ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
8 თებერვალი, 2011


ჩემი ნიმი

ნიმი შენ ყველაზე ემოციური და ბავშვური ხარ. ვერ ვხვდები ყველაფერი რატომ გწყინს.
მიყვარს, როცა გაფართოებულ შენს მწვანე თვალებში ვიყურები და ბავშვურ ოცნებებს ვხედავ.
ჩემთან მოდიხარ ზამთარშიც, ზაფხულშიც... ყოველთვის გვირილებიანი სარაფანა გაცვია და ყოველთვის უცნაურად გაქვს თმა. ნიმი არ გცივა? ნიმი გაგათბო?
შენ არასდროს მპასუხობ კითხვებზე, უბრალოდ მიყურებ, ეს კი საკმარისია, რომ მხოლოდ შენზე ვიფიქრო.
ღრმა ადამიანი ხარ, არასდროს იტყუები, რადგან არასდროს იღებ ხმას. მე კი ასე შენი ხმაურიანი სიჩუმე მიყვარს.
ყოველთვის შეუმჩნევლად მოდიხარ, მომეპარები ხოლმე და მერე მიდიხარ ხმაურით, მიგაქვს მთელი სამყარო.
ნიმი შენ ხან გრძელი ქერა თმა გაქვს, ხან მოკლე ყავისფერი. ხან სევდიანი ხარ ხანაც უსაზღვროდ ბედნიერი, ყოველთვის მოგაქვს სითბო, ყოველთვის მწვანე თვალებით.
ბევრი მოდის,
მეუბნება მე შენი ნიმი ვარო-მე არ ვიჯერებ.
მათ ვერ გაიგეს, რომ ჩემი ნიმი სხვებს არ ჰგავს,
ყველაზე განსხვავებული მწვანე თვალები აქვს და მუდამ თბილია.
მოდიხარ ხოლმე ასე სარაფნით, როდესაც გარეთ ძალიან ცივა და ასე გაყინული ჯდები კუთხეში, მე გიყურებ და მერე ასე გადის დღეები.
მინდა ვიყვირო:
რატომ მიკეთებ ამას?! რატომ თამაშობ ჩემით?!
მერე ვხვდები, რომ ჩემი არ გესმის და ვჩუმდები. არასდროს გესმოდა ჩემი, ან ვერ გესმოდა უბრალოდ.
ჩემი ოცნების ქალი ყოველთვის თხელი და ნაზი იყო, უნდა ყოფილიყო მხოლოდ ჩემი.
შენ კი მგონი ყველასი ხარ ნიმი, შენში სინაზე ძალიან ღრმად არის, მე კი ასე მაინც მიყვარხარ.

ნიმი არის ყველასგან მიტოვებული ქალი, მაგრამ ყველას ძალიან უყვარს. ვერავინ ივიწყებს მას და მერე ყველას სტკივა.
ის ყველაზე ძლიერია, რადგან ამდენს იტანს, ნიმი უძლებს ყველას და ყველაფერს, მერე გადატყავებული მუხლებით მოდის ხოლმე ჩემთან და კალთაში ტირის.
ნიმის ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ, რადგან იცის მე ყოველთვის დაველოდები და მოვუვლი. ნიმი არაფერს ითხოვს ჩემგან,
უბრალოდ უნდა, რომ მისი სითბო გავინაწილო, ვგრძნობ როგორ ახრჩობს გრძნობები.
მოვა დაიცლება,
მაჩუქებს ბედნეირებას და ისევ დიდი ხნით ქრება.

ნიმი ყველაზე კარგი ქალია,
ნიმიმ ყოველთვის იცოდა, რომ ბედნიერება სითბოს განაწილება იყო და მეც მასწავლა.
მე და ნიმი ერთმანეთს ვათბობთ ხოლმე.

მე ყოველთვის ვიცი, რომ ნიმი მოვა,
როდესაც არ ველი მაშინ მოვა, ჩუმად შემოიპარება, გაივლის დიდ მანძილს, შემოვა კედლებში და თავის კუთხეში დაჯდება დასჯილი ბავშვივით.

ნიმის დიდი მწვანე თვალები აქვს,
იგი ყველაზე ბავშვურია,
მე ნიმი მიყვარს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები