წერილი პირველი წუთისოფელს მტკივა არსებობის პირველი წამი და ფერადი სანთლები ტორტის , რომელთა რიცხვი ყოველწლიურად ერთით იზრდება . ვცდილობ დავანგრიო ჩემი ოთახის ოთხივე კედელი , სადაც გამუდმებით თოვს. ავხადო ჭერი და მერე ცას ღილები შევუხსნა თითებით. მიწაში დავრგო ჩემი სიტყვები , ცამდე გაიზარდონ და მზის იქეთ გამოისხან ნაყოფი. დამწვარი ფოტოების სურნელი პირველს სართულს მოედო და სადაცაა მეორეს მისწვდება . მტკივა ყველა მიმიკა ,, ავსტრალოპითეკი აფარენსების „ და მათი მუდმივი , ამაზრზენი კარნავალი. აივანს აღარ აქვს ლურჯი თოკები და აღარც ზემოდან აწვეთავს მეზობლის სარეცხი. მოპირდაპირე კორპუსში გაქრა ყველა სარკმელი. მტკივა უკვე ყველა გრადუსი და წამზომის ყველა შედეგი. უბრალოდ მტკივა სიცოცხლე და ვაშენებ კიბეს საზღვრების იქით , მზესთან ...
თარიღი : წამზომი ჯერ კიდევ ჩართულია.
წერილი მეორე ზედა სართულიდან
თქვენ მანდ ორმოებს თხრით ღრმას და შავს. ობობებივით დაცოცავთ და ერთმანეთს შავ-თეთრ ქსელსი ხლართავთ.არასოდეს მოგწონთ აწმყო და ყოველთვის მისტირით.მომავლის კი გეშინიათ. ხანდახან ეხმარებით სხვას იმის მოლოდინში , რომ თქვენც დაგჭირდებათ ოდესმე დახმარება. გესმით თუ როგორ გიხეთქავენ გულის კარებს და ითვლით პულსის ყოველ ცემას. აქ თქვენ არ არსებობთ.არც კიბე არსებობს თქვენამდე. აი , თქვენიდან ჩვენამდე კი არსებობს. არ ვიცი რა მქვია.სტატუსი ადამიანი თქვენთან დავტოვე . თუმცა დედამიწელი ფეხებით კვლავ ვამჩნევ ზეცას დედამიწის ნაფეხურებს.
თარიღი : მარადიულობა...
წერილი მესამე მეგობარს
ჩვენ , ორივე ერთ ქუჩაზე , გზის გადაკვეთაზე ვცხოვრობთ. აქ ერთადერთი შუქნიშანი დგას , ისიც ერთფერი. აქ ავტომობილები ვერტიკალურად მოძრაობენ და გაჩერებაზე ცივი ქანდაკებების რიგი დგას. სახლებს ჭერი არ აქვთ და ყოველთვის გვაწვიმს მარილიანი სითხე , ქოლგებს კი სარდაფში ვინახავთ . ჩვენი აივნები ელექტროსადენებით არის გადაბმული,სადაც ჩიტები სეზონებს ელოდებიან პაემანზე. ოთახში სინათლეს არასდროს ვაქრობთ და სარკეში ერთმანეთის სილუეტებს ვხედავთ . ჩვენ ორივე ერთ ქუჩაზე მოპირდაპირე სახლებში ვცხოვრობთ , რომლის საძირკველშიც ჭიანჭველები ცათამბჯენს აშენებენ. ჩვენ ორივე ვცხოვრობთ იქ , სადაც სადაც ვერტიკალი ჰორიზონტს კვეთს ... ღრუბლებში ...
თარიღი : უსასრულობა...
ქაღალდის ჩიტები ჩვეულ მარშრუტით დაფრენენ , კვლავ დაეძებენ პატრონს , ადრესატს . ცაში გამოკიდებულ სველ წერილებს მზე მაღალი ტემპერატურით აშრობს.