ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2009


ვნების კვირა

არა, არ ვიცი რითი შევძლო შეცვლა ამ მზეთა,
როგორ გამოვხსნა მკერდი ჩემი და გული დანით
ვით ამოვიჭრა, რომ ისევ იმ ჩვეულ აზრებთან
აღარ ვცხოვრობდე და გრძნობებიც უკიდეგანო...

აღარ მოაწყდნენ შენი სახის ბარელიეფებს,
გაქვავდნენ, ფერფლად მიებნიონ წარსულის კბოდეს,
რომ რაც ძვირფასი გამაჩნია, გავაიაფო,
ანუ დავღამდე და სინათლე არ მომაგონდეს!..

ამოგალობდით, ანგელოზნო, ნედლით სიმებით,
ულხინეთ სულებს, სიყვარულის ქარიშხლით ნაგვემს,
შემხსენით მხრებზე დაკიდული ტრფობის სიმძიმე,
მოცვარეთ სავსე მთვარის ცეცხლით პოეტის ბაგე...

თორემ ამდენი უარყოფით, დამუნათებით,
გათოშილია ჩემი მზერის ლურჯი სარკმელი,
მმარხავს ქვესკნელში უარყოფა მძიმე თათებით,
თავახდილია დედამიწის ყველა სარქველი...

და მე არ მჯერა, რომ არსებობს რამე უშენოდ,
არც მზე, არც დილა, არც სიცოცხლე ამ სამყაროში...
უშენომ ან ეს ლექსები ვის შემოვუშენო,
ან ვით ჩავმარხო თავი ჩემი მევე ხაროში...

ვნების კვირაა... მაცხოვარო, ღმერთო იესო,
ვესავ შენს დიად სასოებას, აანთე კვალად,
გულები ჩვენი სიყვარულით და საალერსოდ,
თორემ თუ ერთხელ უმისობა შემოგვერკალა...

განვიძარცვებით, საცოდავად ვიქცევით ხატად
შენი კი არა, დემონების და ცოდვაც მჩენი
უსიყვარულოდ იმ დიდ სურათს ვეღარ დახატავს,
სიცოცხლის ტილოდ რომ გვიყალმავს სურვილი შენი.

ჰო, ასე მჯერა, მე ასე მწამს,  მოძღვარო ჩემო,
რომ მოილხინოს განწმენდილმა ყოვლისგან სულმა,
ხამს გული უფალს სიყვარულით სავსე ვაჩვენოთ,
რომ ჩვენც როგორმე შეგვინივთოს სიმშვიდემ სრულმა...







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები