ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2009


ტრაგიკული და პარადოქსული

არ ვცდები. არა. სახლი - გალია,
აშენებული სიმარტოვისთვის!
და რაც, და, თითქოს სულ ალალია,
სინამდვილეში არის მარტივი

აბსურდი, რომლის ყველა სახელი
იწყება ასე: ოჯახი...  ბავშვი...
და არაფერი მერე ახალი...
და ჯდომა სევდის ცივ აკლდამაში...

და დისტანცია სარეცლებს შორის
იზრდება... ადრე სხვა იყო როგორ...
როდესაც ყველა ეჭვი და ჭორი
ფეხზე ეკიდა უდარდელ გოგოს...

კაცსაც კმაროდა სამყარო ვნებად,
ახლა კი ღამე - გილიოტინა,
თავისთვის უხმოდ და უბრად დნება,
სიცარიელემ რომ დაიტირა...

ნუთუ, უფალო, ესეც ხარკია
იმ უადგილო, პირველი ცოდვის? -
ქმარს წარსულისკენ უასაკია...
ცოლი კი მომავლისაკენ მოდის...

და შეფრქვეული კითხვა ნახშირად
სივრცეს, რომელიც ესმის არავის...
ქმარიც სახლშია, ცოლიც სახლშია,
თუმც ვიღაც სახლში მაინც არ არის!..

დიახ, ასაკი... წლები... ადრე რომ
ვითომ არაფერს ნიშნავდა სულაც...
დღეს გატაცებას მათსას ნადირობს
და წვავს წარსულის მშვენიერ სურათს!..

ის კი, ახალი ტრფობის ყვავილი,
ამ პარადოქსის რომ იშვა ალში,
კაცში - ტეხაა ნეკნებს გავლილი,
ხოლო - სიამის სინათლე ქალში...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები