ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2011


ციკლიდან: სლავური დღიურები რუსული სურათებით

ლექსების ეს ციკლი ჩემი რუსეთში, ურალის მხარეს, ცხოვრების დროს (2001-2002 წლები) დაიწერა. მინდა, "ურაკპარაკის" მკითხველიც გაეცნოს ჩემს იქაურსა და იმდროინდელ ემოციებს, განწყობილებებს, შთაბეჭდილებებს. ლექსები არცთუ ისე ბევრია, პოეზიის ნამდვილი მოყვარული და  მკითხველი მათ უთუოდ ჩაყვება ბოლომდე!




სოფლის სურათი

მიჰკედლებიან ქოხებს ქოხები,
აგებულები ფიჭვის მორებით -
აი, რუსული სოფლის სურათი,
ყველგან რომ გხვდება განმეორებით.

უხმაუროა, როგორც სამარე,
დასახლებათა ეს ყრუ რიგები,
მიდიხარ, სივრცეს არ უჩანს ბოლო,
უსასრულობას თითქოს მიჰყვები.

თეთრი, უსაზღვროდ თეთრი ხაზები
ცვლიან და ცვლიან ერთიმეორეს.
უყურებ: მდორედ ფეთქავს მდინარე,
ადამიანიც, სიცოცხლეც - მდორედ.

საკვირველია და მძიმედ უცხო
შეუჩვეველი თვალისთვის, როცა
მაღლა და მაღლა კი არ მიიწევ
დგახარ, ან ერთ სწორ სიბრტყეზე ცოცავ.

არის რაღაცა  საშინელების
მაგვარი სივრცის ამ სიჩუმეში,
ამ უნაპირო სითეთრის რკალში,
ამ ყინვისა და თოვლის უჯრებში.

რუსს ესმის ალბათ ამ სინამდვილის,
მაგრამ ჩემთვის კი აუხსნელია:
ამ ერთფეროვან, ცივ სამარეში
მზეს და სინათლეს როგორ ელიან?..


სივრცის სურათი

რა მზერა გაწვდეს რუსეთის სივრცეს,
ამ ფიფქების და ნაძვვების ტევრებს,
ამ არყის ხეთა ქერტლიან ფიცრებს
და მინდვრებს, მარად მგზავრთათვის მდევრებს...

უსამანოა თითქოს ამ ქვეყნის
გრანდიოზული თოვლის ფურცელი
და არაფერი თითქოს ახალი
და არაფერი თითქოს უცვლელი.

ქოხები ასე ბედკრულად მდგარი,
ტაძრები ასე მდუმარედ მდგომი,
არც გაზაფხულის აქ ნედლი ქარი
და არც ხმაური აქ შემოდგომის.

ზამთარი, თოვლი, მხოლოდ ზამთარი,
ლამის დაზამთრდეს გულშიც, სულშიაც,
ვარ შენს წინაშე ცამდე მართალი,
რაკიღა შენთან ყოფნა სულ მშია!..

შენ კი, ო, შენ კი, როგორც შეჰფერის
საქციელს გულგრილ დედინაცვალის,
ერთი წამითაც არ მომეფერე
და მიაყარე ჩემს გზებს ნაცარი!..


არყის ხეთა სურათი

                  "Эх береза русская"
                            С. Есенин

ცისკენ აწვდილან ხელები არყის,
წვრილი, სწორი და თეთრი ხელები,
თოვლი კი, თოვლი აყრის და აყრის
ფრთაფართე ფიფქებს საკვირველებით.

ლაშქარი არყთა არის მდუმარე,
მოღუშული და გულჩათხრობილი,
ვით რუსი კაცის სახე მწუხარე,
ვით რუსი ქალის მტკნარი პროფილი.

რას ფიქრობთ ნეტავ, ხეებო არყის,
რა არის ნეტავ თქვენი ოცნება?
რა გესიზმრებათ ნეტავ, საწყლებო,
რა გაზაფხული, რა საოცრება?

გაძარცულებო, გაცრეცილებო,
გაჩენილებო ყინვის მძევლებად,
არ უწყით, მაგრამ მინდა იცოდეთ,
ჩემი ალერსი თავს რომ გევლებათ...


თოვლის სამეფოს სურათი

დოსტოევსკის გმირებივით
გულჩათხრობილს ვუმზერ რუსეთს,
ცას უმზეოს, უვარსკვლავოს
და სითეთრეს მარადუცვეთს.

ვერ გააღწევს მზერა სამანს,
სივრცე დაღლამდეც რომ თხაროს,
არც შორდება თოვლი ტრამალს
და ნაძვების მწვანე თაროს.

იგი სამეფოა თოვლის,
თოვლზე ცხოვრობს, თოვლი ხურავს,
ვხედავ ამნაირად მე ამ
მხარეს, ამ პერმსა და ურალს.

ასევეა ყველგან, სადაც
ამ ხალხს ჩექმა უცვეთია,
სადაც სივრცე რუსულია,
სადაც მართლა რუსეთია.


ცივი სურათი

მხარე მონების, ყინულებით გადარაზული,
მიცქერის, როგორც სადედოფლო თეთრი ასული.

მხარევ მონების, ყინულებით გადარაზულო,
ნუ ფიქრობ ჩემი თბილი მხარე გამიწარსულო!

თოვლია, თოვლი საფარველი მისი ზრახვების,
გულს არ გაგიხსნის, გულით იყო თუნდაც მნახველი!

თოვლის საფარვლით შესუდრულნო, მძიმედ მზრახველნო,
გათბით როგორმე, ჩემი თბილი გულის მნახველნო!

- არა და არა! - უარია მისი პასუხი!
იგი დათვია, მე - ყვავილი, ყინვით ნასუსხი!..


პოეტის სურათი

          ”Вы близки и прятны мне”
                        С.  Есенин
                      ”Роэтам Грузии”

სხვა იყო სერგეი ესენინი,
სულ სხვანი არიან ესენი:
ამათი დანა ჩვენს ფესვებს ჭრის,
მას ჩვენთან გაედგა ფესვები.

დაჰქონდა მას გულით პოეტის
სიტყვები სითბოთი სავსენი:
სხვა იყო სერგეი ესენინი,
სულ სხვანი არიან ესენი.

მას გულით და წრფელად უყვარდა
ქართული პოეზიის რძე-ხსენი:
სხვა იყო სერგეი ესენინი,
სულ სხვანი არიან ესენი.

მე მომწონს ის რუსი, რომელსაც
არ უყვარს ქართველისთვის სისინი:
ისეთი, როგორიც, ვთქვათ, იყო
პოეტი სერგეი ესენინი.

და რაც დრო გადის და მეტს ვფიქრობ,
ვრწმუნდები და ამ აზრს ვესევი:
სხვა იყო სერგეი ესენინი,
სულ სხვანი არიან ესენი!..


სითეთრის სურათი

როგორ ჩქარა ღამდებიან
ზამთრის ცივი დღეები,
ისევ თეთრი ფლას-ფარდები,
ისევ თეთრი ტყეები.

შეფიფქულან, შესუდრულან
ფიჭვები და ნაძვები,
თეთრი თმები, თეთრი მხრები,
თეთრზე თეთრი ძაძები.

მიუყვები თოვლის ბილიკს,
მიგაქვს ფიფქის მძივები,
თეთრი მკერდი, თეთრი მკლავი,
წარბთა თეთრი მწკრივები...

ათასობით ამგვარ სურათს
მიძღვნის მხარე ურალის,
ვით მხატვარი, თოვლში მდგომი,
თოვლში ნამსახურალი.


მაისკის სურათი

ურალი. პერმი. მაისკი ზამთრის.
თოვლი. სიცივე. ყინვა. ფიფქები.
მე გამოვდივარ სახლიდან გარეთ,
საცაა სოფლის გაღმა ვიქნები.

სულ ერთნაირი ირგვლივ ხედები,
მხოლოდ სითეთრეს თუ ითვლის მზერა -
აი, რუსული ყოფის დავთარი,
აი, რუსული ზამთრის ხელწერა.

ცისა და მიწის გზაგასაყარი.
დამძიმებული თოვლით ნაძვები.
როგორც ქვრივების გრძელი ლაშქარი,
ოღონდ უტყვი და... თეთრი ძაძებით...


მოგზაურის სურათი

თოვლში ვზივარ და თოვლში ვწერ,
არ დამიჯერებთ, ამ პწკარებს,
მეტი სიმშვიდე აქ არის,
ახლა ეს სივრცე მაწყნარებს.

ძირს დაუხრიათ მკლავები
ნაძვებს ფიფქების ფარტენით,
სავსეა ირგვლივ გარემო
ფიფქებით მოფარფატენით.

არა და აღარ იცვლება
ეს ერთნაირი სურათი,
ჩუმია, თეთრი სამყარო,
როგორც ათასი სულმნათი.

მაინც კი ვერ ვეგუები
ამ თეთრ და უცხო ალაგებს:
მე სულ სხვა ფიქრი დამყვება,
სხვა გრძნობა მალაპარაკებს...


ნოსტალგიური სურათი

მარტო ხარ და უთვისო ხარ
მუდამ შენ აქ, ამ მხარეში,
გზაზე იმნაირად დახვალ,
როგორც მკვდარი სამარეში.

შენ ვერ გხიბლავს ეს ხედები,
ეს ლანდშაფტი, ეს ტიპები,
შენ სულ უკან იხედები,
შენს შორ წარსულს ეტკიპები.

ცივია და გულგრილია,
ემოციას მოკლებული
აქ რომ არის ხალხი, სიდან
რა გზით აღარ მოკრებული.

ვიცი, ვიცი, შენ აქ დიდხანს
ვერ გაძლებ და ეპირები,
სახლშივ წასვლას, მიტოვებას
ამ თეთრონი ზეფირების.


სინანულის სურათი

ყინავს, ყინავს, დედამიწას
უჭერს მარწუხები ყინვის.
მე ვსვამ უმარტივეს კითხვას:
აბა, მოერევა ვინ ვის?

ყინვა დედამიწას, თუ პირ-
იქით, დედამიწა - ყინვას?
ღმერთო, რა დაადნობს ამ თოვლს,
ამდენ აისბერგს და მყინვარს?!

ისე მეჩვენება, თითქოს
თვალი ვერ იხილავს აქ ველს,
მწვანედ მობიბინეს, ზეცის
სხივით მობრიალე სარქველს.

ხშირად მაისშიც კი თოვსო, -
რუსის საუბარი მესმის.
ღმერთო, შევეჩეხე ეს რას,
ღმერთო, შევეყარე ეს ვის?

ახლა აფეთქებულ ტყემლის
ერთხელ შემოხედვას რა ჯობს,
აფსუს, სიცოცხლეო ჩემო,
მუდმივ ზამთარში ვით გხარჯო?!.


ღამის სურათი

ღამეა. ღამეა. ღამეა.
ღამეა და მე ამ ღამეში,
როგრც რამ ელვარე კამეა,
ზეციდან მიწაზე დავეშვი.

მაგრამ ამ ღამემ და უკუნმა
და ბნელმა, აქ, ირგვლივ, რომ არის,
მოსპო, რაც მაკამეავებდა,
ჩააქრო სხივები მკრთომარი.

მაგრამ თუ თეთრ ურალს ამდენი
სიბნელე თან ახლდა მე როდი
ვიცოდი და თურმე რამდენ ხანს
სრულიად ამაოდ ვმღეროდი...


უცხოობის სურათი

      "Hir stehe ich –
      ich kaan nicht anders"
        მარტინ ლუთერი

კენტსა და მარტოს რუსეთში,
როგორც ხის ტოტზე ბეღურას,
მეფინა თოვლის ლეიბი,
თოვლის საბანი მეხურა.

მე, გადმოვარდნილს სხვა მხარეს,
მომიკვდა სული, დამეწო,
თოვლის სამეფოს წესებით
ცხოვრება უნდა დამეწყო.

ვწვალობდი, ვიტანჯებოდი,
არ მასვენებდნენ ფიქრები:
მომავალ ამ დროს ოჯახში
ვიქნები? ვერა? ვიქნები?

ვიყავი გარინდებული
და სულს მიღრღნიდნენ კითხვები.
ეჰ, როგორ კვდები, სხეულო,
სამარევ, როგორ ითხრები...


ავი წინათგრძნობის სურათი

ასე მგონია, უცებ რომ მოვკვდე,
აი, ამ თოვლში უნდა ჩავეფლო
მიწის მაგივრად, რადგან რუსეთი
არის მარტოდენ თოვლის სამეფო.

დამთრგუნველია ერთფეროვნება
სითეთრის, მარად უცვალებელის,
ჩასაფრებულა ყველგან ზამთარი
და ყინვა, მისი მკაცრი მხლებელი.

უნდა გავიდე ამ სამარიდან,
იქით მეძახის მიწა მე ჩემი,
ღამეს უმთვაროს და უვარსკვლავოს,
უმზეო დღეებს ვერ შევეჩვევი.


რუსული ყოველდღიურობის
          სურათი

ყოველ დილით, როცა ვუმზერ
უსამანო თოვლის ვარაყს,
მებადება კითხვა: რუსი
რატომა სვამს ამდენ არაყს?

მე არ მინდა, რომ ვიღაცას
რასაც ვამბობ, ეს ეწყინოს,
მაგრამ მაინც კითხვა: რატომ
სვამენ ამდენ სპირტს და ღვინოს?

ქარბუქია, ნამქერია,
ტრამალ-ტრამალ თოვლი მოთოვს,
ისევ აბეზარი კითხვა:
აქ სუყველა რატომ ლოთობს?

ბაღებს, სკვერებს, ქუჩებს, უბნებს
მოვლებიათ ყინვის რვალი.
მოხუცი თუ ახალგაზრდა,
ქალი, კაცი - ყველა მთვრალი.

ნუთუ შემცდარია ყველა
და ეშმაკის აგენტია? -
აი, კიდევ ერთი კითხვა,
აი, ქვეყნის ტრაგედია.


სილამაზის სურათი

აქვს სილამაზეც, რა თქმა უნდა,
რუსეთის ხედებს,
მას ხომ სერგეი ესენინი
ადრიდა ედემს.

მე,. მაგალითად, მომეწონა
ნაძვნარის ტევრი,
ტყე, სადაც იდგა ხე ლამაზი,
მაღალი, ბევრი.

მე იქ ტაძრებიც მომეწონა,
ოქროს ბაბთებით,
ცას რომ სწვდებიან ფრთებითა და
მერე რა ფრთებით!

იქნებ სხვაც ბევრი აღიბეჭდა
გონებამ ცქერად
რომ ღირდა, მაგრამ ვერ ვიგონებ
ამჟამად ვერა...

P.S.
ამბობენ, თითქოს ქართველს მოსწონს
რუსის ქალიო,
მაგრამ რა გითხრათ, არ ღვინოა,
ოდენ - წყალიო!..


ფლირტის სურათი

კი არ საუბრობ,
გალობ,
ცისფერთვალება
ქალო.

კი არ იცინი,
მღერი,
როგორც ლერწამის
ღერი.

კი არ მომწონხარ,
ვლოცავ,
იმ წამს, შენ გაჩნდი
როცა.


ისევ ფლირტის სურათი

პატარავ, როგორც ბეღურავ,
მსუბუქო, როგორც ნიავო,
ეცადე, იქნებ ტკივილი
გულისა შენ დამიამო.

ლამაზო, როგორც ყვავილო,
ფრთათეთრო, როგორც პეპელა,
მომიალერესე, სევდები
იქნებ განვდევნო ნელ-ნელა.

ოღონდ ფრთხილად კი,
თოვლით და ყინულით ნაქანდაკარო,
მე მზის გული მაქვს, არ დაგწვას,
ცოდვაა შენი სამყარო!


უშენობის სურათი

გულში როგორ ჩაქრება
მობობქრე გრიგალი,
გული ისევ იქ დარჩა,
გული ისევ იქ არის.

რა თქმა უნდა, ძნელია
დრო, ცრემლებს რომ მირუებს,
მი-მოვყვები მაისკის
ტბათა სანაპიროებს.

და რამდენიც არ უნდა,
ვგრძნობ, ქუჩებში ვიარო,
თან გამყვება ყოველთვის
ჩრდილი სამგლოვიარო.

იმიტომ, რომ ვერ გხედავ,
იმიტომ, რომ შორსა ვარ,
როგორ გავძლო უშენოდ,
მითხარ, შენმა მგოსანმა?


მარტოობის სურათი

სიოც კი მარტის მსუსხავია,
უნდო და ცივი,
თუმცა ზეცაზე ყვითელი მზის
ტივტივებს ტივი.

მაინც ვერა გრძნობს აქ სხეული
სითბოს ნატამალს,
არ აუღია ჯერაც ტახტი
ზამთრის ატამანს.

ვზივარ მინდორში, ცივ სიოებს
ვგრეხავ სტრიქონად,
მატარებელი ამ სოფლის კი
მძიმედ მიგორავს.

მოწყენილი ვარ. მსიამოვნებს
ეს სიმარტოვე
მომწონს სიჩუმე მე ამ დუმილს
ვერ მივატოვებ.

გულსევდიანებს მივაცილებ
მაისკის დღეებს,
ვესაუბრები მარადმწვანეს
მდგომს ირგვლივ ხეებს.


მოჩვენებითი გაზაფხულის
              სურათი

აჰა, როგორღაც გაიხსნა ზეცა,
აღარა ბარდნის,
ალბათ ზამთარი ფრთას თუ იკეცავს,
თავდება მარტი.

თოვლის, ყინულის ქარავანთა
ჰგავს ნასადგურალს,
დღესაც სუსხიანს და ნასიცივარს
ვუყურებ ურალს.

გულო, ვით გინდა გაძლო ნეტავ
ამ უცხო მხარეს,
სულ სხვა კონტურებს სიზმრადა ხედავ,
სხვა რამ გახარებს...


საშიში სურათი

არათუ ყველაფერს აქ მოსავს ნათელი,
არამედ ბევრი რამ კვლავ არის სადაო.
რჩებაღა რუსეთში ქართველად ქართველი?
ახსოვსღა თავისი ძირი და სათავე?

ვეჭვობ, რომ პასუხი გულს გაგიხარებდეთ,
ენის მოჩლექითაც მე აქ ვერ დავშვრები,
რუსნია და რუსთა წესს უნდა დანებდნენ
ქართველთა რუსეთში შობილი ბავშვები.

ათასი მილეთის მხარშავი ქვაბია
რუსეთი - ეს ტვინის სასტიკი სპირალი,
აქ ყველა ერთნაირ უღელში აბია,
სუყველას ერგვარი მოელის ფინალი!

აი, მე დავდივარ და ვხედავ სურათებს
და მწარე ფიქრებით ღამეებს ვათენებ,
სულ რუსად ქცეულან, სულ სხვა მზე უნათებთ,
რუსეთში ნაშობ და აქ აღზრდილ ქართველებს!..



,












     








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები