ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პროზა
9 აპრილი, 2010


24.02.09. ღამე

                                                                                                                                        ვუძღვნი 1921 წლის 25 თებერვალს
                                                                                                                                                ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპირებული 
                                                                                                                                                            საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას...


                    სოლოლაკელი ვარ, თუ მთაწმინდელი, დღემდე ვერ გამიგია, სადღაც შუაში ვარ გაჩხერილი, ინგოროყვაზე, ყოფილ ძერჟინსკზე და საერთოდაცარ მანაღვლებს, ჩემი ნესტიანკედლებიანი ერთი ოთახი რომელი უბნის ნაგლეჯს წარმოადგენს. ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს და, საერთოდაც, ხანდახან მეჩვენება, რომ გარშემო მხოლოდ სინაცრისფრეა, წვრილ-წვრილად, თავის ამატკივებლად დაბზარული და ერთხელაც იქნება, ამდენი ქაოსისგან ეს ბზარები ერთიანად დასკდება და ტვინს გამიხვრეტს. ეს ბოლო სიტყვა ამეკვიატა გუშინდელს აქეთ და ათასნაირი ხედით ტრიალებს, ბზრიალებს თავის ქალაში:

                                                                                                                            გამიხვრეტს...
                                                                                                                                      ამიხვრეტს...
                                                                                                                                              მიხვრეტს...
                                                                                                                                                      იხვრეტს...     
                                                                                                                                                              ხვრეტს...
                                                                                                                                                                    ვრეტს...
                                                                                                                                                                          რეტს...
                                                                                                                                                                                ეტს...                                     
                                                                                                                                                                                      ტს...       
                                                                                                                                                                                            ს...

              მეჩვენება, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში თავის ზომა ორჯერ გამეზარდა. წუხელ არ მძინებია თაბქვედამხობილი და თვალებდაჭყეტილი მივშტერებოდი სიბნელეს  და ვცდილობდი  ჩემი და ჩემი ძმის საწოლებს შორის ჩავარდნილი მობილური ამომეღო, მაგრამ ხელი მხოლოდ იდაყვამდე ჩამეტია. ჩემმა წრიალმა თედოც ააბუზღუნა და ვიდრე გარკვევით დამიწყებდა ლანძღვას, ხელი ამოვყავი და ჩემი სამიზნე დილამდე საწოლქვეშ დავტოვე...
            მატარებლის ბორბლები რიტმული ჩაქჩაქით მიგორავდნენ ლიანდაგებზე. დროდადრო ორთქმავლის კივილი გამყინავად ესობოდა მთვარეს. წითელი დისკოც ჩაქჩაქსაყოლილივით ძგერდა, _იკუმშებოდა და იბერებოდა, იკუმშებოდა და იბერებოდა... ისევ ორთქმავლის გაბმული კივილი და გასკდომამდე თავატკიებულმა უორიენტაციოდ აქნეული თავი ისეთი ძალით ვლეწე საწოლის რიკულს, რომ თვალბში გამინათდა... ტანზე მიკრული პიჟამო ხელით მოვისინჯე და ისეთი სველი მომეჩვენა, რამე ხომ არ ვიკისრე მეთქი, გავიფიქრე და ზეწარსაც მივუს-მოვუსვი ხელისგული.მერე ისევ ისე, პირქვე დავწექი, საბანი ნახევრად გადავიხადე და ვცადე აღარ ჩამძინებოდა. დედას ასე რომ დავენახე, ისე ჩამფუთნიდა, მარტო ცხვირს დამიტოვებდა გარეთ, სიც იმიტომ, რომ არ გავგუდულიყავი და რატომღაც,
მომინდა, მეთვითონ გადამეფარებინა საბანი დედასავით, მაგრამ დაბუჟებული ხელის განძრევა დამეზარა და გადავიფიქრე...
            უზარმაზარ მინდორზე ეყარნენ შიშველი ადამიანები, სიფრიფანა კანს მიღმა კარგად ვარჩევდი თითოეულ ძვალს... სუნთქავდნენ ნელა და ანკესზე წამოცმული თევზებივით უაზროდ, უბგეროდ აფჩენდნენ პირებს. დავაბიჯებდი მათ სხეულებს შორის, ცოტა მოშორებით ვხედავდი ხის ვაგონს, უამრავინახვრეტიდან ჩქეფ-ჩქეფად ასხამდა სისხლი. ვაგონის გარშემო მოსიარულე შავჩექმიანები რიგრიგობით ეყუდებოდნენ წითელ ნაკადებს...
            აქ ისევ ვჭყიტე თვალები, ცოტა არ იყოს,  შეშინებულს, გამეხარდა, რომ ვჭყიტე და ვცადე, სიბნელეში კედლის საათისთვის შემეხედა, მაგრამ სილუეტიც ვერ გავარჩიე და შევეშვი. საათის წიკწიკი მიწიწკნიდა ნერვებს, მაგიჟებს ეს რიტმული ხმები. უფრო ამტკივდა თავი, მგონი ექიმთან ვარ მისაყვანი, მაგრამ ვერ ვიტან თეთრხალათიანებს და ვერც იმათ საშიშროებამოპარულ სუნს. ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ წეღანდელი ნასიზმრალი მექაჩება ქუთუთოებზე.ასეთ დროს სულ რაღაც სულელური აზრები მომდის თავში. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ მაჯილდოვებენ ოქროს მედლით მამაჩემის გმირული თავგანწირვისთვის და როგორი სიამაყემოზღვავებული ჩამოვდივარ ჯარისკაცთა რიგებს შორის. აქ მახსენდება, რომ მამაჩემი ვერასდროს იქნება საამაყო, მაგრამ გპატიობ, მამი... მე იმასაც გპატიობ, ბავშვობაში ხელიდან რომ გაგივარდი და ხერხემალი დავარტყი.იმასაც,ჭალაზე რომ წამიყვანე და იქ რომ დაგრჩი. მე იმასაც გპატიობ,  ჩემი არცერთი ნაწერი რომ არ გაქვს წაკითხული და იმასაც, ჩვენი დაბადების თარიღები ყოველი შემთხვევისთვის კედელზე რომ გაქვს წაწერილი. მე ისიც მიპატიებია, დედა სხვა ქალით რომ ჩაანაცვლე და ისიც, ახლა მაგ ბავშვს ისე რომ შესციცინებ, თითქოს ჩვენ არ გყავდეთ... ხომ ხედავ, მამი, რამდენირამე გაპატიე, ახლა შენც მაპატიე, მაგრამ დიდი ნაბიჭვარი ვინმე ხარ, მამაჩემო!
          თედოს გავხედე, ეძინა პირღიას და რაღაცნაირად მომინდა, რომ ჩამხუტებოდა. აი, ასე, უბრალოდ ამდგარიყო და ჩამხუტებოდა. მერე ვიფიქრე რა სენტიმენტალიზმმა შემომიტია–მეთქი და გვერდი ვიცვალე. არა, თედო მართლა კარგი ვინმეა...
            თვალი შევაჩვიე სიბნელეს, თუ თენდებოდა, არ ვიცი, მაგრამ საათის ისრებიც კი გავარჩიე. უკვე ოცდახუთია, მიყვარს თარიღების თვლა. აი, ეს არ არის რიტმული, არც თავს მატკიებს. ერთი თარიღი არასდროს გავს მეორეს. ინათა, ჩემი ფანჯრიდან კარგად მოჩანდა, მზობელი ნინა ბებო როგორ უყრიდა მტრედებსსაპურეზე დარჩენილ ნამცეცებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები