ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2010


თეგრი - მთავარი გმირი სარწმუნოებას იცვლის...

(თანამედროვე პოემა)

            კედელს შექმნილს რაიმეთი
            ბრმად გათიშულ ერთა შორის,
            გააშუქებს ღრმა იმედი
            სიყვარულის და ამბორის.

                          გალაკტიონ ტაბიძე


          პროლოგი

მშვენიერო აფხაზეთო,
ზღვის და მთების მონათებავ,
მე მახსოვხარ ჯერაც ყმაწვილს,
როგორც ძველი მონატრება...
ზღვა უსაზღვროდ ვრცელი იყო,
მისი ლურჯი, შორი ზონდით,
შეკრული და შესარტყლული,
იდუმალი ჰორიზონტით...
მთები ცაში აწვდილიყვნენ,
ღრუბლის თეთრი კრაველებით,
უნაპიროდ ფრთათეთრებით,
გაუზომნი მტკაველებით...
მახსოვხარ და მენატრები
ახლაც იმავ გატაცებით,
მაგრამ რა ვუშველო ტკივილს,
რომ ვერ ვიშორებ და ვცვდები...
მიხმე, სანუკვარო, მოვალ
ყვავილებით და ვარდებით,
შეგთხოვ პატიებას და შენს
წინ მუხლებზე დავვარდები...
ოღონდ დაიბინდოს მტრობა,
აღსდგეს სიყვარული ჩვენში,
ოღონდ სიბნელისგან განვდგეთ,
მზეშივ გადავიდეთ, მზეში...

                  I

ომი ყველგან სისხლის ზღვაა,
ომი ყველგან ტკივილს ტოვებს,
ომი უძღვნის ადამიანს
სიცივეს და სიმარტოვეს.
ომი თესავს ღვარძლის თესლებს,
ნერგავს შურისგების ჭინჭრებს,
ტანჯავს სხეულს, მაგრამ უფრო
მეტად სულებს ასახიჩრებს.
ომი წირავს კაცთა მოდგმას
სამუდამო მტრობისათვის,
უსასრულოდ ერთმანეთის
სისხლის სმის და თრობისათვის.
ომი ანგრევს გზებს და ხიდებს,
ერთმანეთთან მი-მოსასვლელს,
ძირკვავს სიყვარულის ყლორტებს,
ჰაერს სიძულვილით ავსებს.
ომი ბელზებელის ხმაა,
სივრცე-სამანებს რო მოლეკს,
ღმერთის უსათნოეს ნების
ძალუმ ჩასახშობად რომ რეკს.
ცდება ყოველთვის და ყველა,
ომს ვინც აჩაღებს და ფიქრობს,
რომ მტრის ჩააბნელებს სანთელს,
მაგრამ... საკუთართსაც იქრობს.
ომში მსხვერპლი არის ყველა,
წილი დაედება ვისაც,
ფრონტის ორივე ფრთა ცელავს
სიყმეს საკუთარი ძმისას.
ომის ბოღმიანი ჰანგი
ისე ადამბლავებს განსჯას,
რომ წინ თითოეულ მხრისთვის
მტრისგან თვინიერი არ ჩანს.
ვაი, შენს მცდელობას სულ ფუჭს,
ძეო ადამისავ, თიხავ,
სულაც არ შეცვლილხარ, არა,
ის ხარ, ერთი წლის რაც იყავ!
იგივ სისხლიანი ხელი,
იგივ გამოხედვა, კაენ,
იგივ გატაცებით მკვლელ-ხარ,
იგივ გატაცებით გკლავენ!..
სისხლი, სიკვდილი და ნგრევა -
არის ისტორია შენი,
შენ არც გარდასული გახსოვს,
არც-რამ შეგონება გშველის.
მიხვალ სამწუხარო გზებით,
ვაი, მაგ ცოდვიან გზათა,
ვაი, შენს მომავალს ცეცხლის
შორის მი-მოქცეულს ალთა.
ომს ვერ გამიჯვნიხარ, უფლის
ხატო, დაგიმონა ომმა,
მისმა გამყივანმა ზარმა,
სულის სიღრმეებში მწვდომმა.
დროა, ეგ სიკვდილის ცელი
გაიგდებინო და დათმო,
დროა, გაიხსენო სულ სხვა
გზები კეთილი და სათნო.
თორემ მომავალი არ ჩანს
და იქ აღსასრული დგება,
სადაც სიძულვილი მეფობს,
სადაც სიყვარული ქრება!..

                II

ომმა აუმღვრია, ომმა
ანრი ქანბასაც მან, უნდომ,
ძველი სიმყუდროვე და ბნელ
ფიქრთა ჯოჯოხეთებს უგდო.
ერთ დროს კეთილი და მშვიდი
კაცი დაამსგავსა აფთარს,
აღარ უზაფხულებს არრა
სულის მოუშუშებ ზამთარს.
ომმა შეურყია რწმენა
კაცთა სიქველეზე ქვეყნად,
ძირშივ ამოუხმო ნერგი,
ნდობა რაზეც უნდა ემყნა.
ხშირად იმეორებს ნათქვამს
ძველთა ლათინელთა მხარის:
”კაცი კაცისათვის ოდენ
მგელი მტაცებელი არის!
უნდა დაასწრო და მოკლა,
თორემ ის მოგიღებს ბოლოს!
კაცი არ ხატია ღმერთის,
ფუჭი სიმბოლოა მხოლოდ!”-
ამბობს ამგვარებს და იქნებ
თავისებურად არც ტყუის,
არა, კი არ ამბობს, უფრო
დგას და მგელივითა ყმუის:
”ჩემი დარჩენილი ჟამი,
ჩემი დარჩენილი დღენი,
ვიყო ქართველების მტერი -
მსდევენ ეს ფიქრები მღლელი!..”
აქვს კი უფლება რომ ამგვარ
სიტყვებს იძახოდეს ქნბა?!.
თავად განესაჯოს უფალს,
ჩვენ კი მოვუსმენდეთ ამბავს:
ანრი მარტოკაცი არის,
ანრის აღარავინ დარჩა,
აღარც ეზო-ბაღი, სახლი,
აღარც ჯამ-ჭურჭელი, ჩამჩა.
აღარც ნათესავნი, ცოლი,
აღარც ვაჟკაცები მამას,
არა, აღარავინ ქვეყნად,
მხოლოდ ცრემლებიღა ნამად...
ყოვლის და ყველაფრის თითქმის
ოხრად ჩაიარა კვალმა,
ცეცხლმა შეიწირა ბრძოლის,
ომის გადაფარა კვალმა...
მხოლოდ საფლავები უბნის
გაღმა, გარჩენილნი მწირად,
ყოველდღიურად რომ დარდის
ზღვაში წამებისთვის ძირავს.
მაგრამ აფხაზია ანრი
და სულს სანთელი არ ქრება,
სისხლი, სისხლს მოითხოვს მისგან
დიად გარდაცვლილთა კრება.
ეგეც რომ არ იყოს, კიდევ
სხვაც აქვს საფიქრალი ანრის,
რადაც შეჰყურებდეს უნდა
კიდევ ბრწყინვალებას ამრის!..
როგორც ნათქვამია, ღმერთი
სრულად არ გასწირავს ადამს,
რამე საბოლოო ომედს
ლამის სამარემდე ატანს!
ერთი ნაპერწკალი ღმერთმა
მასაც დაუტოვა სასოდ -
უმშვენიერესი ამშა,
მისთვის ყველაფრად რომ ფასობს!..
ძალმა განგებისამ ფარა,
იხსნა სასწაულმა უფლის,
ნაზი ქალიშვილი ანრის,
თვალი ქალაქის და უბნის.
ყისმათს გაეხიზნა, ალბათ,
მაშინ ჩრდილოეთით ამშა,
როცა ქანბებისა ლამის
ხსოვნა-გასაგისი გაშრა...

              III

ცივი ქვეყანაა რუსთა,
ცივიც უნდა იყოს, ალბათ,
თბილი ჩრდილოეთ, ნეტავ,
სად და ვისგან თქმულა ამბად?
მზეც კი ცივია და ესეც,
ალბათ, ლოგიკური არის,
მოყეფს ხასიათში რუსის
სუსხი ჩრდილოური ქარის!
ვიცი, მე მივლია ვრცელი
მხარე ამ ქვეყნისა, ცივის,
ყინვაც კარგად მახსოვს მისი,
ძვლებში გველივით რომ წივის.
ხალხიც კარგად მახსოვს მისი,
აბა, დამავიწყდეს ვით ან,
იერს კავკასიურს როგორ
დიდი გაჭირვებით იტანს!
მაგრამ ერთი არის ხალხი,
იქ ხომ ცუდიც არის, კარგიც,
ხოლო მეორეა კრემლი,
მისი გამოჭრილი თარგი!
თარგს კი სიმტკიცე აქვს გლუვი
და დევს კავკასია მასში,
როგორც მისტიური სიბრძნის
დიდი საიდუმლო თასში!
თარგი ხისტია და ამბობს:
რომ სურს ეს საუნჯე, მარა
უკავკასიელოდ ოღონდ,
მშვიდად, მორჩილად და წყნარად!
მოსწონს თოვლ-ყინულის პატრონს
მწვანე მწვერვალების თაღი,
სივრცე ჭვირვალი და სუფთა,
გულს და გონებას რომ არ ღლის.
მოსწონს კავკასია, მაგრამ
თავად კავკასიელთ ხმა კი
არ სურს ჩაესმოდეს ყურში,
სახიფათონია რაკი!
და ამის გამოა, რომ სულ,
რაც მან აქ ნაბიჯი დადგა,
სხვაგან ერეკება დამხვდურს,
ცდილობს გაიმიჯნოს მათგან.
ცდილობს შეუცვალოს ენა,
ძველი დაუკარგოს სახე,
ყველა იარაღსა ხმარობს,
ვერცხლიც მზადა აქვს და სახრეც,
თაფლიც მზადა აქვს და შხამიც,
ოღონდ მიაღწიოს მიზანს,
ყველა ხერხ-მეთოდზე წავა,
სრულად ყოველივეს იზამს.
მოსწონს, ემარჯვება, იცის
ქიშპის გარვივება ჭორით
ტემპერამენტიან და ფიცხ,
სულსწრაფ კავკასიელთ შორის.
ქიშპი გადიქცევა მტრობად,
მტრობა გათიშავს და დაყოფს
ძმობის, ერთობის და ნდობის
სიამტკბილობისას ნაყოფს...
კიდეც გამოსდის მას ეს და
მსხვერპლიც სახეზეა, ნახეთ -
"ქართულ-აფხაზური ომი"-
რუსის დაგებული მახე!
ამ ომს მე შორიდან განვსჯი,
ჩემი სასწორი მაქვს, პინა
და როს მის შესახებ ვყვები,
კი არ ვლაპარაკობ, ვგმინავ:
ვაი, შე ბედკრულო, შენა,
ჩემო საქარტველოვ გიგლოვ,
ნუთუ შენს შვილებში სიბრძნემ
ისე იმწირა და იკლო,
რომ შენ სამართავად თავი
შენი იმ მტაცებელს ანდე,
როგორც შეაფასა ხალხმა,
ანუ "შევარდნაძის ბანდებს?!."
ნუთუ აფხაზების, შენივ
ღვიძლი, უძველესი ძმების
მოსრვად გაიმეტე სული,
ხორცი, სამშვინველი, ძვლები?!.
ან კი რა ბრალია შენი,
ერო, დათრგუნულო ეშმით!
ჯერ ხომ დედაქალაქს ღრღნიდა
მისი სისხლიანი ეშვი!..
შემდეგ სამეგრელოს, სხვასაც
სოფელ-ქალაქებს და უბნებს,
ვაი, იმას, ვინაც ჯერაც
ამ კუპრს ისევ გუნდრუკს უბნევს!
ესეც სინდისზეა მისზე
(თუმც კი რას ვახსენებ სინდისს!) -
ქართველ-აფზაზების თავზე
შავად დაწოლილი ბინდი.
ლეგატს ჩრდილოეთის წინვე
მოეხსენებოდა კარგად
ამ უსასიზღესი ომის
ყველა შედეგი და ქარგა!
მან ხომ ამიტომაც სწორედ
გასცა ბრძანებანი "ცეცხლის",
რომ კვლავ შერჩენოდა ტახტი
და მტრის ნაჩუქარი ვერცხლი!
და ჰა, სახეზეა ომიც,
მკაცრი, უსამართლო, უნდო,
ძმებში ატრიალებს მახვილს
ბნელი იმპერიის ურდო!
მან არ ჩაითრია განა
გულწრფელ ვაჟკაცების მწკრივი
ომში მარცხისათვის ოდენ,
როგორც რეალობა კივის?!.
ეს მის სინდისზეა, დიახ
(თუმც კვლავ რას ვახსენებ სინდისს!),
სისხლის მდინარენი კვლავაც
დაუსრულებლად რომ მიდის.
მტრობა, სიძულვილი, შხამი
ლამის რომ აღარა ქრება,
მზერა ალესილი ჯავრით,
სულში ჩცაკირული სნება...

              IV

თუმცა ცივი არის რუსთა
მხარე, როგორც უკვე გარქვით,
ხიბლიც გააჩნია, თქმულა:
ცუდშიც ურევია კარგი!
ასე მომხიბლველი არის
იგი მარგალიტი ნევის,
ხედი პეტერბურგის ძველისმ
მდიდრის, ლამაზის და მბნევის.
სულ სხვა ქალაქია, განსჯაც
სულ სხვანაირი აქვს იქ ხალხს,
სხვაგვარ სიტყვა-პასუხს ისმენ,
სხვაგვარ ხალისითაც მიხვალ.
ჭირის გამომცდელი არის,
პურსაც გიწილადებს, ჭერსაც,
ბევრის მოუსხია მადლი,
გვერდით დასდგომია ბევრსაც.
ამშაც პეტერბურგმა იხსნა,
ანრის ქალიშვილი, მაშივ,
კვამლად ადიოდა როცა
მთელი აფხაზეთი ცაში...
სტუმრად დეიდასთან ყოფნამ
იხსნა სიკვდილისგან ცხადის,
ჯერაც გოგონა და ბავშვი,
ჯერაც გაუშლელი ვარდი.
მხოლოდ ცამეტი წლის იყო,
ნორჩი, სათუთი და ნაზი,
წყნარად უგალობდა ლამაზს
თეთრთა ანგელოზთა დასი.
მაგრამ მწუხარებამ თოვა
უცებ სიყმაწვილე ბალღის,
როცა ჭირისუფლად შერჩა
ხსოვნას უძვირფასეს ხალხის:
დედის საყვარელის, ძმების,
პაპის, ბებიის და კიდევ
მათსას, ვინც ოდესმე ნამდვილ
სითბო-სიყვარულსა გვრიდნენ...
აღარ მიაბრუნა სოხუმს
მამამ ერთადერთი შვილი,
ანკი სადღა ჰქონდა ჭერი,
ანკი სადღა ჰქონდა წილი?
მდგმურად ქცეულიყო ისიც
თავად ნანგრევთა და ქოხთა,
მტვერში ჩაფლულიყო ომის
ერთდროს სახლი მათი, კოხტა.
და თქვა დეიდამაც მტკიცედ:
”ამ ჩემს მგლოვიარე თავშალს
გვერდით უნდა ედგეს აწი
ჩემი მშვენიერი ამშა.
მე ვარ დღეის შემდეგ მისი
დედაც, დეიდაც და დაიც,
ბალღს ვერ შევატოვებ, ვერა
ემაგ ჩამბნელებულ დაისს.
ჩემთან გაიზრდება სახლში,
საფრთხეც არ მოელის მას აქ,
თავად ვუდარაჯებ მაგის
სიყრმეს, სიტურფეს და ასაკს."
და ვით წესი არის ჩვენში
ნათესაობის და სისხლის,
ნათქვამს დეიდისას სიტყვებს
არცრა მოჰკლებია მისხლით.
წლები მიითვალნენ წლებზე,
დრონი მიეფარნენ დროთა,
თოვლიც არაერთხელ თოვდა,
ქარიც არაერთგზის ქროდა.
გასცდა მშვენიერი ამშაც
ასაკს ყმაწვილის და ბავშვის,
ყვავილს დაემსგავსა მთისას,
სათუთს, ნებიერს და გასლილს.
დადგა სტუდენტობის ხანაც,
ჟამი სანატრელი ასე,
გულებს ახალგაზრდულს მიწყივ
სიხარულებით რომ ავსებს.
სულს რომ აღვივებს და ანთებს,
ნესტრით სიყვარულის რომ ცრის -
წლები რომანტიკის, თრთოლვის,
განმარტოების და ლოცვის.
მართლაც მომხიბლავი იყო
ამ შა - პერსონაჟი ზღაპრის,
როგორც აფროდითე წყლიდან
ახლად გამოსული ნაპირს.
თვალებს ზღვისფერსა და ფართოს,
სევდით შეფაკლულებს ოდნავ
რაღაც არნახულად მზარდი
ზალა მაგნიტისა ქონდათ.
მხრებზე ოქროვანი თმების
ტალღებს აცილებდა ტალღა,
უკვე ქალი იყო, ქალი,
ვეღარ აღიქვამდი ბალღად.
უმალ მონუსხავდა მხილველს
მისი მეტყველება სათნო,
მას ერთს თუ დაემხე მხრებზე,
ალბათ, სილამაზის სათლო!..

                  V

სოხუმს სხვა შვილებიც ყავდა,
იგივ ქართველები, მკვიდრი,
მომსწრე მის წიაღში მრავალ
ქორონიკონის თუ ჰიჯრის.
ნაპირს შავი ზღვისას მათი
ხმები რახანია ახსოვს,
ახლა ვინ დათვალოს წლები,
უფრო ვინ მივიდეს ახლოს?
თუმცა ერთი რამ კი მაინც
არის ყველასათვის ცხადი,
ეს ზღვა, ეს მიწა და ეს ცა
არის საზიაროდ მათი.
და ისე ეკუთვნის ქართველს,
აფხაზს მიერგება როგორც,
აი ამიტომაც ხამს, რომ
ერთად დარაჯობდნენ, ზოგონ.
ბრძენმა წინაპრებმა მათმა
მცოდნეთ ამ სიმართლის ადრე
ნაცლად ერთურთისამიტომ
გული მომხვდურისა ღადრეს.
მაგრამ დრომ შებილწა ბევრი
წესი უძველესი და მათ
მიჰყვეს, წაქეზებით მტრების,
ხელი ურთიერთში კამათს.
დავამ, ჩამოაგდო მტრობა,
მტრობამ მოიყოლა მსხვერპლი,
ომი, სიკვდილი და ნგრევა,
გვამი ნაცარი და ფერფლი.
სწორედ ამ ომმა და ნგრევამ,
სწორედ ამ ქაოსმა შობა,
ლტოლვილ ქართველების გრძელი
მთებში კოლონა და წყობა.
თოვლით გადალესილ ქედებს,
ყინვის მათრახებით გათვლილს,
ახსოვთ უსასობა, ჭმუნვა,
ურვა-გოდებანი ქართვლის.
ახსოვს ჭუბერსა და საკენს,
ამ გზებს, უფსკრულებში მხედებს,
როგორ უზრებოდათ ხელში
ჩვილი პირმშოები დედებს.

ამ გზას მოჰყვებოდა ერთდროს
არვა ცახურიაც ობლად,
აღარ შერჩენოდა ვისაც
თითქმის აღარავინ სოფლად.
დედის, მამისა და ძმების
თოვლში დამმარხავი ბიჭი,
სდევდა მდინარებას დევნილთ,
სუსტი, არელი ბიჯით.
მშიერს, გათოშილს და მარტოს,
თავის მწველ ფიქრებთან შთენილს,
აღაც ეგონა თუ კიდევ
დღეთა იქნებოდა მთენი...
მაგრამ სხვანაირად სურდა
აბათ წერა-მწერელს ბედის,
შეძლო გადალახვა მანაც
მაინც სასიკვდილო ქედის.
შეძლო ჩამოღწევა ზუგდიდს,
შეძლო აღმოჩენა ბიძის,
ვინ სად წაიყვანოს, რა გზით
თავად ბედისწერამ იცის!..
ახლა ზუგდიდი კი არა,
მთელი პეტერბურგი ლამის
იცის ზეპირად და ცხადად,
უცხო აღარ არის, ხამი.
სწორედ პეტრბურგი ექცა,
მისიმთვარიანი ქარვა,
ლუკმის მიმწოდებლად, მშველლად,
ბოლო თავშესაფრად არვას.
სწორედ ამ ქა;ლაქში ჰპოვა
მანაც, დღეს ჭაბუკმა ის, რაც
იპყრობს ახალგაზრდულ გულებს
და შეუსვენბლად ისრავს!
დიახ, სიყვარულზე ვამბობ,
დიახ, სიყვარულზე ვყვები,
მასზე მე კი არა მხოლოდ
სხვაგან ღაღადებენ სხვებიც.
ამშა შეუყვარდა არვას...
დახეთ ბედისწერის კაპრიზს! -
როგორც მითებშია ხოლმე,
ანდა ფაბულებში ზღაპრის!..

                  VI

ის დრო აღარ არის ახლა,
კაცმა სიყვარული მალოს,
აღარც, სხვათაშორის, - ქალმა,
ამ მხრივ დღეს არავინ წვალობს!..
არვა, მეგობრების გარდა,
აბა, ვის ეტყოდა სხვას ან,
ამშას კი დეიდა ყავდა
და არც დაუმალავს მასთან.
ოღონდ: "ქართველია?!. ო, ეს
არც თუ სასურველად მიჩანს!.. -
დიდი შეყოვნების შემდეგ
ქალმა ბაგეები ხლიჩა... -
თუმცა... მე უფლება არ მაქვს,
შვილო, რომ შევეხო მაგ შენს
სულ სიღრმეებში გრძნობის
ციმ-ციმ მინარეთებს ნაშენს!..
აზრი ამ საკითხზე მამის,
კარგად ცნობილია შენთვის -
მტრობა ქართველების მიმართ
მისი ოკეანეს ერთვის!..
და არც უსაფუძვლოდ, შვილო,
რაც მათ აფხაზები ჟლიტეს,
ან კი მწუხარებას გული
ამდენს რანაირად იტევს?!
სხვას რომ ყოველივეს თავი,
ვთქვათ-და, დავანებოთ აწვე,
განა შენივ ღვიძლი ძმების
სისხლი მათ სინდისზე არ წევს?!
მე ვერ მოვიბრუნებ ენას
სიტყვის შეკადრებად ანრის,
კიდეც რომ შევბედო... თუმცა..
მთქმელი უნდა ვიყო ან რის?!
და შენც არ გირჩევდი, არა,
მოხუცს ჩააწვეთო შხამი!..
მეტი მოკრძალება გმართებს
შენი უბედური მამის!.."
ფრაზებს ნერვიულებს ამშა
შეხვდა მოთმინების წყნარით,
სიტყვა დეიდისა, ერთ მხრივ,
თითქოს სწორიც იყო, მყარიც!..
მაგრამ სიყვარული ბრმაა,
უთქვამთ, ვერ უბრძანებ გულსო,
განა შეუძლია ქვეყნად
რამეს, რომ ეს გრძნობა მუსროს?..
ისე დიადია იგი,
ისე ძლიერია ერთობ,
ან რა უნდა იყოს ქვეყნად
მას რომ მოერიოს, ღმერთო?!.
თავად სიძულვილიც, მტრობაც,
სისხლიც, შურისგებაც მასთან,
ფუჭი მცდელობაა ოდენ,
ერთის შერკინება - ასთან!..
"არა, საყვარელო დეიდ, -
ეს თქვა მშვენიერმა ოდენ, -
თუმცა აჩრდილები ჩვენი
ძვირფას გარდაცვლილთა გოდებს...
თუმც სულ სხვას მოითხოვს სისხლიც,
წესიც, ადათიც და რიგიც,
მე არ შემიძლია მაინც,
დავგმო, დავივიწყო იგი!
კი, შენ მართალი ხარ, ქართველთ
დაგვწვეს, დაგვანაცრეს, გვხოცეს,
ახლა ასე უცებ, ამდენ
მტრობას ან რა ცელი მოცელს!?.
მაგრამ ბოროტების მსხვერპლი
მარტო ჩვენ როდი ვართ, თმერთო,
ცეცხლი, ჩვენ რომ გვწვავდა მაშინ,
იგივ ქარტველებზეც ენთო!..
ყოველშემთხვევაში არვა
ისე უცოდველი არის,
როგორც მე მიძღვის ბრალი
ქართველთ მიქცევაში მხარის!.."

                  VII

მობერებულიყო ქანბა,
თეთრად შეღებოდა თმები,
ოთხმოცს მიითვლიდნენ ბებრის
მხრებზე დაწოლილი წლები.
კენტად შერჩენოდა სოხუმს,
დარდით მთენებელი ღამეს,
უტყვად შეებრძოლონ წუხილს,
სხვა რა დარჩენიათ მამებს?!.
ჟამმა მოტეხა და დასვა
კაცი საკარცხულზე მწირად,
აფსუს აღარ ერჩის მკლავი,
აფსუს, უღონობა სძირავს!
თორემ რა დასვამდა სკამზე
ასე უსიცოცხლოდ, კენტად,
აფსუს, სამარეში მიაქვს
ჯავრით ავსებული გუდა!
შურიც ვერ იძია, შური,
ან იქ რა პირითღა შედგეს,
როგორ გააღწიოს სუფთად
მკვდარი ვაჟკაცების რენდგენს!?.
ეჰე, ესე უნდა მოკვდეს,
ამშაც ვეღარ ნახოს ლამის?
უკვე აღარ იცის, რა სურს,
რაღას ესწრაფვის და ჰლამის...
თითქოპს ისმინაო ღმერთმა
მამის გოდებანი, ჯვარცმა,
ყელზე დაებნია მოხუცს
რაღაც სიხარულის აცმა...
ო, ეს ხომ ამშაა თავად...
ნუთუ მართალია... ცხადი?..
მამას ეფერება შვილი,
მამის სიახლოვეს დადის...
”მადლი მოწყალეს და დიადს,
კაცთა გულთამხილველ უფალს,
რამდენ სიურპრიზებს გვიძღვნის,
საით რას მოგვკერძებს უმალ...
მაგრამ... ეს ვინ ახლავს გვერდით?..
ო, ეს ვისთან ერთად არის?..
ნუთუ ნათესავი ვინმე?.. არა?..
მეგობარი?.. ქმარი?!.
ამშა ჭკვიანია, დინჯი,
როგორ გააწბილებს მამას!
განა დაუვიწყებს მოხუცს
ასაკს, ღირსებას და ამაგს?!.
არა! რაც არ უნდა იყოს,
აფხაზს არ შეშვენის მჩატე
სიტყვა, საქციელი, საქმე,
ის, რაც ღირსებას ვერ ნატებს!..”
მაგრამ, შე, საბრალო ანრი,
კიდევ არ დაგინდო ბედმა!
თიღქოს არ გკმაროდა დარდი,
გულზე ქვა-ლოდად რომ გედვა!..
ვაი, რა ამაო არის
შენი იმედები ამ ჟამს!
ეგ ხომ სასიძოა შენი,
თან რომ მოჰყოლია ამშას!..
თანაც ო, ბედკრულო ბერო,
იგი ქართველია, ქორთუ,
ასე რომ უხდება მაგ შენს
ამშას,საპატარძლოდ მორთულს!..
”ვგრძნობ, რომ აღსასრული დადგა,
ავი წინათგრძნობა მლამბავს, -
სასოწარკვეთილის ნირით,
მძიმედ აღმობეჭდა
მძიმედ აღმობეჭდა ქანბამ, -
შვილო, - მიუბრუნდა ამშას, -
იცი, ვით მიყვარხარ, ჩინო,
მაგრამ რაკი ასე მოხდა,
აღარც მე აღარა ვჯინობ!..
მხოლოდ გიანდერძებ ერთსღა,
ამას გეაჯები ბოლოს,
თუკი არ გინდა, რომ იქაც
ალმა ჯოჯოხეთის მბოლოს!..
სანამ ეგ საქმარე შენი
მაჰმადს არ ილოცებს ღმერთად,
ცოლად ნუ გაჰყვები მანამ,
ჩემო სიცოცხლევ და ერთავ!..
გწამდეს, სიყვარული შენი
მართლაც თუ რაიმედ უღირს,
არ გაუჭირდება მას ამ
ქედზე შემოგდება უღლის!..” -
ეს სთქვა მოხუცმა და შესდგა,
უცებ გაეყინა მზერა...
პულსსაც შეეწყვიტა ცემა...
გულსაც შეეჩერა ძგერა...

                VIII

მუსლიმ აფხაზების მცირე
ნაწილს ეკუთვნოდა ქანბა
და მცველს სამაჰმადო წესის
რწმენის აეშენა დამბა.
გვამი ამიტომაც ანრის
მიწას მიაბარეს იმავ
დღესვე, წეს-უდია როგორც
მათთა უპირველეს იმამს!
გლოვაც ღირსებისდამშვენად
გვარში უპირველეს კაცის
შვილმა აღუვლინა მამას
თალხით შეიმოსა, ძაძით.
და როს გარდაცვლილის ყველა
საქმე გასრულდა და მორჩა,
როცა მი-მოლაგდა გლოვა,
ტაბლაც აიკრიფა, ხონჩაც.
უთხრა მშვენიერმა ამშამ
არცთუ სხვათაშორის არვას:
"ჩვენ ხომ სიყვარულო ჩემო,
უკვე უცხოები არ ვართ!..
ჰოდა, ამიტომაც ღიად
გეტყვი, და თანახმა თუ ხარ,
ვფიქრობ მამაჩემის ანდერძს
ჩვენგან შესრულება უხამს!..
ლოცვა გარდაცვლილთა ციდან
მაშინ შეგვეწვა, მე მწამს,
თუ ჩვენს, საცოლ-ქმარე უღელს
მათი სურვილებიჩ შეწნავს!..
თუკი აღვასრულებთ ჩემი
მამის ნაანდერძევ სიტყვას,
ჯობს, რომ ყველაფერი, ბარემ,
აქვე და ახლავე ითქვას!.."

                IX

სიტყვა ამის შემდეგ უკვე
არვას ეკუთვნოდა, მდუმარს,
ეს ის წუთებია, როცა
მხოლოდ ფიქრობენ და დუმან...
რადგან რთული იყო მუდამ
და უძნელესია დღესაც,
უცებ უარყოფა იმის,
რაც დადებულია წესად!..
რადგან რთული არის მუდამ,
თქვა, თუ გირჩევნია რას რა?
მძაფრი, მითუმეტეს, როცა
ცეცხლი სიყვარულის გბასრავს!..
ამგვარ შეყოვნების წამი,
ალბათ ასწლეულებს იტევს,
კიდევ უღმავდება კაცი
ზღაპრებს, ლეგენდებს და მითებს...
კანონს, ადათებს და აქნდრეზს,
წარსულს, მომავალს და აწმყოს,
სრულად ისტორიას ქვეყნის
ფიქრთა ფირფიტებად აწყობს!..
უხმობს წინაპართა ლანდებს,
რჩევას ეკითხება ყველას,
ეჭვობს, ბობოქრობს და დრტვინავს,
წვალობს, მარტვილობს და ღელავს!..
თვისას შემოჰყურებს პროფილს
ნაცნობ-მეგობართა მზერით,
წონის, აჯამებს და ზომავს
მტკავლით, გოჯითა თუ ცერით!..
სინჯავს, ადარებს და ასკვნის,
ნაბიჯს გადადგამდეს ვიდრე,
ფიქრი ფიქრს ებმება, სძირავს,
აგდებს, ატივტივებს, ითრევს!..
ამგვარ კირთებაში იყო
არვაც, ბაგეძვირი ამ ჟამს,
სრულად შეეწონა მისი
გრძნობა-გონებანი ტანჯვას!..
მძიმე არჩევანი ერგო,
ლამის განსჯადაც კი ძნელი:
იქით პინაზე დევს რწმენა,
აქეთ - სიყვარული მწველი!..
და თქვა სულ თავისთვის... ჩუმად...
გულში გულისაში არვამ:
ო, რა მძიმე არის ტრფობავ,
შენი ეს მსუბუქი ქარვა!..
რა ვქნა, გავერკვიო როგორ,
ან კი შეიძლება რკვევა?..
მე ხომ არც ვეკუთვნი ჩემს თავს,
მე ხომ სიყვარულის ტყვე ვარ!..
განა შემიძლია ახლა,
ამშას მივუხრო კარი?..
უცებ შევუბრუნდე ზურგით,
უცებ ავუქციო მხარი!..
განა ან ამშასთან, ანდა
განა ან საკუთარ თავთან
მართალი ვიქნები და სულს
მძევლად არ მივაგდებ ჯავრთან?..
მაგრამ, მეორეს მხრივ, განა
ასე იოლია დათმო
რწმენა წამებული ღმერთის,
მისი იდეები სათნო?..
რწმენა მამა-პაპის, წელთა
დიად სალუქებით, ბეჭდით
შვიდგზის დაბეჭდული, მტერს რომ
სისხლის სანაცვალოდ ვგლეჯგით?..
თუმც კი... კარგად ვიცით ყველამ,
ეს ჩვენ განვასხვავებთ, თორემ...
ღმერთი ერთი არის ზეცად,
ვინც ქმნის ბიბლიას თუ თორებს,
ვინც ქმნის ყურანსა თუ ყველა
წიგნებს, სახელითა უფლის,
ვინაც ყველასათვის ერთად
ჰგიებს და სიყვარულს უთვლის...
მაგრამ ეს გვაკლია სწორედ -
დიდი სიყვარული, რომლის
უდებ-უქონელნიც ოდენ
ვგავართ ციცმციმებას ხომლის.
რამაც, სხვათაშორის იქნებ
ქართველთ და აფხაზტა შორის
ნდობა გადაფარა ნავსით
ომის, მტრობისა და ჭორის...
ვიყო მე ტარიგი... თუ ვარ...
მაგრამ იმისათვის კი რომ,
ჩვენი აღვადგინოთ ძმობა
და კვლავ სიყვარულით ვკიროთ!..
მზად ვარ შევიცვალო არა
რწმენა ვით მარტივად მოჩანს,
როგორც შეიძლება ესმას,
ვინმე ჯიუტსა და ოჩანს!..
ხატი სალოცავი ოდენ,
აქ, ჩვენ, მიწაზე რომ ვარქმევთ
სხვადასხვა სახელებს, თორემ
ცაში სხვაგვარად დგას საქმე!..
თუ არ ისევ მსხვერპლით ჩვენგან
გამოისყიდება რითი?..
თუ ამ სამსხვერპლოზე ორნივ
ძვირფასს არ მივიტანთ ზვარაკს,
როგორ გავუმთელოთ, აბა,
გული დათუთქული ქალაქს?..
თავად ანრიმაც ხომ დათმო,
მტერი მაღიარა სიძედ!
განა არ მაჯობა ამით,
უფრო ღირსებას არ იძენს?..
თავად ამშამაც ხომ დათმო,
განა შემიყვარა როცა,
ხსოვნა აღარ ჰქონდა მათი,
ვინაც მისი ძმები ხოცა?..
ჰოდა, ტკივილით ვთმობ... მაგრამ...
მეც ვალდებული ვარ, დავთმო
შენ რომ არ იხარო ჩვენზე
ავო ჩრდილოეთის დათვო!..

                  X

ქალაქს მიტოვებულს, ერთ დროს,
ყველა სიყვარულით ხვდება,
კვლავაც ერთად შეყრის როცა
წამი დიდებული დგება!
თუმცა ბავშვი იყო არვა,
როცა გაარიდეს სოხუმს,
ტყვია-ყუმბარების ზალპით
მოსწორებულსა და მოხნულს...
მაინც თვალწინ ეგდა მუდამ
სახლი ბავშვობისა, სადაც
დედის დახმარებით ფეხზე
გავლა პაწაწინამ სცადა...
ქუჩაც თვალწინ ედგა მარად,
ცელქი ჟრიამულით სავსე,
სადაც მზის სხივები თბილი
უხვად ეფრქვეოდა თავზე...
და დღეს, როცა უკვე თითქოს
სიზმრად აღარ იყო, არა,
როცა ბევრი რამე ჟამთა
გრძელთა მდინარებამ ფარა...
იგივ მდინარებამ ჟამთა,
როცა თვით რწმენაც კი ცვალა,
როცა აღარ იყო თითქოს
ობლად, კენტადა და ცალად...
როცა მშვენიერი ამშაც
აზრად ცხოვრებისად ახლდა,
რაღაც დიდი ნატვრის მსგავსი
როცა სიზმარივით ახდა...
კერას მამა-პაპურს უფლის
ნებით გადარჩენილს, ალბათ,
არვა ცახურიამ ბოლოს
მაინც მზერა ჰკიდა ხარბად!..
”ჩვენ აქ დავსახლდებით, ჩემო, -
უთხრა უძვირფასეს ამშას, -
ჭერიც ჩვენი გვქონდეს, ფუძეც
თავად ღმერთი გვაძლევს ამ შანსს!..
არა, აღარ წავალთ რუსეთს,
მორჩა უცხოობა, კმარა!
გვეყუო, მონატრებამ რაც რომ
ლერწმის ღერებივით გვხარა!..
აი საბუდარი სანდო,
ჩვენი სამუდამო თეგრი,
სად ზღვა მშობლიური კლდეებს
ეალერსება და ეკვრის.
ასე  მარადია, სულო,
ჩვენი სიყვარულიც და როს
თავად დღე მოიტანს დღეის
დრეზე უსათნოეს ტაროსს.
წმინდა სიყვარულის ჩვენის
როცა ცვენც ვიხილავთ ნაყოფს,
უკვე ვეღარავინ დაგვვშლის,
ვეღარ გაგვთიშავს და გაგვყოფს!..”
ცრემლი ერეოდა ამშას...
რისი ცრემლი იყო, ვინ თქვას!?.
არვას შეჰყურებდა ნაზი,
ხან ცის გასცქეროდა მიტკალს...
”როგორც შენ ისურვებ, დაე,
იყოს იმგვარად და ისე,
ოღონდ მანათობელ მზეის
შუქი მოერიოს ნისლებს!..” -
ასე უპასუხა ქალმა
ქმარს და მოეხვია თრთოლვით,
ამოდ ებნეოდა ჭაბუკს
ატმის ყვავილების თოვლი...

                  XI

”- ჯობდა ჩემს ცხონებულ ძმასთან
ერთად მომკვდარიყო არვაც.
გვარიც შეგვირცხვინა, ერიც,
კაცმაც უნდა დაგმოს, ქალმაც!
ყველა მოღალატე რწმენის
ზიზღის ღირსია და, მეტიც,
სიკვდილს იმსახურებს, აბა,
სხვა რა მოუხდება კვეთილს?!.
მორჩა, დღეის შემდეგ იგი
ჩემგან შერისხული არის,
აღარც ცოცხლის მინდა მისი
ხილვა და აღარცა მკვდარის!..”
ასე განაცხადა ბიძამ,
ჯვახუ ცახურიამ, როცა
ესმა არვას მიერ ქრისტეს
ნაცვლად მუჰამედის ლოცვა.
ბრაზი,მრისხანება მართლაც
დიდზე დიდი იყო ბიძის,
რა კუპრსაც ერთვოდა მისი
ღელვა, მარტო ღმერთმა იცის!
გასცდა ეს ამბავი მალვე
ზუგდიდს, მოეფინა ლამის
სრულად მთელ ქვეყანას ბჭობდა
მასზე "კურიერი ღამის".
წერდნენ გაზეთებიც, ქუხდა
როგორც ჩამოქცევა ზეცის,
დირედ მიაჩნდათ და გმობდნენ
ნამცენცს უცხო თვალში ბეწვის!..
ყველა აძაგებდა ერთხმად,
გმობდა იმ ქართველის ნაბიჯს,
ვინაც განდგომოდა ქრისტეს,
რწმენას, ნათესავს და ძმაბიჭს...
ოღონდ ეს ნაბიჯი კაცმა
თუ რა მიზეზით ან მიზნით'
წარსდგა, არ უკითხავს არვის,
კვლევას არ ლამობდნენ შიგნით...
და არც ისურვრბდნენ, როგორც
ასეთ შემთხვევებში ხდება,
ხალხი მას აფასებს, რაიც
მზერას ზედაპირზე ხვდება!..
ბოლოს მღელვარება მათი
წყევლის და მუქარის წიგნად
სოხუმს გაუგზავნეს არვას,
როგორც მოხერხდა და იქნა...

                XII

ნაბიჯს უწუნებდნენ ქალსაც
სოხუმს აფხაზები ღიად:
”ასეთ საქციელს და საქმეს
განა ღალატი არ ქვია?
რა გვაქვს ჩვენ საერთო მათთან,
ჩვენის მსმელებია სისხლის,
ანრის ქალიშვილი სულში
ასე შხამ-სამსალას გვიღვრის!
როგორ გაუყადრა თავი,
ცოლად როგორ გაჰყვა ქართველს?!.
ეს ხომ ისინია, ლამის
სუნთქვის ნებასაც რომ გვართმენ!
თუნდაც გამოცვლილი რწმენით
განა სანდონია მართლა?
ყოველ მათ გადადგმულ ნაბიჯს
სულ სხვა ინსტიქტები მართავს!..”
ამ ხმებს მეზობლები ხშირად
ყურში აგონებდნენ ცოლ-ქმარს,
ბევრჯერ შეარყია ღვარძლის
მათი მყუდროება ფლოქვმა.
უნდოდ ეხლებოდა მათ სულს
ცივი გულგრილობის ტორი,
უხვად შელესილი ქირდვა
ჭორის აგდებული ტონით.
გრძნობდნენ სიმარტოვეს მუდმივს,
შოლტებს ალმაცერი მზერის,
ზურგებს ახალგაზრდა წყვილის
ბასრით რომ ფატრავდა წვერით...
მაგრამ მრისხანება ხალხის,
ტალღა ძაგების და ქირდვის
გადაწყვეტილებას მათსას
სულაც ვერ არღვევდა თითქმის.
გრძნობა ერთმანეთის მიმართ
რადგან სიყვარულით ჰქონდათ
მტკიცედ შეჯავშნული და თუმც
მათ თავს ქარიშხალი ქროდა...
აღარ ეცვლებოდათ რწმენა,
რომ ხსნა ეკუთვნოდა ოდენ
ქართველთ და აფხაზთა შორის
მხოლოდ სიყვარულის მოდელს.
რომ დრო სისხლისღვრის და ომის
უნდა გაჰყოლოდა წარსულს,
ასე ამაზრზენს და ბოროტს,
მტრობა-სიძულვილით ნავსულს...

          ე პ ი ლ ო გ ი

დრო მკურნალიაო, უთქვამთ
და ეს ასეც არის სწორად,
დროა შემძლებელი მხოლოდ
შალოს უნდობლობის გორა...
ჰოდა, მკურნალობდნენ წლები
დროთა მდინარების კვალად
ერთ დროს მიწისპირთან ლამის
სრულად გასწორებულ ქალაქს.
თუმცა ნაკვალევებს ომის
ვერც დრო მყისიერად ვერ შლის,
მაინც ემჩნეოდა სოხუმს
როგორ სწორდებოდა წელში.
სახეს იბრუნებდა ყოფილს
არვა ცახურიას სახლიც,
ისევ ცოცხლდებოდა კერაც
რაღაც მოლოდინში ახლის...
ფეთქვა სასიცოცხლო ძალის
ძალუმ იგრძნობოდა მაინც
უფრო მაშინ, როცა ზედვე
ხმობდა გაზაფხულის ხმაიც...
როცა იფეთქებდა ნუში,
ანდა ყვავილები ატმის,
ჟამი დადგებოდა როცა
გარე-მიდამოთა ხატვის.
სწორედ გაზაფხული იყო,
კვირტთა გაღვიძების ხანა,
ის დრო ხეებიც კი ხმელი
ახლის მლოდნელად რომ დგანან.
როცა მშვენიერმა ამშამ
პირმშო სანუკვარი შობა
და სულ სხვა სტიმული მისცა
არვა ცახურიას შრომას...
ისე ახარებდა მამას
ქვეყნად მოვლინება ვაჟის
რომ აღტაცებისგან ლამის
მაღლა დაფრინავდა ცაში...
ამბორს უგზავნიდა ულევს
სათნო მეუღლეს და იმედს,
ისევ იბრუნებდა გულში,
სევდას შორდებოდა მძიმეს.
იმედს მომავლისას მამის,
იმედს მომავლისას დედის,
ღმერთი ამტკიცებდა თავად,
ყოვლისმხილველი და მხედი!..

       
                  2004 წელი
                  თბილისი
                 
















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები