ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2013


ლოცვა კანჯოდან და ა.შ

  ლოცვა კანჯოდან...
   
          გახსოვდეს როგორ ქსოვდა ბებიაშენი, პატარა თბილ სამყაროს, რომელსაც ჰქვია წინდა და იცოდე,  რომ ის გასწავლიდა როგორ მოგექსოვა სხვებისთვის სითბო...
                                                                                                            დედა შენი

ხელს არ გიშვებდი მახსოვს კალთაზე
ახლა ჭაღარამ შემომიარა...
ვიცი რაც უთხრა ზოლამ ბალთაზარს,
შენი ზღაპრები მახსოვს კი არა...
ჩემო თვალწმინდა უფალს რა ვუთხრა
კანჯოს ცხვირივით რომ ვიძირები...
ჩემი სიცოცხლე შენით იკურთხა
თვალში რომ მედგა ლურჯი მძივები...
ვაი თუ უცებ ღმერთი გამიწყრეს
ვერ შევასრულო მე შენი თხოვნა...
შენ აპატიე ონავარ სიყრმეს
თუ ყველაფერი არ გაიგონა...
ჩემი ლექსების ხარ ღვთისმშობელი
ეს სული ჩემი... შენზე ლოცულობს
ჯვარი გუმბათებს იფენს ცხოველი
და შენ ჩემში ხარ ლოცვად მოსულო...
 
        ...
ბებიაჩემო, შენი ხელია...
სანთლად რომ ენთო ალვის აკვანთან
შენთვის არასდროს გამიმხელია
როგორ მინდოდა შენი დაკვართვა...
უნდა გაცოცხლო როგორც ბეთლემი
უნდა შემინდო ჩემი დარდები...
წლებს მეც შენსავით გამოვეთლები
დროს მეც შენსავით გამოვადგები...
შე თვალკეთილო, ეგ მოხუცება
ღმერთთან ლამაზად თავის დაკვრას გავს...
ჩვენ ვიბადებით ყველა უცაბედ
გარდაცვალებად და გადაკარგვად...

                თბილი სევდა
შენი ღიმილი მინდა შემოთენება წმინდა
მინდა სიკეთის ჭერში თბილი კოცონი ბინდის...
იდგა აპრილის თვეში საოცრებების ბოლო
გამოგეკიდა თვალში ცრემლის პატარა ლოლო...
მინდა კეთილი სევდა ნელი ნანინა... ლილე...
მინდა საოცრდ დედა ენატრებოდეთ შვილებს...
რა აღარ მინდა ნეტა... ჩემი სულელი ლექსით
ქარი სივრცეებს შლიდა: ბედნიერების შევსვით...
და უნებლიე დარდის მინდა გაქრობა ნიბლი...
აპრილის თვე და ვარდი ხეში ჩამდგარი ხიბლი...
შენი ღიმილი მინდა და დაბრუნება მამის
ალბათ ამიტომ ღირდა ხელში აღება კალმის...

          ....
მღეროდა ომახი... გორმახში დავმარხეთ
მთელი დღის სიბრაზე დაღლილი კუნთების...
ლალე მოდიოდა ლალეზე... ავლესეთ
სიმთვრალე ღიმილზე და სახლში ვბრუნდებით...
დავღვარეთ ჰარალე და მერე რიალით
ჯამებში ჩავრეკეთ სათქმელი ალალი...
მამა-შვილს მთვარის ქვეშ გაგვქონდა ბრიალი
დოქებში ღვინოზე მოვიდა ზარალი...
დავაშრეთ სიფხიზლე... დავხარჯეთ სიტყვები
ისეთი თბილები... ისეთი შიშვლები...
ტიტველა კვირტებზე დავტოვეთ საღამო
გზაზე კი ობოლი ბილიკი ვიშვილეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები