ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პროზა
16 აპრილი, 2009


ავშაგური ( თავი მეექვსე - დამასტის მთა - საღვთო საკრებულო , მეორე ნაწილი)

ავშაგური

(მეექვსე თავის - საღვთო კრებული - მეორე ნაწილი)

    - შიმშერაულების კერაზე დიაცთა სიმრავლე საფრთხეს არავის და არაფერს უქადის, არც ერთთვალიანი ბალღის დაბადებაა დიდი უბედურება. მე უფრო მნიშვნელოვნად ლაშარის მიერ ნახსენები წითელი ვეშაპი მესახება, ღმერთებო, - საუბარში ჩაერია ოქროს თმა-ქოშებიანი, ყელ-ღილიანი, მარად ხელი და მხიარული, თამამი და ეშხიანი, კოხტა და კოპწია, მოელჩე და სატრფომრავალი ქალღმერთი სამძივარი. მის სიტყვას ხვთისშვილებში ყოველთვის დიდი ფასი და წონა ედო, რადგან ეს ათასგვრად სახემცვლელი ქალღმერთი თვით ღვთისშვილების მიწადყოფნის ყოველი ნაბიჯისა და გრძნობა-გააზრების იდუმალმხილავად ითვლებოდა და ყოველთვის შეეძლო მათი მიწიერი ცოდვანი ზეცად, უპირველესი უფლის სამსჯავროზე ყოველგვარი მორიდების გარეშე გამოეტანა.
    სამძივარის შემდეგ სხვა ხვთისშვილებმაც ილაპარაკეს.
    ილტოსხეობელთა დასახმარებლად თავისი წონიანი სიტყვა თქვა დიდმა ლომისამ, ქვის წულად მქცეველმა, ქსნისა და არაგვის თავ-დამყურებელმა, შვიდიათასი ქართველი ტყვის დამხსნელმა, უყმო ყმის მშველელმა, ხორასნით მობრძანებულმა ლომგულმა, წყნარმა, მშვიდმა და სახელამაზმა კაცმა, ამოდსასმენმა.
    ისაუბრა ხელ-მწიფე პირიმზემ, მიმღებმა და მცველმა რჯულიან-ურჯულოთა, ოქროს-შიბიანმა, ოქროსკალთიანმა, ალვისტანიანმა, მზე-მთვარით თანაბრად მოარულმა, მოწყალემ, მოსამართლემ და გამარჯვებულმა.
    აქაურთა მიშველებაზე დასტური დასცეს გუდანურმა და ხახმატურმა, ქაჯთა ციხეების არაერთგზის მტეხელთა და ქაჯეთის ჯაჭვის გამგლეჯელთ, იქიდან ოქროს თასის გამომტანელთ.
    - ჩემი მალამო-სალბუნი და შეწევნა კვლავაც უხვად დაედინება ჩვენს საყმო-ლაშქარს. ჩემი მადლითა და ძალით კვლავაც სულითა და სხეულით გავაკაჟებ ჩვენს მოკრძალებულ სამრევლოს, - წარმოთქვა ჩიქილაზინზილიანმა, ოქროსგვირგვინიანმა, ვნებულ-საპყართათვის წამალთა გამომწერელმა, ღელის აქიმ-დედოფლად სახელდებულმა დიდებულმა თამარმა.
      თუ არ ჩავთვლით პირქუშისა და ადგილის დედის ზოგიერთ ეჭვგარეულ გამონათქვამს ავშაგურისა და ჰანნა ლანგვეგგერის მისამართით, ხვთისშვილთა საერთო აზრი იქითკენ იხრებოდა, რომ ხეობის მცხოვრებთა უმთავრეს პრობლემას  წითელი ვეშაპის გამოჩენა წარმოადგენდა და უპირველეს ყოვლისა ამაში ეჭირვებოდა საყმოს მათი თანადგომა.
    - ლაშარო და ადგილის დედავ, - წარმოთქვა ბოლოს ახოვანმა და მხცოვანმა, თეთრი თმა-წვერით მოსილმა მორიგემ და დაღვენთილ ქუთუთოებში მოთავსებული თავისი დიდრონი თვალების მოწყალე მზერა ამ ორ ღვთისშვილს მიაპყრო, - მსჯელობა საკმარისია. საყმოს გასაჭირი - ნათელი  და ცალსახა. ჩვენი აზრიც ასევე - ცხადი და მარტივი. ყველანი, ღმერთებიცა და ადამიანებიც, წითელი ურჩხულის დასამარცხებლად უნდა მოვიმართოთ. კვირავ! - მიმართა მან ახლა უკვე თავის უახლოესსა და უმთავრეს მოკარვე-იასაულს, მისი უზენაესი ნებისა და წყალობის შემტანელ-გამომტანელს, - მართა მარაულის ენა-პირმა აუწყოს საყმოს ჩვენი უზენაესი აზრი და ნება-სურვილი. და ეს ისევ აქ, დამასტის საგაზაფხულო დღესასწაულზე უნდა მოხდეს!
      მორიგის სიტყვები გარკვეული, მკვეთრი და მოზომილი იყო. იგი ბრძანებასაც წარმოადგენდა და თხოვნასაც ერთსა და იმავე დროს. მორიგე ისევ იქ, მის მიერ წეღან დაკავებულ ადგილას იჯდა  და ბრძნული დიდებულებით ატრიალებდა ხელში ოქროს კვერთხს, რომლის თავიც სწორედ იმ სფეროთი ბოლოვდებოდა, რომელსაც გალავანში გამოჩენისას ის მუხლზე დადებულს ათამაშებდა. მხოლოდ ხვთისშვილები, ყველანი უკლებლივ, ფეხზე წამომდგარიყვნენ და ქვეყნიერების რიგისა და წესის დამდგენს მორჩილი ყურადღებით უსმენდნენ.
    მოსაღამოვებულიყო. მზის სხივები დასალიერისაკენ გადაკრაფილიყვნენ, უღონოდღა უნარჩუნებდნენ გარემოს გაცრეცილ დღიურ სინათლეს. ჩრდილოეთის მხრიდან კავკასიონისაკენ წამოგრაგნილი შავი ღრუბლები უზარმაზარი ფარტენებივით გაწეწოდნენ საღამური ცის კაბადონს და კიდევ უფრო აჩქარებდნენ სიბნელის გაბატონებას. ქარებიც ცივი ქროლვით ქროდნენ, სუსხისა და თოშის ლეგიონებს მოერეკებოდნენ ხეობის ვიწროებში.
    ლამაზად, მწყობრად და მშვიდი თადარიგით აიკრიფნენ დამასტის სალოცავის გალავნის შიდაობიდან უცნაურად განათებული ცეცხლოვანი ბურთები და ფეიერვერკების გაშუქურებული ხაზებივით გადაემართნენ ზეცის ეთეროვანი ბილიკებით თავთავიანთი საბრძანებლებისაკენ.
    ცოტა ხანში დამასტის მთასა და ხატ-ხატის კარზე სრულმა სიმყუდროვემ დაისადგურა.



                                                  მეშვიდე  თავი

                                                წარაფობა. "გასახე"


    გედევან შიშმელიაშვილი, ეს ტანმორჩილი, ერთი შეხედვით მფრთხალი და მოუქნელი კაცი, სინამდვილეში ერთობ გაქნილი, აქტიური, რისკიანი, ავანტიურისტული ბუნებისა და სულისკვეთების ადამიანი იყო. ღატაკი ოჯახის შვილს ანკი სხვანაირად როგორ უნდა ეცხოვრა, თუ არა რისკიანი და გაბედული ნაბიჯების გადადგმით. ჰოდა, მანაც, სწორედ ეს უკანასკნელი გზა აირჩია და საკმაო წარმატებასაც მიაღწია. მართალია, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები თანახეობელებს შორის მისადმი ზიზღსა და სიძულვილს დღითიდღე ზრდიდა, მაგრამ გედევანი ამას არაფრად დაგიდევდათ. "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო" - იტყოდა ხოლმე ის იმ შემთხვევაში, თუკი ამ სიძულვილით გამსჭვალული ხმების შესახებ ცოლი, ბაბალე, გაუბედავდა და ეტყოდა რამეს.
    გედევანმა პირველი ასეთი სარისკო ნაბიჯი 1919 წელს, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, ახალციხის მეკავშირეთა ბატალიონში ყოფნისას გადადგა. ის სავალდებულო სამხედრო სამსახურში უკვე ერთი წლის ჩარიცხული იყო, როდესაც ომმა იფეთქა და როგორც უკვე გამოცდილსა და გარკვეული ჩვევების მქონე ჯარისკაცს, ბატალიონის უფროსმა, კაპიტანმა ლაშა მინდელმა, მორიგი საბრძოლო ამოცანის შესრულება დაავალა: ღამით, გედევანს, თავის ცხრაკაციან ჯგუფთან ერთად, გაწყვეტილი სატელეფონო კავშირი უნდა აღედგინა შტაბსა და ფრონტის ხაზზე მოქმედ ერთ-ერთ ქვედანაყოფს შორის. სიბნელეში სატელეფონო მავთულის დაზიანებული ადგილის აღმოჩენა და მისი შეკეთება დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა, მაგრამ გედევანმა სულ სხვანაირად განსაჯა:
    - სომხებს რუსები და ინგლისელები ეხმარებიან. არ არის გამორიცხული, რომ მათ გაიმარჯვონ. ამიტომ ჩვენ გარდაუვალი სიკვდილი არ აგვცდება. თანაც რისთვის უნდა დავიხოცოთ, ბურჟუა მენშევიკებისთვის? არა, სწორი არ იქნება! მე სულ სხვა გეგმა მაქვს... - უთხრა მან თანამებრძოლებს, როდესაც მათ ყაზარმა დატოვეს და სრულად აღჭურვილნი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გამოვიდნენ.
    გედევანის სიტყვებმა ჯარისკაცებში გაკვირვება და ინტერესი გამოიწვია.
    - რა  გეგმა?! - იკითხა ერთ-ერთმა მათგანმა, სანდრე პაჭაძემ, რომელიც ასაკით სხვებზე გაცილებით უფროსიც იყო და დედაქალაქში კარგა ხნით ნაცხოვრებმა მაშინვე იყნოსა, რასაც აპირებდა ეს პატარა გოლიათი.
    - დავტოვოთ ნაწილის ტერიტორია და თურქეთში გადავიდეთ. იქიდან მერე ევროპაში მოვხდებით და ყველანი დავისვენებთ, მოვრჩებით ამ დავიდარაბას.
      - ურიგო არ იქნებოდა. ყოველშემთხვევაში, სანამ საქართველო მენშევიკების ხელშია, გაცლა ნამდვილად აჯობებდა, - დაეთანხმა სანდრე გედევანს და მისი ნათქვამი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჯგუფს განზრახული შეესრულებინა. მათ, ნაცლად იმისა რომ კავშირი აღეგდინათ შტაბს მოწყვეტილ ქვედანაყოფთან, ის სატელეფონო მავთულებიც გადაჭრეს, რაც მეკავშირეთა ბატალიონს აკავშირებდა გარესაყაროსთან და თავი სიბნელეს მისცეს.
      დეზერტირთა ამ უგუნურმა ნაბიჯმა მეორე დილითვე გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. შტაბს მოწყვეტილი ქვედანაყოფი მტერმა ლამის ერთიანად გაანადგურა, ხოლო თავად ბატალიონი კარგახანს ვერ ახერხებდა პოლკის მეთაურობასთან დაკავშირებას. კაპიტანმა მინდელმა მომხდარი შიკრიკის საშუალებით მაინც აცნობა ზემდგომებს, ხოლო გაქცეულებს სასწრაფოდ დაადევნა ოპერატიული ჯგუფი. დეზერტირები შეიპყრეს. საველე სასამართლომ გედევანსა და სანდრეს დახვრეტა, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ განაჩენის სისრულეში მოყვანამდე დედაქალაქიდან მოსული ბრძანების მიხედვით ყველანი ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს და როდესაც ამ ომში საქართველომ ძლევამოსილ გამარჯვებას მიაღწია,  მათი კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის  მექანიზმიც რატომღაც აღარ ამოქმედებულა.
    1921 წელს ბოლშევიკებმა, სხვა პატიმრებთან ერთად,  გედევანიც გაათავისუფლეს და საკთარ მაზრაში, თელავშივე გამოამგზავრეს. ოღონდ ახლა გედევანი, როგორ მგზნებარე რევოლუციონერი, ისე მოევლინა მაზრას. წითელი სამხედრო აღჭურვილობითა და იარაღით აღკაზმული და ახმეტაში ადგილობრივი სამილიციო რაზმის უფროსის, მისივე მეგობრის, სანდრე პაჭაძის მოადგილედ დაწინაურებული.
    გედევანი სოფელ ჭართალაში ცხოვრობდა, ილტოს ხეობის მკვიდრი იყო  და ახმეტის რევკომისა და მილიციის კომისარიატის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეს ხეობა მის საკურატოროს წარმოადგენდა. წარმოადგენდა და ენერგიულადაც უძღვებოდა გედევანი საქმეს. დღენიადაგ ცხენზე ამხედრებული და იარაღში კბილებამდ ჩამჯდარი, თავის ამფსონ-ამხანაგებთან ერთად  მართლაც რო რკინის ხელით აკონტროლებდა სიტუაციას  და არ იყო მოვლენა, მას რომ გამოპარვოდა.
    მიუხედავად გედევანის მრისხანე ავტორიტეტისა, ილტოს ხეობაში მაინც შემოვიდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელები და მოსვენება დაუკარგეს ჩვენს გმირ ზედამხედველს. ის მათთან შებმას ვერ ბედავდა, თუმცა ცნობებს კი ენერგიულად აგროვებდა და მოუთმენლად ელოდა იმ წამს, როდესაც ცეცხლის ალი დაენთებოდა. მანამდე კი, ყოველდღიური საზრუნავით დაკავებული, თან ერთ, უცხო თვალისათვის შეუმჩნეველსა და იდუმალ საქმესაც აბამდა თავს...
    სწორედ ამ საქმეზე მიემგზავრებოდა ახლაც გედევანი, როდესაც საკმაოდ შემოსაღამოვებულზე თავისი მიწური ქოხიდან გამოვიდა და სოფლის წინ პრეისტორიული დინოზავრებივით აყუდებულ, ლურჯი სიშავით გადაფარდაგებულ ტყიან გორებს მზერა მიაპყრო. სუსხი და სიცივე საგრძნობლად მი-მოიარებოდა ხეობის ყოველ კუთხე-კუნჭულში, ამიტომ გედევანსაც თბილად ეცვა. იგი ეზოს ჭიშკართან მდგარ მოზრდილ კაკლის ხეს როგორც კი გასცდა და გეზი ქვიანი რიყისაკენ აიღო, კაკლის ხიდანაც სწორედ მაშინ, დაკვეთილივით, კენტი ყორანი აფრინდა და შეღამების მგზავრს ზეციური ბილიკით დაემგზავრა. ეს ყორანი ბაბალესაც შემჩნეული ყავდა და ბევრ სხვა მეზობელსაც - როცა გედევანი სახლში იმყოფებოდა ყორანიც მონუსხულივით კაკლის კენწეროზე იჯდა, ხოლო თუ იგი სადმე მიემგზავრებოდა, ისიც დაუყონებლივ ტოვებდა ამოჩემებულ ადგილს და გედევანის მიმართულებით მიფრინავდა.
    ილტო ზამთრის პირზე საოცრად წყალმეჩხერი ხდება და ადამიანს თავისუფლად შეუძლია მასში ფეხით გასვლა. გედევანმაც სრულიად დაუფიქრებლად გატოპა ცივსა და ანკარა წყალში და ივლიან გორის აღმართს აუყვა. ამ გორს ივლიანს იმიტომ ეძახდნენ, რომ იქ მრავალი იელი ხარობდა. და სწორედ ეს გორივე  იყო ცნობილი თავისი ეხ-ქარაფიანი, ფხანწლიანი და კლდიანი ადგილებით, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქაჯები და დევ-ეშმაკები ბინადრობდნენ. ამ ადგილებს ხალხი არათუ შეღამებულზე, დღისითაც კი ერიდებოდა.  აქ მომხდარ ათასგვარ ამბებს  ყვებოდნენ იმ საშინელი ფინალით, რომლის მიხედვითაც უჟამო ჟამში ანუ ღამით შემთხვევით იქ მოხვედრილი ადამიანები ჭკუიდანაც კი შემცდარიყვნენ ნახულითა და გაგონილით. და გედევანი ახლა სწორედ ამ ადგილისაკენ მიემართებოდა სრულიად უშიშრად და ერთგვარი ფეხაჩქარებითაც კი.
    უკვე კარგა გვარიანად ბნელოდა, როცა გედევანმა ივლიან გორის იმ ადგილამდე მიაღწია, რომელსაც ხალხი წარაფად მოიხსენიებდა. მგზავრს სახლიდან საკმაოდ დიდი მანძილი გამოევლო, თანაც სულ აღმართი და დაღლილობა კი, რაც არ უნდა საკვირვლად მოჩვენებოდა ვინმეს, საერთოდ არ ემჩნეოდა. მოსულს წარაფის პატარა ტაფობიდან, სადაც ცეცხლის ალი მედიდურად ბრიალებდა, იორდანე ილდაკნელი, მისივე მეგობარი და თანამოაზრე, გამოეგება და, შესაფერისი მისალმებით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ერთმანეთს ჯერ მაცხენა ხელი ჩამოართვეს, ხოლო შემდეგ მაუზერები ამოიღეს და სათითაოდ ისროლეს საფეთქლებში, ოღონდ ისე კი, რომ არცერთს არაფერი დაშავებია, უფროსი კოცონთან მიიწვია. თუმცა მისალმების ეს უცნაური რიტუალი აქ არ დამთავრებულა. როდესაც ისინი კოცონთან მივიდნენ, სადაც კიდევ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა და რომელთა შორის პეტრე პაპიშვილსაც ამოიცნობდით, იორდანემ, თავისი დანარჩენი ოთხი მეგობარივით  წელზემოთ შიშველმა და ტან-სახეზე ბარაქიანად მურ-ასმულმა, კოცონისაგან მოშორებით, საგანგებოდ წითწელნაჭერგადაფარებულ საკმაოდ დიდსა და დიამეტრფართე ხის კუნძზე დადგმულ ადამიანის თავის ქალას ექვსგზის ჩოქით შემოუარა, ექვსგზის ეამბორა კუნძის გარშემო მიხვავებული ძვლების გროვას, მერე გულზე დაკიდებული ტახის ეშვით მიწა ამოჩიჩქნა, მონათხარი ხელის გულზე დაიდო და ისევ ჩოქელა გედევანის ფეხებთან  მივიდა. გედევანმა იორდანეს თავზე მარცხენა ხელი დაადო, მცირე ხანს ასე იყო გაჩერებული ეს უცნაური დუეტი, და მხოლოდ ამის შემდეგღა წამოიმართა ფეხზე დაჩოქილი. იგი წელში და ბეჭებში მარდად გასწორდა, მზერა კამეჩის ტყავივით ჩაბნელებულ ზეცას მიაპყრო და მტკიცე, გაუბზარავი ხმით წარმოთქვა:
    - ყოველთა ხევთა, უფსკრულთა, წარაფთა და ბნელთა ადგილთა დიდო მეუფეო, თხისრქოსანო გედეონ, წრფელსა და მარად ცეცხლოვან სალამს გიძღვნიან თქვენნი უმორჩილესნი შეგირდნი!
    გედევანმა მარცხენა ხელი მაღლა შემართა, ჰაერში ნახევარი წრე შემოხაზა და იმ შემოწირული რკალიდან მოულოდნელად ისეთი ძალუმი და ლურჯ ცეცხლის ალი გამოიტყორცნა, რომ კოცონის სინათლე მასთან შედარებით უშორესი ვარსკლვლავის უღონო კიაფად მოეჩვენებოდა კაცს. ბრიალა სინათლე გრანიტის დაშნებივით უტყვად გარინდულ უზარმაზარ მუხა-წიფლის ხეებს უხვად მიეფინა და მყისიერად ყველაფერი ძალიან იოლად დასანახი შეიქმნა.
      - ექვსგზის სიცოცხლე და უძლეველობა ჩემს უუმორჩილეს შეგირდთ! - მიმართა გედევანმა ცეცხლის ირგვლივ გარინდულ თანამოაზრეებს და ისევ იორდანეს მიუბრუნდა სახეგანათებული დიდი მეუფე. მას ახლა თავზე მართლაც ორი რქა წამოზრდოდა. - გაითვალეთ, რაღას ელოდებით?!
    შეგირდები ჯარისკაცებივით ერთიმერის გვერდით ჩამწკრივდნენ, თავიანთი ნომრები და სახელები ხმამაღლა დააფიქსირეს და ბოლოს ერთხმად, ასევე ხმამაღლა და ქორალურად ომახიანი პათეტიკით შესძახეს:
    - ეხვსგზის დიდება, სიცოცხლე და უძლეველობა ყოველთა ხევთა, უფსკრულთა, წარაფთა და ბნელთა ადგილთა დიდ მეუფეს! წრფელსა და მარად ცეცხლოვან სალამს გიძღვნით თქვენნი უუმორჩილესნი შეგირდნი, თხისრქოსანო გედეონ!
    ყველა შეგირდს წელზე პატარა და წვრილი ჯაჭვით თითო შავი კატა გამოება. მისალმების შემდეგ, რამაც დიდი მეუფის სახეზე კმაყოფილებისა და ერთგვარი ირონიაც კი აათამაშა, შეგირდები, რიგის მიხედვით, საკუთარი ეშვის ავგაროზებით იორდანეს მსგავსად მიწას თხრიდნენ და განსაკუთრებული პატივითა და მოწიწებით მიართმევდნენ დიდ მეუფეს. დიდი მეუფე მიწის ყოველ ულუფას სიამოვნებით მიირთმევდა და კმაყოფილების ნიშნად შეგირდს თავზე მარცხენა ხელს ადებდა და სიტყვა "გასახე"-ს ეუბნებოდა, მერე თითოეული მათგანის კატას ხელში იყვანდა და ტუჩებში კოცნით უკანვე უბრუნებდა.
    როდესაც გათვლისა და ინდივიდუალური მისალმების პროცესი კურთხეულად დასრულდა, დიდმა მეუფემ ტანსაცმელი მთლიანად გაიხადა და ასე დედიშობილა მოწიწებით მიეახლა წითელნაჭერგადაფარებულ კუნძზე დადებულ თავის ქალას, მუხლი მოიყარა მის წინაშე, მკერდზე დაბნეული ღორის ეშვი ხელით სახის წინ აღიმართა და ლოცვას შეუდგა:
    - ყოველთა ხევთა, უფსკრულთა, წარაფთა და ბნელთა ადგილთა მფარველნო ძალნო, მომარცხენენო და ზურგშექცეულნო, უხილავ-ხილულნო, მართალნო, ნიშანთა სწორთა მომცემნო, ქვეყნიერების ბატონ-პატრონნო, ილტოს ხეობის მეწარაფე პირველმდგომელო, ორშაბათისა და ამ ბნელი ღამის შეწევნით გიძღვნიან წრფელსა და მარად ცეცხლოვან სალამს შენი დიდებული ლაშქრის ებგურები!
    - გასახე! გიძღვნიან სალამს! - ექვსგზის გაიმეორეს დიდი მეუფის ზურგსუკან ასევე ხელში ეშვმომარჯვებულმა  ებგურებმა გედევანის მიერ წარმოთქმული ლოცვის დასტურად ეს სიტყვები.
    - არა რომელიმე სხვა ღმერთთა, არამედ მხოლოდ თქვენი ყოვლისშემძლე ნება-შემწეობით, აღმატებულნო მეუფენო, და ჩვენი უდრეკობა-შეუპოვრობით, თქვენს ფეხთა ქვეშ განერთხმის ყველა და ყოველი! - განაგრძობდა გედეონი.
    - განერთხმის! - უდასტურებდნენ ექვსგზისი დასტურით ებგურები.
    - ხოლო მტერთა და ურჩთა თავის ქალები გამოხმებიან ამ ფიტულივით და როგორც სამსხვერპლო შესაწირავი, ყოველ ორშაბათს, დალაგდებიან შენი წმინდა კუნძის ფართე ლანგარზე! - გედევანის სიტყვას თანდათან მეტი ცეცხლი ემატებოდა.
    - დალაგდებიან! - კვლავაც ექვსგზოვანად ემოწმებოდნენ დანარჩენები.
    როდესაც ლოცვა მოამთავრა, დიდმა მეუფემ კუნძზე დადებული თავის ქალა ხელში აიღო და ცეცხლისაკენ მოისროლა. ცეცხლში ჩავარდნილი შენაწირი ხმაურით გასკდა და იმავდროულად ღადარიდან ექვსი წითელი გველი გამოსრიალდა, ისინი მლოცველებისაკენ წავიდნენ, ტანზე აეზლაზნნენ და თითოეულ მათგანს ყელზე შემოეხვივნენ.
    - ჭკვიანნო, სად არის ვახშამი? - იკითხა ამის შემდეგ გედევანმა და უბრძანა ყველას, კუნძს შემოსხდომოდნენ.
    - ირემი ჯერ არ დაგვიკლავს, ვერ მოვიხელთეთ! - უპასუხა გედევანს იორდანემ. - დღეს ისევ ძველი ნანადირევით დაპურება მოგვიწევს!..
      გედევანმა თავადაც კარგად უწყოდა, რომ ირემი ჯერ ვერ დაეკლათ. ეს ირემი ბერი შიმშერაული იყო მეწარაფეთა ლექსიკონის მიხედვით. ამიტომ ის იკმარეს, რაც უხილავი ხელის დამსახურებით ამჟამად  ტაბლაზე იდო: სახსრებში დახსნილი მოუხარშავი ღორის ხორცი და სისხლი დიდი სპილენძის თუნგით, რომელსაც ადამიანის თავის ქალისაგან გაკეთებული ფიალებით სვამდნენ და ისეთსავე თრობას განიცდიდნენ, როგორც სხვა, ჩვეულებრივ მაგარი სასმელისაგან. სულ მალე ვახშამი ღრეობაში გადაიზარდა. ჩამოეხსნენ გედევანსა და მის შეგირდებს გველები, აეშვნენ წვრილი ჯაჭვებით წელზე გამობმული კატები და ყველანი ერთად რაღაც არაბუნებრივი გააფთრებით ერთმანეთში აირინვნენ, აიზილნენ, აცეკვდნენ, ახორხორდნენ, ახმაურდნენ. ივლიან გორის წარაფი თავშექცევის ხმამაღალი და უნაპირო ბგერებით დაიფარა, გაბრუვდა, გაორომტრიალდა. ორგია ზენიტს აღწევდა, როდესაც წარაფის კლდოვან კიდეზე ანაზდად საიდანღაც გამოჩენილი დიდი, ნაცრისფერი თხის ვაცი ორ ფეხზე შედგა და გულისწამღები კიკინი მორთო.  კიკინის ხმაზე მოღრეობენი უცებ გამოფხიზლდნენ, ყველანი სახით ვაცისაკენ მიბრუნდნენ და გულზე ავგაროზებივით დაკიდებული ღორის ეშვები მაღლა შემართეს.
    - დიდება დიდ გასახეს! - წარმოთქვეს მათ  ერთობლივად და ექვსივენი მუხლის ჩოქზე დაეცნენ.
    დიდი ნაცრისფერი თხის ვაცი, რომელსაც სხეეული თითქოსდა მგლისაც კი ჰქონდა, ხოლო თავი და კბილები უფრო ცხენისას მიუგავდა, იყო მეწარაფეღა დიადი ღმერთი - გასახე - ყოველთა ხევთა,უფსკრულთა, წარაფთა და ბნელთა ადგილთა მფარველი ღვთაება, რომლის მიმართ გედევანისა და მისი თანამოაზრეების მორჩილებაც ისეთივე უკიდეგანო იყო, როგორც თავად ამ ბოროტი ძალის გავლენა და შესაძლებლობანი დედამიწაზე. 
      მოულოდნელად თხამ ჩვეულებრივი, ადამიანური ენით დაიწყო საუბარი და თავის მრევლს ასე მიმართა:
      - ისმინეთ, ბრიყვებო! გუშინ დამასტის მთაზე ჩვენი დაუძინებელი მტრები, მორიგე და იმის ამქარი შეიკრიბნენ, თავიანთი უძლური დაშნებით აპირებენ შიმშერაულების  დაცვას. ეს არ იქნება იოლი ომი. ბერი ან ჩვენი მორჩილი უნდა გახდეს, ან ჩვენი მსხვერპლი. კარგად გესმოდეთ, რასაც გეუბნებით. მხედველობიდან არ გამოგრჩეთ მისი არცერთი ნაბიჯი. უთვალთვალეთ ჰანნასა და ავშაგურსაც. ადრე თუ გვიანი ისინი აი, აქ, ამ სამსჯავროზე უნდა მომგვაროთ. იმოქმედეთ!
      - შევასრულებთ! - უპასუხეს გასახეს მისმა შეგირდებმა ერთხმად და თხაც ისევე ანაზდეულად შეერწყა სიბნელეს, როგორც წეღან გამოეყო და გამოენაპირა.

     
                                              *        *      *        *

    წელიწადის ამ დროს, ოქტომბრის მიწურულს, ილტოს ხეობაზე ნათელი, მთვარიანი ღამეები იცის, მაგრამ ეხლა რატომღაც კუნაპეტი სიბნელე ჩამოწოლილიყო და სოფლებს ნახშირივით შავი ნაბდები ეხურა. ამ მძიმესა და მრუმე ნაბდებში ჩაძირულ სოფლებს შუაღამის ღრმა ძილით ეძინა და ირგვლივ გამეფებულ მყუდროებას მხოლოდ ილტოს მოუღლელი და სუსტი ხმაურიღა არღვევდა. ეძინა ბუხრევსაც და შიმშერაულების დამგლოვიარებულ ოჯახსაც. თუმცა ოჯახის თავი, ბერი, რატომღაც ძილშიც ვერ ისვენებდა, უცნაურად ბორგავდა და გვერდს იცვლიდა ხის ტახტზე. ბერი სიზმარს ხედავდა: ვითომ თავისი სახლის მეორე სართულის აივანზე, გარეთ გულაღმა წევს. მისი ტახტი პირდაპირ აივნის შემოსასვლელ კარებთან დგას. უცებ კიბებზე დაჭედილი ცხენის ფეხის ხმასავით რაღაც ისმის. ხმა თანდათან ზემოთ ამოდის, აივნის კარებს აღებს და ბერის თვალწინ თითქოს ცხენის თავ-კბილიანი, უშველებელი თხის ვაცი მოიყალყება, უკანა ფეხებზე დგება, წინა ფეხები ჰაერში აღუმართავს და ის-ისაა ბერს ზედ გულ-მკერდზე უნდა დასცეს თავისი ჩლიქიან-ბალნიანი ტორები. ვაცი საშინელი ხმით ჭიხვინებს თუ კიკინებს ეს უკვე ვეღარ გაურჩევია, რადგან უკიდურესად დაზაფრულსა და შეშინებულს ამისი გარჩევის უნარიც კი დაუკარგავს. მხოლოდ ის იცის კარგად და დანამდვილებით, რომ ეს ტლანქი და უხეში ტორები მთლიანად ჩაულეწავს გულ-მკერდს, ერთიანად დაანგრევს და დაშლის მის სხეულს და ეშინია. ეშინია. ცივი ოფლი ასხამს და სასოწარკვეთილი ცდილობს დაიყვიროს, გამოძრავდეს, გადავიდეს ტახტიდან, როგორმე დაუსხლტეს ხელიდან ამ საშინელ ურჩხულს, მაგრამ ძალა არ შესწევს, არაფრის უნარი არა აქვს, ვერ მოძრაობს და ვერც ყვირის... კარგახნით ასეთი წვალების შემდეგ მოჩვენება ქრება და ერთიანად ოფლში გახვითქულს როგორღაც ეღვიძება, თვალებს იფშნეტს და პირჯვრისწერით სამგზის იმეორებს სიტყვებს, რომელიც ლამის დედის ხსენთან ერთად უსწავლია: "ღმერთო, გმირო კოპალაო, შენ დამწერე ჯვარი!.. ღმერთო, გმირო კოპალაო, შენ დამწერე ჯვარი!.. ღმერთო, გმირო კოპალაო, შენ დამწერე ჯვარი!.."


                                    ( გაგრძელება იქნება )

         




         
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები