ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2010


სააღდგომოდ - ბაგეს მოვიფინოთ ვარდი

ხვალე ჭართალაში მივალ,
ილტოს ხეობაზე ვხვდები
უფლის სადიდებელ ზეიმს,
სადაც მიმელიან მთები...

სააღდგომოდ ლექსი მინდა
დავუტოვო "ურაკპარაკს",
მეც მოვყვები ბიბლიიდან
ერთ უგონიერეს არაკს:

რაც არ უნდა ტალახს ზელდე
და ტანზედაც ჭუჭყი გეცხოს,
თურმე შესაძლებელია,
გაიწმინდოს, გაირეცხოს!..

რაც არ უნდა საჭმელს ჭამდე,
ამყრალებულს, ანაქოთებს,
თურმე შესაძლებელია,
სამშვინველი სუფთა გქონდეს!..

ის, რაც პირში ჩადის ლუკმად,
რაც ყელსა და ხახას ჩასდევს,
თურმე არც ამდაბლებს მიმღებს,
არც ამაღლებს-ადიადებს!..

უფრო ამაზრზენიაო,
სიკვდილზედაც მეტი თითქმის,
თურმე ის, რაც კაცის ენით
გულბოროტად ამოითქმის...

ანუ რაც პირიდან შევალს,
ის კი არ წაწყმედავს სულსო,
თურმე, რაც გამოვალს პირით,
მაცხოვარს ის უფრო სძულსო!..

ჰოდა, სიტყვის მსახურებო, -
გიხაროდეთ, ქრისტე აღსდგა! -
ბაგეს მოვიფინოთ ვარდი,
სათქმელს ვაგვირისტებთ რადგან!..

ბაგეს მოვიფინოთ ვარდი,
ვფენდეთ სიყვარულის ფურცლებს,
რადგან ყველანაირ წარღვნას,
მხოლოდ სიყვარული უძლებს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები