ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 იანვარი, 2011


ფიქრები მიხა ხელაშვილზე (ესკიზები პორტრეტებისათვის)

მიხა ხელაშვილი, როგორც პოეტი და პატრიოტი, ჩემს ცნობიერებაში ადრეული ბავშვობიდანვე შემოვიდა. ჩვენს ოჯახშიც და სოფელშიც, უფროსებისაგან ხშირად მსმენია ლექსად თუ სიმღერით ნათქვამი სიტყვები, რომლის ავტორადაც ახადელ მიხა ხელაშვილს ასახელებდნენ და გამოთქვამდნენ ცრემლიან დანანებას ამ სრულიად ახალგაზრდა კაცის ვერაგული მკვლელობის გამო. თუმცა იქვე, თითქოსდა გულის მოსაოხადო, უთუოდ დააყოლებდნენ: მიხას მკვლელი შემდეგ, ასევე მაგარმა ვაჟკაცმა, გოგია ჭიჭოშვილმა გაისტუმრა ჯოჯოხეთშიო.
იმ ლექს-ნამღერთა სტრიქონები კი, რომლებსაც ბავშვობაში ვისმენდი ილტოს ხეობაზე, ასეთი ფრაგმენტების სახით შემოდიოდა ჩემში:

                                ხელაშვილი ვარ მიხაი, ბოლშევიკების მტერია,
                                საცა კომუნისტს შევხვდები, უნდა გავჭრა ყელია...


                                                      *    *      *   

                                როდის მოიდეს ზაფხული, ვინტოვკავ აგახმიანო,
                                ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკო დავაჭკვიანო,
                                მტრის  ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო...

                                                      *      *      *

                                აჰყვებ-დაჰყვება ხელაი ცივის გომბორის სერებსა,
                                ზამთარს ჰყვავიან იანი, აქ კაცს რა დააბერებსა...

                                                      *      *      *

                                კლდის თავზე თეთრო ყვავილო, ნამცქვრევო ბალახებისა,
                                რა ვიცი, მე ჩემს გეძახი, იქნება გახდე სხვებისა...

                                                        *      *      *

                                ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე,
                                და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე,
                                გიმღერდენ ჩემებრ სწორები ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
                                ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე.
                                ნეტავი, ჩემო სახელო, დიდხანამც იხსენებოდე,
                                ჩემო ნათქვამო სიტყვაო, შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.
                                შენ, ჩემო საფლავის კარო, შენამც კი აჰყვავდებოდე,
                                სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ გათხოვდებოდე…
                                ერთ ეგეც უნდა ვიკითხო, ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
                                ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა?
                                ამასა ვფიქრობ და გულიც ამასვე ანამდვილებსა.
                                დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა.
                                თუმც ნათესავნი, და-ძმანი აღარ აისხმენ ღილებსა,
                                ცოლიც ძალიან მიტირებს, ქვეყანას გააკვირვებსა,
                                ცოტა ხნის შემდეგ ისიცა სხვისა ჭირს გაახლინებსა.
                                სულ ყველას დავავიწყდები, ყველას სხვა დაათირებსა,
                                მე დედის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა,
                                ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა, გულით ეგ დამიტირებსა,
                                დედას უყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა,
                                იმითა გვტანჯავს გამჩენი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

მესმოდა ნამღერი ალექსი მისრიაშვილზე და კიდევ მრავალი სხვა, რაც გონებაში მტკიცედ მებეჭდებოდა და ამ გმირი მამულიშვილისა და შემოქმედის ხატს როდენის სიჯიუტით მიქანდაკებდა სულში. უკვე იმ დროიდან ვიცოდი ერთი უტყუარი სიმართლე მიხა ხელაშვილის მსოფლმხედველობრივი და მოქალაქეობრივი პორტრეტისა - ის იყო საბჭოური ხელისუფლების მტერი და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლო გმირი პოეტი - ამას ღიად და დაუფარავად ამბობდა ოჯახში მამაჩემი.

                                                      *        *        *

თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას ჩემი ინტერესი და დამოკიდებულება მიხა ხელიშვილისადმი რამდენადმე უფრო სერიოზული და პროფესიული გახდა. მის პიროვნებსა და პოეზიასაც უფრო სხვა თვალით შევხედე უებრო ფოლკლორისტის, ცხონებული იურა (გიორგი) ჯაფარიძის წყალობით, რომელიც, როგორც ფოლკლორისტიკის სპეცალიზაციის სტუდენტებს, დაწვრილებითა და მთელი სიღრმით გვახედებდა მიხას ბიოგრაფიასა და შემოქმედებაში.

1988 წელს, ზაფხულის არდადეგებზე, ფოკლორულ ექსპედიციით გავემგზავრეთ ივრისა და არაგვის ხეობაში. ავედით ახადში. იქ მე და ტრისტან მახაური შევხვდით და საკმაოდ დიდხანს ვესაუბრეთ, ერთ ღრმად მოხუცებულ ფშაველს, კოფა გორელაშვილს, რომელიც თურმე მიხას სიყრმის მეგობარი ყოფილიყო და ლამის მთელი მისი პოეზია ზეპირად იცოდა. მისმა მონათხრობმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და კიდევ უფრო შემაყვარა ეს დიდი ვაჟკაცი და პატრიოტი. მან გვითხრა ბევრი საინტერესო დეტალი შეფიცულთა რაზმის ფშავ-ხევსურეთში მოქმედებისა და მათთან ერთად მიხას საბრძოლო ეპიზოდების შესახებ. კოფას მონაყოლები ჩვენს საველე დღიურებში დავაფიქსირეთ, რამაც საბოლოოდ ბინა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის არქივში დაიდო.

მიხა ხელაშვილის შესახებ გვესაუბრა სოფელ შუაფხოში ასევე ღრმად მოხუცებული, მიხას კბილა უგემურ მთვარელაშვილი, რომელმაც ეს უკანასკნელი, ფშავის "კაი ყმად" მოიხსენია და მისი შესანდობარიც შესვა იახსრის სალოცავში.

იმავე წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის 106-ე აუდიტორიაში ზურაბ კიკნაძის ყოველკვირეული სემინარების ეგიდით გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე დიდმა მამულიშვილმა და მწერალმა ედიშერ გიორგაძემ სენსაციური მოხსენება წაიკითხა მიხა ხელაშვილზე და თვითგამოცემის წესით დაბეჭდილი მიხას პირველი, მომცრო კრებული წარმოადგინა "ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშივლისა". სემინარს არცთუ ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ვინც ესწრებოდა, უდიდესი უმრავლესობა ღირსეული ქართველი და მოღვაწე იყო. ადიტორიაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ზვიად გამსახურდია, რომელიც მიხა ხელაშვილის ბიოგრაფიისა და შემოქმედების კარგი მცოდნე და დამფასებელი აღმოჩნდა.

მალე გამომცემლობა "მერანმა" გამოსცა ყოველწლიური პოეზიის ალმანახი "მერანი-90", რომელშიც ჯარჯი ფხოველმა პატარა წინასიტყვაობით მიხა ხელაშვილის რამდენიმე უცნობი ლექსი გამოაქვეყნა.

აი, ასე ნელ-ნელა და მყარად იმკვიდრებდა თავის კუთვნილ ადგილს მიხა ხელაშვილი როგორც ჩემს შეგნებაში, ისე, ზოგადად, ქართული კულტურისა და პოლიტიკური ყოფის ისტორიაში.

მიხა ხელაშვილისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება იმით დამთავრდა, რომ ჩემი სადიპლომო და სადისერტაციო თემაც (რომელიც აღარ დამიცავს საქართველოში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შედეგად შექმნილი ვითარების გამო)  მისი შემოქმედება გახდა.


                                              *        *        *

რითი მომწონს, რა მხიბლავს მე, პირადად, მიხა ხელაშვილის პოეზიაში?
უპირველეს ყოვლისა, ეს არის მისი ლექსის სისადავე-სიმარტივე, გულწრფელი და ორგანული სათქმელი, თემები, რომლებსაც მისი კალამი შეხებია: სამშობლო, მამულიშვილობა ("შეფიცულთა რაზმის" მხატვრული მემატიანეობა), ღმერთი და სიყვარული.

ყოველთვის მახსენდება ქაქუცა ჩოლოყაშვილის სიტყვები, მიხაზე რომ უთქვამს ალექსანდრე სულხანიშვილისთვის: "თუ გავიმარჯვეთ და მშვიდობა იქნა, მიხას უნივერსიტეტი უნდა გავათავებინოთ, ცოდვაა ეს ამოდენა ნიჭი ეგრე დაიკარგოსო".

ასევე ჩემი გონებიდან არ ამოდის თავად მიხას მიწერილი დის, პარასკოსადმი: "კაცი ადრე თუ გვიან სიკვდილს ვერ დაემალება. მაშესადამე, სჯობია, რომ სახელით მოკვდეს ძროხასავით უსახელო სიკვდილს. ნეტავი იმის სიკვდილს, ვინც სამშობლოს შეეწირება და უკვდავყოფს თავის სახელს!"

დავით გურამიშვილის შემდეგ არცერთი ქართველი პოეტის ბედი ისე არ გადაჯაჭვია საქართველოს ტრაგიკულ ბედისწერას, როგორ მიხა ხელაშვილისა. ჯერ კიდევ ბარისახოში დიაკვნობისას 1918 წელს ანაფორიანი მიხა წერს ლექსს "სამშობლოს გასჭირვებია", რომელშიც ერსა თუ ბერს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისაკენ მოუწოდებს:

                  თუკი სამშობლოს წაგვართმენ, რად გვინდა თვალთა შტერანი?!
                  იქ მივალთ, საცა რომ უჭირს, შორით არ გვიყვარს ცქერანი...
                  ---------------------
                  გულზე მოვიდეთ, ქართველნო, მტერნი გვყვან რამოდენანი,
                  თორემ შეგვმუსვრენ, იცოდეთ, იმათი ქარის ქსენანი
                  და რაღას გვარგებს ტირილი, გლოვნა და ცრემლთა დენანი?!
                  ხმლის წვრით მოვსეროთ საზღვრები სამშობლოს სანაპიროთა,
                  ჩვენ წაქცეული უფლება უკეთად აღვადგინოთა,
                  ისევ ძველნი ვართ ქართველნი, სუყველას ვაგრძნობინოთა

მერე კი, როდესაც წართმეული თავისუფლებასთვის მებრძოლი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი ბრძოლას გამართავს ბოლშევიკური ჯარის ნაწილებთან მაღაროსკარში 1922 წელს, მიხა აწ უკვე ანაფორაგახდილი, იარაღითხელში შეუერთდება მათ და სიკვდილამდე არ დაანებებს საკუთარი ქვეყნისა და ღირსებისათვის ბრძოლას თავს:

                  ჩოლოყაშვილი რო ვნახე, უცხო რამ სანახავია,
                  ვუამბე მთების ამბავი: - მტერმ წაგვიხდინა ფშავია,
                  დღემდი მარტოკა ვიბრძოდი, მტერთან არ შავკარ ზავია,
                  სამშობლოს უნდა სავწირო სიცოცხლე, ჩემი თავია...
                  ---------------------
                  ფშავში მოვიდა სტუმარი, თან რაზმი მოჰყვა ფრთიანი,
                  მივიღეთ ფშაველ-ხევსურთა, როგორც მთის ხალხის ზნე არი,
                  შავღებეთ მტრისა სისხლითა ჭალები სიპებიანი,
                  მკვდრებით ავავსეთ არაგვი, მანამდე კალმახიანი,
                  გამოვყევ, ამოვიარეთ მთა-გორი ჭიუხიანი...
                  ----------------------
                  მთაო, შენ გაზრდილ შვილებსა კაი ყმატ გვეძახიანო,
                  ძლიერი ქართული დროშა შენ უნდა ააფრიალო,
                  დაგვიცავ ქაქუცას რაზმი, შენ, განგებაო, ღვთიანო,
                  ჩვენ სალოცავად დამდგარნო მთის წვერნო, დავლათიანნო!
                  ვაი, რა სანატრელი ხარ, თავისუფლებავ, ტიალო!

სიკვდილთან პირისპირ არაერთხელ მდგარა მიხა ხელაშვილი, მაგრამ არად მიაჩნდა სამშობლოსათვის ტანჯვა-წამება და სიკვდილი:

                        საქართველოსა შევხარი და მისთვის შეფიცულებსა,
                        რომელნიც თავსა სტანჯავენ, ღმერთს აბარებენ სულებსა.

- წერდა ის და რაღაც ზეციურ წყალობასავით ელოდებოდა წამს, როდესაც გამარჯვებით დაგვირგვინდებოდა მათი ბრძოლა. თუმცა 1924 წლის აჯანყება მარცხით დამთავრდა. შეფიცულები საზღვარგარეთ გადაიხვეწნენ. ხოლო ეს უფაქიზესი სულის ლირიკოსი, ვინც ბრძოლის ველზეც კი პატარა აბგით სულ თან დაატარებდა საწერ-კალამსა და ფურცელ-წიგნს და შესანიშნავ ლექსებს წერდა, მტრის სისხლით ხელდაცვარული, პირისპირ შერჩა გავეშებულ მტერს... მაგრამ, ისევ მარტოს, ერთი წამითაც არ უფიქრია უკან დახევა. ისიც კარგად იცოდა, რომ სიკვდილი შორს აღარ იყო, მაგრამ მაინც წარბშეუხრელად იდგა:

                      ვინ იცის, როდის მიუა სიკვდილის მახარობელი?
                      რომელ კუთხეზე მომკლავენ, ცრელმლებს ჩამოჰყრის მშობელი,
                      ვერც მე ვიქნები სუ ეგრე - მიმტყუვნებს წუთისოფელი.

რა აძლებინებდაო? - იკითხავს ადამიანი. რა და, რწმენა, რწმენა უფლისა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ანაფორა აღარ ეცვა და ჯვრის ნაცვლად ხელში იარაღი ეჭირა, მისხალითაც არასოდეს მინავლებულა მასში. იმ ლექსიდან მოკიდებული, რომელიც 1919 წელს მიუძღვნა უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ  ლეონიდეს, ლამის ბოლო ჟამამდე მისი საფიქრალი და სულიერად გამამხნევებლი უფალი იყო, მასზე დაეყარა ყველანაირი იმედები:

                        ღმერთო, დიდო და მაღალო, მარადის მყოფო ცაშია,
                        გადმოიხედე უფალო, ქვეყანა დაინახია,
                        აკურთხე, განაძლიერე, მშვიდობით შაინახია.
                        შენ განამტკიცე მთა-გორნი, მაღლა აწვდილნი ცაშია
                        და გაუმარჯვე ფშავ-ხევსურთ შენს მადიდებელს მთაშია.


                                                *        *          *

როგორ მიხარია და რა კარგია, რომ სანთელ-საკმეველი თავის გზას არასოდეს კარგავს!
მტერი ძლიერი იყო და, ცხადია, მან იოლად შეძლო მიხა ხელაშვილის ფიზიკური განადგურება. ეცადნენ მოეკლათ და დაესამარებინათ მისი ნათქვამი სიტყვა. მაგრამ ამაო აღმოჩნდა მათი მცდელობანი. მიხას სახელმაც და სიტყვამაც მზის სინათლეს თამამად გაუსწორა თვალი. გამოჩნდა მისი ხელნაწერები, გამოიცა მისი სრული კრებული, რაშიც თავისი დიდი წვლილი დაიდეს გიგი ხორნაულმა (შემდგენელ-რედაქტორი) და სანდრო შანიძემ (დამფინანსებელი). იწერება მასზე. სრულიად საქართველოს თვალსწიერს ეფინება მისი კაცობა, მამულიშვილობა, პოეტობა. ვიცი და მჯერა, რომ მომავალი კიდევ უფრო დიდსა  და ღირსეულ ძეგლს დაუდგამს!

ჩარგალში, იმ პატარა სივრცეზე, სადაც ქართული მწერლობის დიადი პატრიარქი ვაჟა ფშაველა დაიბადა, ძნელზე ძნელია შენი სახელიც ამოატიტივო, მაგრამ მიხა ხელაშვილმა შეძლო, რომ იქ, პოეზიის სავანეში გარინდებულ თავის საფლავთან სწორედაც რომ პირადი მოწვევით აიყვანოს სრულიად საქართველოს მოსახლეობა და ვაჟაობის საყოველთაო დღესასწაულს მიხაობის დღეობაც ამოუყენოს გვერდით.

წელს მიხა ხელაშვილის დაბადებიდან 111, ხოლო გარდაცვალებიდან 86-ე წელია. არის რაღაც მისტიკურად სიმბოლური იმაში, რომ იგი სწორედ მისსავე დაბადების დღეს მოკლეს ვერაგმა ადამიანებმა 25 წლის ასაკში. მგონი მეორე ასეთი მასშტაბის პოეტი და საზოგადო მოღვაწე ამ ასაკში წასული ამ ქვეყნიდან არც გვყავს ჩვენი ეროვნული მწერლობის ისტორიაში.


                                            *        *        *



მიხა ხელაშვილის ბიოგრაფიისა და პოეზიის ეს მცირე მონახაზი მინდა იმ ლექსით დავასრულო, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში დავწერე და მას მივუძღვენი:

                                      ბალადა მიხა ხელაშვილზე

                                  დამშეულ ნადირივით დადიოდა,
                                  დამგდები დიაკვნის ანაფორის,
                                  თვალთაგან ცრემლები დასდიოდა
                                  დასტურად ტკივილის ანაფონის.

                                  ნაბდავდნენ ღრუბლები ახადის მთებს,
                                  ჩარგალსაც ნისლებში შეეცურა
                                  და საქმეთ, ქაქუცას ნახაზირებთ,
                                  არსება იმის შეეწურა...

                                  ვერ მიხვდა, მტერს როგორ აპატიოს
                                  მამულის ხიშტებით დაჩოქება,
                                  სასწრაფოდ თოფი და ნაბადიო! –
                                  იქუხებს და მგლებთან დაჯოგდება!

                                  აოცებს ალიონს შეფიცულთა
                                  წითლებთან ბრძოლა და გამკლავება,
                                  არაგვის ლოდები გარდაცვლილთა
                                  დათლილან საძვალე აკლდამებად.

                                  და გმირის გმირული ისტორია, –
                                  მტრები რომ სახავდნენ საფრთხობელად, –
                                  დარჩებათ, ვითარცა მისტერია,
                                  მოხუცებს შვილებში სათხრობელად.










 
 
 










                                             

                                           
                                               
                                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები