 | ავტორი: დებორა ჟანრი: პროზა 4 იანვარი, 2025 |
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
შევარდნაძის სოკო
შეგიმჩნევიათ, რა სამარადისო აღტაცება ეუფლებათ მდაბიო ადამიანებს, როგორც კი ვინმეს და რამეს მათზე აღმატებულს შეეხებიან? და რაც უფრო მდაბიო ხარ, შენ თავზემოთაც მეტი საშუალებაა ამგვარი აღტაცებისათვის და პირიქით, იერარქიულ საფეხურზე რაც უფრო მაღლა დგახარ, მით მეტი მდაბიო ამოგცქერის და რაც დაბლა მისკენ ბუნებრივად მოექცევა, შენს გამოსაჩენ ნაწილს კიარა, იმას ხედავს და სალაპარაკოც ის აქვს… იმ იერარქიულ საფეხურზე, სადღაც, შუაში მყოფის საქმე კი ასეა. - თვითონ სხვას ასჩერებია, ქვემოდან სხვები კი - მას… თუმცა ეს ხომ ახალი ამბავი არ არის, უჩემოდაც ბევრჯერ უთქვამთ, მე სხვა მხარეს მინდა წავიყვანო საუბარი. კერძოდ, ვთქვა, რომ აღტაცება არცთუ იშვიათად, ნეგატიური ფორმით ვლინდება, განსაკუთრებით თუ მისი გამოყენება თვითრეკლამისთვის გსურს. აქ კონკრეტიკა თუ არ შემოვიტანე, მეტისმეტი აბსტრაქტული მსჯელობა გამომდის. ცნობილი ადამიანები ცნობილები კი არიან, მაგრამ მაინც ადამიანებად რჩებიან. მაგალითად, თუ პარიკმახერს, დღეს რომ სტილისტად მოიხსენიება, უცებ ერთხელ ბედმა გაგიღიმა და ნინო ბურჯანაძეს თმა შესჭერი, შეგიძლია უკვე “ბურჯანაძის სტილისტად” მოიხსენიებოდე, ფასი გაზარდო და რიგიც დაიყენო, ყველა შემდგომ კლიენტს მოუყვე, რომ მას თმის ძირებზე სულ ბოლოჭამიები ჰქონდა და ძლივს მოაცილე. მაგალითად, ხარ ვინმე ცნობილის სახლის დამლაგებელი, მთელ ქვეყანას შეყრი, რომ მოძალადეა, სუსტებს ჩაგრავს. სხვას რას უზამს, როცა საკუთარ შვილს უყვიროდა, ჭამე, თორემ გუდიანი კაცი წაგიყვანსო და ასე შემდეგ. ან მაგალითად, ტრენაჟორების დარბაზს ხსნი და რეკლამა გჭირდება, ხალხის მოზიდვა. გადაეკიდები ვინმე ცნობილს უფასოდ მოდიო, მოვა ხათრით, ხელქვეითები ჩუმად სურათებსაც გადაუღებენ მობილურით და მერე მთელი შენი ხალხი ზმნის ერთჯერად “მოვიდა ” ფორმას მრავალჯერადი მოქმედების “დადის” ფორმაში გადაიყვანენ და სხვა კლიენტებს ასე ნეგატიურად “გაუმხელენ” - ამან ხომ გული გაგვიწყალა, რა! აღარ შეგვიძლია, ამდენი ხანია, დადის, სულ მუქთად უნდა ყველაფერი. ისე, ეს უფროსიც კარგი ვინმეა! შენ - ვიღაცას ერთხელ პატივი გინდა სცე, იმას ერთი მოსვლა არ ყოფნის, - ჩემი შრომა და კაპიკები რა შუაშია? თან რაღა მე გადამეკიდა!”… “კარგ” დროში ლიკანში ჩვენ ვინ შეგვიშვებდა, მაგრამ ოთხმოცდაათიანებში - უკვე ,,ბონ ტონად” გვეთვლებოდა იქ დასვენება. ამ დასვენების აუცილებელი მომენტი იყო “შევარდნაძის პედიკურშასთან” ფეხის ფრჩხილების გაკეთება. თბილისიდანვე უნდა ჩაგეწყო, რომ იმის სიაში მოხვედრილიყავი. იყო, რა! მაგრამ ერთხელ შევარდნაძეს ფრჩხილი ჩაზრდია და ეს ქალი… სახელი დამავიწყდა, ვიღაცას მიუყვანია მასთან. არაფერი, ჩვეულებრივი საქმე იყო, კაცებს ასაკში უჭირთ ფრჩხილის მოჭრა ფეხზე. ამ ქალმა ეს შანსი პროფესიული თვითრეკლამისა და გამდიდრებისთვის შესანიშნავად გამოიყენა, თან პედიკურს გიკეთებდა, თან გიამბობდა, რომ ფეხის ცერაზე, კუთხეში შევარდნაძეს სოკო ჰქონია. ეგ ისეთი რამეა, შაქრის დიაბეტიანებიდან - ათიდან შვიდს აქვს, მაგრამ სად თვითმხილველის ნაამბობი! თან ფეხები საამოდ თბილ საპნიან წყალში რომ გიწყვია და ნეტარად გიბუჟბუჟებს. ასე რომ, პატივი მეცით, რაც შეგიძლიათ, მთლად შევარდნაძეს - არა, მაგრამ მის პედიკურშას - ორჯერ ნახვით ვიცნობდი, ჩემო ბატონო! ეს ცხადია, ხუმრობით, სერიოზულად კი ერიდეთ მდაბიოებს! ჩვენ ყველანი, რაღაცნაირად მდაბიონი ვართ და მდაბიოს მდაბიო კი არ დაილევა…ამიტომ უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი, ერიდეთ თქვენზე მდაბიოს!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|