ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 იანვარი, 2025


მწერალი მოკვდა. გაუმარჯოს მკითხველს

რეცენზია თეონა დოლენჯაშვილის რომანზე "მეამბოხე"


ალბათ, ერთხელ მაინც ყველა მკითხველს შესძრომია ყურში მკბენარა მწერი, რომელიც მოსვენებას არ აძლევს და  გაშმაგებით ჩასწივის: -წწწწწამიკითხე! წწწწწამიკითხე! ეს პულჩეროზაა, წიგნების კითხვის აბეზარი შემტყუებელი.
თეონა დოლენჯაშვილის მრავალწახნაგოვანი რომანი „მეამბოხე“  სწორედ ამ მწერის წყალობით წავიკითხე. მეც შემიძვრა ყურში პულჩეროზა და სანამ კითხვა არ დამასრულებინა, გასაქანი არ მომცა თავისი წუილით.
რომანმა  მრავალგვარი ემოციით დამმუხტა. წაკითხვის პროცესში თავი ვიგრძენი ამავე რომანის დაშლილ ფაზლად, რომლის დეტალებიც მუქ ფერებში დომინირებდა, თუმცა დასასრულს, მკვეთრი სინათლის შუქმა, იმედის ფერმა, ხელახლა დაბადების იდეამ ერთგვარად გააბათილა დომინანტი განწყობა.
წიგნს  ფონად გასდევს საქართველოს უახლესი წარსულის ელემენტები თავისი მანკიერებებითა და ღირსებებით და სწორედ  აქ, ამ ფონზე უდაბნოს ყვავილივითაა აღმოცენებული რომანის მთავარი პერსონაჟი ემა.
ემა 90-იანი საქართველოს სიმბოლური პერსონაჟია, ვინც ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრების მრავალგვარი ბალღამი იგემა. ემას პერსონის გაცნობისას ერთდრულად აღშფოთებაც გერევა და აღტაცებაც. იგი  მხევალიცაა და გლადიატორიც; მონაცაა და მებრძოლიც. თუ ერთგან მისი მორჩილება გაღიზიანებს, მალევე  დაუდეგარი სულით გაკვირვებს. თუმცა, რომელი ღამე არსებულა დილის გარეშე ?! დაღმართი აღმართის გარეშე?! იგი იმიტომ წამოდგა ფეხზე, რომ წაიქცა. მარცხი თუ არ გიგემია , გამარჯვების ფასი უცხოა შენთვის. თუ გულით არ გიტირია ბედნიერ სიცილს როგორღა  დააჭაშნიკებ?! ემას მრავალგვარმა მოთმინებამ და მორჩილებამ, უსამართლობის არაერთმა შოლტმა მასში ამბოხის მიძინებული ლავა აამოქმედა.
ემას ერთ-ერთი აჯანყება საკუთარი სხეულის წინააღმდეგ ბრძოლა გახლდათ. ბავშვობისას მოუქნელი და ფუმფულა პირველი სიყვარულის ძალით ნამდვილ  ნიმფად გადაიქცევა. რა არ შეუძლია ნამდვილ სიყვარულს?! მახინჯი იხვის ჭუკიდან მშვენიერ გედამდე გარდასახვაც.
სწორედ მაშინ იწყება მისი ყველაზე დიდი და გრძელვადიანი განსაცდელი. ამ დიდმა აჯანყებამ, მშვენიერ გედად რომ გადააქცია, მომდევნო თორმეტწლიანი ციკლის უბედურების სარჩული შემოაცვა.
ყოველი ადამიანის განსაცდელი, მხოლოდ მისივე გადასატანია, მაგრამ ერთი ქალისთვის ამდენი პირადი ტრაგედია მეტისმეტად ბევრია. ჯერ კიდევ აბიტურიენტობისას საკუთარი პროფესია რომ მამამ შეურჩია და ემაც მორჩილად დაჰყვა, მაშინ ჩასძახა ემას საუკეთესო მეგობარმა კრიალამ, არ დანებებულიყო, თორემ ამ დამორჩილებას სხვა ბევრი მორჩილება და მსხვერპლშეწირვა მოჰყვებოდა. აუხდა კიდეც...
იგი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობისას მოიწამლა წიგნით და მას შემდეგ მისსავე მთავარ მეგობრად, ნავთსაყუდლად იქცა.
ემა სიმბოლური პერსონაჟიდან, გარკვეულწილად, არქეტიპულ პერსონაჟად გარდაისახება; სიტყვების ჯადოქრად, მწერალ  ალქიმიკოსად; ვინც მიზნად დაისახავს სიტყვებს მისცეს ისეთი ფერი, ფორმა, სუნი, გემო, რომ წიგნი იარაღად აქციოს, იმ იარაღად , რომელიც უსამართლობას, ჩაგვრას, ავტორიტარიზმს დაამარცხებს; იარაღად, რომელიც ჯანსაღ და კრიტიკულ აზრთან განდგომილ და  გადაგვარებულ ლეგიონერებს „ტკბილ მოგონებებად ჩაუხტება“ და სიყვარულის უნარს დაუბრუნებს. იარაღად, რომელიც ბოროტებას სიკეთით დაუპირისპირდება და საბოლოოდ წიგნების რევოლუციას მოახდენს.

„მეამბოხე“ ოთხნაწილიანია. პირველი, მეორე და მესამე ნაწილი რეალისტური ხატ-სურათებითაა წარმოდგენილი (ყოფითი ცხოვრების ამსახველი ისტორიული რეალობა); სავსეა დისტოპიური პასაჟებით (საზოგადოება კატაკლიზმურად დაკნინებულია; ზეობს კრიმინალი, ძალადობა, სიღარიბე); ბოლო, მეოთხე ნაწილი კი ნატურალისტური ჟანრის ნიმუშია. რომანის დასასრულის ასეთი მკვეთრი ცვლა  ოსტატობასთან ერთად ავტორის მეამბოხეობაზეც მიგვანიშნებს. თავად მწერალიც რომანის  წერის მანერით, სტილითა და სათქმელის ფორმობრივი ცვლით, „ბეწვის ხიდზე გავლით“  მეამბოხეა. იგი არ უშინდება გამოწვევებს , არ უშინდება მკითხველისა თუ კრიტიკოსის მიერ „ჯვარზე გაკვრას“.
ნატურალიზმის ფუძემდებელი ემილ ზოლა ამბობს „ რომანისტმა უნდა გააანალიზოს გრძნობები, ისევე როგორც ექიმი  შეისწავლის სხეულს. ნატურალისტებს პოზიტივისტური სურვილი ამოქმედებთ. მწერალმა უნდა აჩვენოს ფაქტების მექანიზმი ხასიათებზე, გრძნობებზე, მოვლენებზე ისეთივე ოპერაციების ჩატარებით, როგორც ამას აკეთებს სხეულზე ქიმიკოსი.“ თეონა დოლენჯაშვილის რომანის „მეამბოხის“ მთავარი იდეაც ესაა, გრძნობების გაანალიზებით შეისწავლოს სიტყვები, ჩაატაროს სიტყვებზე ცდები, დაადგინოს ადამიანზე წიგნის კითხვით ზემოქმედების ფორმულა; ჩაატაროს ისეთი ოპერაცია  დისტოპიური საზოგადოებისგან უტოპიური (აქ:სრულყოფილი)  საზოგადოების შექმნის იდეა აამოქმედოს.
ავტორი ინტერტექსტუალურ თხრობას ანიჭებს უპირატესობას . იგი „მეამბოხეს“ სხვადასხხვა ნაწარმოებიდან ციტატებით, ანალოგიით, ალუზიებით, რემინისცენციებით და სხვა ტიპის მინიშნებებით (პირდაპირ თუ შეფარულად) უფრო საინტერესოსა და აღქმადს ხდის. იგი თხრობის ამ სტილის არჩევით ხაზს უსვამს ტექსტის ფაბულას. ინტერტექსტუალური თხრობა ამ რომანში სრულიად ბუნებრივია, რაც შეიძლება მკითხველთათვის ერთგვარ „გზამკვლევად“ ჩაითვალოს.
აღსანიშნავია, რომ ტექსტს რემინისცენციად გასდევს სიზმარი. სიზმარი, რომელსაც პერიოდულად ნახულობს მთავარი პერსონაჟი და თავისი ცხოვრების მთავარ მინიშნებებად უხდება. აქ ალუზიურად „გველის-მჭამელიდან“ მზიას წინასწარმეტყველური  სიზმარი გაგვახსენდება, რომელიც დაღუპვას უქადის და აუხდება კიდეც. „მეამბოხეც“ ასეა წინასწარ ნახულობს სიზმარს, რომელიც დაღუპვას მიანიშნებს  „ როდესაც მძინარე გაიღვიძებს“.
კარგი მკითხველიდან წიგნების რევოლუციონერ მწერლად ტრანსფორმირებული მთავარი პერსონაჟი ექსტრავაგანტულია თავისი მიზნებითა და მისწრაფებებით, შეუვალობითა და გამძლეობით, იდეოლოგიითა და რწმენით. მან პირველმა გამოიცნო საზოგადოებრივი „სიბრმავის“  გასაღები, მანვე ჩამოასხა ამისი ყალიბი და მოარგო კიდეც კლიტეს. აკი, თავადაც იმოწმებს სარამაგუს. აქვე შესაძლოა,  „იგავიც“ გაგვახსენდეს და „ცხოველთა ფერმაც“.
მთავარი პერსონაჟი, აწ უკვე ნატურალისტად მოვლენილი, საბოლოოდ, აღწევს მიზანს. ავრცელებს მის მიერვე ალქიმიით შექმნილ წიგნებს და წაკითხვის შედეგად იწვევს საზოგადოების ისტერიულ გამოფხიზლებას, თვალების ახელას, სიბრმავის განკურნებას.  აღგზნებული საზოგადოება ლეგიონერების მიერ დატყვევებულ მწერალს ათავისუფლებს და ითხოვს მორიგ წიგნს.
რა შეუძლია ამ დროს მწერალს? შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა თუ უბრალოდ, ადგეს და მოკვდეს? განა ეს ის საზოგადოება არაა ერთი და იმავე ადამიანის ჯვარზე გაკვრაც რომ შეუძლია და გაღმერთებაც?! ეს ის საზოგადოება არაა, ერთდროულად ტექსტის წაუკითხავად ავტორის  გათახსირებაც და განდიდებაც რომ შეუძლია?! მაშ რა ქნას მწერალმა?! რა უყოს იმ სიზიფესეულ სიზმარს პერიოდულად ერთსა და იმავე მთაზე რომ მიაგორებინებს თავის განსაცდელს? რამდენჯერაც დაუგორდება, იმდენჯერ რომ მისდევს და მის სიმაღლეზე ატანას, გაკეთილშობილებას ცდილობს?
მეამბოხე ჭკვიანია. ის გაშმაგებით წერს თავის „სიკვდილს“ და  წერს, „წერს, რათა მოკვდეს, მოკვდეს, რათა წეროს“. მან კარგად უწყის, რაცაა მკითხველ-მწერლობის  ცირკულაცია. მისი ბოლო „წიგნი ცარიელია, ისეთივე, როგორც დასასრული; ისეთივე სუფთა, როგორც დასაწყისი“ .
კვდება მწერალი, რათა ხელახლა დაიბადოს. კვდება, რათა დასასრული გაუტოლოს დასაწყისს; კვდება, რათა შეკრიბოს,(აიხდინოს) პერიოდულ სიზმართა ჯამი.

ზოგადად, წიგნის ღირებულების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიც ხომ ისაა,  მკითხველს არამარტო თანაგანცდა, არამედ წიგნში ცხოვრება შეაგრძნობინოს ავტორმა. მე ეს განვიცადე.
თეონა დოლენჯაშვილი თანამედროვე ავტორთა შორის  გამორჩეული ავტორია, სათქმელის აქტუალურობითა და მოქნილობით; მაღალმხატვრულობითა და წერის ტექნიკით.
წიგნების რევოლუციის იდეა ნატურალისტობის მიუხედავად, ხელშესახები და ხელჩასაჭიდია. მართლაც, რას შეუძლია ბრმა საზოგადოების თვალის ახელა თუ არა წიგნს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები