 | ავტორი: დაკარგული ჟანრი: პროზა 9 ოქტომბერი, 2024 |
ამაღლებული გორაკიდან ხელისგულივით მოჩანდა ქალაქი, რომელსაც შუადღის ხვატის შემდეგ, საღამოს ხავერდოვანი ნიავის წყალობით, ოდნავ მოეთქვა სული. მისუსტებული მზე ჰორიზონტისკენ მიიწევდა. ზღვის შუაგულში მკვეთრად ისახებოდა კლდეებისა და პორტიდან გამავალი გემების კონტურები. ტყუილად არ უწოდებდნენ ბეირუთს კონტრასტების ქალაქს. აქ, თანამედროვე მრავალსართულიანი აპარტამენტების გვერდით, მშვიდად იწონებდნენ თავს მრავალსაუკუნოვანი ნაგებობები. ფინიკიელების, რომაელების, ბიზანტიელებისა და ოსმანური იმპერიის ბატონობის პერიოდში აგებულ ძეგლებს წარუშლელი კვალი დაეტოვებინათ ქალაქის არქიტექტურაში რითაც ბეირუთს "მარადიული ქალაქის" კოლორიტს სძენდნენ.
გარეუბნის პარკში, სკამზე მჯდომი, უნებლიედ ვადევნებდი თვალს ერთად მოთამაშე რამდენიმე ბიჭუნას. ომობანას თამაშობდნენ. სათამაშო თოფები ერთმანეთისკენ მოეღერებინათ. ამღვრეულ თვალებში ერთდროულად გამოესახათ შიში, ხმაში კი აგრესია შეჰპარვოდათ. ალბათ სხვა არჩევანი არ დაუტოვა ჩვენს შვილებს გაუთავებელმა ომებმა, ანარქიამ, სისხლისღვრამ,-გავიფიქრე უნებლიედ,- არ ვიცი, რამდენად ჰქონდა სიმშვიდის შანსი ქვეყანას, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ბატონობიდან თავისდაღწევის შემდეგ, სისხლით მოპოვებული თავისუფლება ძალიან ძვირი დაუჯდა: ბოლო წლებში ხომ ქვეყანაში ზედიზედ ორჯერ გაჩაღდა ძმათამკვლელი ომი, როლებსაც 200 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ქალაქს ჯერაც ვერ ჩამოერეცხა ამ ომის სისხლი, ნანგრევები არცთუ ძველი ჭრილობების სახით შემორჩენილიყვნენ ალაგ-ალაგ. ქრისტიანულ და მუსულმანურ მოსახლეობებს შორის ძალაუფლების დასაბალანსებლად ამოქმედდა მსოფლიოში ერთადერთი "ნაციონალური პაქტი", რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტი შესაძლებელი იყო ყოფილიყო მხოლოდ ქრისტიან-მარონიტი, პრემიერი - სუნიტი მუსულმანი, სპიკერი - შიიტი მუსულმანი, აგრეთვე მთავრობაში ქრისტიანები და მუსულმანები თანაბარი რაოდენობით უნდა ყოფილიყვნენ. იმისთვის, რომ გარეშე ძალების გეოპოლიტიკური ინტერესები ურთიერთსაწინააღმდეგო და უკომპრომისო იყო, უნდა ეზღო ომებით, ტერორით, სისხლისღვრებით უდანაშაულო მოსახლეობას, ქალებს ,ბავშვებს! გაუთავებელ ომებს სამარადჟამოდ უნდა დაედო დაღი მომავალ თაობებზე!
იქვე მდგომი ჩემი მანქანის საბარგულიდან ბურთი ამოვიღე. შარვლის ტოტები ავიკეცე. ბავშვებს მეგობრულად მოვუხმე ჩემკენ სათამაშოდ. დარწუნდნენ რა ჩემს მათდამი კეთილგანწყობაში, ოდნავი შეყოყმანების შემდეგ, გამოეშურნენ ჩემკენ. - ვითამაშოთ კალათბურთი? -ვკითხე. - რატომაც არა! ვითამაშოთ!-მიპასუხეს მხიარულად. კალათბურთის თამაშში მშვენივრად ამყვნენ. ორიოდ წუთში სათამაშო მოედანი დაღლილმა დავტოვე ქოშინით. კვლავ იქვე მდგომი სკამზე ჩამოვჯექი. ბავშვები ისევ განაგრძობდნენ ჩემს მიერ ნაჩუქარი ბურთით თამაშს. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი მათ. არა, ახლა გაცილებით უფრო ლაღები ჩანდნენ, ვიდრე რამდენიმე წუთის წინ- ომობანას თამაშისას! გამეღიმა...
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხავ, რომ გახსოვვარ მადლობა მუხავ, რომ გახსოვვარ
1. შე მართლა დაკარგულო, სად იყავი, ან სად ხარ, ძალიან გამიხარდა ახლა შენი ნახვა, მახსოვს წინა ნაწარმოებები, რას ერჩოდი, რად წაგიშლია. "გზა ჯვარედინი"- კარგი სათაურია, შინაარსი, აზრი და სიღრმე საინტერესო იქნება, ამიტომ მოგყვები და წავიკითხავ გაგრძელებას... აღარ მიატოვო ურაკი. კარგი ადამიანი ხარ და კარგი მწერალი. შე მართლა დაკარგულო, სად იყავი, ან სად ხარ, ძალიან გამიხარდა ახლა შენი ნახვა, მახსოვს წინა ნაწარმოებები, რას ერჩოდი, რად წაგიშლია. "გზა ჯვარედინი"- კარგი სათაურია, შინაარსი, აზრი და სიღრმე საინტერესო იქნება, ამიტომ მოგყვები და წავიკითხავ გაგრძელებას... აღარ მიატოვო ურაკი. კარგი ადამიანი ხარ და კარგი მწერალი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|