ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2025


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XXXVI)

      იმაზე გაცილებით ლამაზი ყოფილა ვიდრე წარმოედგინა. გოგონა თვალს არ აშორებდა, რაზეც დამიანემ როგორც იქნა პირველი სიტყვები აღმოთქვა.


- გამარჯობა ანა, მე დამიანე ვარ! - ფეხებში ძალა დაკარგული ხმაურინად ჩამოჯდა მის წინ. ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა, რომ მგონი სკამი გავტეხეო, მაგრამ იატაკზე გაშოტვას ალალ ბედზე გადაურჩა.
- გამარჯობა.
- ნორმალურად თქვენი გაცნობა ვერც მოვახერხე. მეც ბიბლიოთეკაში ვცხოვრობ...
- ესეიგი დამიანე ხარ! - მოულოდნელად ფეხზე წამოიჭრა და მის პალტოს დაწვდა. - ბიბლიოთეკაში ცხოვრობ და ჩემს წერილებს მპარავ...
- მინდოდა ყველაფერი...
- რა? სიმართლე გეთქვა? - ნერვულობისგან სახე უმალვე გაუწითლდა. -  ჩემს სახელოსნოში შეიპარე, ფანჯარაც ჩაამსხვრიე და წერილების მთელი დასტა მომპარე.
- ანა მომისმინე... - ფეხზე წამოდგა.
- იქნებ უარყო ან მოხუც ნათანაელს დააბრალო ეს ყველაფერი, რომელმაც სხვათაშორის ძლივს შეაკეთა შენი დამტვრეული ჩარჩო. ორი დღე ვიწვალეთ, რომ გარედან შემოსულ წვიმას ჩემი ნამუშევრები არ გაეფუჭებინა და ამას გარდა კიდევ რას ვხედავ?! უჯრიდან წერილები მთლიანად გაქრალიყო.
- ნათანაელს უთხარი? - კითხა დამიანემ
- ცხადია არა, მაგრამ აუცილებლად ვეტყვი თუ წერილებს სასწრაფოდ არ დამიბრუნებ.
- ყველაფერი არასწორად გაიგე. - ხელებით მის შეჩერებას ცდილობდა.
- მომისმინე დამიანე.. - პალტო უკან ესროლა - ორ დღეს გაძლევ რომ წერილები დააბრუნო თუ არა და ნათანაელს ყველაფერს მოვუყვები და გავაგებინებ სინამდვილეში ვინც ხარ. - მაგიდიდან ფურცლები სწრაფად წამოკრიფა და გასასვლელისკენ გაიქცა.
- ანა... - თითქოს დაუძახა კიდეც მაგრამ გოგონა უკვე გარეთ იყო ტაქსის აჩერებდა.


      ამასობაში დამიანემ პალტოც მოიცვა და მიმტანს ანგარიში თხოვა. იქ მყოფები კი მომხდარის შემხედვარე გაშეშებული სახეებით უყურებდნენ და ცდილობდნენ რაიმე გაეგოთ. ალბათ ამ ყველაფრის შედმგომ, რამდენ საზიზღობას ფიქრობდნენ მათთვის უცნობ მამაკაცზე. საბოლოოდ დახლთან მისულმა ანგარიში გაასწორა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა. ანაზდად გარეთ ისევ გაწვიმდა. ცხადია დამიანემ ფეხით გასეირნება ამჯობინა რომ ერთად არ მისულიყვნენ ბიბლიოთეკაში, თორემ ქურდობის ამბავს ნათანაელიც გაიგებდა და მისგან მტკიცე საყვედურსაც ვერ გადაურჩებოდა. ალბათ დილეგში ყოფნის დროს ყველაფერს წარმოიდგენდა, ნებისმიერ სცენარს, განვითარების ხაზს, მაგრამ არა ასეთ უსიამოვნო შეხვედრას როგორიც გამოუვიდა. ცოტა გულდაწყევტილიც იყო და საკუთარ თავზე საშინლად გაბრაზებულიც. მისი მხრიდან ძალიან გაუაზრებელი ნაბიჯი იყო სახელოსნოში შეპარვა და წერილების ქურდობა. წუთით ანას ადგილზეც წარმოიდგინა თავი, რამაც კიდევ უფრო უარესად გახადა. მისი ასეთი რეაქციაც სრულიად ნათელი იყო. აბა რომელი ადამიანი აპატიებდა ვინმეს ასეთ საქციელს?! რა საკვირველია არავინ.



      უწინდებურად ფიქრებში გართულმა პალტო მჭიდროდ შეკრა და ბიბლიოთეკის წინ შეჩერდა. დარაბებიდან სინათლე გამოდიოდა რაც ცოტა არ იყოს ეუცნაურა კიდეც. როგორც წესი ამ დროს მოხუცს უნდა ეძინოს. იქნებ ანას ელაპარაკება? იქნებ უკვე ყველაფერი უამბო? რაც არ უნდა მომხდარიყო აშკარაა, რომ ნათანაელი ფეხზეა და მას უცდიდა. უადგილო პაუზის შემდგომ მძიმე კარები ნელა შეაღო და სამკითხველო დარბაზისკენ დაიძრა. დერეფანში ბნელოდა. როდესაც თაღოვან შესასვლელს მიუახლოვდა სავარძელში მჯდომი ნათანაელი შენიშნა, რომელიც გაყინული სახით წინ იყურებოდა და ოდნავაც არ ინძრეოდა. გეგონება ფერი დაკარგაო. დამიანემ ნაბიჯებს აუჩქარა. ხის იატაკზე ფეხსაცმელების ხმა ექოსავით უბრუნდებოდა უკან. მოხუცი დუმდა. დარჩენილ მანძილზე, როდესაც სულ რამდენიმე მეტრიღა აშორებდა ყველაფერი ცხადზე-ცხადი გახდა. მოულოდნელი სცენით განცვიფრებულ დამიანეს ლაპარაკი ერთბაშად დაავიწყდა. დარბაზში შესული ერთ ადგილზე გაიყინა და ცდილობდა სასწრაფოდ შესაფერისი სიტყვები მოეძებნა. სამკითხველოს შუაგულში, ნათანაელის პირისპირ შავოსანი იჯდა, თავის რკინის ნიღბით, რომელიც ალბათ სწორედ დამიანეს დროულ გამოჩენას ელოდა. დამიანე მათ წინ დადგა და იქაურობას კიდევ ერთხელ ნერვიულად მოავლო თვალი. ანა არსად ჩანდა. შავოსანმა სახე მისკენ მოაბრუნა და ხელით ანიშნა კიდევ უფრო მომიახლოვდიო. ნათანაელს ცივმა ოფლმა დაასხა.




