ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი ა მ ი ი
ჟანრი: პროზა
29 თებერვალი, 2012


სახლი ანუ სამი (..ალავერდი.. )

  კედლები ერთმანეთს მხრებზე ადგებიან და ასე აშენებენ ციხესიმაგრეებს.  ჭერში ობობები მომრავლდნენ და დედამიწას ერთ ქსელში ახვევენ , ისე რომ უკვე ბრუნვა უჭირს ჩვენს ატრაქციონს.  ქუჩებში ანარეკლები , სარკის ანარეკლები  მოძრაობენ მხოლოდ . ხეები ? ხეები ცდილობენ ხელებით , რომლებსაც უკვე ფოთლები გამოეზარდათ ,  ქუჩაში ჩაძინებულ წარსულს ღრუბლები გადააფარონ. აქ , ამ ქალაქში საათი არავის გააჩნია , არავინ არ ითვლის დროს , არ სჭირდებათ და ამიტომ. არავინ არავის ესალმება , ღიმილი მათთვის უცხოა და მზე არც ერთ მათგანს უნახავს. აქ ამ ქალაქში სახლები ყირაზეაა , დიახ , ყველა სახლის ჭერი იატაკია და ყველა იატაკი ჭერია. ამ სახლებს კი გარშემო დიდი გალავანი არტყია , რომელსაც არც ერთი გასასვლელი არ აქვს . გალავნის იქეთ კი სულ სხვაა , ბევრი გზაა , ბევრი ცა და ბევრი მიწა , მზეა იქეთ. ყველა სახლს კარები ღია აქვს , მაგრამ როგორც კი მიუახლოვდები მაშინვე იკეტება ყველა კარები. ყველა აივანზე გამწყდარია სარეცხის თოკები და ძირს ყრია სველი სიზმრები. მაღაზიაში „ მეორადი „  ფურცლების გარდა არაფერი იყიდება . ყიდულობენ ამ მეორად ფურცლებს და  ისევ თავიდან იწყებენ არსებობის თუ ცხოვრების წერას. ზევით მხოლოდ ერთი ვერცხლისფერი ბურთი ჰკიდია და  სადაცაა ისიც ჩამოვარდება. ასეთია მათი ქალაქი.
              ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ , სხვადასხვა სართულზე , სამნი.  შემთხვევით რომ შეხვდნენ ერთმანეთს ვერც კი იცნობენ. ოთახებში ყველა კედელზე სარკეებია , მარტო რომ არ იგრძნონ თავი .  ნათურა ყოველთვის ანთია  , ფურცლები იატაკზე ყრია აზრებით დასვრილი.  ისინი ერთმანეთს არ გვანან , რადგან მხოლოდ ერთია ნამდვილი.  კიბეებით ადიან და ჩამოდიან უმადურობის თუ მადლიერების მწერვალზე . ქუჩებში დაბოდიალობენ , ერთმანეთს ეძებენ , მაგრამ ვერ პოულობენ .ერთ დღეს როცა ერთ-ერთმა მათგანმა კიბე ჩაიარა , დიახ ის კიბე უმადურობის თუ მადლიერების რომ ჰქვია , ეზოში გავიდა და მერე  იმედის ქუჩაში გაუხვია.  იქ არასდროს ყოფილა , არ სწამდა იქაურობის . რა თქმა უნდა გზად ანარეკლები შეხვდნენ , ისევ ისეთები იყვნენ ცივები და ყალბები. ჯიბეში ხელებჩაწყობილი მიუყვებოდა გზას და რას ეძებდა თვითონაც არ იცოდა.  უბრალოდ მიდიოდა და ძირს იყურებოდა , თითქოს საკუთარ ნაბიჯებს ითვლისო .  ხეები  ხელებით მოღრუბლულ ზეცას აპრიალებდნენ და ასე ყველაფერი წამში იცვლებოდა . მერე ხიდზე გადავიდა და ისევ ისე გზას გაუყვა. ხიდის იქეთ უცბად მას შეეჯახა , იგი ისეთი უბრალო იყო ,იგი სხვებს არ ჰგავდა და ამიტომ მიიქცია მისი ყურადღება. მან მხოლოდ თვალებში შეხედა  ისე , როგორც არავის არ შეუხედავს მისთვის და გზა გააგრძელა. ამის მერე ის სახლში დაბრუნდა , მესამე სართულზე ავიდა და კვლავ სარკეში დაიწყო ყურება , თვითონაც ცდილობდა სხვების მსგავსი ანარეკლი გამხდარიყო ,მაგრამ ამაოდ.  ახლა მას ის გაახსენდა  და ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდა. ის არ იყო სხვა ანარეკლებივით , უფრო სწორედ ის არ იყო ანარეკლი , მაგრამ ვინ ? ამის შემდეგ თითქოს რაღაც გადაეკიდა , რაღაც მოსვენებას არ აძლევდა , თითქოს მის გონებაში ჭიანჭველები დაძვრებოდნენ და დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ.ასე გადიოდა დრო , რომელიც იქ არ არსებობდა. იგი ისევ წავიდა იმ ხიდზე რომ კიდევ ენახა , მაგრამ ის იქ აღარ დახვდა .მერე ისევ ერთმა კითხვამ გონების ერთი კუთხე დაიკავა და აღარ დაანება თავი : რატომ წავიდა იქ ან საერთოდ რატომ უნდოდა მისი ნახვა? რატომ?  მერე ჭიანჭველებმა ამ კითხვაზე პასუხსაც მიაგნეს ,როდესაც სარკის წინ იდგა და საკუთარ თავს აკვირდებოდა , თვალები იცნო , ის თვალები . დიახ , ამის მერე უფრო მოუნდა მისი ნახვა და გადაწყვიტა მთელი ქალაქი მოევლო, რომ ის ენახა და რაიმე ეთქვა , თუნდაც ერთი სიტყვა. სახლში აღარ ჩერდებოდა , სულ დადიოდა , ეძებდა . ამავდროულად ერთი რამ შეამჩნია თითქოს ქალაქი დაცარიელებულიყო , ანარეკლები აღარ ჩანდნენ, აღარ იყვნენ , მხოლოდ ის იყო და მისი ქალაქი . მთელი დღე იარა, საღამოს  კვლავ სახლში დაბრუნდა , შესასვლელთან ვიღაც დაინახა, ზურგით იდგა, როცა მიუახლოვდა იგი შემოტრიალდა და იცნო ის , მისი თვალები , დიახ თავისას რომ მიამსგავსა , საკუთარ თავში საკუთარი თავი იცნო.მან ორი გასაღები მისცა ,იმ სახლის ორი სართულის ,სადაც ის ცხოვრობდა, მაგრამ იქ არასდროს ყოფილა .გასაღებები გამოართვა და მერე ვერც ვერავინ ნახა საკუთარი თავის მეტი. პირველ სართულზე როცა გასაღები კარებს მოარგო , დიდი ცნობისმოყვარეობა კლავდა თუ ვინ ცხოვრობდა იქ. ძალიან ბევრი ოთახი იყო ,დერეფანში საკუთარი ნაფეხურები იცნო , რომლებიც კარგად ეტყობოდა იატაკს , მთავარი რაც აოცებდა ის იყო, რომ  იქ ის არასდროს ყოფილა აქამდე .მეორე ოთახში მისი სიზმრები ელაგა სვეტებად . შემდეგ ოთახში კი თანდათან ამოუტივტივდა ბავშვობის დღეები , ყველაფერი რაც უყვარდა და ყველაფერი რაც სძულდა. მეორე სართულზე როდესაც ავიდა , კარებს ძლივს მოარგო გასაღები , იქ ერთი დიდი ოთახი იყო , ძალიან დიდი და კედლებზე ეწერა : ეს არ შეიძლება ! ამას არ გააკეთებ ! არ გააკეთო! არ იფიქრო ! მხოლოდ  „ ბრძანებები , კანონები „ . აქაც თავისი ნაფეხურები დახვდა ოთახში .ყველაგან ის იყო , თითქოს იქ ცხოვრობდა მთელი სიცოცხლე და მართლაც ...


        ჭერში დიდი ყვითელი ბურთი გამოჩნდა , ყველა სარკე დაიმსხვრა  და  გზა გამოჩნდა გზის იქეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები