ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პროზა
6 აპრილი, 2009


ავშაგური ( თავი მეექვსე - დამასტის მთა - საღვთო საკრებულო )

    მდინარე ილტო კავკასიონის მაღალი მწვერვალებიდან, კახეთის, იგივე იორისა და ალაზნის წყალგამყოფ ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2120 მეტრის სიმაღლეზე იღებს სათავეს, მერე ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ ეშვება და ახმეტაში, ბახტრიონის ციხესთან, მარჯვენა მხრიდან ალაზანს მიერთვის. მდინარის პირველი და ცივ-ანკარა წვეთები ტბათანის, ასუნის, ლამაზურის, ნაქერალას, დოლას, გარეჯას, საჩქვეფების, დამასტისა და მუგუდოს მთების ფხანწლ-ღარტაფებში იკრიფება და მერე, ალპურ ხავერდებს გამოთხოვებული, ერთიანად გადიდმდინარებული და ატეხილი თავ-პირისმტვრევით ეშვბა ხეობის ვიწრობში. ხშირი და გაუვალი, ფართო ფოთლოვანი ტყეებით დაფარულ მთა-გორებს ხმაურიანი მოძახილით მიუყვება და გარემოს სიცოცხლისა და სილამაზის ნიშან-წყალს ანიჭებს.
    სოფელი ბუხრევი სწორედ ამ მთათაგან ერთ-ერთის, დამასტის ძირას იყო გაშენებული. თავად დამასტის მთა დიდი, ფართო იალაღებითა და სახნავ-სათიბებით გამორჩეულ ადგილად ითვლებოდა. ბუხრეველებს და, მათშორის, შიმშერაულებსაც აქ ჰქონდათ თავისი სამთო მამულები და მათი თივები ეხლაც იყო დაზვინული, რომელიც ზამთრობით სათოვლე მარხილებით ჩამოჰქონდათ ხოლმე. 
    მაგრამ ეს მთა მხოლოდ თავისი სახნავ-სათიბებით არ იყო გამორჩეული. მას სხვა, უფრო დიდი და აღმატებული ღირსებაც გააჩნდა. ეს მისი საღვთო, საკრალური ღირსება იყო. ამ მთის მწვერვალზე, ყველაზე უფრო მაღალსა და მიუდგომელ ადგილას, მდებარეობდა დამასტის, დარ-ავდრის ანუ ამინდის სალოცავი. უცხო თვალზე დამასტის ხატს შეიძლება ისეთი დიადი ზეგავლენა ვერც კი მოეხდინა: კაცზე მაღალი, კლდის სიპებით მშრალად ნაგები და ალაგ-ალაგ უკვე მონგრეული გალავანი; გალავნის დასავლეთით, ასევ ქვის მოზრდილი ლოდებით აშენებული ერთი კვადრატული მეტრის სიმაღლე-სიგანის, სიპებითვე ქონგურულად გადახურული, სამი მხრიდან სასანთლე ნიშებდაყოლებული შენობა, რომელიც საკუთრივ ხატს წარმოადგენდა: ხატისაგაგან ოდნავ მოშორებით ისევ ქვით მშრალად აყორილი ვიწრო სამრეკლო, რომლის გარედან ოთხკუთხა გუმბათის ჭერზეც ჯაჭვით სპილენძის ზარი ეკიდა და რომელ შენობასაც "საზარედ" უხმობდნენ;  სახევისბრო, ნახევრად მიწური შენობა-ფარდული,  სადაც ხატის დროშები, თას-განძი და უზარმაზარი სალუდე ქვაბები ეწყო... აი, დაახლოებით ასე გამოიყურებოდა დამასტის ხატი, რომელიც ძალიან დიდ სიწმინდედ მიაჩნდათ აქურ  ფშავლებს და ალბათ დღე ისე არ ჩაივლიდა, რომ მისი სახელი რიდით, მოწიწებითა და პირჯვრისწერით არ ეხსენებინათ, ხოლო ხატობა დღეს აუცილებლად საკლავ-საწირავით მოიყრიდნენ თავს ხატის კარზე და კიდევ ერთხელ მთელი ძალმოსილებითა და ხალისით განადიდებდნენ თავიანთი მართალი ღმერთის სახელს.
    ამბობდნენ, რომ დამასტის სალოცავში ამ რამდენიმე წლის წინათ სახატობოდ ასულ მლოცველებისთვის, რომლებიც, წესისამებრ, ხატისგან მოშორებით ბანაკდებიან  ღამისსათევად, თურმე ლეკები დასცემან და ბავშვი გაუტაციათ. ეს ისე ფარულად და მოხერხებულად გაეკეთებიათ დიდოელ თულებს, რომ ვერავის ვერაფერი გაუგია. საგათენებოდ, როდესაც დედას შვილი მოუკითხია, გამტაცებლები უკვე საკმაოდ შორს, ქვემოთ, ილტოს ჭალებში ყოფილან. შეწრიალებულა  მლოცველი. ხევისბერს დროშა აღუმართია, დასტურებს ზარები ჩამოურეკავთ. უთხოვიათ პირისმკადრეებს ხატისთვის შველა-დახმარება. მყისიერად ისეთი კოკისპირული წვიმა წამოსულა ციდან, ისე არეულა ამინდი, ისე უცებ მოდიდებულ-მოზვავებულა ილტო, ისე აბობოქრებულა, რომ ლეკებს მასში გასვლა ვეღარ მოუხერხებიათ და ამასობაში შვიდი შეიარაღებული მდევარიც, რომლებიც ამბის გაცხადებისთანავე, კვალში ჩასდგომიან, იოლად წამისწევია, ყველანი დაუხოცავთ და ბავშვი უკან დაუბრუნებიათ. "დაილოცოს, ავსა და ქვებუდანს თავისი ძალა აჩვენა დამასტემო," - პირჯვბარს ისახავდნენ ამ ამბის მოყოლისას  ფშავლები და დამასტურის კიდევ სხვა სიკეთეებსაც მოუწყინრად ამოალაგებდნენ მოგონებათა სკივრიდან...
   
                                            *        *        *        *        *

      ოქტომბრის ბოლო კვირის სამშაბათი უჩვეულოდ მზიანი გათენდა. უჩვეულოდ იმიტომ, რომ ეს ბოლო დღეები განსაკუთრებულად ცივი და ჯანღ-ბურუსიანი ეჭირა. დილაობით მთათა წვერებსა და ციცაბოდ დაქანებულ კალთებზე დღითი-დღე თრთვილს აბევრებდა ტაროსი. მზის პირველმავე სხივებმა ბეჯითად მოკრიფეს ვერცხლოვანი ჭირხლით მი-მოცვარული ბალხიდან ზამთრისპირის უშურველი ნობათი და სანახევროდ გამხმარ წბილებზე  მარგალიტის თვლებად ააბრჭყვიალეს ნამის წვეთები. სამხრობისთვის დღე წელში გაიმართა და დამასტის მთამაც და ხატ-ხატისკარმაც მთელი თავისი დიდებულებით შეხედა სხივნათელი მზის ბრწყინვალებას. ალბათ ეს დღეც ჩვეულებრივი გვიანი შემოდგომის ერთ გამონაკლისად თბილი დღის სახელით ჩაივლიდა, რომ არა ერთი მეტად უცნაური და საკვირველი გარემოება, რომლის დანახვაც ნებისმიერ მაყურებელს საკმაოდ ცხადად და მკაფიოდ შეეძლო, თუკი იგი იმ დროს სადმე სიახლოვეში იქნებოდა: დამასტის მთის ჩრდილო-დასავლეთიდან, იქიდან, სადაც ცა მწვერვალთა დატეხილ ჰორიზონტს რკალურად ეხლება ხოლმე,  სხვადასხვა საწყისიდან თორმეტი, მზის ბირთვივით განათებული, ბურთი ამოვიდა, მქროლავი სიჩქარით ამოიზარდა ჭვირვალ ეთერში და ყოველმა  მათგანმა გეზი დამასტურის სალოცავისაკენ მოიღო. ასიოდე შუბისსატრე მანძილზე რომ დაუახლოვდნენ მონიშნულ მწვერვალს, ცეცხლოვან-მბრწყინავი ბურთები თეთრ, ფრთალაღ მტრედებად გადაიქცნენ და სალოცავის გარშემო აღმართული გალავნის კედლებზე ისეთი ინტერვალებითა და თაგარიგით ჩამოსხდენენ, თითქოს ადამის ძის მითითებებს ექვემდებარებიან და რაღაც წინასწარი და უზუსტესი გათვლით მიუზომიათ განთავსების ადგილებიო. მაგრამ ამ უცნაური მოვლენის საკვირველება აქ არ დასრულებულა. მტრედებმა როგორც კი დაიკეცეს თავისი სპეტაკი ფრთები, მაშინვე, ერთი შეხედვით, ჩველებრივი ადამიანური ფორმა მიიღეს და სახემომღიმარნი ისეთი სიყვარულითა და სითბოთი მიაჩერდნენ ერთიმეორეს, თითქოს ერთი დედ-მამის კარგახნის უნახავი შვილები არიან და სანამ რამეს იტყოდნენ, ჯერ უნდათ ერთმანეთის ცქერით გული იჯერონო. ისინი,თორმეტივენი, ერთმანეთს საოცრად წააგავდნენ და, ამავე დროს, ყოველ მათგანს რაღაც განმასხვავებელი, მხოლოდ მისთვის დამახასითებელი ნიშანიც ქონდა. ყველანი თხელ, უმტვერო თოვლივით თეთრ მოსასხამებში იყვნენ გამოხვეული და ფეხზე არცერთ მათგანს არაფერი ეცვა. ყველა მათგანს თავზე რაღაც არაამქვეყნიური ნათლის შარავანდი შემოქარგვოდა. ხატიცა და ხატისკარიც სულ სხვა, თეთრ-არილი სინათლით აინთ და თეთრმოსასხამიანი ადამიანები გალავნის კედლებიდან ძირს, მიწაზე ჩამოქვეითდნენ. გალავნის დასავლეთით,  თითქის კედლიდანო, შავებში ჩაცმული, მოხუცი დედაკაცი გამოვიდა და იქვე, ნანგრევებთან გდებულ ერთ დიდ,ხავსმოკიდებულ ლოდზე ჩამოჯდა, ტარდაჭრელებული ურძნის არგანი მუხლზე დაიდო, თავიდან შავი თავშალი შემოიხსნა და უმტვერო თოვლივით  თეთრი  თმები ბეჭებზე ჩამოეღვარა. ეს იყო ადგილის დედა - დამასტისა და მთელი  ილტოს ხეობის მფარველ-მცველი ღმერთ-ქალი, მასპინძელი თორმეტი სტუმრისა, დინჯი და აუჩქარებელი, ლამაზი და ერთგვარად მკაცრიც კი გამოხედვით.
    - ციურნო! - მიმართა მან სტუმრებს. ისეთი ხმით მეტყველებდა, რომ ვერც კი იფიქრებდი, თუ ეს ხმა მოხუცი ადამიანის იქნებოდა, - დიადო და ძლიერო ღმერთებო, შემქმნელნო, პატრონნო და მცველნო ხილულისა და უხილავის, დიდო მორიგევ, შუამავალო კვირავ და თქვენ, ღვთისშვილნო! მობრძანებულნო ჩემი ხვეწნითა და მუდარით, განმიბჭეთ ნათელნო, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?
    მორიგე, ანუ უმთავრესი ღმერთი, ზედ დამასტის სალოცავის ხატის კედელზე ჩამომჯდარი, თითქოს ჯერ არა გაუგია რაო, დუმდა. დიდებული საცქერალი კი  იყო ეს ახოვანი, ბეჭებგანიერი, მხცოვანი, გრძელი, თეთრი თმა-წვერით დათოვლილი კაცი. დაღვენთილ ქუთუთოებში მოთავსებული მისი დიდრონი, ზღვასავით ლურჯი თვალები ერთდროულად დიდ სითბო-სიკეთესა და მრისხანება-სიმკაცრესაც გამოასხივებდნენ. თეთრი მოსასხამი, რომელშიც ეს ზორბა სხეული გამოკვალთულიყო, ისე შეხამებოდა მისი სახისფერს, რომ ვერც კი გაარჩევდი, სად იწყებოდა ერთი და მთავრდებოდა მეორე. მორიგეს მუხლზე დიდი მრგვალი სფერო ედო და ზედ იდაყვით დაყრდნობოდა. ვერ გაიგებდი, რისგან იყო ეს სფერო შექმნილ-გაკეთებული, მიწისგან თუ ლითონისგან, თუ სულაც რაღაც მკვრივ, ეთეროვან ფურცელს წარმოადგენდა, მძიმე იყო თუ მსუბუქი. იმისი დადგენაც აუცილებლად გაგიჭირდებოდა კაცს, როდის ან როგორ ჩნდებოდა ან ქრებოდა იგი ღმერთის ხელში.
    მორიგისაგან მოშორებით ფეხზე იდგა და დაჯდომას არც ეპირებოდა ხმელ-ხმელი აგებულების, ხელში გიშრის კრიალოსნიანი ახალგაზრდა კაცი, მოსილი აგრეთვე თეთრი მოსასხამით, რომელზეც მთელი სიგრძით ერთი საკმაოდ ფართე, ლურჯი და დაკლაკნილი ზოლი დაჰყვებოდა. ეს იყო კვირა,შუამავალი მორიგესა და სხვა დანარჩენ ღვთისშვილებს შორის, მუდამ გზაში მყოფი, მუდამ მოსიარულე და ამბების მიმტან-მომტანი, უმთავრესი ღმერთისთვის უპირველესი და უახლოესი პირისმკადრე, თამამი და ზრდილი სიტყვაშიც და მოქმედებაშიც, ერთი შეხედვით ცქვიტი და მოუსვენარიც კი. სწორედ კვირას, როგორც მორიგე-ღმერთის კარზე მოკარვეს, სამართლიანობის დამცველს და მსაჯულს ღვთისშვილებში და მისი უზენაესი ნების შემსრულებელს, ჰქონდა უპირველესი უფლება და მოვალეობაც, რომ მოეხსენებინა მორიგისათვის ადგილის დედის ნათქვამი.
    - დიდო მორიგევ, გამჩენელო და განმწესევ ცა-ღრუბლისა და მწვანილოვან-ხმელისა, სულიერთა და უსულოთა, - მიმართა კვირამ უპირველესს, - ილტოს ხეობის ადგილის დედა თხოვნით მოგახსენებს, რომ განიბჭოს აქაურობას თავსდატეხილი გასაჭირი და თუ ეს თქვენი, ღმერთების სურვილი იქნება, საწაღმართოზე შეიცვალოს უკუღმართი...
    - ვიცი, მესმის, ვხედავ, - ხმა ამოიღო მორიგემ და ეს ხმა არ გავდა არც ადგილის დედისა და არც კვირას ხმას, იგი თითქოს სადღაც შორიდან მოვარდნილი ექოაო, ისეთი შეკავებული ზავთითა და ზარით რეკდა, - ეხლა ყველანი აქ ვართ. უნდა განიბჭოს. თავად ადგილის დედამ მოახსენოს საბჭოს უკუღმართისა და ბირკოლის შესახებ.
    - ჯერ მხოლოდ ერთი საკითხი, - ურძნის არგანზე დაყრდნობით ფეხზე წამოდგა ადგილის დედა, თავსაბურავი, რომელიც მუხლებზე ეფინა, იმ ლოდზე დატოვა, რომელზეც აქამდე იჯდა, - დიდო მორიგევ, შუამავალო კვირავ და ყოველნო ღვისშვილნო, ხალხის თავს დიდი უბედურებაა, ბუხრევში ერთთვალიანი ბალღი გაჩნდა, მაცილის ხელია ამაში გარეული, ეს კარგს არაფერს უქადის თქვენს მლოცველსა და მორჩილ საყმოს... აი, ეს განვბჭოთ, ამის გარიგებას გთხოვთ უმორჩილესად.
      - ვუსმინოთ ლაშარს! - კვლავ შეარხია გარინდული ეთერის ჭვირვალება მორიგის ექოვანმა ხმამ, ხშირი წარბები ერთდროულად და ლამაზად აზიდა დაღარული შუბლისაკენ და მზერა ღვთისშვილებში ურჩეულესს, ლაღ ლაშარს მიაპყრო, - ჯერ ლაშარმა თქვას, მერე დანარჩენებმა.
    ლაშარი ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, თეთრი-პირისახით, ნაკვეთი, სწორი ცხვირით, წაბლისფერი თმა-წვერით, ლილა-ფართე თვალებით, მხარ-ბეჭიანი, ახოვანი და მოზიდული. გრძელი წაბლისფერი თმები, რომელიც ბეჭებზე ტალღებივით ეშვებოდნენ, საკმაოდ გრძლად ჩამოზრდოდა. ლაშარს, სხვა ღვთისშვილებისაგან განსხვავებით, ტანთ აბჯარი ემოსა და წელს ხმალ-ხანჯალი ერტყა, თუმცა მისი ეს აღჭურვილობა თვალში იმდენად მოსახვედრი მაინც არ იყო, რადგან, სხვა ღვთისშვილებივით, მასაც თეთრი მოსასხამი ემოსა ტანზე.ლაშარი, როგორც უებრო მხედარი, ლაშქრობის, ომიანობის და მეკობრეობის თავ-მოთავე, განუყრელი თავისი განთქმული გიშრისფაფრიანი ლურჯასაგან, უპირველესი მეომარი-ღვთაებსა იყო და მისი მრისხანე გამოხედვა ყოველთვის ნიშნავდა რაღაც საერთოს ომსა და მშვიდობას შორის.
    - ავშაგური არ არის მაცილის ავი-ნებით დაბადებული, ის ჩემი სურვილით მოევლინა სამზეოს... - წარმოთქვა სახენათელმა ლაშარმა გარკვეული, ომახიანი და მჭექარი ხმით. ის ღვთისშვილთა კრებას კარგა მანძილზე გამოყოფოდა და ლამის საბჭოს ცენტრში, მორიგისაგან სულ მცირე მანძლის დაშორებით გაჩერებულიყო. ეტყობოდა, რობ მიწაზეც ისევე მყარად გრძნობდა თავს, როგორც ზეცაში. ზოგადად იგი, მიწიერ გატაცებებთან ღვთისშვილთათვის უჩვეულო სიახლოვითაც იყო ცნობილი.  - ადგილის დედის წუხილი ამ შემთხვევაში იოლად გასაგებია, რადგამ მე მისთვის ამის შესახებ არასოდეს არაფერი მიცნობებია, თუმცა საბოლოოდ შეიძლება მაინც ძნელი ასახსნელი გახდეს ყველაფერი, ვიდრე ეს მე მგონია დღეს...
      შეშფოთებულმა ღვთისშვილებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე კი ყველამ მორიგეს მიაპყრო მზერა, რადგან არავინ მოელოდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა  ლაშარს ამდენი თვითნებობა გამოეჩინა.
      სახტადდამრჩალი ადგილის დედა ისევ თავის ხავსიან ლოდზე იჯდა და იმაზე მეტ მოძრაობაში იყო, ვიდრე ეს მანამდე შეემჩნეოდა მას. ისიც მორიგეს შეჰყურებდა, ისიც მისგან ელოდა რაღაც მკაცრისა და ჯერუთქმელის მოსმენას.
      მორიგე კი, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო, ოდნავადაც არ გამოხატავდა რაიმე მღელვარებას. მას წეღან შუბლზე აზიდული წარბებიც კი მწკეპრად გაესწორებინა თავის ბუნებრივ ადგილას და ხვთისშვილებს ერთი ისეთი დამამშვიდებელი მზერა მოავლო, რომ ყველანი მაშინვე რაღაც მყისიერი ძალით დრტვინვას განერიდნენ და ჩვეული მოთმინებით დაელოდნენ საბჭოს შემდგომ მსვლელობას.
      თუმცა უნდა ითქვას, რომ მცირე, დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევი, გამონაკლისი ღვთისშვილებშიც იყო. და ამ უთუმცაო გამონაკლისს პირქუში წარმოადგენდა. პირქუში ჯმუხი, კუშტი გამოხედვის, საშუალო სიმაღლის, ღვთიშვილთათვის არცთუდამახასიათებელი სხეულის სიმკვრივითა და ზორბა აგებულებით გამოირჩეოდა, ეს ჭარმაგი, მაგრამ ახალგაზრდულად თმა-წვერში ჯერაც თეთრგაურეველი კაცი, თავისი ჭვარტლიანი შესახედაობით, ისე არაბუნებრივად, მკვეთრად და რელიეფურად გამოიყურებოდა იმ თეთრ მოსასხამში, რომ იფიქრებდი შემთხვევით მოხვედრილა ამ ჰაეროვან კრებულშიო. გამორჩეული იყო მისი გამოხედვაც, თვალთა გუგებში თითქოს ცეცხლის ენები უგიზგიზებდნენ. და ეს ცეცხლის ენები თვით მორიგის დამამშვიდებელმა სიტყვებმაც კი ვერ გაანელეს. პირქუშმა, რკინის პატარ ურო, რომელიც მას სულ ხელში ეჭირა, ლაშარის განცხადებისა და მასზე მორიგის რეაგირების შემდეგ, იმ ლოდს, რომელზეც ჩამომჯდარიყო, კუთხის ქიმზე მსუბუქად ჩამოჰკრა და დახავსებულ ქვას რამდენიმე ნამსხვრევი ნაპერწკლების ცვენით აყრევინა...
      მორიგეს არ გამოჰპარვია პირქუშის ეს ჯიუტი რეაქცია, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და თუმცა საჭირო ალბათ აღარ იქნებოდა, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გაიმეორა:
    - ლაშარს ვუსმენთ!
    - ჩემი სათქმელი უფრო სხვაა, - განაგრძო ლაშარმა, მზე პირდაპირ მას ეგვირგვინებოდა თავისი სუსტი-გვიანშემოდგომური, მაგრამ მაინც უხვად ნათელსხივიანი კაშკაშით, - ჩვენს საყმოს წითელი ვეშაპი უპირებს ჩაყლაპვას, მთელი ჩვენი ძალები აქეთკენ უნდა მივმართოთ. დღეს უმთავრესად ამას ვთვლი. ჩვენ გვყავს ხალხში ჩვენი გუშაგები. ერთერთი მათგანი სწორედ ავშაგურის მამა, ბერი შიმშერაულია. მას საფრთხე ემუქრება. ამ ხეობაზე წითელი ვეშაპის პირველი მსხვერპლი შეიძლება სწორედ ის გახდეს, თუ ჩვენს დაცვის ღვთაებრივ ჰოროლებს დროულად არ ავაფარებთ...
      აქ ლაშარმა მოულოდნელად სიტყვა შეწყვიტა და კრებულს ისე გადახედა, როგორც წეღან, ამაყად და მომთხოვნად.
      ერთხანს ხმა არავის ამოუღია. მერე კი, ორიოდე წამის შემდეგ, სიჩუმე პირველმა კოპალამ დაარღვია:
      - მე მაქვს ლახტი, დევების გამანადგურებელი და გადამქაჯავი, რომლითაც წითელი ვეშაპის ბევრ მოლაშქრეს მზე სამუდამოდ დაუბნელდება, - თქვა მან. კოპალა მხცოვანი, ძლიერი, გმირი ხვთისშვილი იყო და მის სიტყვებში ნაგულისხმევი ლახტის მომაკვდინებელი ძალა მართლაც ბევრ გადამთიელს უქადდა აშკარა სიკვდილსა და განადგურებას. მას ხელში ვერცხლისფერი რკინის ჭიგო ეჭირა და საუბრისას მხარზე საიდანღაც ანაზდად მოფრენილი არწივი აჯდებოდა. ამ სახემშვენიერ კაცს მარჯვენა მხარზე ძედ შუათითის ფრჩხილამდე მხრის თავიდანვე თეთრი სწორი ზოლი დაჰყვებოდა და, რომ არა მოსასხამი, ჩვეულებრივი თვალისათვის იგი ძნელი შესამჩნევი სულაც არ იქნებოდა. ცნობილი თავისი სისწრაფითა და გამჭრიახობით, მზის თანმხლებად ითვლებოდა და კიდევაც ატარებდა მზის სიცხოველეს, ასე საგრძნობსა და ძლიერად ზემომმქმედს ირგვლივმყოფებზე.
      - ჩემი საგმიროც ჩვენი საყმოსთვის იღლება, - გააგრძელა კოპალის ნათქვამი იახსარმა, - და დაიღლება კიდეც. - იახსრის სიტყვები მტკიცე იყო და იმედიანი. დანარჩენ ღვთისშვილებში ის თავისი შეუდარებელი ათლეტური აღნაგობითა და ერთგვარი სიმორცხვით გამოირჩეოდა. თუმცა მას, ლაღს, ამაყს, ძლიერსა და მტერმოურეველს, ხელ-ლახტიანსა და სვეტად-ჩამოსულს, სხივთა კონებად ჩამოღვრილს ზეცის ეთეროვანი კამარებიდან და ცის კიბე-თოკ-ჯაჭვებზე მარჯვედ მოარულს, მაინც ყველაზე დიდი სახელი ჰქონდა დავარდნილი, როგორც ხალხის გაბედულ ქომაგს, უანგარო მსახურსა და სწორუპოვარ ფალავანს ღვთისშვილთა მთელ კრებულში. 
      - მე მოვავლენ წითელი ვეშაპის მოლაშქრეების თავზე დელგმასა და ქარაშოტს, ზვავსა და ზათქს, ზაფხულში სიცხეს, ზამთარში - ყინვას, - თქვა დამასტემ, იმ ხატისა და ადგილის თავ-პატრონმა, სადაც ეხლა, ადგილის დედის თხოვნით, თვით ქვეყნიერების გამჩენი მორიგე-ღმერთი და მთლად ქართველთა მფარველი სხვა ხვთისშვილები ასე ერთობლივად და გამოუკლებლად შეკრებილიყვნენ. დამასტეს, ამინდისა და ცა-ღრუბლის ღმერთს, მრისხანესა და შეუვალს, ზურგზე მარადიულად საცერმოკიდებულს, თქმაცა და ქმნაც იოლად შეეძლო და არც ამჯერად აპირებდა იგი თავისი ძალისხმევის დაზოგვას საერთ-საყმო საქმისთვის. 
      - ისიც ცუდია, რომ იმ  ცალთვალი ბალღის გაჩენასთან ერთად შიმშერაულების ოჯახში ორი ქალი ეცილება ერთმანეთს კაცისა და ქმრის სარეცელს... რა თქმა უნდა, რომ აქაც მაცილის ნება-სურვილის ზეიმია... - ვეღარ მოითმინა პირქუშმა და თავისი უკმაყოფილო მზერა ლაშარისაკენ მიმართა, - ჩვენ, ღვთისშვილები იმიტომაც ვართ, რომ ასეთი უწესობანი ძირშივე აღვკვეთოთ... - პირქუში მგრძნობიარე, საჯაროდ ცრემლისმღვრელ ღვთისშვილად იყო ცნობილი, თუმცა მისი დევებთან და ბოროტ ძალებთან გაუნელებელი ბძოლის შესახებაც ყველას კარგად მოეხსენებოდა და ისიც ყველამვე უწყოდა, რომ ვერცხლის ყაწიმიანს, ანუ ვერცხლის ბალთებით შემკობილი სამხარიღლიო ღვედის მარადიულად მატარებელს, თვალებიდან ცეცხლისმფრქვეველს,  ჯალაფობის, ქუდოსან-მანდილოსნის მფარველ-მწყალობელად და წესის დამცველადაც მოჰქონდა თავი.

                        ( ეს არის ამ თავის პირველი ნაწილი )

                                  (გაგრძელება იქნება)
   
   
         





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები