ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2024


წერეთ!

#ლექსები

ნინო დარბაისელი

წერეთ!

თუ პოეზია - ზარდახშა  არის
ენის და გვიძევს ის,
რაც ძვირფასია, ზომით მცირეა,
მაგრამ ბეჭდის თვლად ზის,

დღეს გასაღები უჭირავს პოეტს, 
ცას ასცქერს საავდროს.
ქართულს სჭირდება ზარდახშა იგი,
ისე,  ვით არასდროს.

დღეს ქართულ ენას ისე მისჭირდა,
ვის  რად სჭირდება, ვის?
პოეტები-ღა ეტანებიან,
სიტყვა რომც იყოს სხვის.

წერეთ ლექსები კიდევ და კიდევ,
ნურავის აპყრობთ ყურს!
ამით თქვენ ქართულ ენას აცოცხლებთ,
უწევთ დიდ სამსახურს!

მამადავითზე  - გენიოსი გვყავს, 
გალაკტიონი წევს!
მისი ბადალი მაინც არავინ
მოვა უამრავ წელს.

დანარჩენები - თავებს ვიმხნევებთ,
ვწერთ, სიტყვის მონა ვართ.
ზოგს ჩვენ შევაქებთ, ზოგი შეგვაქებს,
ბრძენთა და ონავართ.

მოვა სიკვდილი, გაგვათანაბრებს,
სიტყვა თუ დაგვრჩა რამ,
ეგეც კარგია, სხვამ რამ გვიშველოს,
რა ძალამ, რა ჩარამ?

ოღონდ გამართულ ქართულს ეხარბეთ,
მის სიმდიდრეს და  ძალს,
ზმნას, მოძრავ სინტაქსს, სიტყვისქმნადობას -
მის ციხეს და ტაძარს!

წერეთ ლექსები, დღედაღამ წერეთ,
ნურას დაეძებთ აწ.
თქვენი სიტყვებით იქნებ გადარჩეს
ენაც და ქვეყანაც!

წერეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები