#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები ნინო დარბაისელი
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
ახლა მინდა, კიდევ ერთი ნიმუში გაგაცნოთ იმისა, თუ როგორ ქმნის გალაკტიონი სახის მრავალპლანიანობას. ადრე გალაკტიონოლოგიურ წრეებში მრავალთა შორის ერთი ასეთი პოლემიკაც იყო: სახეს “ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი” ერთი მკვლევარი ვაგნერის ოპერის „ლოენგრინის’ დადგმის იმ მომენტს უკავშირებდა, ფინალში ანგელოზი რომ ჩნდებოდა, ხელში გრაგნილით. ეს აზრი არ გაუზიარებიათ სხვებს. გალაკტიონის სიმბოლისტური ესთეტიკის ჩემეული კონცეფცია, რომელიც, შეგახსენებთ, ეყრდნობა პრინციპს- “არა ეს ან ის, არამედ ესეც, ისიც და კიდევ რაღაც სხვაც”, - ამ სახეს კიდევ ერთ პირველწყაროს უძებნის, ბიბლიას კერძოდ, აპოკალიფსს. ვიდრე უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეთ, გავიხსენოთ, რომ პერგამენტი ეწოდება ხბოს, ბატკნის ან თიკნის ტყავს, რომელიც ქაღალდის ათვისებამდე საწერად გამოიყენებოდა. ადრე მას პაპირუსის დარად, ახვევდნენ გრაგნილად, ამაგრებდნენ თავითა და ბოლოთი სპეციალურ გამოთლილ მრგვალ ჯოხებზე და თიხის მოგრძო, თავსახურიან ჭურჭელში ასე ინახავდნენ. ბიბლიის ძველი წიგნები, თუნდაც ე. წ “ მკვდარი ზღვის გრაგნილები” - ასეთი სახით არსებობდა. წიგნი - ზოგადი სახელია ყოველგვარი წერილობის ტექსტთა ერთობლიობისა. ამ სიტყვის მნიშვნელობათა არეალი დღესდღეობით უფრო გაფართოებულიც კია, გვაქვს აუდიო და ვირტუალური წიგნების მთელი ბიბლიოთეკები. ერთიანი წიგნის დღევანდელი ფორმა ბიბლიას (ანუ წიგნთა ერთობლიობას) - გაცილებით გვიან მიეცა. აღსანიშნავია, რომ პერგამენტი - არ იყო იაფი მასალა, მას “საწიგნედ” სპეციალური, გულდასმითი გამოშრობა-დამუშავება სჭირდებოდა. ხდებოდა, რომ მასზე ასახული ძველი ტექსტი, ალბათ, თავად გადამწერთა მიერ აქტუალობადაკარგულად მიჩნეული, იშლებოდა, იფხიკებოდა და ზედ ახალი ტექსტი ეწერებოდა. ამას უკვე ერქვა პალიმფსესტი. დღევანდელი მეცნიერებისთვის საინტერესოა არა მხოლოდ ის, რაც ამგვარ პერგამენტზე გადაფხეკის მერეა დაწერილი, არამედ ისიც, თუ რა ეწერა მასზე ადრე, ქვედა ფენაზე და დამუშავებულია მთელი ტექნოლოგია პალიმფსესტების ქვედა ფენის ამოკითხვისა. თუმცა ადრე თუ ეს ამოკითხვანი სპეციალურ სამეცნიერო წრეებში სენსაციურობის ნიშანს ატარებდა, დღეს ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვიღას რაღა უკვირს. აღსანიშნავია ისიც, რომ გრაგნილს - (scroll, свиток) ბიბლიაში არაერთგან ვხვდებით. სიმბოლური მნიშვნელობით იგი ღვთის სიტყვას აღნიშნავს, თუმცა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობით არ გამოიყენება. მიმოწერაც ადამიანებს შორის ასეთ სახეს ატარებს. ბიბლიის ქართულ თარგმანებში ბიბლიისეული გრაგნილი - მისი ბერძნული პირველწყაროს დარად, “წიგნად” იქნებოდა გადმოტანილი. ყოველ შემთხვევაში, ამ ტრადიციითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ბაჩანა ბრეგაძის თარგმნილ ‘ახალ აღთქმაშიც “წიგნი”გვაქვს:
1. და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
2. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, ხმამაღლა რომ ღაღადებდა: ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას?
3. ვერც ცაში, ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ შესძლო გაეშალა ეს წიგნი და შიგ ჩაეხედა.
4. და მე დიდხანს ვტიროდი, რადგანაც არავინ აღმოჩნდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი.
5. მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას. (გამოცხ.5:1-5) ამას შემდეგ გადმოცემულია რა მოჰყვება მაცხოვრის მიერ, თანმიმდევრობით ამ შვიდი ბეჭდის ახსნას და ასე შემდეგ. რუსულ სინოდალურ გამოცემაშიც - შვიდი ბეჭდით დალუქული გრაგნილი - ‘’კნიგად’; გადმოაქვთ:
1. И видел я в деснице у Сидящего на престоле книгу, написанную внутри и отвне, запечатанную семью печатями. 2.И видел я Ангела сильного, провозглашающего громким голосом: кто достоин раскрыть сию книгу и снять печати её? 3. И никто не мог, ни на небе, ни на земле, ни под землёю, раскрыть сию книгу, ни посмотреть в неё. 4. И я много плакал о том, что никого не нашлось достойного раскрыть и читать сию книгу, и даже посмотреть в неё. 5. И один из старцев сказал мне: не плачь; вот, лев от колена Иудина, корень Давидов, победил, и может раскрыть сию книгу и снять семь печатей её.(Отк. 5: 1-5)
დღესდღეობით არის არცთუ მცირე რაოდენობის, უფრო თანამედროვე თარგმანთა ვერსიები, სადაც ‘’კნიგა’ უკვე გადმოტანილია გრაგნილად ანუ როგორც ‘’სვიტოკ»:
1. В правой руке у Сидящего на престоле увидел я исписанный с обеих сторон и запечатанный семью печатями свиток 2. Тут же увидел я ангела могущественного. Он громко вопрошал: «Кто достоин снять печати эти и раскрыть свиток?» 3.Никто, однако, ни на небе, ни на земле, ни под землей не мог раскрыть свиток и посмотреть в него. 4.И оттого, что не был найден достойный раскрыть этот свиток и посмотреть в него, опечалился я и горько заплакал. 5. Тогда один из старцев утешил меня: «Не плачь, вот Лев из колена Иуды, Потомок Давида. Он одержал победу и может снять эти семь печатей и раскрыть свиток». (ОТК. 5:1-5)
ინგლისურ ვერსიათა უმრავლესობაში კი, ებრაული ბიბლიის დარად, არის „სკროლ”, ანუ გრაგნილი. შეიძლებოდა თქმაც, რომ ბიბლიის იმ თარგმანებში, რომელიც ბერძნულს მისდევს, გვაქვს ზოგადი ,,წიგნი”, ხოლო ებრაულიდან თარგმანები ,,გრაგნილს” იმეორებს.
1.Then I saw in the right hand of him who sat on the throne a scroll with writing on both sides and sealed with seven seals. 4I wept and wept because no one was found who was worthy to open the scroll or look inside. 5Then one of the elders said to me, “Do not weep! See, the Lion of the tribe of Judah, the Root of David, has triumphed. He is able to open the scroll and its seven seals.”
(Rev. 5:1-5 )
მოკლედ, ეს არის პერგამენტის გრაგნილი, რომელიც უჭირავს ტახტზე მჯდომს ღმერთს და შვიდი ბეჭდითაა დალუქული, ვინაა ღირსი გახსნას ეს გრაგნილი? - კითხულობს ანგელოზი. ამ ბეჭედთა ახსნის ღირსი კი ერთადერთი - კრავია ანუ ქრისტეა. აქ უკვე ვგრძნობ ფარული ოპონენტის დაეჭვებულ მზერას. ის, ვისაც ეს შვიდი ბეჭდით დაბეჭდული გრაგნილი უჭირავს, ზის, მეუფებს, თან ის სულაც არაა ანგელოზი, არ სახელდება მაგრამ ხომ ღმერთი იგულისხმება; სიტყვა “გრძელი” კი ჩვენს წარმოსახვას არა მჯდომარის, არამედ ფეხზე მდგომარის წარმოდგენისკენ უბიძგებს, ესეც არ იყოს, მოხმობილ მაგალითში გრაგნილი დახვეულ- დაბეჭდილია, გალაკტიონის ლექსში კი იგი ანგელოზის ხელში გახსნილად ჩანსო… და თითქმის მართალიც იქნება. საქმე ის გახლავთ, რომ ეს მომენტი არაა ერთადერთი აპოკალიფსში წიგნის/ წერილის/გრაგნილისა და ანგელოზის ერთ კონტექსტში მოხსენიებისა. ვნახოთ სხვაც:
1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი. 2. ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი: მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა - მიწას, 3. და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა.( გამოცხ 10:1-3) ვისაც აპოკალიფსის კითხვა ჩვევად აქვს, მან იცის, რომ ეს არ არის იგივე გრაგნილი, მეხუთე თავში რომ გვქონდა. ეს უკანასკნელი მასთან შედარებით მომცროა და თან არა დაბეჭდილი შვიდი ან თუნდაც ერთი ბეჭდით, არამედ გახსნილი(!!!), დაშვებული - ანუ წარმოიდგინეთ გრძლად ჩამოშვებული, “გრძელი პერგამენტი”, ამჯერად უკვე ფეხზე მდგარი ანგელოზის ხელში, როგორც ეს დეტალურადაა ასახული და ინგლისურენოვან ვერსიებშია გადატანილი.
He was holding a little scroll, which lay open in his hand. He planted his right foot on the sea and his left foot on the land, 3and he gave a loud shout like the roar of a lion. When he shouted, the voices of the seven thunders spoke. ( “მას ეჭირა პატარა გრაგნილი, რომელიც ხელში გაშლილად ეპყრა”…) ადრე ოპუსებში, რამდენიმეგან აღმინიშნავს, რომ გალაკტიონის სინთეზურ, სიმბოლისტურ სახეთა ერთი პლანი ხშირად ბიბლიას უკავშირდება. ახლა უფრო დაზუსტებით, ხატოვნად ვიტყოდი, რომ გალაკტიონის სიმბოლისტურ სახეობრივ სისტემას, მის პოეზიას, რომელსაც სილბო აქვს ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა, როგორც რუსთველი იტყოდა, ძაფის ერთი წვერის თავი როგორც ამ შემთხვევაში, არცთუ იშვიათად, სწორედ ბიბლიაში აქვს საძიებელი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მუხა საყვარელო, ამისი ილუსტრაციაც ფეისბუქზეა. მაგარი რამეა! მუხა საყვარელო, ამისი ილუსტრაციაც ფეისბუქზეა. მაგარი რამეა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|