ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
26 აპრილი, 2013


მძიმე(,) ქალაქში

ჩვენს პატარა ქალაქში გაზაფხულდა. ამ დროს აქ ქარი იცის. ქალები ქარს ებრძვიან, ცდილობენ არ მისცენ თმის აწეწვის საშუალება, ან ქვედაბოლოს აფრიალების. ქარი აჩქარებს დროს და ირგვლივ ყველაფერი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს. ქუჩებში ლამაზად არის ერთმანეთზე მიწყობილი პატარა სახლები, შიგადაშიგ კორპუსებიც გვხვდება. ტურისტები ჩვენი ქალაქით აღფრთოვანებას ვერ მალავენ, თუმცა აქაურებმა იციან, რომ ძალიან პატარა სივრცეა, გარემო არ გყოფნის, ზოგჯერ გგონია, რომ ჰაერიც ცოტაა და უნდა გამოიზოგო. ისე, ერთი პატარა მშვიდი და მყუდრო ქალაქია, რომელსაც თავს აფარებენ უცხოეთიდან გამოქცეული, მუშაობით დაღლილი ადამიანები. მე მიყვარს აქაურობა, ერთი და იგივე გზას მრავალჯერ რომ გავივლი, ზოგჯერ აღმოჩენასაც ვაკეთებ.

ზამთარი უხდება აქაურობას, სიმაღლიდან პატარა სახლები სოკოებივით ჩანს, ყველა სახურავი გადათეთრებულია, აქა-იქ კატის ნაფეხურები ატყვია თოვლს, ხეები დილაობით იფერთხავენ სიცივეს. ზამთარში გაქვს შეგრძნება, რომ ქალაქს სძინავს და ელოდები გაზაფხულზე მის გაღვიძებას, ღიმილს ადამიანების სახეზე და უსიტყვოდ გაზიარებულ ბედნიერებას ქუჩებში. სიჩუმეს, პესიმიზმს, დაღლილობას ზამთარს აბრალებ და ელოდები გაღვიძებას, ქალაქმა უნდა გამოიღვიძოს. წიგნში თავჩარგული პერიოდულად ფანჯრიდან ვიხედები და ველოდები, ადამიანებს მხრებიდან დაღლილობა როდის ჩამოეხსნებათ, როდის მოვა გაზაფხული . . .

_ _ _

მე ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგო ვარ, ჩემი ქალაქის ერთ-ერთ უმაღლეს ნაწილში ვცხოვრობ. მიყვარს ფანჯარასთან ჯდომა და წიგნების კითხვა, არაფერს ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ მაინც მაქვს კავშირი ჩემს ქალაქთან. კითხვის დროს პარალელურად ქუჩასაც ვაკვირდები, მაგრამ ზუსტად ვიცი - წიგნიდან თავს არ ვწევ. არა, სულ ამ ადგილს არ ვარ მიჯაჭვული, უბრალოდ თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ამ მდგომარეობაში ყოფნა მსიამოვნებს.

ხშირად კითხვისას სიმძიმეს ვგრძნობ (არც მახსოვს ეს პირველად როდის მოხდა), ფანჯრიდან ვიხედები და მას ვხედავ. ”მას” ჩემს ქუჩაზე, პირადად ჩემი სამყაროს ქუჩაზე ძალიან დიდი სიმძიმე შემოაქვს, ვიძაბები და ყურადღებით ვაკვირდები.

მაღალია, გამხდარი, ლამაზი მხრები აქვს, მკაცრი, მაგრამ დაღლილი სიარულის მანერა, თანაბარი ნაბიჯებით მიდის თავისი ეზოსკენ. ზოგჯერ მგონია რომ მეჩვენება, რადგან მხოლოდ ზურგს ვხედავ და ყოველთვის მოჩვენებასავით ჩაივლის ხოლმე. ისე დადის თითქოს წლები ვარჯიშობდა, რომ ასე ევლო, ასეთი თანაბარი ნაბიჯები არასდროს მინახავს. რა დასკვნა გაგიკეთებიათ ადამიანის ზურგის მიხედვით? დაუსვით ეგ კითხვა საკუთარ თავს. რა შეიძლება დაინახო ზურგით?

_ _ _

ამაყი ქალია, ყოველთვის თავშალი უკეთია, ეტყობა რომ დიდი ხნის დაქვრივებულია. მის ზურგს გამუდმებული ბრძოლა ეტყობა. ის ებრძვის წელში მოხრას, ცდილობს ცხოვრებას წელში გაწყვეტის საშუალება არ მისცეს. იქნება 50 წელს მიახლოებული, დინჯი და კეთილი ადამიანის აღნაგობა აქვს. ერთ დროს ლამაზი და ამაყი მხრები ოდნავ წინ გადაზნექია.

საცხობში მუშაობს (მის შავ ტანსაცმელზე ხშირად შემიმჩნევია ფქვილის კვალი, რომლის მოშორებასაც გულმოდგინედ ცდილობს მუშაობის შემდეგ), ცომის ბრტყელებისგან მაჯები აქვს დასიებული, ზოგჯერ ხელები არ ემორჩილება და მისი პატარა ბინიდან ხშირად მსხვრევის ხმა ისმის.

წლებია უკვე კაპიკებზე მუშაობს, სხვაგან ვერსად მოეწყო და მერე შეეჩვია ამ სამსახურს. დიასახლისობა გაიხადა სპეციალობად - ასე ვიტყოდი. ყოველი დღე სავსეა საკუთარ თავთან ბრძოლით, სურს დარჩენილი ენერგია გამოიყენოს, თუმცა ენერგია აღარც დარჩა და უკვე სულიერი სამყაროს ენერგიას ხარჯავს. ალბათ ამის გამოა, თვალებში სევდა რომ ჩასდგომია და უპეები ჩაყვითლებია.

ლამაზი ღიმილი აქვს, ხშირად იღიმება, მაგრამ დაკვირვებულ მზერას არ გამოეპარება მის თვალებში გაქრობამდე მისული ნაპერწკალი.

სპეციალობით ბუღალტერია. ცხოვრებაში უამრავი მიზანი ჰქონდა. ახალგაზრდა გათხოვდა და საკუთარ ბიბლიოთეკაზე ოცნებობდა(თუმცა მის პატარა სახლში წიგნების კარადის ადგილი არ აღმოჩნდა). 24 წლის იყო, როცა ქმარი გარდაეცვალა და 3 შვილი დარჩა, ოჯახის შენახვის მძიმე ტვირთი დააწვა მხრებზე და სადამდეც შეუძლია, ატარებს.

* - -

როცა ჩემს ფანჯრებს ჩაუვლის, სულ ვესაუბრები ჩემს თავს:

* ეს ძალიან ლამაზი ქალი იქნებოდა.

* კი მაგრამ სად არის ახლა ქალი?

რამდენი რამის გაკეთება შეეძლო... სამსახურს, შვილებზე ნერვიულობას, სახლის გამუდმებულ რემონტს და ოჯახის მოვლას შეალია საუკეთესო წლები, ლამაზი სხეული. ალბათ რამდენი კარგი რამის გაკეთება შეეძლო ენერგიით, ნელ–ნელა რომ გაილია და ახლა სიმძიმედ გადაექცა, რომელიც ჩემს ოთახში შემოაქვს ცივ ნიავს და სევდას მგვრის.

დააბინავა შვილები, არაჩვეულებრივ ადამიანებად აღზარდა, მაგრამ თავად მისგან აღარაფერი დარჩა. ალბათ როგორი სასიამოვნოა ასეთი გმირობა, მაგრამ სად წავიდა ლამაზი თვალები? სახეს მხოლოდ ამაყი გამომეტყველების ნაკვალევიღა შემორჩა. სიმძიმე და ტკივილი ჩანს მის ღიმილშიც.

* - -

თითქოს მარტო ჩვენ ვართ ამ სამყაროში, სულ მეგონა, რომ გრძნობდა ჩემს არსებობას.

ერთხელ ამომხედა, და იმ მომენტში მეგონა სული გამეყინებოდა. მის თვალებში თითქოს მთელი სამყარო ჩატეულიყო, რაღაც წამის მეათედში ვიგრძენი, რომ მისი ახალგაზრდობა ვიყავი. წარმატებული და სამაგალითო დედა თვალებით მეუბნებოდა:

* აიხდინე ჩემი ოცნებები!

არ ვიცი ეს იყო თხოვნა, ბრძანება, თუ უბრალოდ რჩევა. ეს ფერდაკარგული, დაღლილი მზერა ხშირად მესიზმრება. ამის მერე აღარც მინახავს. თუმცა დაწოლისას ვგრძნობდი მის

ძალაგამოცლილ სხეულს, სადღაც შორს დაკარგულ ოცნებებს და შეგრძნებას, რომ მას ერთ დროს სივრცე არ ჰყოფნიდა საკუთარი სიყვარულის დასატევად.

ზოგჯერ მგონია რომ მეჩვენებოდა, და ეს ქალი ამ პატარა ქალაქში მცხოვრები ქალების დამძიმებული სული იყო, ქალებისა, რომლებიც ცხოვრების ტვირთის ზიდვისგან წელში მოიხარნენ, რომლებიც ქუჩაში დგანან და რაღაც წვრილმანებით ვაჭრობენ, ქალებისა, მძიმე შრომისგან ოცნებადაკარგულები სარკეში რომ იხედებიან და ქალს ვეღარ ხედავენ.

_ _

ვზივარ,

ზოგჯერ ვდგები და ოთახში ბოლთას ვცემ,

ფანჯრიდან ვიხედები - რატომ არის ასეთი პატარა სივრცე ჩვენს ქალაქში?

დასვენების დრო მოვიდა-მეთქი ვფიქრობ, ჩემს მოთხრობას უცნობი ლამაზი ქალის შესახებ მძიმეს ვუსვამ, ლეპტოპს ვხურავ და სარკისკენ მივდივარ,

უნდა შევამოწმო, თვალებში ნაპერწკლები ხომ ისევ მინთია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები