ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2008


პოეტები

უფერული ოცნებებით მოვაჭრენი,
ბავშვობაში
უიმედოდ ჩარჩენილი...
პოეტები,
პეშვით სტროფებს გვაჩეჩებენ
სიცოცხლისთვის
წარდგენილი სარჩელივით.
ლოთები და
დებოშირი ხულიგნები,
პარაპეტზე მიყრდნობილი "ხანიგები",
ეპატაჟით
სნობებს გულებს უხეთქავენ,
ყავლგასული რომანტიზმით "ბარიგობენ".
რას გვერჩიან
ანდა თვითონ რას წვალობენ
რაა ლექსი -
უმწიფართა ახირება,
პოეტებს ხომ,
ლამაზებიც არ სწყალობენ
უმეტესად ურჩევნიათ ბანკირები
ისინი კი უტიფრად და
უსაფუძვლოდ,
მო(რ)გებულთა საყვედურებს
არ იგებენ,
დამარცხების ტკივილს
სიტყვებს აკრავენ და
მოტკბო-მწარე
მიქსტურებად არიგებენ.
პოეტები დიქტატორებს აშინებენ,
დახვრეტილნი,
ისევ უკან ბრუნდებიან
მათზე დროის არ მოქმედებს
მარწუხები.
მათი მტერი
დიდება და ხუნდებია.
დადიან და გზებზე ხვდებათ
მახეები
თოფის ლულებს
ყვავილებით
აბლაგვებენ
ნიჭის ნიშნით დაღდასმული
სახეებით
პოეტები
ამ ქვეყანას რას არგებენ _
ძალადობით მოთხვრილსა და
გაუგებარს,
საკუთარი გულჩვილობით აშინებენ
ყველა ბრიყვი ბოგანოსთვის
ემეტებათ
სილამაზე - უშურველად, არშინებით...
ნუ დაფრთხებით,
თუ ბაცილა
სიყვარულის
მათგან
ხანძარად
მთელ სამყაროს მოედება.
პოეტებზე,
ტყვიებს
უქმად
ნუ დახარჯავთ,
თავს ხომ....
თვითონ მოიკლავენ, პოეტები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები