ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2009


ახულგო - შამილის რუბიკონი

(ისტორიული პოემა)

                    I               

            ხოლო  ლეკანოს წილ არს: აღმოსავლით 
            ზღუა კასპიისა, და დასავლით მთა კავკა
            სია და საზღუარი კავკასისი, ჩრდილოდ
            მდინარე დიდი ხაზარეთისა”.

                                      ბატონიშვილი ვახუშტი
                      ”აღწერა სამეფოსა საქართველოსა”


როგორც წერს და ჩაგვაგონებს
"მატიანე ქართლისაი":
არს კავკასი ერთ კაპარჭში
ჩაგებული რვა ისარი.
მხარე ესე ერთი მამის
რვა შვილიდან წარმომავლობს,
პატრონად რომ ასჩენია
ამ მთას და ბარს, ველს და მაღლობს.
იმ რვა ძმიდან ლეკანოსი,
ერთ-ერთი ძე თარგამოსის,
კავკასიის ჩრდილოეთით
იჭურვის და შეიმოსვის.
ანდის მთიდან დერბენდამდის
გულმოდგინედ გათხრის ლიბოს,
რომ მყოფადთან დიდი ტაძრის
გან-საზღვარი შემოქლიბოს.
გატეხს კლდეებს მიუვალებს,
გოროზებს და თვალშეუდგამს,
ისტორიის გრძელ სამანზე
მასაც მისი სიტყვა უთქვამს.
უთქვამს ძმობა ძმებისათვის,
მტრებისათვის უთქვამს მტრობა,
სიცოცხლითაც, სიკვდილითაც
განუცდია ბევრჯერ თრობა.
ერთი ფიქრით, ერთი მიზნით,
სულით, ხორცით - მტელი ტანით,
რომ მომავალს შერჩენოდეს
მზერა ლაღი დაღისტანის.

                      II

                  ”ესე თარგამოსიანთა ყოველნი მას
                  ჟამსა იყვნეს მშვიდობით სიყუარუ
                  ლსა ერთმანეთისასა.”

                                            ლეონტი მროველი
                                        ”ქართლის ცხოვრება”

                    ”ლეკნი იყვნენ ქრისტიანენი და
                    სცვიდენ ენასა ქართულსა.”
                         
                                თეიმურაზ ბატონიშვილი
                            ”ახალი ქართლის ცხოვრება”

და ახსოვდა ლეკანოსის
ძეს და ასულს ყველგან, მარად,
თარგამოსი - კავკასიელთ
უპირველეს წინაპარად.
და ქართლოსის მონაგარსაც
თვლიდა ძმად და ნათესავად,
საახლობლოდ, სამეგობროდ,
ბუნებრივად, თავისთავად.
სიყვარული გვარ-ტომობის,
ერთი ენით დააჯება,
აღმართავდათ, ხელში ხმალით,
ერთმანეთის დარაჯებად.
ერთი ჰქონდათ საზრუნავი,
ერთი დარდი აწუხებდათ
ამერ-იმერ: ჰერ-კახ, ფხოველთ,
დიდოთა თუ ანწუხელთა.
თანაგრძნობა, თანადგომა,
ერთურთს მტლად და ნაბდად დება,
ძმათა შორის საუკუნო
დიდ მშვიდობას დაბადებდა.
და მოსდევდნენ წუთისოფელს
ასე ერთად, მხარი-მხარად,
სასიკეთოდ, საამურად,
სალაღობოდ, გასახარად.

                    III

                  DEVEDE ET IMPERA
                ლათინური სენტენცია

მაგრამ როგორც რისხვა ღვთისა
კავკასშიაც მოდგა რუსი
და ეკვეთა მის მწვერვალებს
გაშმაგებით იანუსის.
ჰოდა, ეშმაკს როდი ძინავს,
ანდა მტერი რის მტერია,
თუ არ არღვევს ძმებში ძმობის
დვრიტასა და მისტერიას.
თუ არ თიშავს, თუ არ დაყოფს
თვისს მომავალ საბატონოს,
თუ ვერ შეძლებს, რომ მახვილი
ძმაზე ძმისა აათრთოლოს.
თუ ვერ შეძლებს მოყვასებში
სიძულვილის თესლის თესვას,
ერთმანეთზე წაკიდებას,
კბილისა და დანის ლესვას.
ეს ვერაგი ხერხი ადრეც
ბევრს ეცადა, ბევრს ესინჯა,
თურქ-სპარსეთსაც ნარ-ეკალი
იმავ ხერხით მოეგლიჯა.
იმავ ხერხით ჩამოეგდო
თვისტომებში უნდობლობა,
შეერყია უძველესი
ერთობა და მეზობლობა.
ეს მახვილი ისეთია,
ეს მათრახი იმფერია,
რომ ხალისით ატრიალებს
ჩრდილოეთის იმპერიაც.
ატრიალებს ამ უკეთურ
იარაღს და კიდეც აღწევს
გამარჯვებას ლამის სრულად
ყველა კავკასიელ ხალხზე.
აქეთ თითქოს ქრისტეს იცავს -
მუნდირს უბნევია ჯვრები,
იქით მუსულმანობისას
მთვარეს აგულისებს ჩვრებით.
უსევს, უსისინებს ერთურთს
ხალხებს კავკასის და ხარობს,
ასე ოსტატურად რომ თხრის
ორთავ საპატიმრო ხაროს.
და შორდება კავკასიის
ხალხიც ერთურთს, ცალკევდება,
ითიშება, ნაპირდება
და ჰქუხს თარგამოსის სევდა!
ითესება მტრობის ღვარძლი
და ქიშპობა ერებს შორის,
მარტო რჩება დაღისტანიც
თავის მრუმე ძილისშორისს.
ეს ხაფანგი რუსისაა
და ნაყოფსაც თავის ხრიკის,
ელოდება, რა თქმა უნდა,
და, ცხადია, მხოლოდ იგი.
კავკასიის ამიერი
რაკი უკვე ხიშტქვეშ უდევს,
დროსღა უცდის და იმერზეც
ხმალს გულმშვიდად მიაყუდებს!

                          IV

                      ”Им Бог свобода,
                      Их закон - Воина.”

                        მ. ლერმონტოვი
                            ”იზმაილ-ბეი”

ცადაზიდულ კავკასიონს,
როგორც ღვთისკენ აწვდილ ლოცვას,
რა ჯობს, საცქერელად სხივნი
მზისა ეფრქვევიან როცა.
როს ნისლების ლურჯ ფარდაგებს
აიფენენ ხევნი მხრებზე,
ან ღრუბლების შავ არმადებს
ქარაფები შეიმსხვრევენ.
ამ უშქარი მწვერვალების
მრავალტომებიან დავთარს
აწერია გარდასულში
შორში ქრონიკები ჟამთა.
ამ დაფებზე, ჟანგიანზე,
ახლაც ნახავთ სისხლის პწკარებს,
ყურადღებას მკითხველისას
წარსულისკენ რომ აპარებს.
და უხატავს ხმალ-ხანჯრიან,
შეუპოვარ მიურიდებს,
დაღისტანის დაცვის ძნელი
საქმე კისრებზე რომ იდეს.
და უხატავს შამილს - მთების
ამ, მართლაცდა, დიად არწივს,
რომლის ცრემლიც კავკასიის
აწმყოს ამჟამადაც აწვიმს.
აქ წერია ეს ამბავიც,
დღემდე რომ არ რიგითდება,
კლდის ეტრატზე, ახულგოსთან,
რომ გატვიფრეს ჯიგიტებმა.

                            V

                      ”მთელი დაუმორჩილებელი დაღეს
                      ტანი და მთელი ჩეჩნეთი ქედს იხ
                      რის შამილის წინაშე...”
                                      ალექსანდრე ორბელიანი

                      ”მე ვარ მონა ღვთისა, კმაყოფილი
                      მცირედითაც.”
                                                                შამილი

არ უშვია ავარიას
შამილამდე სხვა ძე უფრო
ცნობილი და ღირებული
სათქმელად და სასაუბროდ.
აქ, ხუნძეთში, კლდეებს გიმრის
ახლაც ახსოვთ ნაბიჯები
სუსტი ბავშვის - სამუელის,
შემკობილის ნარინჯებით.
აქ გავიდა სიყმწვილის,
შეგირდობის გრძელი ხანა,
დრო, რომელმაც დიდი ცოდნის
კარიბჭესთან მიიყვანა.
აქ ისმენდა ჯემალ-ედ-დინ
ღაზი-ყუმუხელის ფრაზებს
სამშობლოზე, ღირსებაზე,
მართალ სარწმუნოებაზე.
ყურს უგდებდა ყაზი-მოლას,
საიდ არაკანელს მშვიდად,
შეგონებებს მათსას სიბრძნის
წინ წიგნებად გაიშლიდა.
და რჩებოდა მისი განსჯა
დიდხანს დიად აჩრდილებთან,
ისტორიის სივრცეებში
ვარსკვლავებად გაჭრილებთან.
შეიხ მანსურს, ბეი-ბულატს,
ვინმე ყადი აბულ-ყადირს
საფიცარად, საოცნებოდ,
გულში მაგალითად ჰხადდის.
ადიდებდა უფალს - ალაჰს,
სუფიზმს - დვრიტას მიურიდის,
შესულჭურვილს შარიათით,
სდევდა ღვთაებრივი რიდი.
მან იცოდა ტარიკათიც,
ჰაკიკათიც, თავად ფანაც,
მის სულს ეალერსებოდა
ზიქრი, როგორც შუქს ფარვანა.
ჭაბუკს ბრძენს და შთაგონებულს
ცეცხლოვანი ჰაზავათით,
ტარს უწვდიდა ბრძოლის დროშა
გაშლილი და ასამართი.
და მტკიცეა რადგან ნება
მთებში კვლავაც ჯამაათის,
ვით რჩეული, ის დაღისტნის
იმამობის ტახტზე ადის.
გული კლდეა, სული - რვალი
და მარჯვენა - დაუღლელი,
მთებზე უნდა ფრიალებდეს
დროშა დაბლა დაუხრელი.
ხმლები უნდა ელვარებდნენ,
უნდა კვესდნენ ლეგენდებად,
მთა მზად არის საბრძოლველად,
მტერს გმირულად ეგებება!..

                        VI

                      ”Владей Кавказ!”
                      რუსული გამოთქმა 

შორსმიმავალ ინტერესებს,
ანუ იმპერიულ მიზანს
კავკასიის რეგიონში
თვითმპყრობელი რუსეთისას,
ლამის დღემდე წარმოადგენს,
ლამის დღემდე მოაღწიოს,
რომ ქვეყნები კავკასიის
მის საზღვრებში მოაქციოს.
ბარე ოთხი საუკუნე
მაინც არის, მეტიც - უფრო,
რაც რუსეთი კავკასიას
ცდილობს სრულად დაეუფლოს.
ერპიროვნულ საგამგებლოდ
გაიხადოს მან ეს მხარე,
სხვა ოცნების, სხვა განზრახვის
ის მტერია მოსისხარე.
ცდილობს მოკლას ისტორია,
ამოგლიჯოს ხალხებს ენა,
რუსულ სულს და რუსულ სხეულს
შეუნივთოს მათი რწმენა.
ასე იყო მეჩვიდმეტე
საუკუნის დაისშიაც
ოდეს იგი კავკასიას,
ვით კრაზანა დაესია.
ოდეს რუსის ხელმწიფეთა
ბრძანებებით, რაპორტებით
დაღესტნელთა დედაბოძსაც
ძირს დასცვივდა ნაფოტები.
კავკასიის სამუდამო
დაპყრობის და დამონების
დიად მიზნის მისარწევად
გოჯს არ თმობდნენ მამონები.
ამ იდეას შეელია
ერმოლოვის კარიერა,
ხალხიც ჟლიტა, იმპერიის
ქისაც დააცარიელა.
მაგრამ მაინც ვერ დაძლია,
მაგრამ მაინც ვერ გატეხა
დაღესტნელთა ნებისყოფა
ღვარცოფმა და მეხთატეხამ.
და გადადგა მაშინ რუსთა
მეფემ უფრო სხვა ნაბიჯი,
შეაგება მთის სიმტკიცეს
სივერაგე პასკევიჩის.
გაითვალა, დაისახა
შეტევის და ალყის გეგმა
ახულგოსთან, სადაც რუსის
ჯერ არ დადგმულიყო ჩექმა.
სადაც მიურიდებს ეს მთა
ციხედ გადექციათ ხაფად
და წარბშეკრულები იდგნენ
ხმლებით მტერთა ასაკაფად.
სადაც დაევანა შამილს,
თავის ჯალაბობით სრულად,
და მზად იყო, რომ სიცოცხლე
მათთან ერთად დაესრულა.
შეხიზვნოდა ხალხი სადაც
კლდეებს მაღლებს დედაწულით,
სად ისმოდა გულისფეთქვა
ხუთიათასამდე სულის.
უხაროდათ ფიცხ გენერლებს
შამხალ ტარკოვსკის და გრაბბეს:
"მშვენიერი ხაფნგია,
გზას ვეღასად გაიკაფენ.
დღეს თუ არა, ხვალ შამილი
მისსავ ცრემლში ჩაეფლობა,
ან მოკვდება, ანდა, ვით ტყვე,
ჩაბარდება მართებლობას.
ყოვლისმხრიდან ალყაში გვყავს
ჯიგიტების ბრბო ველური
და სულ მალე ჩანავლდება
მათი სწრაფვა ცხოველური.
ვერ გააღწევს ვეღარავინ
მაგ მახიდან ცოცხლად, საღად,
ჩვენ მზადა ვართ მათი მიზნის
საბოლოოდ დასადაღად.
ჩვენს ხელშია მათი ბედი
და რაც უნდა თხოვონ ალაჰს,
გარდუვალი დაღუპვისგან
ვერ დაიცავს, ვერ დამალავს."
თითქოს საფუძველიც ქონდა
გენერლების დაქადებას,
ეშვებოდა უმწიფარი
აზრი მთებში ნაკადებად.
რუსის ხიშტი ახულგოსთან
ცამეტ ათასს აჭარბებდა,
ორმოცამდე ზარბაზანი
მთებში დაუღლელად ყეფდა.
მტკიცედ იდგნენ მოალყენი,
რეზერვი და ავანგარდი,
გაჭირდება, ციხევ, რაც არ
უნდა ძლიერ დაბაკანდი.
ახალისებს მებრძოლს ჩაცმა
და დროული პროვიანტი,
მკერდს ორდენი და მედალი
მხარზე ოქროვანი ბანტი.
გასამრჯელო უშურველად
და იმედი, რომ ხვალ უკეთ
დაფასდება მისი ღვაწლი,
გმირობა და სიჩაუქე.
ამ ყველაფერს პასკევიჩი
ისე უხვად არიგებდა,
რომ ხალისი ჯარისკაცებს
გარდაქმნიდა ტარიგებად.
"ხელმწიფისთვის! რუსეთისთვის!" -
ყვიროდნენ და იერიშით
მიიწევდნენ სიმაღლისკენ,
გაქრობოდათ თითქოს შიშიც.
ეკვროდნენ და ეჭდობოდნენ
მეციხოვნეთ ვიწრო რკალად,
ჭლექად, დარდად, სატკივარად,
სიგლახედ და დარდუბალად.
დიდი ქონდათ მსხვერპლი, მაგრამ
არ ტანჯავდა მსხვერპლი არვის:
"მთავარია გამარჯვება,
თორემ მსხვერპლი დაიფარვის!"

                          VII

              ”ღმერთი გულადებთან ჰგიებს”
                                          ყურანი

თუშეთის და ანდის მთების
თოვლ-ყინულთა ცრემლებია
ეს ყოისუ ქაფიანი
კბოდეებს რომ შევლებია.
რომ გადმოჰქუხს ამღვრეული
ახულგოსთან ქარაფებით
და შხეფებით დაუდაფნავს
სალთა კლდეთა დარაბები.
ის აწოვებს ძუძუს ამ მთებს:
დიდოს, ანწუხს, ხვანალს, გუმბეთს,
ხან ანკარად წყლად მიღელავს,
ხან მიქნავს სისხლის გუბედ.
აი, ახლაც სისხლის ზღვად დის
და სარანგებს ახულგოსას
სევდიან ლექსს უმღერს, როგორც
ეკადრება მთების მგოსნას.
კლდე-ღარ-ტაფთა საუნჯეა
უფსკრულები დაულევი,
ეს გოროზი ადგილები,
ეს პირხმელი აულები.
საცალფეხო ბილიკები,
გზებად მოჭრილ-მიჭრილები,
ეს კოშკები, ერთმანეთზე
მწყობრად მიდგმულ-მიჯრილები.
ან მგლის მუხლი უნდა გქონდეს,
ან არწივის ბასრი მზერა,
რომ არ გახდე ყვავ-ყორანის
ულუფა და ანაწერა.
ვერ იტყვი, რომ სოფელია,
ჩვეულებრივ მთის სოფელი,
რომ მი-მოდის თავისუფლად
მეზობელთან მეზობელი.
უფრო კლდეთა სამრეკლოა,
უფრო ციხე-ბანაკია,
სიპ-ლოდებზე სადაც ისევ
სიპ-ლოდებიი ალაგია.
თითქოს გარდასული ჟამის
კაცებს, ბუმბერაზებს, ერთ დროს,
თავშესაფრად გმირებისთვის
საგანგებო გაეკვეთოს.
მაგრამ ამ ქალაქსაც კლდეთა
თითქოს ბედი აუხირდა,
მტერი მტრულად მოსდგომია,
ჟამი უჟამური ქირდავს.
მართლაც უჟამური დროა,
მართლაც უჟამური ჟამი,
დარდი არ ეშვება იმამს,
ფიქრი არ ასვენებს შამილს.
როგორ არ იდარდოს, მითხარ,
როგორ არ იფიქროს, აბა,
როცა აღარ იცის ლამის,
როგორ გაერიდოს ხაფანგს.
დიახ, გარდაქმნილა, ხედავს,
ახლა ეს ახულგო მახედ,
ვეღარ გამოდგება იგი
მორიგ წარმატების თავხედ.
და დგას კლდის ბექობზე იგი,
თეთრი, ნაყვავილარ სახით,
ცისფრად მოელვარე თვალებს
სევდის დატყობიათ დაღი.
ოდნავ გადახლეჩილ ბაგეს -
სუსტი ჩაღიმების თრთვილებს,
აღარ შეუძლიათ ბროლის
კუშტად დაეფარონ კბილებს.
ინით შეღებილი წვერი
რისხვას ვერ ურბილებს იერს,
გასცქერს საშუალო ტანის
კაცი ქვეყნის დასალიერს.
რუხი ახალუხი და ზედ
ჩოხა შვინდისფერი, სირმით,
ორმხრივ სამასრეში წვრილი
ვერცხლის მასრები რომ მირბის.
ქუდი ჩერქეზული, წითელს
თეთრი დოლბანდი რომ ქობავს,
ხმალი, დამბაჩები წელზე
ხანჯალს ულოცავენ მმკობარს.
ფიქრი ეძალება, ფიქრი
შამილს - ფრთამოუღლელ არწივს,
დარდის ფანტელები თოვენ,
ჭმუნვის ნარ-ეკლები დაწვიმს.
განვლილს გადაჰყურებს წარსულს,
მტრების დამზაფრავს და მძრწოლებს,
გიმრის, ტელეტლოს და ჭოხის,
ავი ავარიის ბრძოლებს.
აგერ, მიასვენებს თხემზე
მთებში ყაზი-მოლას ცხედარს,
თითქოს არც გასულან წლები
ისე ცხლად და ცხადად ხედავს.
ჩავლილ გმირობათა ექო,
ასე რომ ეხება სივრცეს,
თითქის გარდასულში მყოფი
ძმების ლანდ-აჩრდილებს იწვევს.
მაგრამ სად სცალია იმამს,
ჩრდილებს აედევნოს ძვირფასს,
შორში, დასავალთან მზერის,
ისევ იმედებსა კრიფავს.
არა! გაეცალოს უნდა,
თავი დააღწიოს მახეს,
თორემ დაიბრიყვებს ბედი,
დაანაძოძებს და დახევს.
უნდა, რის ფასადაც გინდა, -
წამით მოიწკურავს ტუჩებს, -
ისევ გაუფრინდეს რუსებს,
ზეიმს არ დაჩვიოს უჩვევს.
თუნდაც სულსა ხდიდეს მტერი,
არა, ვერ შეიცვლის მიზანს,
უცდის დაღისტანის მთები
კვლავაც დაძახებას მისას.
უცდის საჩაჩნო და ლამის
მთელი კავკასია ელის,
მისას მოწოდებას კვლავაც,
მაღლა შემართებას ხელის!..

                    VIII

              "ჩვენ უკანასკნელი სისხლის
              წვეთამდე უნდა ვიბრძოლოთ
              მათ წინააღმდეგ."
                     
                        შამილის მიმართვიდან
                        ღაზიყუმუხელებისადმი

"ასე გადავწყვიტე, - უთხრობს
იგი ნაიბების კრებას, -
წამი სიცოცხლისა ხედავთ,
როგორ მყისიერად ქრება.
დგომა ამ ალყაში კვლავაც.
ხვდებით, თუ გვიქადის რასაც,
მისი სასრული აქვს ყოველს,
ჟამი ანაძოძებს ქვასაც.
ნუღარ ველოდებით მტერს, რომ
ასე სანთელივით გვღვენთოს,
აბა, გადახედეთ მსხვერპლი
უკვე რამდენია, ღმერთო!
ჩანს, ხსნა აღარ არის მათგან,
ისე ვიწროვდება რკალი,
აღარც საკვები გვაქვს საკმრად,
გვმუსრავს ჯოჯოხეთის მკალი.
დაჭრილ-დაკოდილთა შველაც
შეუძლებელია, ამჩნევთ,
უნდა მოვიფიქროთ რამე,
ტყვედ არ ჩავუვარდეთ ლაჩრებს.
რუსი  ბოროტია, უწყით,
ცრუ და ვერაგია, იცით,
ის არ დაგვენდობა სიტყვით,
ის არ მოგვენდობა ფიცით.
ის არ მოეშვება ალყას,
ჩვენი ამოწყვეტის მდომი,
თუ არ მოვახერხეთ რამე,
გეზი არ შევცვალეთ ომის.
რიცხვი მრავალია მათი,
ბევრჯერ დამითვლია ფიქრით,
ხერხით მოვერიოთ უნდა,
თორემ დავმარცხდებით ზიქრით.
მზად ვარ, ჯემალ ედ-დინს - ჩემს შვილს,
მძევლად გავუგზავნი გრაბბეს,
თუ გზას გაგვიხსნიან, თორემ
ნელა-ნელაობით გვკაფენ.
ჩქარა გავეზრახოთ უნდა,
მცირე შევთავაზოთ ზავნი,
მოკლედ, ჩემს საყვარელ პირმშოს
მათთან მე ამ მიზნით ვგზავნი.
და თუ არ მოიღო არც ამ
მსხვერპლმა შედეგი რამ კარგი
და თუ არ იკმარა მტერმა
ჩვენი ეს ძვირფასი ხარკიც.
მაშინ ღამიანად ალყის
ვცადოთ გარღვევა და თუკი
ღმერთიც შეგვეწევა, მჯერა,
შევხსნათ ამ ხაფანგსაც ლუქი.
სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით,
სისხლის უკანასკნელ წვეთით
ფასად გავეღწევით უნდა
მარწუხს ულმობელი ბედის."

                    IX

              ”მათ შორის დავადგინეთ იმამები
              მათდა გასაძღოლად ჩვენის
              ბრძანებისამებრ, როცა გამოდგნენ
              შეურყეველი და ჩვენი სასწაულების
              მტკიცედ მორწმუნენი.”

მშვიდად მოისმენდა ნათხრობს
დინჯი ნაიბების კრება.
ღმერთო, რა ძალა აქვს იმამს,
ღმერთო, რა მტკიცე აქვს ნება!
უკვირთ ყიბიტ-მაჰმადს, ჰაჯი-
აღას, აბდუ-რაჰმან დებირს,
ულუ-ბეისა და ახვერდ-
მაჰმადს - მეციხოვნეთ მთების.
არა იმამისა როგორც,
უფრო უმეტესად - მამის
გადაწყვეტილება ესე,
წარმოუდგენელი ლამის.
როგორ, რანაირად, რა წვით,
ძალუძს საკუთარი შვილის
მტრისთვის ამანათად მიძღვნა -
გულზე ჩამოფენა ჩრდილის?!
და თუ უაღრესი ასე
მსხვერპლი გაუღია იმამს,
ამ კლდის დარბაზებში ჰაერს
ამგვარ სიმძაფრით რომ ჭიმავს.
განა შეიძლება ახლა
სიტყვა მოიძებნოს რამე?
მთები შეიხმობენ ალბათ,
მკერდზე ამ დიდებულ წამებს.
ნიშნად თანხმობისა დუმან,
წვერებს ივარცხნიან მჯიღით,
ნუთუ გასაღები გაჩნდა
ამ მოჯადოებულ ჩიხის?!.

                X

            ”მოჭირვეობითაც აიტან
            უბედურებას.”
                                    ყურანი

დია გაუხარდა გრაბბეს
ძღვენი შამილისგან ძღვნილი:
”აჰა, გაუჭირდა, ალბათ,
თორემ ვით გადმომცა შვილი?
ჰოდა, გაუჭირდა რაკი
მისსავ სივრცეებში არწივს,
ჩანს რომ აღარ ძალუძს ფრენა,
ცრემლით ენამება ღაწვი.
კიდეც დაეშვება დროშა
მისი და თავადვე ხვალ-ზეგ
დადებს მორჩილების უსტარს
ბრძენი გენერალის ხმალზე!
თუმცა გულუხვია ძღვენი,
მისგან მორთმეული ჩვენდა,
გზას ჯერ ვერ გავუხსნით მაინც,
მე აქ მის არსასრულს ვხედავ!
მეტიც: გაძლიერდეს, ვბრძანებ,
ალყის სიმჭიდროვე ახლავ,
ერთი საფეხურით კიდევ,
ხამს, რომ წავიწიოთ მაღლა!"

                        XI

                სიკვდილი სასმისია და ყველა
                შევამს მას; სამარე კარია და
                ყველა შევა მასში.”
                                                ყურანი

როდი ეუცხოვა შამილს
ესე შენათვალი რუსთა,
გულში არც ელოდა ალბათ
სხვაგარ შინაარსის უსტარს!
თუმცა უდიდესი მსხვერპლის
ფასად ეს საცდელი სცადა,
შვილიც გაიმეტა, შვილიც
თვისის გადარჩენად ძმათა.
”მორჩა. მოემზადეთ. კმარა! -
ბრძანა მოზიდულმა მშვილდად, -
თუკი საღვთო საქმის მართლაც
გულში გადარჩენა გვინდა!
უნდა გათენებას დილის
შევხვდეთ ახულგოდან გარეთ,
გვეყო მის კედლებში რაც ჩვენ
ჩვენი წმინდა სისხლი ვღვარეთ!
ვუცდით ერთადერთსღა მხოლოდ -
პირველ შეყივლებას მამლის,
ფრთხილად ჩავუყვებით ფხანწლებს
კლდოვან-ქარაფოვან ქამრის!
თოკ-თოკ ჩავებმევით სალსა
და ღრმა ფრიალოებს ჩაღმა,
უნდა გაიაროს ეს გზა
კაცმაც, დედაკაცმაც, ბალღმაც!
ეს გზა ერთადერთი არის,
რასაც ვერ იფიქრებს რუსი,
თუმცა სახიფათო, მაგრამ
სწორად აღებული კურსი!
დიდ არს მოწყალება უფლის,
იგი შეგვიდგება ფრთებად,
უყვარს მორწმუნეთა ალაჰს
გული, რომელიც არ კრთება!”
გეგმა შამილისა თქმადაც,
ართუ შესრულებად, ძნელი,
ისე გადაეწნა დარბაზს,
როგორც ობოლ იფნის წნელი.
გადარჩენისაკენ სწრაფვა
თურმე სასწაულებს ბადებს:
ყველა თანახმაა! რკინის
უნდა გაესხლიტონ ბადეს!

                      XII

                ”არარაობაა ძალა, ციხესიმაგრე, -
                გარდა ღვთისა.”
               
                შამილის მიერ მამაცობისთვის
                დაწესებული მედლის წარწერა,
                სურა ყურანიდან

თხემნი ახულგოსი, სადაც
ტახტი იმამისა იდგა,
უფრო ციხე იყო, ერთხელ,
როგორც თავის დროზე ითქვა.
თხემზე შევაკება მცირე
სრულად დაეჭირა სერალს,
მეჩეთს, კოშკებსა და პალატს,
ცისკენ რუდუნებით მზერალს.
და ამ ლეგენდარულ აულს,
ზღაპრულ-იდუმალურ ქალაქს,
ჭვრეტდა უცხო თვალი, როგორც
კლდელზე ამოკვეთილ არაკს.
ქალაქს მისასვლელი მხოლოდ
წინა სამი მხრიდან ჰქონდა,
ხოლო მეოთხე მხრით, ზურგში-
ოდენ არწივთა და ქორთა.
უკან, ზურგის მხრიდან, ხევში,
უფსკრულს, ჩაკიდებულს ცივად,
მზერა ჩასწვდებოდა მხოლოდ
ჩანაძოძებული მძივად.
სწორედ ამ უფსკრულის კიბით
ჩასვლა გარდეწყვიტა შამილს,
სარანგს, შესუდრული დროის,
რაინდს უჟამური ჟამის.


                      XIII

                ” გაანათლოს ალაჰმა მისი სამარე
                და გადაქციოს სამოთხედ ყოფნა მისი.
                                     
                        წარწერიდან საფლავის ქვაზე
                        დაღისტანში.

ღამე დაღისტნისა ღრმაა,
ბედისწერასავით შავი,
ჩუმი, შეუვალი, კუშტი,
შენი ფიქრებივით, შამილ!
შენი ფიქრებივით, ახლა
ნისლად რომ ასდევენ ხევებს
და შორ მწვერვალების ქიმებს
ჯანღის ფარდაგებში ხვევენ.
იქნებ შეჰფეროდეს კიდეც
იმ ბნელ ღამეზედაც მეტად,
შამილ, ეგ ფიქრები შენს ბედს,
ავად შენივთებულს კენტად.
თუმცა ვერ გიხელთებს მტერი,
ნიჭი მხედარმთავრის გიცავს,
ნიჭი, წყალობითაც რომლის
იცავ შენს მშობლიურ მიწას.
მაგრამ მწუხარე ხარ, შამილ,
რადგან ახულგოში წვანან
ათას  რვაასამდე იმ გმირ
მებრძოლ-მეომართა თანა...
ცოლი - ჯავგარათი შენი,
შვილი - უმრწემესი საიდ,
დაი - ფატიმათი, შენც რომ
არ უწყ, გაემგზავრა საით!
განა სადარდებლად არა
კმარა კაცისათვის ერთის,
ისეც საფიქრალი მისი,
ოკეანეებს რო ერთვის?
შამილ, საკვირველი რამ ხარ,
ვით არ შეგადარო იობს,
როგორ, რანაირად ფარავ
სულის მერამდენე ღიობს?

                              XIV

                        ორი პირი აქვს ხანჯალსას,
                        პატრონი უნდა მხნეობდეს,
                        სამშობლოს ტრფობა ერთს ქვია,
                        მტრის სიძულვილი მეორეს.

                              დაღისტნური აფორიზმი

შლიან ნუქერები ბალნის
თოკებს, ჩაკიდებენ ქარაფს,
კიბე-ბაგირები ბნელში
საბედისწეროდა  ქანავს...
მაინც მიუძღვიან შმაგნი
ჩასწვრივ მეთაურის ჯალაბს,
ფრთხილად მიარღვევენ წყვდიადს,
მცირეს მიათრევენ ალაფს.
გააქვთ მიურიდებს ლელო
კლდეთა ორწოხებში მარჯვედ,
საქმე ნაგმირალი მათი
ხალხში ლეგენდად რომ დარჩეს.
გული მიურიდის კლდეა,
მკლავი - ძლიერი და მკვრივი,
მუხლი - მაგარი და სანდო,
სული - სულ სურების მწკრივი.
არა, ვერ გატეხავს იმათ
ვერრა განსაცდელი-განცდა,
რწმენა უასმაგებს ძალას
ამა საკვირველთა კაცთა.
მზერა სამზეოსთვის გზა-გრძლად
პანტის ჩირადაც არ უღირთ,
სიკვდილს ამჯობებენ მყისვე
ცოცხლად არსებობას უღირსს.
მიწყივ მზად არიან სისხლი
უზომ-უშურველად ღვარონ,
ოღონდ არ დანებდნენ მტრისას
სურვილს, უღელსა და ხაროს.
არც ღრმა უფსკრულები ზარავთ,
არც კლდის ბილიკები ვიწრო,
აუღელვებელად დიან,
დილამ არ მოუსწროთ ვინძლო!
ის, რაც ლეგენდაა თითქოს
დღეს და დაჯერებაც კი ჭირს,
მწიფე ნაყოფია ოდენ
მათი ნებისყოფა-ნიჭის.
ფაქტი ურყევია და ჟღერს
იგი ამნაირად, ასე,
მეხის გავარდნას რომ გავდა,
დარში თვალ-მოწმენდილ ცაზე:

როცა კონტურები კოშკთა
სივრცეს გამოეყო ბნელ ცის
და კვლავ ახულგოსკენ გაკრთა
მზერა ჩრდილოელი მხეცის...
”არა, - დაიყვირა გრაბბემ, -
დაუჯერებელი არის!
როგორ წავიდოდნენ?.. რა გზით?..
რა ეტლ-მარხილებით ქარის?..
ნუთუ ქარაფებით?!. მაგრამ...
იქ ხომ უფსკრულია მხოლოდ?!.
იქ ხომ საეჭვოა კაცმა
სული ხევ-ხუვში არ ქოლოს?!.
ჩემი უებარი გეგმა!..
ჩემი გაურღვევი ალყა!..
ნუთუ ყველაფერი მორჩა
და ქარს ნაცარივით გაჰყვა?!.”
მცველნი აღარ ჩანდნენ აულს,
იდგნენ საყუჩები ობლად,
აღარც მურთაზეკნი სადმე,
აღარც ხმაური რამ სოფლად.
ნისლი ეხვეოდა მეჩეთს,
მოლა აღარ ხმობდა აზანს,
მალე აღმოხდება მზეიც
და სხივს მინარეთზე დასვამს.
”ნუთუ ასწაული მოხდა
წუხელ იმ უკუნში... ღამით?!.” -
ჭვრეტდა მიტოვებულ ბანაკს
მუნდირს შეყუჟული ღნავი!
”ალყა... ოთხმოცი დღის ალყა...
მსხვერპლი... მოალყეთა მსხვერპლი...” -
ჰაერს მათრახივით კვეთდა
ფრაზა - შეკივლება წკეპლის.
მაგრამ რეალობა ისე
იყო აშკარა და ცხადი,
რომ მას ვერ შეცვლიდა უკვე
ვერ-რა გოდებანი დათვის...
მაინც იერიში ბრძანა
გრაბბემ ცარიელი ციხის,
მისთვის ამ ნაბიჯსაც ქონდა
თავის საზომი და ნიხრი.

                    XV

                ”ჩვენი ხმალი გაშიშვლებულია,
                ჩვენი ხელი - სველი.”

                      შამილის წერილიდან
                      ბარიატინსკისადმი

შორს კი ახოლგოდან, შორს კი,
ამ დროს შენიშნავდა კაცი
სურათს, იქნებოდა რაიც
მისი ყურადღების მტაცი:
გუნდი მიურიდთა, მხნეთა,
ქედ-ქედ მიიწევდა, გაღმა,
იმამას მიყვებოდნენ კვალში,
როგორც დაინახა ხალხმა.
იქით მიდიოდნენ, სადაც
ლაღი იჩქერიის მთები
დიდხანს მოელოდნენ მათთა
შემოშრიალებას ფრთების.
სადაც სტუმრისათვის მზე მზობს,
ხოლო მტრისათვის კი უბრობს,
დროშა ჰაზავათის სადაც
უნდა გაშლილიყო უფრო...
რომ ხოშს ურუსისას ისევ
რისხვად მოვლენოდა ხვალაც,
რომ ვერ შეხებოდა ჭუჭყი
მისი კავკასიის ხალათს...

                  XVI

წლები მიითვალნენ წლებზე,
ზანტად მიეფარნენ ბექობს,
თითქოს ჩაიარა მათი
ბრძოლის ყიჟინამ და ექომ.
ძინავთ მიურიდებს უკვე
ძილით მარადისით მთებში,
ძინავთ ნაიბებს და იმამას
დაფნაშერეულებს თმებში.
მკაცრმან ცვალებამან ჟამთა
წარსულს მიაბარა თითქოს
სული იმ ეპოქის, დიდის,
კვლავ რომ გაღვიძებას ითხოვს.
დღესაც იმ ბრძოლების ცხელის
ცეცხლი კვლავ დანთებას ლამობს,
რადგან არ ეკუთვნი არვის
მთების დიდებულო სკამო.
არვის არ ეკუთვნი, გარდა
უფლის დიადის და მაღლის,
გარდა შვილებისა ძველ და
დიად კავკასიურ ხალხის.
და სულ ამაოა სწარაფვა
ყველა მდაბალის და ქვენის,
ვისაც კვლავ ამაოდ სჯერა
ისევ დამონების შენის.
დუმან ავარიის კლდენი,
დუმან ახულგოსიც ბჭენი,
დუმილს გაუბზარავს მიწა,
ზეცის თავანი და ჭერი.
და ეს დუმილია სწორედ
დიდი პრელუდია მეხის
მიმო კავკასიის ქედთა
რუსის ამომკვეთი ფეხის.
და ეს გარდუვალი არის,
და ეს რეალური არის,
ისმის იმნაირად გრგვინვა
იმგვარ ქარიშხალის და ქარის!...               

                    2003 წელი.
                    თბილისი.
         
                                     

               
               
                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები