ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
6 ოქტომბერი, 2024


უპირატესობა

                                                                    ფანტასტიკა


                                                                    (გაგრძელება)

          ერთი მოკავშირეც ვიპივეთ ამ უთანასწორო ბრძოლაში: ბოტანიკოსი, მეტსახელად: „გვიმრა“. რაღაც ფანატიკურად იყო შეყვარებული გვიმრებზე; ძველისძველი, ნამარხი ფორმები აღადგინა, ასე ლაღად რომ შრიალებენ ჩვენს საცდელ სადგურში, ნაირნაირ ქიმერებით დასახლებულ გალიებს შორის და არქაულ - ფანტასტიკურ იერს აძლევენ აქაურობას. გვიმრა თვითონაც დაინტერესდა, მაგის სეირს გაყურებინებთო, მითხრა და მიუცოცდა ბიჭიკოს, ელაპარაკა იქაურზე, აქაურზე, მცენარეებზე, მერე გვიმრაზეც ჩამოუგდო სიტყვა. ბიჭიკომ სულმოუთქმელად ჩამოუთვალა ყველა სახეობა, რაც კი ოდესმე აღმოცენებულა დედამიწის ზურგზე: ნამარხი ფორმები, პირველადი სახე. მერე ეუსპორანგიუმიანი, ლეპტოსპორანგიუმიანი... დაწვრილებით დაახასიათა თითოეული მათგანი. გვიმრამ სამარცხვინოდ მიატოვა ბრძოლის ველი. მე და გენომ მისი საქციელი ერთსულოვნად დავგმეთ, მაგრამ როგორც შემდეგ შევიტყვეთ, ლეპტოსპორანგიუმიანი გვიმრების ათი ათასი სახეობა ყოფილა ცნობილი.  თითოეული სახეობის ამომწურავი დახასიათება თვით გვიმრისთვისაც ძნელი მოსალენებელი იქნებოდა.
        ერთიორჯერ კიდევ ვცადეთ ბედი, იქნებ რამეში გამოგვეჭირა, წონასწორობიდან გამოგვეყვანა. ამ მხრივაც ვერაფერი შევძელით, თავდაჭერაც სამაგალითო ჰქონდა. თანაც ზოგიერთ ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ისეთ რამეს გვეტყოდა ხოლმე, რაც ჩვენს ცნობარებში არ იყო. შემდეგ ირკვეოდა, რომ თურმე ეს უახლეს აღმოჩენა ყოფილა და ჯერ არ შეეტანათ. თურმე ფრთოსანი გველის გალიასთანაც რაღაც ამდაგვარი შენიშვნით გაუოცებია ჩვენი პროფესორი. ამ უკანასკნელმა გარემოებამ შემოწმების ყოველგვარი ხალისი დაგვიკარგა. ერთხელ და სამუდამოდ ვირწმუნეთ, რომ ბიჭიკო ნამდვილი სიბრძნის წყარო იყო.
            ერთხელ მაინც ვკითხე, თუ გსმენია რაიმე ნოქტიკულის შესახებ? მე თვითონ ძალიან მომწონდა ეს მანათობელი, პოეტური არსება, როცა ბიჭიკომ ფერმენტ ლუციფერაზას მესამე ნაირსახეობა დამიხასიათა, მხარზე მეგობრულად დავკარი ხელი და აღფრთოვანებულმა ვუთხარი, თქვენი სახით ბიოგენეტიკის ჰორიზონტზე იშვიათი სიდიდის ვარსკვლავი ამობრწყინდა. ბიჭიკოს თავი ბოლომდე ღირსეულად ეჭირა, სიხარულიც კი არ გამოუხატავს. ვცდილობ, რაც შემიძლიაო, - თავმდაბლად წაიბუტბუტა და ჩვენც სრულიად გულწრფელად ვაღიარეთ მისი ნამდვილი ზეადამიანური ბუნება, რაც ორგანულად იყო შერწყმული იშვიათ, გამორჩეულ ნიჭთან. ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდად სასიამოვნო იყო ჩვენთვის, მაგრამ შურის გრძნობა მის მიმართ ნამდვილად არ გაგვჩენია, შეუდარებლად მაღლა იდგა ჩვენზე, ფაქტები ჯიუტი იყო. მე და გენოს ერთად ჩაგვისვამდა ჯიბეში და ვინ იცის, იქებ ჩვენი ცმუტიაც მიეყოლებინა.
        ჰოდა, ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩავვარდებოდით მე და გენო, როცა გავიგეთ, გასაუბრებაზე ბიჭიკოსთან ერთად უნდა გავსულიყავით. შეუმჩნევკად მოახლოებულიყო ის დღე, როცა  ორივეს, ამ საცდელ სადგურში წლობით დაკონსერვებულებს ჩვენი სიტყვა უნდა გვეთქვა. მე და გენო მაშინვე ავბუზღუნდით, მართალია, გამორჩეული ნიჭის პატრონია, მაგრამ ხუთი წლის მაგივრად ხუთი თვე მეტისმეტია, დაცინვას ჰგავს. განსაკუთრებით გენო ცხარობდა, ისედაც ვერ იყო გუნებაზე; იმედი გაუცრუა წეროსფეხებიანმა მამალმა, ვერა და ვერ ასწავლა სიარული. ჯერ ჩვენსავით გაატაროს დრო ვირთხებსა და მაიმუნებს შორის, ხარისხზე კი მერე იფიქროს... მაგრამ ეს ბუზღუნი ბუზღუნად დარჩა. ვიცოდით, ცმუტია თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. იქნებ ეჩქარებოდა კიდეც ბიჭიკოს აქედან გასტუმრება; ჩვენც განკითხვის დღე გველოდა გამოცდის ნაცვლად.
დღეები კოშმარად იქცა.
          გვიან ღამემდე ვუჯექიფორმულებით სავსე უშველებელ;წიგნს. ვცდილობდი, იმისთვის მაინც მიმეღწია, მეტისმეტად შესამჩნევი არ ყოფილიყო ბიჭიკოს უპირატესობა, სასაცილო არ გამხდარიყო ჩემი პასუხი. რამით ძილის წინ ფრომულები ცეცხლოვანი ნიშნებივით მიტრიალებდნენ თვალწინ, უცნაურ კლაკნილებს და ღვარჭნილებს ქმნიდნენ; მათგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება  საძინებელი ტაბლეტების მიღება იყო.
            დავიძინებდი თუ არა,  ახლა თვით პროფესორი გამომეცხადებოდა მაღლა აქნეული ხელით. ირგვლივ ყველაფერი აუტანელი იყო; ფართო, ნათელი აუდიტორია, ნაცრისფრად შეღებილი დაბალი მერხების მწკრივ. მერხები თითქოს განგებ ისე იყო დამზადებული,  რაც შეიძლება ძლიერ მოხრილიყავი, დამალვით კი ვერსად დაიმალებოდი, ვერც შპარგალკას დამალავდი.        მწკრივის თავში მოზრდილი მაგიდა იდგა, მაგიდაზე საქაღალდე, კალამი, მინერალური წყლით სავსე ბოთლი; მკაფიოდ ვხედავდი პროფესორის უწამწამო მრგვალ თვალებს, ცხვირზე მეჭეჭებს, სიზმარმა მიმაქცევინა ყურადღება, თორემ მანამდე ვერ ვამჩნევდი. მესმოდა პროფესორის ბრაზიანი ხმა: „გაიხსენე, გაიხსენე...“ ვწვალობდი, ოფლად ვიღვრებოდი, მთელი მონდომებით ვცდილობდი რაღაცის გახსენებას, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებდი. „გაიხსენე!“ - სულ უფრო მრისხანედ ჟღერდა პროფესორის ხმა, მეც უფრო უარესად ვიტანჯებოდი, უფრო და უფრო მიპყრობდა უძლურებსი საზარელი შეგრძნება, გაქცევა მინდოდა, არც ეგ შემეძლო; ფეხები ტყვიასავით დამიმძიმდა.
    ბოლოს ერთი ძლიერი, კრუნჩხვისმაგვარი შეკრთომა... წამით  უფსკრულში ვარდნის შეგრძნება და. . . ვიღვიძებდი, ერთიანად ოფლში გაწურული და აკანკალებული. რამდენჯერმე ვნახე ეს კოშმარი და ყოველთვის აუტანელი სიცხადით ყოველთვის ერთნაირად და ვერცერთხელ მოვხვდი, რომ ყველაფერი ეს სიზმარში ხდებოდა და არა ცხადში. რის გახსენებას ცდილობს ჩემი ტვინი სიზმარში? ყველაზე მეტად იმის გახსენებას, რომ უკვე მინახავს ასეთი სიზმარი, რომ ესეც სიზმარია და მეტი არაფერი. ცხადში თუ მახსოვს, სიზმარში რატომ მავიწყდება? სიზმარშიც რომ შევძლბდე ამის გახსენებას, , მაშინ მოვიშორებდი ამ საზიზღარ მაჯლაჯუნას, როგორმე უნდა შევძლო, როგორმე უნდა გავარჩიო სიზმარი ცხადისაგან, თორემ მეტი აღარ შემიძლია. „დაიმახსოვრე, ახლა სიზმარს ნახავ და ცხადში ნუ გეგონება თავი - ჩავძახოდი ჩემს თვს ძილის წინ, მაგრამ აქედან არაფერი გამოდიოდა. მოვხუჭავდი თუ არა თვალს, მაშინვე ჩემს წინ პროფესორი აღიმართებოდა, ცამესმოდა: „გაიხსენე, გაიხსენე!“ და ყოველთვის ისევ ცხადში მეგონა თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები