ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2009


ზურაბ ჯაფარიძის ხსოვნას

"მარადახალი ქნარის"
შვიდი სიმიდან ერთის
ნაზი მინორი უკვე
მარადისობას ერთვის...

ღრმათა უფსკრულთა პირად,
სიმაღლეებში მთების,
სად მწვერვალებზე ფიფქებს
დაუკეციათ ფრთები...

სად არწივთა და ჯიხვთა
არის საუფლო ცივი,
სადაც მძვინვარებს მიწყივ
შლეგი ზვავების მძივი...

იქ, იმ ბურუსში თოვლის,
ხიათისაგან ფლიდის,
გაუჩინარდა ზურაბ
ჯაფარიძე და მოდის...

საით, პოეტო, საით,
საით, კაცო და ძმაო,
ქართულ სიტყვის და ლექსის
დაუშრეტელო ზღვაო?..

გიხმობთ, ამაოდ გიხმობთ,
გეძებთ, ამაოდ გეძებთ,
რატომღა გვტოვებ, თუკი
ერთხელ გვითხარ და გვეძმე?..

ვინ მიგიტყუებს ეგზომ
ცერი ბილიკით, მალით,
ვინ მიგიძღვება, ბიჭო,
ოჩოპინტრე თუ დალი?!.

რა ბედისწერა გმართავს,
რა განგებაა, გვამცნე,
რა ბედაურზე შეგსვეს,
რა შესამოსელს გაცმენ?..

რომ ამნაირად უცებ,
მოულოდნელად, ზარით,
ცრემლი გვაპკურე ყველას
და მიიხურე კარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები