ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2010


ბუნდოვანი ლექსი სიზმრებითა და ცხადით

...ჩვენ დავბრუნდით ელ-შარამიდან,
ეგვიპტიდან,
არაბული სამყაროდან,
საიდანაც უდაბნოს მზემ
შავი პიგმენტები გამოგვაყოლა საჩუქრად...

....ჩვენ დავბრუნდით
ჩარგლიდან,
ფშავიდან,
არაგვის ხმაურიანი ხეობიდან,
საიდანაც ვაჟა-ფშაველას დაკენტებულმა მზერამ
სევდის ალმაცერი სხივი გვისახსოვრა...

"რამ შემქმნა ადამიანდ,
რატომ არ მოვედ წვიმადა?.."

შენ, თეთრი და მწყაზარი
ისევ ისეთი ლამაზი და სათნო,
შავი კაბით
და თვალის უპესთან მოქანავე ცრემლის მძივით,
დაჯექი დედის კუბოსთან
და თვალებით თქვი:

"რითი ვებრძოლო ამ სიკვდილს,
თუ არა ისევ სიყვარულით?!."

მე გავუყევი ქუჩას
მარტო, სულ მარტო,
არ ვგრძნობდი
არც სიცხეს,
არც ხმაურს,
არც ადამიანებს და მანქანებს
და ვამბობდი ნაბიჯებით:

"ჰო, მართალია!
სიკვდილსაც კი
სიყვარულით უნდა ვებრძოლოთ,
სიკვდილსაც კი!
მხოლოდ ეს თუ გადაგვარჩენს - სიყვარული!.."

და ვიცი...
დადგება დღე...
ჩვენ ისევ წავალთ
ელ-შარამში...
ჩარგალში...
და ეს უკვე აღარ იქნება სიზმრები...
რადგან ორივეს დამარხული გვყოლება დასამარხი,
გამოგლოვებული საგლოვარი,
სანთელი დანთებული,
სულები დაპურებული
და ვიტყვით მაშინ უკვე
ბაგეებით,
ხმამაღლა,
ყველას გასაგონად:

"ჩვენ სიყვარულით ვცოცხლობთ!..
სიყვარულშია ჩვენი ძალა!.."





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები