ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2009


ქნარი ავტოპორტრეტით

უწარსულოა, ქნარო, შენი ნედლი სიმები,
დასაბამს შენსას შენ თავადვე უშენებ ლიბოს,
გულს ნუ გაიტეხ, დინასტიებს თუ ემძიმები,
ხამს გულგრილობის ყრუ კედლები სათუთად ქლიბო!..

ღიმილით დგახარ "მარადახალ ქნარის" თაველთან,
თავთუხებივით მი-მოაბნევ სტრიქონებს ალალს,
რამდენი შენი ლექსი უკვე ისე გაველდა,
რომ ქარებიღა უვარცხნიან აწეწილ დალალს!..

უფლის იდუმალ გამოხედვის მკრთალო მისხალო,
გულს რომ გატყვია შენ სამშობლო, როგორც იარა,
ნუ გსურს ჯალათი უფრო მეტად გაამრისხანო,
იკმარე, დრომ რაც სულზე ღრჭენით გადაგიარა!..

შენი თილისმა პოეზია არის, მარტვილო,
და საიდუმლო იმ ორდენის, ასე რომ ჭედავ,
დაიწვი, შენს ძმებს სავალი რომ გაუადვილო,
ჭვრიტე მომავალს და სიკვდილსაც უფრო გაბედავ!..

სხვა ყველაფერი მიწიერი დარჩება მიწად,
დღე ხვალინდელი მხოლოდ მგოსნის ნაბიჯებს დათვლის,
ყველაზე უკეთ სახელს შენსას ლექსი დაიცავს,
სიტყვა მართალი - ჩარჩენილი ხსოვნაში ქართვლის!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები