო ბუტკა,  შესასვლელი უკანა კედელში ჰქონდა,  ეზოსთან მიერთებული ვიწრო გვირაბის გავლით.
    - აი ამ ფანჯარასთან დაჯდები, - თქვა ბუტკის პატრონმა, - შესასვლელი უკანა კედელშია. . 
      შუამავალიც ხალისით ახმიანდა , საიმედო ბუტკააო, მამცნო, ქურდები  ამ ფანჯარაში ადვილად ვერ  შემოძვრებიან, ამდენად, ბევრს    ვერაფერს გამოგრჩებიან.თუ დაყაჩაღება მოგინდომეს,  მოასწრებ უკანა კარებში  გასხლტომასო.  სწორი იყო მისი ვარაუდი, გამოცდილება ჰქონდა ამ საქმეში.
      - დავჯდები, ვიმუშავებ, - ვთქვი მე. იმ წუთას ნამდვილად მჯეროდა საკუთარი სიტყვების.
      დიახ, მჯეროდა საკუთარი სიტყვების,  მართლა ვაპირებდი მეორე დღიდანვე შევდგომოდი ამ საქმეს...და ვერ შევუდექი.
        რატომ?
        დღემდე არ ვიცი კარგად.
          დავანებოთ იმას თავი, რომ ცოტა არ იყოს, ზარმაციც ვარ, სხვა სიკეთესთან ერთად...აქ ჩემი სუსტი ჯანმრთელობაც იგულისხმება. იმასაც  ნუ გამოვეკიდებით, რომ არ მიყვარს ის სიტყვა, რომელიც ასე  ჟღერს; ‘’ვაჭრობა.’’ ისიც დაუმატეთ, რომ არანაირი გამოცდილება არ მქონდა ამ საქმეში. ყოველივე  ამას  გადაახტები ადამიანი, როცა რაიმე ძალიან, ძალიან გჭირდება.
      სწორედაც რომ ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ  ერთი ფიქრიც მქონდა.
      მეტისმეტად მყიფეა და მერწევი ის ბილიკი, რომელზეც მხატვრულმა სიტყვამ უნდა  ფეხი მოიკიდოს. ძალიან მფრთხალია, სულ მცირე რამ მოისვრის გვერდზე. ისიც კვდება, მშობლიურ ბილიკს განშორებული. კვდება, რადგან მხატვრული სიტყვა ცოცხალია, მას სიცოცხლის ყველა ნიშანი გააჩნია...ეს უკვე სხვა თემაა, ამის ადგილი აქ არ არის.      ჰოდა, ვინ იცის რა მოხდება, თუ მე ვაჭრობას შევეჭიდე...მე ხომ არასდროს მივაჭრია,  არავითარი ჩვევა არ მაქვს ამ საქმეში. ნულიდან ვიწყებ ამ საქმეს, ჩემს სასიცოცხლო ენერგიას ალბათ სულ წაიღებს, რა დამრჩება ამ პატარა ეშმაკუნებისთვის, ანუ მხატვრული სიტყვისთვის?  ხომ ჩამაკვდება ხელში...
      თუმცა მოგვიანებით ალბათ შევეჩვევი, რამდენი გამოცდა მიბარებია, გავუძლებ მაგ გამოცდასაც.   
        ერთი საშიშროებაც არსებობს; იქნებ  ძალიან  ჩამითრიოს ამ საქმიანობამ,  რაღაც შეცვალოს ჩემში. ანუ ჩემს სიტყვას წაართვას ის ხასიათი, რაც მას სასიცოცხლო ენერგიას აძლევს.
      უნდა ვთქვა, ყველაზე მეტად სწორედ ამის მეშინოდა.
      ასეა თუ ისე, სხვა გზა არაა, უნდა მივიდე, უნდა დავჯდე ბუტკაში.
      ასე  ვფიქრობდი, მაგრამ.... ვფიქრობდი და მეტი არაფერი. 
      ვერ მივედი, ვერ დავჯექი იმ ბუტკაში, მორჩა და გათავდა.
      დაყნოსეს ეს ამბავი ვიღაცვიღაცეებმა, ცოტა არ იყოს, გაუკვირდათ,  თავს იფასებს თუ რაშია საქმეო.
      ერთი იყო მაინც, დამცინოდა და არც მალავდა ამას, მშიერი კვდება ეს საცოდავი, ხმელა პურიც  სანატრელი გახდომია  და ამ დროს ბუტკაში მუშაობაზე უარს აცხადებსო.
      არა, უარი არ განმიცხადებია, უბრალოდ არ...თუ ვერ მივედი იმ ბუტკამდე.
      ამ დროს ერთი ამბავი წამომეწია, ყური მოვკარი,  მწერალთა კავშირში დახმარებას იმ მწერლებსაც აძლევენ, რომლებიც მისი წევრები არ  არიანო. ეს შევარდნაძის იდეა იყო, ყველა დემოკრატიულ მთავრობებში, რომლებმაც კი თავზე გადაგვიარა, შევარდნაძე ყველაზე უფრო მეტად ზრუნავდა კულტურაზე.
        არჩევანის წინაშე დავდექი, რა ვიღონო, ბუტკაში დავჯდე თუ ლაყუჩებიანს მივაკითხო.
      ვიფიქრე, ვიფიქრე  და  ლაყუჩებიანთან ვიზიტი  გადავწყვიტე,  ანუ ორი  ჯოჯოხეთიდან ერთერთი ვარჩიე.         
      აღარც დამოყოვნებია,  უბუკლეტოდ მივადექი ცნობილ    კაბინეტს ...ბუკლეტი რა შავ ქვად მჭირდებოდა.
      შევედი  კაბინეტში, ლაყუჩებიანი სავარძელში დახვავებულიყო, ლაყუჩები კიდევ უფრო მეტად  გასვლოდა  განზე. თავს ძალიან, უწინდელზე  ბევრად უფრო მშვიდად ვგრძნობდი, არანაირი ბუკლეტი, არავითარი ტექსტები თუ ექსპრომტები.  აქედან გამომდინარე, აღარ მაწუხებდა კომპლექსები; ვაითუ არ  წაიკითხა, და თუ  წაიკითხა,  ვაითუ არ მოეწონოს. 
      - რა გნებავთ? - ჩამესმა ლაყუჩებიანის  შეკითხვა.
      მეც ავუხსენი, ვთქვი, რომ ყური მოვკარი, თურმე იმ მწერლებსაც ეხმარებით, კავშირის წევრები რომ არ არიან.  იქნებ რაიმე მეც მარგუნოთ, სწორედ ერთი იმათგანი ვარ.
      ზარი დარეკა ლაყუჩებიანმა, ვიღაც ხოზე მოიკითხა.
      გავიდა რამდენიმე წამი, ხოზედ წოდებული შემოვიდა.
        -  დარჩა რაიმე? - იკითხა  ლაყუჩებიანმა.
        - ფქვილის გარდა არაფერია, - იყო პასუხი.
        - ორი პარკი  გაატანე, -  ბრძანა  ლაყუჩებიანმა.
      გამიძღვა წინ ხოზე, დერეფანში შეაბიჯა, მეც მივყევი.  დერეფნის ბოლომდე მივედით. აქ დამიცადეო, მითხრა  ხოზემ და თვალს მიეფარა საიმედოდ შეჭედილი ფართო კარების მიღმა. მალე ისევ გამოჩნდა, თან  ორი პარკი ფქვილით მოჰქონდა.    გამოვართვი ის ორი პარკი, კარგა მოზრდილები იყო, სამსამი კილო ... დავადექი გზას შინისკენ, რა თქმა უნდა ფეხით, ტრანსპორტის ფული სად მქონდა.  მივდიოდი  გულში ჩახუტებული ფქვილის პარკებით და ვიყავი უბედნიერესი ადამიანი მთელი დედამიწის ზურგზე.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები