ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2010


ცხრამეტის გახდი (სულხან წულუკიძეს)

მეცხრამეტე ტალღა აასკდება კლდის ქიმს,
მეცხრამეტედ მოსდებს აქაფებულ ლაფშებს,
შორს კი მეწამული ჰორიზონტი მზისთვის
უზარმაზარ ხახას მეცხრამეტედ აფჩენს...

ეს ქუხილიც, ალბათ, მოასწავებს გრიგალს,
ელვებდაბერილ ცას ცხელი წვიმა უდუღს,
შენც ხომ ხასიათი ახლა ამინდს გიგავს,
მძლავრად ჩამოჰკარი ამ ცხოვრების ურდულს!

ბავშვი აღარ ხარ და  აღარცა გაქვს სხვა ცდა,
ნახე, გულის ძგერაც უკვე აღარ ანცობს,
დამსკდარ კაპილარებს თუკი ლექსი წასკდა,
თავი უნდა მისცე პოეზიის ღვარცოფს...

მეცხრამეტე ტალღა აასკდება კლდის ქიმს,
მეცხრამეტედ მოსდებს აქაფებულ ლაფშებს,
შორს კი მეწამული ჰორიზონტი მზისთვის
უზარმაზარ ხახას მეცხრამეტედ აფჩენს...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები