ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2010


ქალაქში ისევ მიტინგი იყო

        მემაწვნე ტარიელამ გააყრუა დილით ეზო. დედამ კარი გამოაღო და ორი ქილა იყიდა.
__სულ თბილ–თბილი, ახალ–ახალი მაწონია, ქაბატო–ჯან! __ მოაწოდა და ოქროს კბილები გამოაჩინა.
__აქამდე ცივი იყო?!__ გაუღიმა დედამ და ქილები გამოართვა.
__მაშ რა, ჩემი მაწონი ზამთარ__ თბილი, ზაფხულ__გრილი, მაშა!__  გაიკრიჭა ტარიელა.
    ოთომ ჯერ ცალი ფეხი გამოყო საწოლიდან, ცოტა ხანში__მეორე და მერე ნთლიანად გამოძვრა. საათს შეხედა და ფაცხაფუცხით ამოიცვა შარვალი.
__დეე, ჩემი კურტკა სად არის?
__სადაც დადე, იქ იქნება!__  გამოსძახა წვრილმა ხმამ სამზარეულოდან.
__ შენთვის არ მიკითხავს, ლაწირაკო! დეეე...
__საკიდზე ეკიდება, ნახე...__ შემოვიდა ეზოდან დედა მაწვნიანი ქილებით.__ შეჭამე რამე,ისე არ წახვიდე.
    ოთო სამზარეულოში შევიდა.  ნინიკო მაღალ სკამზე იჯდა და ცხელ ჩაის ხვრეპდა.
__იპოვე?
__შენ არავინ გეკითხება!__  ოთომ ოდნავ წამოარტყა თავში დას.
__ნუ მირტყამ! ისე,დღეს შენ  მიგყავარ სკოლაში...
__კი აბა, მე მეჩქარება.
__ჩქარა ვივლი.
__დედა წაგიყვანს.
__დედას არ სცალია.
__მეც არ მცალია შენთვის!
__მაშინ დღეს სკოლაში არ წავალ...
__ააუფ... ვიდარდებ...
__საკონტროლო რომ მაქვს?
__ხოდა,დედა წაგიყვანს. __ წაილუღლუღა ლუკმით პირგამოტენილმა ოთომ და ჩაის მოურია. ნინიკომ ჭიქა მიწია,  მაღალი სკამიდან ჩამოხტა და სამზარეულოდან გავიდა.
__დე, ჩამაცვი პალტო!
  დედას გაეცინა და მაღალ საკიდთან მდგარ პატარა ნინიკოს პალტო მოაცვა.
__ოთომ მითხრა, არ წაგიყვანო...
__გეხუმრა ალბათ...
    ნინიკომ ჩანთა მოიკიდა და სამზარეულოში შებრუნდა.
__გელოდები!__ გახედა ძმას და დოინჯი შემოიყარა.
      ოთომ გაგრილებული ბოლო ყლუპი დალია და თავისზედიდჩანთიანი დის დანახვაზე გაეცინა.
__წამო, წამო, ოღონდ ჩქარა, მაგვიანდება...
      ჩქარა ჩაუარეს ყვითელ ავტობუსებს. ოთო მიდიოდა, და მისდევდა და თან ავტობუსებში ჯარისკაცებს უყურებდა. ერთმა თვალიც ჩაუკრა.
__ჩქარა გამოადგი ფეხი!
__სად მიდიხარ?__ ძლივს წამოეწია ძმას.
__არაა შენი საქმე ეგ!
__შეყვარებული გყავს?
__შენ რა იცი შეყვარებული?__ჩამოხედა დას და ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
__როგორ არ ვიცი... აი, ჩემი კლასელი როა, ხო იცი,  გიორგი, ჩემი შეყვარებულია... გუშინ  ჩემთან გადმოჯდა თან.
      ოთოს მოუნდა გაბრაზებულიყო. აი,ისე დებს რომ უბრაზდებიან ხოლმე ძმები შეყვარებულების გამო, მაგრამ მიხვდა, ნინიკო ჯერ პატარა იყო და თვითონ ზედმეტად დიდი, რომ გაბრაზებოდა და უბრალოდ გაეცინა.
__არ გჯერა ხომ? გუშინ ხაჭაპური მიყიდა და მითხრა ეგ წითელი კაბა გიხდებაო. იმიტომ ჩავიცვი დღესაც ეს კაბა, თორემ დედა სხვა რამეს მაცმევდა...
__დედამ იცის?
__წითელი კაბა რომ ჩავიცვი კი და გიოზე არა... ხო არ ეტყვი? მერე  ვეტყვი მე თვითონ.
      ოთოს ზედმეტად ხმამაღლა გაეცინა.
__მიდი, მიდი, გაიქეცი, ხომ მიხვალ აქედან?
  ნინიკომ თავი დაუქნია და გაიქცა. ოთო ჩქარი ნაბიჯით მოუყვებოდა ქვემოთ ქვაფენილს და ეღიმებოდა დროდადრო. მერე სალო გაახსენდა და ფეხს უფრო აუჩქარა.
        ყვითელი ავტობუსები ისევ უძრავად იდგნენ შემოდგომისფერი ფოთლებით მოფენილ ქუჩაზე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები