ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2009


და მხოლოდ ჩემი იქნები

შემოვყევ ფურცლებს ყვავილთა,
ნამი ბალახთა ვძენძე...
შენს პოვნას ვცდილობ თავიდან,
შენს ნაკვალევებს ვეძებ...

მი-მოვიარე მინდვრები,
ცად ვარსკვლავები ვთვალე,
აღარსად შენი თითები...
აღარც ღიმილი თვალებს...

თითქოს აქ იყავ, ჩემს ახლოს,
თითქოს ერთადაც... მაგრამ...
მე შენში მაინც ვერ ვსახლობ...
ყველა ოცნება გაქრა...

სიშორე წვება ჩვენს შორის
და უმოწყალოდ მბინდავს...
სრულიად უნუგეშო ვარ...
მაგრამ კვლავ შენთან მინდა...

გათენდი, გამომინათდი,
გამომიმზევე ჩრდილებს,
თორემ ის, რასაც ვიტანდი...
თორემ მაგ სინამდვილეს...

მოვალ და ისე დავამსხვრევ,
ქარიშხალი რომ ლეწავს,
სამყაროს, როგორც მოსისხარს
და ძირს ჩამოვხსნი ზეცას...

და იმ ბილიკით წაგიყვან,
ნაკვალევი რომ არ ჩანს...
შენს თავს ვეღარვის გავუყოფ,
გულზე დაგიბნევ მარჯანს...

და მხოლოდ ჩემი იქნები,
ერთისთვის ერთადერთი...
ან სამოთხეში ჩავქრებით,
ან - ჯოჯოხეთში, ღმერთით!..







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები