ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პროზა
27 მაისი, 2010


"ღმერთო,არ მისცე ყვავილთ ზიანი!"(მამას)

        წვიმდა. გაღმა სოფელს სქლად, რამდენჯერმე შემოჰხვეოდა ნისლი და ძლივსღა მოჩანდა ყანებში ალაგ–ალაგ ჩადგმული სახლების სილუეტები. ზემოთ, გორაზე ბებერ მუხებს შორის  პატარა სალოცავი იდგა და ერთდროულად გადმოჰყურებდა რამდენიმე სოფელს.ახლა გამახსენდა, რომ ოდესღაც ზუსტად ასე, აივანზე ვიდექი,სახლის ფანჯრებზე ნელა მოიზლაზნებოდნენ წვიმის თბილი წვეთები და სასიამოვნოდ წკაპუნობდნენ ფანჯრის ქვეშ საგანგებოდ დადგმულ ვარცლში.მე და ჩემი ძმები ვიდექით ღია ფანჯარასთან და ველოდებოდით, როდის გამოჩნდებოდა სათიბიდან მომავალი დაღლილი მამა. ასე გადიოდა საათები, ჩვენ არ გვბეზრდებოდა ლოდინი... შიგნითა ოთახიდან ცხელი წვნიანის სურნელი გამოდიოდა,  გვეძახდა დედა, მაგრამ ვუყრუებდით. მერე გორაზე გამოჩნდებოდა ხოლმე ცხენიანი კაცი სუულ პატარა წერტილად, ჩვენ ავტეხდით ყიჟინას. მე და თედო ფაცხა–ფუცხით გავრბოდით ჭიშკრისკენ, შიშველი ფეხებით გავტოპავდით პატარა ღელეში და მიწააკრული ფეხებით შევახტებოდით მამას. ის რიგრიგობით რამდენჯერმე აგვისროდა ჰაერში, ჩვენი ჟრიამული აყრუებდა იქაურობას...მერე ერთად, ხელიხელჩაკიდებულები მოვდიოდით სახლისკენ, ფანჯარაში ისევ ისე იყურებოდა თოკო და ორივე ხელის ათივე თითს ჩვენკენ იშვერდა. დედა კიბეზე ავიდოდა, თოკოს ძლივს მოსწყვეტდა ფანჯარას და ხელში აყვანილს ჩამოარბენინებდა სამზარეულოში.მერე ყველა ერთად შევექცეოდით გემრიელ წვნიანს... თავზე დაგვფარფატებდნენ გამჭვირვალე, მსუბუქი ანგელოზები, მერე გვაძინებდნენ და ქერა კულულებზე გვეთამაშებოდნენ დიდხანს...

  ერთხელ გავიღვიძე და ცის გარეშე დამხვდა სამყარო...

    ერთხელ ვეჯაჯგურე და ვეღარ გავაღე გულსმიღმა ქალაქი...

    წვიმის წვეთები გაცივებულიყვნენ და გატეხილი ვარცლიდან მოჟონავდა ყინულიანი წყალი...
             
          ერთხელ აღარ ველოდით ფანჯარასთან მამას. ის წავიდა. არა,ანგელოზებს არ წაუყვანიათ, ვერც წაიყვანდნენ, გამუქებულიყვნენ, დამძიმებულიყვნენ და სულ ძირში დაეჭრათ გამჭვირვალე ფრთები. მამა თვითონ წავიდა, უკანმოუხედავად...
          ერთხელ სულ სხვა აივანზე ვიდექი და სულ სხვა გორას მივშტერებოდი. წერტილებად მოჩანდნენ ვიღაცები და ვიცოდი, რომ ის იქ არ იყო...მერე ცისარტყელა გამოჩნდა დიდი. აივნის მოაჯირიდან ზედ გადავფოფხდი, სველი და გრილი იყო,მსიამოვნებდა... მივცოცავდი სულ ზევით, ზევით... თვალები გავახილე და შემეშინდა, დაიგრუხუნა და ვიკივლე. მერე ვიღაცამ მომხვია დიიდი თბილი მკლავები და განათდა. ზევიდან სულ სხვანაირი დასანახები იყვნენ მუცელამომწვარი, ნამიანი ბროწეულები...
             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები