| ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: იუმორისტული 4 ნოემბერი, 2024 |
ქალაქის განაპირას ორი ეშმაკი შეხვდა ერთმანეთს. რიბირაბო იყო, ცისკიდურს ისის იყო მიწვდა დღის სინათლის ვიწრო მნათი ზოლი. ეშმაკები ცაში მოფრინავდნენ, ორივეს გუდურები მოჰქონდა კლანჭებით. როგორც კი დაბლა დაეშვნენ, ეშმაკებმა კლანჭები შეუშვეს გუდურებს, მიწაზე დადეს. აღმოჩნდა, რომ ერთი გუდურა ბევრად დიდი იყო მეორეზე. ეშმაკებმა ერთმანეთი ყურადღებით შეათვალიერეს, გუდურებსაც დაასვეს ჭოტივით მრგვალი თვალები. - რა გაქვს მაგ გუდაში? - იკითხა უფრო მოზრდილგუდიანმა, თან განუწყვეტლივ ცმუკავდა, ჩლიქებს ასფალტზე აბაკუნებდა. ჩანს რაღაც ეშმაკობა ამოეღო მიზანში. - რა უნდა მქონდეს, ადამიანების სულებია, - უპასუხა მომცრო გუდიანმა, - ამ ღამით არც ისე ცოტამ განუტევა სული ამ ქალაქში. შენც ალბათ ადამიანების სულები გექნება მაგ გუდაში, სხვა რა უნდა იყოს. - აი ეს კი შეგეშალა,- გაიღრიჭა ეშმაკი და ჭოტივით მრგვალი თვალებიდან ფოსფორისებური ელვა გადმოაფრქვია. - რა შემეშალა? - ჩემი გუდა გარდაცვლილთა სულებით არაა სავსე. - სულებით არაა სავსეო ამბობ... - ზუსტად ასე ვამბობ, ჩემს გუდაში სულების ჭაჭანებაც არაა. -ბარემ ისიც თქვი, რითია შენი გუდა სავსე. -ჩემს გუდაში საარჩევნო ხმებია. - რაო, რა თქვი? საარჩევნო ხმები?. - ჰო, ჰო, ახლა ამ ქალაქში არჩევნებია. მომცროგუდიანი ძალიან გაოცდა, ჭოტივით მრგვალი თვალები ლამის ბუდეებიდან გადმოუცოცდა, ერთხანს ხმაც კი ვერ დაძრა. რაც შეეხება დიდ გუდიანს, სრულ ნეტარებაში იყო, მოახერხა და ეშმაკობით წყობიდან გამოიყვანა მეორე ეშმაკი. უნდა ითქვას, ეშმაკებისთვის ამაზე სასიხარულო არაფერია. როგორც იქნა, მომცროგუდიანი გონს მოვიდა და კვლავ მან წამოიწყო ლაპარაკი. ნამდვილად ბევრი რამ ჰქონდა გასარკვევი. - რაღაც ამდაგვარს ამასწინათ მეც მოვკარი ყური, ხმების და სულების მიტან მოტანაო, როკაპი ყბედობდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, დაუჯერებლად მომეჩვენა. - რა რის აქ დაუჯერებელი. ხმები და სულები უცხონი არ არიან ერთმანეთისთვის, მხარდამხარ მიმოდიან. - ...და შენც მხოლოდ ხმებს უსაფრდები, სულებს კლანჭებსშუა გაატარებ... - სხვანაირად არაფერი გამოვა, ორივეს ვერ ჩავავლებ. - ბელზებელი თუა საქმის კურსში? - შენი აზრით, მას რაიმე დაემალება? - ცხადია, არა... - ჰოდა, რაღას მეკითხები. ამ დიალოგს სიჩუმე მოჰყვა, ბელზებელის ხსენებამ თითქოს ლაპარაკის იშტა დაუკარგა ეშმაკებს, ირგვლივ მიმოიხედეს, ყურს ხომ არავინ გვიგდებსო. სულიერთაგან არავინ ჭაჭანებდა ახლომახლო, მათაც კვლავ გააგრძელეს მუსაიფი. - ასე როგორ გაბერე ეს გუდა, საცაა გასკდება,- მომცროგუდიანმა იკითხა. იგი მოშურნე თვალს ვერ აშორებდა მართლაც გასკდომამდე გაბერილ გუდას. - ადამიანი ერთხელ კვდება, სულიც ერთხელ ამოსდის, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას კი ვინ იცის, რამდენჯერ ასწრებს. ჰოდა ჩემი გუდაც გაიბერა. - მეც გამიგია რააცრაღაცეები არჩევნების თაობაზე, - მომცროგუდიანი აშკარად ცდილობდა, მთალად არიფად არ წარმოჩენილიყო, -კარგად ვიცი, თუ როგორ უყვართ ადამიანებს არჩევნებზე სიარული. - ნუღარ იტყვი. - ნეტავი რა უნდა ეკეთებინათ, არჩევნებზე თუ არ ივლიდნენ? - მართლაც ძნელი წარმოსადგენია. - სულ საარჩევნო ხმების თვლაში არიანო, გამიგონია. - კი, მაგ საქმეში ძალიან გაიწაფნენ - თურმე საიქიოდანაც კი იძახებენ ხმებს. - ნაღდად ასეა... - ბელზებელს ეს ალბათ დიდად არ მოწონს. ...საიქიოს თაობაზე ვამბობ. - პირიქით, არაფერი აქვს საწინააღმდეგო. ყველას დიდი სიამოვნებით ეხმარება, ძველთუძველეს ხმებს ამოქექავს ხოლმე თავისი სამკაპით. მომცროგუდიანს კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა, ეტყობოდა ძალიან დააინტერესა საიქიოს ხმების ჩხრეკამ, მაგრამ სწორედ ამ დროს მზის პირველი სხივი ამოსხლტა ცისკიდურის მიღმიდან, განთიადი იწყებოდა. - დროა! - ერთხმად თქვეს ეშმაკებმა და კლანჭებით თავიანთ გუდებს ჩააფრინდნენ. ორივე ერთად მოწყდა მიწას. მაშინვე გაუჩინარდნენ, როგორც კი ჰაერში აიჭრნენ. მათი გუდები ერთხანს კიდევ ჩანდა, ერთი მომცრო, მეორე უფრო მოზრდილი. მერე ისინიც გაქრნენ.
* * *
არც ისე დიდი დრო გავიდა ამ შეხვედრიდან... ჰა და ჰა, მთვარე სამჯერ თუ მოსწრებდა შეცვლას, ეშმაკები უთენია დილით კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ქალაქის განაპირას. ერთ მათგანს ახლაც მომცრო გუდა მოჰქონდა, მეორეს უკვე ორი მოზრდილი გუდა ჩაებღუჯა კლანჭებით. ის მაშინვე შეეხმიანა მომცროგუდიანს. - ალბათ ახლაც გარდაცვლილთ სულები გაქვს მაგ გუდაში,-თქვა მან. აბა სხვა რა უნდა მქონდეს... - მე ისევ საარჩევნო ხმებს მოვუყარე თავი. - ეჭვიც არ მეპარება. - დრო ტყუილად არ დამიკარგავს, კიდევ ერთი გუდის დამატება დამჭირდა. - ვხედავ. - ზოგიერთი ხმა გადავყარე. - რატომ? - არ ჩაეტია ამ გუდებში. - აფსუს. - სამაგიეროდ, რაც ჩაეტია, ნაღდი საქონელია. - ეტყობა კიდეც სუნზე... ამისთანა სიმყრალე ჯოჯოხეთშიც არ მინახავს. - ბელზებელი კმაყოფილი დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მომცროგუდიანი რაღაცას ფიქრობდა, მერე ცხადად გაამჟღავნა ნაფიქრი; - მეც უნდა მოვკიდო მაგ საქმეს ხელი, - რა საქმეს? - საარჩევნო ხმების ბიზნესს... - არც იფიქრო,- შეიცხადა მოზრდილგუდიანმა. - ვითომ რატომ? - ყველა ამას აპირებს, რომელ ეშმაკსაც გადავეყარე. - მერედა რაო? - ვინღა გარეკავს ცოდვილ სულებს ჯოჯოხეთისკენ, თუ ყველა საარჩევნო ხმების გამოეკიდა. - ეგ სულ აღარ მანაღვლებს. - როგორ შეიძლება საერთო საქმის ასეთი ღალატი. - შენ თუ უღალატე, ვითომ ჩემთვის რატომ არ შეიძლება.. - მე სხვა ვარ. - ვითომ რატომ? - თვითონ ბელზებელმა ამირჩია და იმიტომ. - ნუ ტრაბახობ, შემთხვევით მოჰყევი კლანჭებში, ვიღაცისთვის ხომ უნდა დაევალებინა ეს საქმე. -თავი ხომ კარგად გავართვი, ბელზებელი კმაყოფილია... ცოტა ხნით ისევ გაჩუმდნენ, ბელზებელის ხსენება მათზე უცნაურად მოქმედებდა. ორივე ჩუმდებოდა წინასწარ შეანხმებულივით, თან თვალების ცეცებას მოჰყვებოდნენ ხოლმე. მერე ისევ მომცროგუდიანი ალაპარკდა; - ანგელოზებმა მიხედონ მაგ საქმეს. - რა საქმეს? - ცოდვილი სულები ჩარეკონ ჯოჯოხეთში. - ვითომ არ იცი, ანგელოზები ჯოჯოხეთს ახლოსაც ვერ ეკარებიან. - მოუწევთ ამის შეთავსება, კვალიფიკაციის ამაღლებას ეძახიან ამას ადამიანები. - თუ არ გამოუვიდათ? - მაშინ ყველა სული გადაამისამართონ სამოთხისკენ. - მაინც არ შეიძლება. - რატომ? - ჯოჯოხეთი დაცარიელდება, სამოთხე კი გადაიტენება. - მერე რა, რამდენი საუკუნეა ცარიელია სამოთხე, საინტერესოც კია... - ჯოჯოხეთს რაღა უნდა მოუხერხო? - ეს უკვე ჩემი საქმე აღარაა. სწორედ ამ დროს მზის პირველი სხივი ამოსხლტა ცისკიდურს მიღმიდან. - დროა! - წინანდებურად ერთხმად წარმოთქვეს ეშმაკებმა, ბრჭყალებით ჩააფრინდნენ თავიანთ გუდებს და მიწას მოწყდნენ, სულ მალე გაქრნენ დილის შუქით შეფერადებულ ჰაერში.
დასასრული
კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ეშმაკები ქალაქის განაპირას, უთენია დილით. ორივეს მოზრდილი გუდები მოჰქონდა ბრჭყალებით. როგორც კი მიწას შეეხნენ, ეშმაკებმა გუდები მიწაზე დადეს და როგორც ყოველთვის, ეჭვიანი თვალებით შეათვალიერეს ერთმანეთის გუდები. თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ ეჭვიან მზერას ასევე ეჭვიანი და, ცოტა არ იყოს, გესლიანი შენიშვნები მოჰყვებოდა, მგრამ არა, ეშმაკები დუმდნენ, თან ერთმანეთს მოუსვენრად უთვალთვალებდნენ. ხმის ამოღებას არცერთი არ ჩქარობდა. ბოლოს მომცროგუდიანმა ვეღარ გაძლო მეტი. - რატომ არ მეკითხები, რა მაქვს გუდაში, - თქვა მან. - რად უნდა კითხვა, ისედაც ვიცი, - იყო პასუხი. - რა მაქვს? - საარჩევნო ხმები. - როგორ მიხვდი? - ახლა ყველა ეშმაკი ამ საქმითაა დაკავებული, შენისთანა დაბდურიც კი.
ორივენი გაჩუმდნენ, რაღაცაზე დაძაბულად ფიქრობდნენ, მერე ისევ ალაპარაკდნენ. - საქმე ვერაა კარგად,- თქვა მოზრდილგუდიანმა. - რას გულისხმობ? - ზეცაში ყოველივე აირია, ყველაფერი თავდაყირა დადგა. - მეც მოვკარი რაღაცას ყური, - ანგელოზების ბრალია ყველაფერი, - ასეთი რა ჰქნეს. - დაიჩემეს, ჯოჯოხეთს ახლოსაც ვერ გავეკარებითო და სამოთხეში წაიყვანეს ყველა ცოდვილი სული. - ადრეც ვილაპარაკეთ მაგ საშიშროების შსახებ. - ოდნავადაც არ შეიწუხეს თავი, იქნებ რაიმე ეღონათ, ცოდვებით ყველაზე დამძიმებული სულები მაინც გადაემისამართებინათ ჯოჯოხეთისკენ. - ...და მთელი სამოთხე ცოდვილ სულებს გადაულოცეს? - მთლად ასეც არ ყოფილა. რაღაც პატარა ადგილი ცარცით შემოუხაზეს ცოდვილ სულებს. აქედან ფეხი არ მოიცვალოთო, გააფრთხილეს. - მერე რა გამოვიდა მაქედან? - ცოდვილმა სულებმა არაფრად ჩააგდეს შემოხაზული თეთრი წრე, სულ მალე გადალახეს იგი, მთელ სამოთხეს მოედვნენ. - ანუ, სამოთხე და ჯოჯოხეთი...- ეშმაკმა, რომელსაც დაბდური უწოდეს, სიტყვა ვეღარ დაასრულა შიშისგან. - ერთმანეთისგან აღარ განირჩევა, - დაასრულა ორგუდიანმა. ისევ გაჩუმდნენ, ორივე თავისას ფიქრობდა, მერე ისევ დაბდურად წოდებული ალაპარაკდა. - ძნელი წარმოსადგენიც კია, რაც ახლა ზეცაში მოხდა. - როგორმე წარმოვიდგენთ და შევეჩვევით კიდეც. - ვინ იცის, იქნებ ასედაც ჯობდეს. - როცა იქნება, რაღაცა ხომ უნდა შეიცვალოს, სულ ერთნაირად ხომ არ იქნება ყველაფერი. - ბელზებელი რა აზრისაა ყოველივე ამაზე, ალბათ აღარ იქნება კმაყოფილი. - კმაყოფილიო? აღარც მიწისაა და აღარც ცის. სამკაპიც კი დაკარგა, ისეა დაბნეული. - ესე იგი, ბელზებელს ვერაფერს გამოვრჩებით. ვერ შეძლებს ძველი წესრიგის აღდგენას. - გამორიცხულია. - თუ რაიმე უცნაური და გაუთცალისწინებელი მოხდა? მაშინ რა უნდა ვიღონოთ? - არის ერთი შანსი. - რა შანსი? - თვითონ ეშმაკებს და ანგელოზებს ვკითხოთ, რა ურჩევნიათ და როგორ. მერე ხმები დავითვალოთ. - მერე როგორ აპირებ მათ გამოკითხვას და ხმების დათვლას? - არჩევნები ჩავატაროთ. - რაო, რა თქვი? - დაბდურად წოდებული ეშმაკის ხმაში უკიდურესი გაოცება ისმოდა, --არჩევნები ჯოჯოხეთში? სწორედ ამ დროც მზის პირველი სხივი ამოსხლტა ცისკიდურიდან, - დროა!- წარმოთქვეს ეშმაკებმა...გაურკვეველი დარჩა, მზის სხივს ეკუთვნოდა ეს სიტყვა თუ სამომავლო არჩევნებს. ეშმაკებს მეტი აღარაფერი უთქვამთ, გუდებს დაავლეს ბრჭყალები და ცაში აიჭრნენ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|