- ორი დღე გავიდა! - სახესთან თითები აუთამაშა - სად არის პერგამენტი?
- მათ ყველაფერი იციან. - მოკლედ უპასუხა დამიანემ.
- მეფე თადეოზ ჩვენ თანახმანი ვართ თქვენს წინადადებაზე... -საუბარში ნათანაელიც ჩაერთო, რაზეც იგი ფეხზე წამოდგა და დარაბებისკენ ნელ-ნელა გადაინაცვლა. თითქოს არსად ჩქარობდა. ზედმეტი სიმშვიდით, აუღელვებლად, თავდახრილი მიიწევდა წინ. მცირე პაუზის შემდეგ კი მოხუცისკენ მობრუნდა და ისევ თავისკენ უხმო. ნათანაელისგან განსხვავებით, დამიანე ადგილიდან არ დაძრულა.
- მიპასუხეთ ნათანაელ. ჩემს თხოვნაზე ორი დღე მხოლოდ იმიტომ დაგჭირდათ, რომ გგონიათ არ შევეფერები აქაურობას? - კითხა თადეოზმა.
- რას ბრძანებთ?! ლიტონი ყოველთვის თქვენ გეკუთვნოდათ.
- შიში ჩვენს საუბარში რა მოსატანია? გულწრფელად მიპასუხეთ ნათანაელ, გგონიათ ჩემი აქ ყოფნით დედამიწას ვამძიმებ?
- არა.
- იცით.... ციხე-სიმაგრიდან ყოველთვის თვალს ვადევნებდი თქვენს ყოველდღიურობას. ვხედავდი თუ როგორ იცვლებოდა საუკუნიდან-საუკუნემდე ლიტონი, აქაური ხალხი. სხვათაშორის მამაჩემს აბელ II -საც ყოველთვის უყვარდა მისი სარკმლიდან ადამიანებზე დაკვირვება და იცით რას მივხვდი ნათანაელ? სარკმლიდან ყოველთვის, ყველაფერი გაცილებით უკეთ ჩანს თუ ვინ ვართ რეალურად. გთხოვთ თავადაც შეხედეთ! - ოდნავ გვერდით გადგა, რომ ნათანაელსაც შეძლებოდა ყველაფრის დანახვა. - უწინ იმ ადგილას ტაძარი იდგა, რომლის ეზოშიც ათასობით ადამიანი იყრიდა თავს და ღმერთისთვის ლოცულობდა, მხნეობასა და მიტევებას თხოვდნენ, თუმცა ახლა მის ადგილას რაღაც უზნეო, მახინჯი შენობა ააგეს. მის გადასწვრივ კი ერთ-ერთი უნიკალური ბიბლიოთეკა იწონებდა თავს, რომელიც თქვენ არ გემახსოვრებათ, თუმცა ის ბიბლიოთეკაც დაანგრიეს და ახლა აქაც უგვანო კონტრუქცია ჩადგეს. მის აღმოსავლეთით მახსოვს საბავშვო ბაღი იყო. ყოველდღიურად ბავშვების ჟრიამული და ლაღი ხმები ისმოდა მაგრამ ვერც ეს შეირგეთ. ისიც მოშთეთ და გაანადგურეთ. საპირწონედ კი სასაზღვრო ჯებირები ჩაამწკრივეთ რატომღაც. იმედს ვიტოვებ ნათანელ რომ თქვენ ყველაზე უკეთ გესმით ჩემი. თქვენი საზრიანობისა და გამოცდილების იმედი მაქვს. რა საკვირველია თქვენ, იმასაც მიმიხვდებით რომ, რაც კი რამ წმინდა და ღირებული გაგაჩნდათ თავად გაანადგურეთ და ახლა მათ ადგილას შეუსაბამო სიმახინჯეები დატოვეთ. ამ ყველაფრის შემდგომ როგორ გგონიათ ნათანაელ კვლავ მე ვამძიმებ ამ დედამიწას? - ჰკითხა თადეოზმა.
- ეს არც მიფიქრია თქვენო ბრწყინვალებავ.
- ბრწყინვალებავ? მოგახსენებთ რომ ესეც პირობითია ნათანაელ. ერთ დროს ჩემი სამეფოს დამსახურებით სრულიად სამყაროს პატრონი გახლდით, თუმცა ახლა მისგან ერთი პატარა ქვეყანაღა დარჩა. შეუმჩნეველი და უშნო. წარმოგიდგენიათ უმოწყალო, უშინაარსო ომებში რამდენი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაიღვირა და რისთვის? მამაჩემს ეს არასდროს ესმოდა. ფიქრობდა რომ ლიტონის სიდიადე საუკუნეებს გასტანდა და რომ მისი ან ჩემი სახელი ოქროს სიტყვებად ჩაეწერებოდა ისტორიაში, მაგრამ ამაოდ. ძალაუფლება და ხელისუფალიც წარმავალია. საბოლოოდ იმათ ვიქეცით, რანიც ვართ. ყოვედღიურობით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა, რამეთუ ზედმეტი ფიქრიც კი მომავალზე ამაო. ნებისმიერი ღირსეული გადაწყვეტილება რომელსაც ახლა აქ ვღებულობთ, საბოლოოდ ჩვენს მომავალს გადაწყვეტენ, რაზეც იოტინის ოდენა წარმოდგენაც კი არ გაგვაჩნია. - წუთით დამიანეს გახედა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუნძრევლად ერთ ადგილას იდგა და შემდეგ ისევ ნათანაელს მიუბრუნდა. - მე ახლა დაგტოვებთ და ხვალ გელოდებით. - ხელები ზურგს უკან დაილაგა და სწრაფი ნაბიჯებით კარისკენ გასწია. ამ დროისთვის ბიბლიოთეკის წინ უკვე ათამდე დესპანს მოეყარა თავი. გასვლამდე ისევ შედგა. ისე რომ ნათანაელისთვის არც კი გამოუხედავს ორიოდე სიტყვაც შემოუთვალა.
- იფიქრეთ ჩემს სიტყვებზე, ხოლო ჩემი სიმშვიდე პატივად მიიღეთ. იმედს ნუ გამიცრუებთ!- დერეფანში ნაბიჯების ხმამ იკლო. ხის კარები ხმაურიანად მიიხურა.



- ყველაფერი ჩემს გამოხდება...
- შენ არაფერ შუაში ხარ, დამიანე. - უპასუხა ნათანაელმა
- ლიტონში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ შემდეგ შეიცვალა ყველაფერი.
- ცდები. - მის წინ გაჩერდა. - მას დიდი ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი ეს ყველაფერი. დესპანების დახმარებით ზუსტად იცოდა, რომ მეუფეს ხშირად ვსტუმრობდი და მასთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა. დარწმუნებული ვარ ისიც კარგად ეცოდინებოდა რომ ჩემთან დიდიხანია ცხოვრობ და სწორედ ამიტომ აგარჩია როგორც შუამავალი და არა იმიტომ, რომ შენს გამო ორი დესპანი მოკლეს. შენც და მეც მის გეგმის რიგითი ნაწილები ვართ. მთლიანი კონსტრუქციის უმნიშვნელო დეტალები.
- რას გულიხმობ ნათანაელ?
- ღმერთმა უწყის დამიანე. წარმოდგენა არ მაქვს რას ვგულისხმობ ან რა განზრახვა ამოძრავებს სინამდვილეში თადეოზს. - ღრმად ჩაისუნთქა და თმაზე ხელი ფრთხილად გადაისვა. - ერთი რამ უდავოა. ლიტონის საბოლოო ბედი ახლა გადაწყდება!


             
                                                                                                                                    (გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები