ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2024


გადარჩი, თუნდაც ასე

როცა მარტო დარჩები
საძირკველ გამოთხრილ
საყრდენ გამოცლილ
კედლებ ჩამოშლილ
გადაჭიმულ ჰორიზონტებთან
შეგიძლია დახუჭო თვალები
ან არც დახუჭო და
ისე გამოიგონო ბუხარი
მოგიზგიზე, მოტკაცუნე
სახეს წითლად რომ შეგიფაკლავს
- როგორც ბავშვობაში, როცა რამის ძალიან შეგრცხვებოდა
შეგიძლია ამოაშენო კედლები, მიახატო ფოტოები,
შეგიძლია წარმოიდგინო რომ
რაღაც, მიწის მაგვარი გიზიდავს
და ამ მიზიდულობის წყალობით
მყარად დგები- თავბრუსხვევების გარეშე.
შეგიძლია გამოიგონო დივანი
გაზაფხულისა და იასამნის ფერებში
გამოიგონო ადამიანი
რომელსაც არც მიეყრდნობი, არც მხარზე არ ჩამოადებ თავს
უბრალოდ გაჩუმდები მასთან ერთად
და გამოიგონებ არსიმარტოვეს.
რომელსაც ჩაის ჭიქაში კოვზის წკარუნით
მორზეს ანბანით გააგებინებ რომ კმარა
რომ საკმარია ის, საკმარი...
რადგან სულ არ ითხოვ ბევრს.
მხოლოდ გინდა რომ იყოს
და შენსავით ფხიზლობდეს ღამღამობით
რათა მასზე იფიქრო
მის ფიქრებზე
რათა შენ ფიქრებმა არ წაგიღონ
და სადმე სასიკვდილო მორევში არ გადაგისროლონ.

გამოიგონებ რომ მასაც
ასე ძლიერ სჭირდება შენი სიფხიზლე.
რომ მასაც შენსავით ან უფრო სჭირდება რომ
ერთმანეთის ფიქრებიც გამოიგონოთ
რათა ამ უკედლებო და უიარაღო უსასრულობაში
ერთი გამოგონილი ემოცია მაინც დარჩეს,
ყველაზე რეალური და ნაღდი ემოცია
არსიმარტოვის გარანტად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები