ციხის ტერიტორიის დატოვებისას, საათს დახედა. იმ დრომდე, როცა მოედანზე აქციის ხალხის შეკრება დაიწყებოდა, ჯერ კიდე საათები იყო, დრო თავზე საყრელად რჩებოდა, თუ იმის მიხედვით იმსჯელებდა რომ ერთადერთი საქმე, რაც ჰქონდა, სახლში მისვლა და სააქციო “dresscode”_ ს დაკმაყოფილება იყო. რეალურად ამას არავინ თხოვდა, მაგრამ შინაგანად მოსწონდა როცა საზოგადოების წინაშე ისეთი ჩაცმული წარსდგებოდა ხოლმე, როგორი ჩაცმულობაც ყოველთვის მოსწონდა, ვისთვის ვულგარული, ვისთვის თავისუფალი, ვისთვის კი, რა დასამალია და მეძაური. მაგრამ ამ ყველაფერს იმდენად ცოტა დრო სჭირდებოდა, რომ გამოცვლიან-შხაპიან-მოწესრიგებიანად, ორი საათი მაინც რჩებოდა, ამიტომ გადაწყვიტა უახლოეს სკვერში კიდე ერთი სიგარეტი მოეწია, თვალები დაეხუჭა და კიდევ ერთი პერსონაჟი შეეყვანა 1989 წლის საპროტესტო აქციაზე. ძალიან დიდ ინტერესში ჩააგდო ამ პროცესმა, ფანტაზიაში, ძმაზე ჩატარებული ექსპერიმენტი მოსწონდა, ამიტომ ერთი სული ჰქონდა როდის გამოიგონებდა ახალ პერსონაჟს, თუმცა, მისდა სამწუხაროდ არ დასცალდა, სკვერის ძებნისას, ტელეფონმა დარეკა, რომლის ეკრანზეც პატიმარი ძმის სვირინგის მსგავსად ეწერა _ დედა! ლეამ იფიქრა, რომ დედას აინტერესებდა მიაწოდა თუ არა ძმას წიგნები, ლოგიკურად მიიჩნია ზარი, ამიტომ მშვიდად, აუღელვებლად უპასუხა. _ სად ხარ? _ იყო ტელეფონში ხმა, ხმა რომელიც აშკარად სხვა მიზანს ჰყავდა გაჩენილი, ეს არ იყო უბრალო და სინქრონული კითხვის საწყისი, არა, მეტიც, ამ ხმას საერთოდ არ ახსოვდა პატიმარი შვილი და წიგნები, ამ ხმას, რაღაც სხვა მიზნები ჰქონდა სამყაროსა და რაც ყველაზე მთავარია, ლეას მიმართ. _ ციხეში წიგნები შევაგზავნე და სახლში მივდივარ _ უპასუხა ლეამ. _ ათ წუთში, მოედანზე იყავი, კლინიკასთან. _ ლამის და კივილით აღმოთქვა დედამ და ტელეფონი გათიშა. _კლინიკაში? _ შეშინდა ლეა _ როგორც ჩანს რაღაც ცუდი მოხდა, აბა ისე კლინიკაში რატომ დაიბარებდა? ღმერთო, ნეტა სოფია ხომ კარგად არის? საზოგადოებრივი ტრანსპორტის დრო არ მაქვს, ტაქსიი... ტაქსიი... _ ხმამაღლა დაუძახა გამვლელ ტაქს, რომელიც ბოლომდე არც კი იყო გაჩერებული, როცა ლეამ კარი გამოუღო და შიგ ჩახტა. _ კარგად ხართ? _ იკითხა მაშინვე მძღოლმა, რადგან ლეას სახეზე ადამიანის ფერი აღარ ჰქონდა, გალურჯებლ ტუჩებზეც კი ეტყობოდა გულისცემა, მაჯები ლამის დაეხეთქა პულსის სისწრაფეს და მძღოლის კითხვაზე პასუხი, ცალსახა იყო. _ მოედანზე, კლინიკაში, სასწრაფოდ _ ამოთქვა ლეამ, ღვედი გადაიკრა და სიგარეტს უკითხავად მოუკიდა, ოღრაში მამაკაცივით. _ იქნებ რამით დაგეხმაროთ? _ გაბედა საუბარი გზაში მძღოლმა. _ დედამ დამირეკა, და მითხრა სასწრაფოდ მოდი კლინიკაშიო, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ გული არ მიგრძნობს კარგს, ასეთი შეშინებული არასოდეს ვყოფილვარ. _ არამგონია ნერვიულობის საბაბი გქონდეთ _ უთხრა მძღოლმა წუთიერი დუმილის შემდეგ. _ უადგილო დამშვიდება არ მჭირდება _ შეუტია ლეამ. _ სულაც არა! თქვენ ახლა გგონიათ რომ თქვენს რომელიმე ოჯახის წევრს შეემთხვა რამე, მაგრამ ფაქტია ცდებით, ასე რომ იყოს, საავადმყოფოში დაგიბარებდნენ და არა კლინიკაში, კლინიკა გამოკვლევებისთვის არის, რაც იმას ნიშნავს რომ ან დედათქვენს სჭირდება გამოკვლევა, ან თქვენ! მძღოლის სიტყვები ლოგიკური იყო, ცოტა დაამშვიდა ამან ლეა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა, მივიდნენ თუ არა მოედანზე, მანქანიდან ჩახტა, თვალი მიმოავლო გარემოს, დედა იპოვნა და წამსვე მასთან მიაჭრა. _ რა ხდება? მშვიდობა გვაქვს? _ იკითხა მაშინვე. _ შენ ვინღა ხარ? _ უპასუხა დედამ, რომელმაც მზერა გააცილა შვილს და ლეა მარტივად მიხვდა, რომ ვიღაც იდგა მის ზურგს უკან, ვიღაც ისეთი, ვის მიმართაც ეს კითხვა მიდიოდა. უკან მიიხედა, მაღალ-მაღალი ტაქსის მძღოლი პატარა ბავშვივით ატუზულიყო. _ გოგონა ძალიან ღელავდა, ამიტომ მინდოდა გამეგო რა ამბავს დაახვედრებდით, _ თქვა მან. _ ეს იმ ტაქსის მძღოლია, რომელმაც მომიყვანა _ წარადგინა ლეამ. _ როდის აქეთ არის რომ ტაქსებით დადიხარ? _ გაწყრა დედა. _ რახან ყველაფერი კარგად არის, მე დაგტოვებთ _ ისევ დარცხვენით თქვა მძღოლმა და მანქანისკენ წაიდა. _ გამაგებინე, მშვიდობა გვაქვს? _ გაიმეორა ლეამ თავდაპირველი კითხვა. _ მშვიდობას ჩემთან რა უნდა? _ ჩაილაპარაკა დედამ, გოგონას ხელი მყარად ჩაჰკიდა და კლინიკის შენობისკენ უხმოდ წაათრია. ლეას თვალში, დედის ქმედება, ითარგმნებოდა როგორც “cringe” მოსწონდა ეს სიტყვა, ქართულად მისი ერთსიტყვიანი ანალოგი ვერასოდეს მიაგნო, ამიტომ ხშირად იყენებდა საუბარში, და უფრო ხშირად ფიქრში, ახლა კი, დედა ნამდვილად ქრინჯობდა და ამ ქრინჯობის გადაფარვას, მიყოლით ცდილობდა ლეა. დედამ მეორე სართულს მიაშურა, პატარა კიბეები აიარეს თუ არა, მიადგნენ კაბინეტს, რომელსაც ვერცხლისფერ ფონზე, შავი ასოებით ეწერა, გინეკოლოგი. ოთახში სამედიცინო საწოლი იდგა, რომლის გვერდითაც ბუთქუნა მონიტორი იყო დადგმული. _ სად მომიყვანე? _ გაიკვირვა ლეამ. _ ზედა აიწიე და დაწექი _ თქვა დედამ და საწოლისკენ მიუთითა შვილს. _ ბოლოს და ბოლოს გამაგებინებ რა გვინდა აქ? _ ლეას შინაგანში წამოწყებულ ომში, სადაც ბრაზი და ინტერესი ებრძოდნენ ერთმანეთს, აშკარად ინტერესი იმარჯვებდა. _ ზედა აიწიე და დაწექითქო, ახლავე _ ბოლო ხმაზე იკივლა დედამ. შერცხვა ლეას, ჯერ ექიმს გახედა, მერე ჩანთიდან თავსაფარი ამოიღო, დილას რომ საგანგებოდ წამოიღო ეკლესიისთვის, კაბის შიგნიდან შემოიხვია, ასეთ მდგომარეობაში თამამად აიწია ერთიანი კაბა და დედის ბრძანების მიხედვით, მისთვის გამზადებულ ალაგზე წამოწვა. ექიმმა ჯერ ცივი, ბლანტი მასა წაუსვა მუცელზე, მერე კი კომპიუტერის თაგვის მსგავსი საგანი ჩააჭირა და მონიტორს დააკვირდა. _ ყველაფერი წესრიგშია _ დაიწყო საუბარი ოციოდ წამის მერე. _ მცირე რაოდენობის კისტა ჩანს, თუმცა ნაყოფი არა, მითუმეტეს რამდენიმე თვის? გამორიცხულია. _ კატეგორიული იყო ექიმი. _ მადლობა ღმერთს _ თქვა დედამ და პირჯვარი გადაიწერა. _ ამიხსნი საერთოდ რა ხდება აქ? _ ნერვების დამორჩილება უჭირდა ლეას უკვე. _ მთელი კორპუსი იმას ლაპარაკობს, რომ დღე-დღეზე მუცელი დაგეტყობა, მაგრამ არაუშავს, ძირში ამოვგლეჯ ყველას ენას. _ უბრალოდ რომ გეკითხა? _ განრისხდა ლეა, ფეხზე წამოდგა, თავი მოიწესრიგა და უხეშად, ყოველგვარი დამშვიდობებისა და მისი მსგავსი ჟესტის გარეშე დატოვა ექიმის ოთახი. არ გაჰყოლია დედა, რაღაც მხრივ, ისიც ხვდებოდა რომ ამჯერად ზედმეტი მოუვიდა, ეგეც რომ არა, მისთვის მთავარი ის ფაქტი იყო, რომ მოლოდინები არაკანონიერ შვილისშვილზე, ფუჭი აღმოჩნდა, რაც შეეხება ლეასა და მის ბრაზს, _ ეგ არაფერი, მოშივდება და შემოირიგებს! როგორც იქნა მოსაღამოვდა, თეატრის კიბეზე იჯდა ლეა, ბრაზის გამო ამჯერად ბევრად უფრო გამომწვევად ჩაცმული, გარშემო ასობით მომიტინგე ფუსფუსებდა, ზოგი დრო და დრო მიკროფონს მოიმარჯვებდა და სიტყვით გამოდიოდა. არაფერი ესმოდა ლეას, მისი გონება სხვაგან იყო, წყენასა და ბრაზში, მოშლილ ნერვებსა და აშლილ ფსიქიკაში, წამიერად მოფხიზლდებოდა, ხალხს შეათვალიერებდა, შურისძიების მიზნით, ახალი პარტნიორის პოვნასა და მოწონებას ცდილობდა, თუმცა არც გულსა და არც გონებას, არავინ მოსწონდა ამ დონეზე, მერე ისევ ითიშებოდა, ბრაზს ნებდებოდა, გამოფხიზლდებოდა და ამჯერად გოგონების თვალიერებას აგრძელებდა, აქ უფრო რთულად იყო საქმე, არჩევანი დიდი იყო, თუმცა გამბედაობა, კრახისთვის განწირული შეთავაზების გასაკეთებლად, არსებულზე ბევრად დიდი დოზით იყო საჭირო, თუმცა არც მისი მოკრება იქნებოდა შეუძლებელი, ფიქრებში სურვილსაც რომ ტოლსწორი ადგილი ჰქონოდა დაკავებული. _ რა მოგივიდა? _ შეეკითხა ბოლოს და ბოლოს ვიღაც! საერთოდ არ უფიქრია ლეას იმაზე, უნდა განდობოდა თუ არა კითხვის დამსმელს, უბრალოდ და უფიქრალად, ადგა და დეტალებში მოჰყვა მიზეზს. _ რა გიკვირს? ტიპიური მშობლის საქციელია. _ კარგი რა! _ შეიცხადა ლეამ. _ ასეა ასე, აბა წარმოიდგინე შენ რომ მშობელი გერქვას, და გაიგო რომ შენი 15 წლის გოგონა, რომელიც არაჩვეულებრივად სწავლობდა სკოლაში, საქმროსთან ერთად გაიპარა ოჯახის შექმნის მიზნით. _ რას ამბობ გაგიჟდი? _ არა, არ გავგიჟებულვარ, უბრალოდ გიხსნი, რომ რამდენად რთული და მიუღებელიც იქნება შენთვის ეს ქმედება, იმდენადვე რთულია შენი მშობლისთვის, რომ გაგიგოს, ასე რომ შეეცადე ბრაზი დაივიწყო და აქციას გონებითაც შემოუერთდე! 15 წლის? _ ჩაფიქრდა ამაზე, _ მაინც რატომ არსებობს ამოდენა დისტანცია შვილებსა და მშობლებს შორის? თუმცა აი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, როგორც ჩანს არც ისე ცუდად იღებს მშობლის კონტროლს. _ მეგობრებო _ წამოიწყო მიმართვა _ მე სახლში მშობელი მელოდება, რომელიც არ მინდა ვანერვიულო, შევხვდებით ხვალ! არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს... სიამოვნებით ვითრევდი ახლა ამ გოგონას თმებით _ გაიფიქრა ლეამ, მაგრამ ფიქრი იმდენად მძაფრი იყო, რომ არც არაფერი აკლდა განხორციელებას და განახორციელებდა კიდეც, რომ არა იმ რეალობის გააზრება, რა სახითაც ეს ქმედება სოციალურ სივრცეებში აისახებოდა. _ დაშლისკენ მოგვიწოდებს? _ იკითხა ვიღაცამ უკნიდან! _ როგორც ჩანს _ იყო პასუხი _ შეეშვით, აშკარად მოსყიდულია, თანაც უკვე მიდის. _ ან მოსყიდული, ან დებილი _ საუბარში ჩაერია ლეაც და ამ ჩარევამ, საბოლოოდ აგრძნობინა, რომ უკვე, როგორც იქნა, გონებითაც დაუბრუნდა აქციას. _ წუთი-წუთზე კონცერტი დამთავრდება _ წამოიძახა ვიღაცამ, არ გინდათ სირცხვილის დერეფანი მოვუწყოთ გამომსვლელებს? _ მოვუწყოთ, მოვუწყოთ _ იყო პასუხი. თეატრისკენ შებრუნდა ყველა, გამოსასვლელთან მოზრდილი სირცხვილის კორიდორი მოეწყო, ერთადერთი, ვინც მთავარი შესასვლელიდან გამოვიდა, ორმოცდაათს მიტანებული ქალი იყო. _ ხვდებით საერთოდ რას აკეთებთ? _ იკითხა მან! _ ვიღაც უნიჭო პიანისტს ვუწყობთ სირცხვილის დერეფანს ქალბატონო _ მიურაკრაკა ლეამ. _ ვინ არის უნიჭო? _ გაეცინა ქალს. _ ვინ და ყველა, ვისაც ხელოვნება დაზეპირებული აქვს, თორე ნამდვილი ხელოვანი, ყოველთვის უნდა მეთაურობდეს ცვლილებების მოთხოვნით გაჯერებულ ახალგაზრულ აქციებს _ უპასუხა ამჯერად. მერე კარს გახედა, აშკარა იყო, ჯერჯერობით მაინც არ აპირებდა ხალხი გამოსვლას და ისევ მიუბრუნდა მოსაუბრეს. _ სამოციან წლებში, ბიტ თაობა, ჰენდრიქსი და ფლოიდები, რომელი ერთი ჩამოგითვალო? ყველას აღელვებდა სამშობლო და იცი რა შექმნეს? ამერიკა ქალბატონო, ამერიკა შექმნეს, ისეთი, როგორსაც ვხედავთ ასე შორიდან! _ ვინ გიწამლავთ ტვინს? _ ჩაილაპარაკა ქალმა და წავიდა. _ უკნიდან აპარებენ ხალხს! _ დაიყვირა ქვემოდან ვიღაცამ. _ გააპარონ, გააპარონ, იგრძნონ რომ თავი არ აქვთ გამოსაყოფი. _ იყო პასუხი და აქციის ხალხი, შორიდან უყურებდნენ, როგორ ჩუმად გამოდიოდნენ მერიის თანამშრომლები და პარტიული სამოქალაქო პირები, ვიღაც უნიჭო პიანისტის კონცერტიდან. იმ საღამოს, უფრო საინტერესო არაფერი მომხდარა, ნელ-ნელა დაიშალა ხალხიც, შინ წავიდა ლეაც, შევიდა, მოწესრიგდა და როგორც იქნა, მიეცა შანსი საკუთარი წარმოსახვით ისევ დაბრუნებულიყო ათას ცხრაას ოთხმოცდა ცხრაში, ამჯერად შალში გახვეულ დედას დააკვირდა, დედას, რომელიც არც სვამდა, არც ეწეოდა, უბრალოდ იჯდა, შიმშილობდა და დრო და დრო პირჯვარს იწერდა, პირჯვრის მიზეზი, ან შიში იყო, ან ვედრება, თუმცა სულერთია, ეს კადრი შორიდან, ნამდვილად ემოციური და ლამაზი ჩანდა. ასე უყურა ცოტა ხანს ამ სილამაზეს, ბევრნაირად სცადა განვითარება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ბოლოს, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, მოიცვა ისევ ჯინსი, გრძელ, ნაქსოვ კაბაზე და დედას გვერდით მიუჯდა. _ რა არის ახალი? _ ჰკითხა მისვლისთანავე. _ როდიონოვია ჩამოსული _ უპასუხა მან. _ აქციის დაშლას აპირებს, თუმცა როგორც ვიცით, ძალისმიერი მეთოდის გამოყენების უფლება არ აქვს. _ აბა სხვაგვარად როგორ დაგვშლის? _ უკვირს ლეას. _ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. სწორედ ამ დროს ახმაურდა ხალხი. სწორედ ამ დროს ჩამოიარა აღელვებულმა ტარომ. _ რა ხდება ტარო? _ მიაყოლა ლეამ კითხვა, ასე იყო თუ ისე, მის მიერ გამოგონილ ტაროს უკვე საკმაოდ კარგად იცნობდა. _ პატრიარქმა დაშლისკენ მოგვიწოდა, ჩვენ კი უარი ვუთხარით, ახლა დაშლა დანებებას ნიშნავს ხომ ხვდებით? ეს არ უნდა ეკადრებინა, ცეცხლი მიკიდია გულზე! _ გესმის? _ გადაულაპარაკა ამჯერად დედას. _ რა უნდა ვქნათ? _ საშინელებაა, საშინელება _ კანკალებს დედა. _ როგორ ფიქრობ? უნდა დავიშალოთ? _ გამორიცხულია, ახლა დაშლა, დანებების ტოლფასია, ახლა დაშლა, ქვეყნის მომავალს კარგს არაფერს უქადის. _ დაშლას ვინ გეუბნებათ, ქაშვეთთან ვილოცოთო თქვა ადამიანმა _ მოაძახა „გოგონებს“ ბრაზიანად ჩავლილმა ძმამ, რომელსაც ხელში შნაფსი ეჭირა და ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას ქაშვეთისკენ. _ რა ვქნათ? _ ისევ ჰკითხა ლეას დედამ. _ რა უნდა ვქნათ? თუ დარბევა უნდათ, ქაშვეთთანაც დაგვარბევენ. _ ვიღაცას უთქვამს, შენობაში შეჭრას აპირებენო _ ამბავი მოიტანა ტარომ, რომელიც ქოშინით დადიოდა აქეთ-იქეთ. _ რა სისულელეა _ გამოეპასუხა დედა! _ ვიცი რომ სისულელეა, მაგრამ როდიონოვამდე ეს ხმა არის მისული. _ ვინ მიუტანდა როდიონოვს ამ აფსურდს? _ გაიკვირვა ლეამ. _ არ ვიცი, იქნებ ის, ვინც ორასზე მეტი წერილი გაუგზავნა გორბაჩოვს. _ უპასუხა ტარომ. _ რა წერილები? _ ინტერესი ინტერესზე ემატებოდა ლეას. _ გაფრთხილების წერილები, _ ამჯერად დედა ჩაერთო საუბარში. _ რომლებიც ერთგვარი დსმენა იყო საინიციატივო ჯგუფისა, რომლებიც საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყვანას ცდილობდნენ. _ საშიში სიჩუმეა _ თემა შეცვალა ტარომ. მართლაც საშიში სიჩუმე იყო, მხოლოდ ალაგ-ალაგ ისმოდა ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმა, დაბნეული ხალხი აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს, რაღაცას ეძებდა, ან ვიღაცას, შიში ნელ-ნელა ისადგურებდა, ენთუზიაზმს ნელ-ნელა ამარცხებდა შიში. სიჩუმის ძალა ლეამაც იგრძნო, მიუხედავად იმისა რომ ყოველივე მის წარმოსახვაში ხდებოდა, მაინც ეუცხოვა და ეხამუშა ეს გრძნობა, მიუხედავად იმისა რომ დეტალურად იცოდა როდის რა მოხდებოდა, ეს შიში მაინც შემოვიდა მასში, მანაც დაიწყო თვალების ცეცება, მანაც დაიწყო ხსნის ძიება, არა, ახლა რაღაც უნდა მომხდარიყო, ვიღაცას უნდა აეღო საკუთარ თავზე სიჩუმესთან ბრძოლა, ვიღაცას ერთი-ერთზე უნდა გამოეწვია სიჩუმე და მთელი აქციის თვალწინ ბეჭებზე უნდა დაეგდო, და რაც მთავარია, ეს ძალიან მალე უნდა მომხდარიყო, წუთი-წუთზე, ან წამი წამზე. და აჰა, როგორც იქნა, აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა მიკროფონი მოიმარჯვა, და ლოცვა დაიწყო. როგორ მოუსწრო... სულზე მოუსწრო, ხელით ყელში წვდა დუმილს და ააღრიალა. _ მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა... _ გუგუნებდა ასიათასზე მეტი ხმა. _ წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი _ ლოცულობდა დედა და ტაროც. ხოლო ლეა, ლოცვის წამომწყებს აკვირდებოდა, დარწმუნებული იყო, რომ სადღაც სხვაგანაც ენახა ის, მაგრამ სად _ ვერაფრით იხსენებდა. _ ბოდიში, ახლავე დავბუნდები _ გადაულაპარაკა უცებ დედას, და ისე გამოიქცა აქციიდან, აშკარა იყო, რომ რაღაც გაახსენდა და ახლა გადამოწმებას აპირებდა. დროის მანქანით მოგზაურობას გავდა მისი ქმედებები, წუთების წინ 89 წლის აქციაზე იყო, ახლა კი სამკამერიან აიფონში წერდა იმ აქციის ლიდერის სახელს, რომელმაც საჭირო დროს წამოიწყო ლოცვა. დიახ, ის არის, 1991 წელი, ის ისევ აქციაზეა, ხალხი ისევ მის გარშემოა, ისევ ტაშს უკრავს იგივე ხალხი, ამჯერად პრეზიდენტს ერჩის, მშიშარასა და ქვეყნის მოღალატეს უწოდებს, ეუბნება რომ გადადგეს, სწორედ იმ პრეზიდენტს რომლის გვერდითაც ორი წლის წინ იდგა, ხალხიც მხარს უჭერს, ქუხს ხალხის ტაში, იგივე ხალხის რომლებიც ორი წლის წინ... _ მაშინ სხვა სულისკვეთება იყო _ ჩაილაპარაკა ლეამ, მერე გაეცინა, გაეცინა გულიანად და ამ სიცილს გამოჰყვა სწორედ საკუთარ დროში, რომელშიც იყო ღამე და ჰქონდა საწოლი, რომელსაც ტრანსპორტად იყენებდა სიზმრის სამყარომდე მისასვლელად, ფონად ყოველთვის ინდუისტური მანტრა იყო, ჭერზე კი, პატარა კოსმონავტი კოსმოსის ფერებს ანათებდა ხოლმე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. 89 24 რთული თემა და ძნელად დასაწერი, ეს ნაწილი ემოციურად სუსტია. 89 24 რთული თემა და ძნელად დასაწერი, ეს ნაწილი ემოციურად სუსტია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|