ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2011


თბილი თვალებით

შენ დაიბადე და თორნიკე დაგარქვა დედამ,
მერე კი მკერდში გიხუტებდა დიდხანს მიღლილი...
და ახლაც ზუსტად ისეთივე  უმწეოს გხედავს,
სულ პირველად რომ დაგინახა მაშინ,ის ჩვილი,
არადა წელმა გაირბინა ოცდამეორემ,
შენ ოცდაორიც ვერ გადადგი მყარი ნაბიჯი...
თოკო,ერთხელ რომ შენც ტოლებში გაერეოდე,
დამთრევს ნატვრა და შეიძლება კიდეც მაგიჟებს...
სოფლის ღობეზე გადავძვერით მაშინ ბავშვები,
ალბათ,არ გახსოვს,შენ იჯექი იქვე ჩრდილში და
ისე გვიცქერდი,არ გინდოდა ჩვენი გაშვება,
მაგრამ მუხლები უძალღონო მოსვლას გიშლიდა.
ჩვენ ადგილს მოვწყდით,გავიქეცით,წამოიწიე,
მივხვდი,დაეცი,ისე მომწვდა შენი ტირილი
აცრემლებული დედა გწმენდდა მუხლებს მიწიანს,
რომ მოვტრიალდი და ჩამექცა ეგ ხმა ტკივილად
სხეულში,ძლივს რომ ავათრიე სოფლის საყდრამდე
და უფალს ვთხოვე:“თოკოს მიე ჩემი სახსრები,
რომ დედას ხელში აყვანილი აღარ დაჰყავდეს
და „შენ მოგიკვდი,დედი“ მეტჯერ აღარ ახსენოს...“
მე დღემდე ველი,რომ აუხდენს ღმერთი საწადელს,
იმ ჩემს ბავშვობას,სოფლის საყდარს რომ შევატოვე...
ბეწვის ხიდია,არაფერი რომ აღარ მწამდეს,
როცა ვხვდები,რომ შენს მზერასთან ისევ მარტო ვარ...
შენ კი ზიხარ და მაგ დიდრონი,თბილი თვალებით
მშვიდად გვიყურებ,შენთვის ალბათ შეშლილებს ვგავართ.
ვდგავარ და ვიდრე საკუთარ თავს დავემალები,
ვხვდები, თოკო,რომ შენ კი არა,ჩვენა ვართ ავად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები